ექიმის რჩევები
კითხვა: მთელ სხეულზე პერიოდულად მაქვს წერტილოვანი წვა, რომელიც 1 ან 2 წამი გრძელდება. გთხოვთ მითხრათ, რითია ეს გამოწვეული.
პასუხი: ეს პარესთეზიაა. პარესთეზია გახლავთ ცრუ შეგრძნება – დაბუჟება, ჩხვლეტა, სიმხურვალის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, წვა, ქავილი, ელექტროდენის გავლა, რომელიც გარეგანი გაღიზიანებით არ არის განპირობებული. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანული პათოლოგია, ინტოქსიკაცია, შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოგენური ხასიათიც. გირჩევთ, მიმართოთ ნევროლოგს.
კითხვა: ჩემი შვილი ერთი წლისაა. თავის გარშემოწერილობა აქვს 45 სანტიმეტრი, გულმკერდისა 47, წონა – 10 კილოგრამი, სიმაღლე – 79 სანტიმეტრი. ეს მაჩვენებლები ნორმალურია, თუ ასაკსა და სიმაღლესთან შედარებით, გამხდარია? არადა, ბევრს ჭამს.
პასუხი: ერთი წლის ბავშვისთვის ეს მონაცემები ნორმალურია, მხოლოდ თავის გარშემოწერილობის მაჩვენებელია ნორმის ქვედა ზღვარზე. იგი საშუალოდ 45-49 სანტიმეტრი უნდა იყოს. ამ ეტაპზე ეს საშიში ნამდვილად არ არის. ხშირად ასეთი მონაცემები ბავშვის ორგანიზმის მემკვიდრეობით თავისებურებებთან არის დაკავშირებული. სამომავლოდ გირჩევთ, თვალი მიადევნოთ თავის გარშემოწერილობის დინამიკას და თუ მისი მატების შეფერხებას შეამჩნევთ, ბავშვი ნევროლოგს გაასინჯოთ.
კითხვა: ვარ 35 წლის. ჩავიტარე ექოსკოპია და რენტგენი. ორივე თირკმელში აღმოჩნდა მცირე ზომის ურატული კენჭები. მაინტერესებს, ხალხური მედიცინის რომელი საშუალებით შეიძლება მკურნალობა?
პასუხი: ექოსკოპიის საშუალებით თირკმელში არსებული კენჭის ნაირსახეობის დადგენა ძნელი წარმოსადგენია. ამ კუთხით უფრო ინფორმაციულია შარდის საერთო ანალიზი. ხალხური საშუალებებიდან კენჭზე კარგად მოქმედებს სტაფილოს თესლის ნახარში, მაგრამ მკურნალობის დაწყებამდე კარგი იქნება, განისაზღვროს შარდმჟავას შემცველობა სისხლსა და დღე-ღამის შარდში. ეს საშუალებას მოგვცემს, მიზანმიმართულად ჩავატაროთ არა მარტო კენჭის დამშლელი, არამედ მისი ხელახლა წარმოქმნის საპრევენციო მკურნალობა.
კითხვა: 1 წლის წინ აღმომაჩნდა ციტომეგალოვირუსი და ვიმკურნალე. ორი თვის შემდეგ გავთხოვდი. შეიძლება თუ არა ჩემთვის დაორსულება?
პასუხი: თუ ვირუსული ინფექცია აქტიურ ფაზაში არ არის, ორსულობა დასაშვებია. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გაიკეთეთ განმეორებითი ანალიზი.
კითხვა: ხომ არ ასუქებს მინერალური წყლების, ბორჯომის, ნაბეღლავის და ლიკანის მიღება?
პასუხი: არც ერთი მინერალური წყალი არ უწყობს ხელს წონაში მომატებას, პირიქით, სასურველია, მათი მიღება დიეტის დროს.
კითხვა: ვარ ორსულად, ფეხებზე გამიჩნდა კაპილარები, მაინტერესებს, მშობიარობის შემდეგ თუ გამიქრება.
პასუხი: თუ კაპილარები მკვეთრად არ გემჩნევათ, მშობიარობის შემდეგ გაგიქრებათ.
კითხვა: სახეზე მაქვს წვრილი კაპილარები, რის გამოც, ლოყები წითელი მაქვს. როგორ შეიძლება ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა.
პასუხი: მიმართეთ რომელიმე ესთეტიკურ ცენტრს, ლაზერით მისი მოცილება შეიძლება.
კითხვა: მყავს 9 წლის ბიჭი, რომელიც უფრო მეგობრობს გოგონებთან, ვიდრე ბიჭებთან. გოგონებთან პოულობს უფრო მეტ საერთოს. ხანდახან ძალიან კაცური ქცევები აქვს, ხან კი ისე გაინაზება, რომ გული მისკდება. იქნებ მირჩიოთ, ვის მივმართო, რომ დავწყნარდე?
პასუხი: ბავშვი შეგიძლიათ მიიყვანოთ ფსიქოლოგთან, შეიძლება ბავშვი იმ პრობლემების წინაშე, რაზედაც თქვენ ნერვიულობთ, საერთოდ არ დადგეს. მაგრამ კარგი იქნება, მიმართოთ ანდროლოგსაც, რათა მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ბავშვის ჰორმონალური მდგომარეობა. თუმცა, ამ გამოკვლევების გარეშეც, შეიძლება თავისით დაანებოს თავი გოგონებთან მეგობრობას.
კითხვა: კანზე მაქვს თეთრი ლაქა, ამბობენ, ღვიძლის ბრალიაო, რამდენად მართალია?
პასუხი: კანზე ლაქების წარმოქმნა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეიძლება იყოს შინაგანი ორგანოების დაავადებებიდან გამომდინარე, ან კანის დაავადება. მის წარმოშობაზე ზეპირად ლაპარაკი შეუძლებელია. აუცილებელია, რომ ნახოს ექიმმა. გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკიც. არ არის გამორიცხული, რომ დაგჭირდეთ გარეგანი მკურნალობა. უპირველესად მიმართეთ დერმატოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია