რა არის იმპოტენციის გამომწვევი მიზეზები და როგორია მკურნალობის ტაქტიკა
იმპოტენცია რომ აქტუალური დაავადებაა, ამაზე ოფიციალურად აღრიცხული პაციენტების რაოდენობაც მეტყველებს. იმის მიუხედავად, რომ ქართულ რეალობაში უმეტესად ამ პრობლემას არ აღიარებენ, ან არ ამჟღავნებენ. ავადმყოფობის შესახებ გვესაუბრებიან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შალვა ჭოველიძე და მედიცინის დოქტორი ვლადიმერ პაპავა.
– რა არის იმპოტენცია და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის?
ვლადიმერ პაპავა: იმპოტენცია ეს არის, როცა შეუძლებელია სასქესო ასოს მყარი რიგიდულობა და ერექციის შენარჩუნება სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. მამაკაცთა 15-20 პროცენტს, თუნდაც ერთხელ, მაგრამ, მაინც აღნიშვნია ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან 10 პროცენტი იძულებულია რჩევისა თუ დახმარებისთვის მიმართოს ექიმს ან მეგობარს. ავადმყოფთა, დაახლოებით, 68 პროცენტში პრობლემას ფსიქოგენეზური წარმოშობა აქვს. ასეთ პაციენტებს უნარჩუნდებათ ღამის ან დილის ერექცია. მხოლოდ 6 პროცენტის შემთხვევაში არის დაავადება ორგანული წარმოშობის. მიზეზი შეიძლება იყოს ნეიროგენული, ენდოკრინული, სისხლძარღვოვანი დაზიანება ან კიდევ სხვა მრავალი. იმპოტენციის 23 პროცენტი მრავალფაქტორიანია, რომლის დროსაც ადგილი აქვს ფსიქოგენური და ორგანული ფაქტორების ერთმანეთთან შერწყმას.
– იმისთვის რომ, უფრო ნათელი გახდეს პრობლემის არსი, რისი თქმა შეიძლება ერექციის ფიზიოანატომიის შესახებ?
– ერექციის ნევროლოგიური ცენტრები მდებარეობს: ძვლის ტვინის, გულმკერდის მეთორმეტე, წელის მეორე, ხოლო გავის წილის მეორე და მეოთხე მალის დონეზე. სასქესო ასო ორი კავერნოზული, ღრუბლისებრი სხეულია, რომელზეც თეთრი გარსია შემოხვეული. თითოეული კავერნოზული სხეული შედგება კუნთოვანი ღრუებისგან. სწორედ ერექციის დროს ხორციელდება მათი შევსება სასქესო არტერიიდან მოდინებული სისხლით, რასაც ნერვული იმპულსი განაპირობებს. გადიდებული კავერნოზული სხეულები, ახშობს სისხლის გამომტან ვენებს და ერექცია ნარჩუნდება. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ერექციის დონე დამოკიდებულია სასქესო არტერიაში მომდინარე სისხლის ნაკადსა და ვენების დახშობის ეფექტურობაზე. ერექციის შემდგომი შემცირება, ანუ ასოს ნორმის მდგომარეობაში დაბრუნება, დამოკიდებულია ვენური სისხლის მიმოქცევის აღდგენაზე, რომელიც ასევე ნერვული სისტემის მეშვეობით კონტროლირდება.
– რას გვეტყვით ერექციის ენდოკრინულ ფაქტორებზე დამოკიდებულების შესახებ?
შალვა ჭოველიძე: ერექცია მამაკაცის ანდროგენული ჰორმონის, ტესტოსტერონის კონტროლის ქვეშაა. გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, სწორედ ტესტოსტერონის დონის დაწევა იწვევს ლიბიდოს, ანუ სქესობრივი სწრაფვის დაქვეითებას და მასთან ერთად, ერექციის სიხშირისა და ხარისხის დაქვეითებასაც.
– თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რა პათოლოგიურ პროცესებთანაა ასოცირებული იმპოტენციის მიზეზები?
