რატომ უნდა იყოთ მცენარეებით მკურნალობის დროს ფრთხილი და წინდახედული
მართალია, სამკურნალო მცენარეებით დღეს ბევრი ცდილობს, ამა თუ იმ დაავადებას ებრძოლოს, მაგრამ, აუცილებელია, ამავდროულად სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან მათ უკუჩვენებებიც გააჩნია.
ოხრახუშის ფესვებისა და ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია ორგანიზმში სითხის შეკავების, თირკმელებსა და ნაღველში კენჭების არსებობის დროს. თუმცა, ცისტიტისა და ძლიერი თავის ტკივილისას მისი მიღება კატეგორიულად იკრძალება. ეს არა მარტო ოხრახუშის ნაყენს ეხება, არამედ მის ცოცხლად ჭამასაც. ასევე, არ შეიძლება მისი მიღება თირკმელების ანთებისა და ნიკრისის ქარის დროსაც.
ჭარხლის წვენი კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის დროს. მისი წვენი სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ მას წყალში გააზავებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, მან გამოიწვიოს ხახის დაწვა ან ძარღვების სპაზმები. მისი დიდი რაოდენობით მიღებას კი, შესაძლოა, მოჰყვეს ნაწლავებში დუღილი და ამით დისკომფორტი შეექმნას ადამიანს.
ჭინჭრის ღერო, ფოთოლი და გამხმარი თესლი გამოიყენება ავიტამინოზის, ნევროზისა და დიაბეტის დროს, მაგრამ, მისი მიღება კატეგორიულად იკრძალება ორსული ქალებისთვის. ასევე, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სისხლის შედედების მომატებული უნარი აქვს.
ასისთავას ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, მაგრამ ის ეკრძალება მათ, ვისაც გასტრიტი და კუჭის წყლული აწუხებს.
ალოეს ფოთლებით დამზადებულ წამლებს სვამენ გულძმარვის დროს, მისი წვენით კი მკურნალობენ ჩირქოვან ჭრილობებს, კანის სხვადასხვა დაავადებას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. თუმცა, ის არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც თირკმელების, ნაღვლის ბუშტის დაავადებები და ასევე, ბუასილი ან სიმსივნე აღენიშნება.
კუნელის ნაყოფით, ფოთლებითა და ყვავილებით დამზადებულ პრეპარატებს იღებენ ის ადამიანები, ვისაც სჭირდება გულის რიტმის მოწესრიგება, გულის არეში ტკივილის მოხსნა, სიმძიმის შეგრძნების გაქრობა, წნევის დაწევა. მაგრამ, ის არ შეიძლება მათთვის, ვისაც დაბალი წნევა ანუ ჰიპერტონია აწუხებს.