რა კავშირია თირკმელების დაავადებებსა და წნევის მატებას შორის
გლომერულონეფრიტი თირკმელების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევია ინფექცია და ინფექციის ფონზე განვითარებული იმუნური სისტემის დაზიანება. დაავადების გამომწვევი მიზეზი უმეტესად არის სტრეპტოკოკი, რომელიც ნუშისებრ ჯირკვლებში, ანუ ტონზილებშია მოთავსებული, ამიტომ, გლომერულონეფრიტის დაახლოებით 90 პროცენტი ტონზილიტის ფონზე ვითარდება. ეს დაავადება, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიამ და ვირუსმა.
ასევე, არსებობს ქრონიკული და მწვავე გლომერულონეფრიტი. მწვავე ფორმა ანგინის ანუ ტრანზოლიტის გადატანიდან დაახლოებით ათ-თხუთმეტ დღეში ვითარდება. ამ ხნის განმავლობაში, ინფექციის ფონზე ზიანდება იმუნური სისტემა, რაც დაავადების განვითარების საფუძველი ხდება.
მწვავე ნეფრიტი ინფექციის გადატანიდან ათი დღის შემდეგ იწყება და სამი ძირითადი კლინიკური ნიშანი ახასიათებს, კერძოდ: არტერიული წნევის მატება, შარდში ცილის გაჩენა და შეშუპება. შეშუპება თავიდან სახეზე, ქუთუთოებზე ჩნდება, შემდეგ ქვემო კიდურებზე და მთელ სხეულზეც შეიძლება გავრცელდეს. შარდში, შესაძლოა, იყოს ცილები და ერითროციტები – ასეთია მწვავე გლომერულონეფრიტის ძირითადი კლინიკური სურათი. ქრონიკული გლომერულონეფრიტი ხშირ შემთხვევაში შეუმჩნევლად იწყება და გამოვლინების დროს მას უკვე ქრონიკული ხასიათი აქვს. ახასიათებს არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება და შარდის შეუკავებლობა. ამ დროს, შესაძლოა, მუცლის ღრუსა და პლევრში სითხეც დაგროვდეს.
მწვავე გლომერულონეფრიტის დროს აუცილებლად უნდა დალიოთ წნევის დამწევი და შარდმდენი საშუალებები, ანტიაგრეგატები. თუ შარდში მომატებულია ცილა და შეშუპებაც აღინიშნება, მაშინ გამოიყენება სტეროიდული მკურნალობა, რაც პრედნიზოლონის ან ციტოსტატიკების გამოყენებას გულისხმობს. ამას კი ექიმი წყვეტს.
ასეთ შემთხვევაში, დროული მკურნალობა, უბრალოდ, აუცილებელია, რომ ადამიანი გართულებების გარეშე გამოჯანმრთელდეს.
თუ დაავადება ქრონიკულ ხასიათს ატარებს, მისი განკურნების შანსი ნაკლებია. მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა.
ქრონიკული ნეფრიტის დროს დიეტა უნდა იყოს ავადმყოფის ორგანიზმის მდგომარეობასთან შეფარდებული. თუ ავადმყოფს არ აღენიშნება შეშუპება, სისხლში კი არ არის მომატებული აზოტოვან ნივთიერებათა რაოდენობა, მაშინ კვება არ იზღუდება. ავადმყოფს შეუძლია, ჭამოს ხორცი, რძის ნაწარმი და ასე შემდეგ.
მარილის შეზღუდვა კი ხდება მაშინ, როდესაც ავადმყოფს აღენიშნება შეშუპება. იმ შემთხვევაში, თუ შარდის რაოდენობა შემცირდა, ხოლო სისხლში მოიმატა აზოტის ნარჩენებმა და კრეატინინმა, საკვებ რაციონში უნდა შეიზღუდოს ცილოვანი ნივთიერებები და სითხის მიღება.