– იმპოტენციის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენური. ასევე ნეიროგენული, რომელსაც განაპირობებს ზურგის ტვინის სხვადასხვა დაავადება. ენდოკრინულ ფაქტორებს ადგილი აქვს შაქრიანი დიაბეტის დროსაც, რადგან ამ დროს ზიანდება სისხლძარღვები, ნერვული დაბოლოებები, ფსიქიკა. ენდოკრინული მიზეზი შეიძლება, ასევე იყოს ქალის ჰორმონების მიღება, დაზიანება თავის ტვინში ჰიპოფიზის დონეზე, ანტიანდროგენოთერაპია – რომლის დროსაც გამოიყენება ჰორმონები – პროსტატის კირის გამო, კასტრაცია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება ან დახშობა. იმპოტენცია შეიძლება განვითარდეს არტერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზისა და ტრავმის დროსაც, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მენჯის ძვლების მოტეხილობა ან შორისის ტრავმა. ვენური სისხლძარღვების პათოლოგიით განპირობებულ იმპოტენციას ადგილი აქვს პრიაპრიზმის – სასქესო ასოს გახანგრძლივებული ერექციის დროს. ასევე, ასოში კალციფიკატების, იგივე ხრტილოვანი ფოლაქების წარმოშობისას. შეიძლება ადგილი ჰქონდეს შეგუბებით დეფექტს, რასაც განაპირობებს ვენური სარქველების უკმარისობა. ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სამედიცინო მიზეზების ფართო სპექტრი: ანტიჰიპერტონული, ანტიდეპრესანტების, დამამშვიდებლების და სხვა რიგი წამლების მიღება. ასევე, მცირე მენჯის რადიოთერაპია ან მასზე ჩატარებული სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა.
– იმპოტენციის გამომწვევ მიზეზთა ასეთი სიმრავლის პირობებში, პირველად რა უნდა გაკეთდეს დაავადებების სწორი მიზეზების დასადგენად?
ვლადიმერ პაპავა: პირველ ყოვლისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის დაწვრილებით გამოკითხვას. სათანადო გამოკითხვის მეშვეობით, უკვე ნახევრად დავადგენთ იმპოტენციის გამომწვევ მიზეზებს. ევროპაში და ამერიკაში არსებობს კითხვარებიანი სპეციალური ცხრილი, რომელსაც ავადმყოფი ავსებს. ამით იღებენ საჭირო ინფორმაციას დიაგნოზის საორიენტაციოდ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის გასინჯვას: ასაკი, ნევროლოგიური გამოკვლევა, გარეთა სასქესო ორგანოების გამოკვლევა, სასქესო ასოს არტერიის პულსაცია, სათესლე ჯირკვლების გამოკვლევა, სწორი ნაწლავიდან პროსტატის გასინჯვა, გინეკომასტია – ძუძუების განვითარების შემოწმება. რაც შეეხება ლაბორატორიულ გამოკვლევებს, თუ ერექციის ორგანულ დაზიანებაზე გვაქვს ეჭვი, აუცილებელია, სისხლის საერთო ანალიზი, ასევე გლუკოზის დონის, ტესტოსტერონის, მალუთეინიზებელი ჰორმონისა და პროლაქტინის დონის განსაზღვრა სისხლში. არსებობს სპეციალური აპარატი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ღამის ფლუტისმოგრაფია, ანუ იზომება ერექციის რაოდენობა ღამით, რომელიც ნორმის ფარგლებში 3-4-ჯერ უნდა განმეორდეს და ეს სულაც არ არის ჩვენს ვნებებზე დამოკიდებული. სწორედ ღამის ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები მიუთითებს იმპოტენციის ფსიქოლოგიურ წარმოშობაზე. დიაგნოზის დასასმელად ფართოდ გამოიყენება ექოსკოპიური – დოპლერული მეთოდი, რომლის დროსაც ხორციელდება სასქესო არტერიის სისხლსავსეობის, მისი გამტარებლობისა და კავერნოზული სხეულების ანატომიის შესწავლა.
– როგორია იმპოტენციის მკურნალობის თანამედროვე და იმავდროულად, ძირითადი მეთოდები?
შალვა ჭოველიძე: თუ ავადმყოფობა ფსიქოლოგიური ხასიათისაა, უპირველესად, ტარდება სექსოთერაპია. ეს არის ფსიქოთერაპია, რომლის დროსაც ხდება პრობლემის ძირეული ახსნა ავადმყოფისთვის. მისი მიზანია, გაუმჯობესდეს სექსუალური კონტაქტი პაციენტისთვის ფსიქოლოგიური თვითრწმენის გზით. ასეთი ავადმყოფები, ძირითადად, უჩივიან ლიბიდოს დაქვეითებას, ნაადრევ ეაკულაციას, ორგაზმის დარღვევას, ტკივილს სასქესო კავშირის დროს. მედიკამენტური მკურნალობისთვის 1990 წლიდან ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო საშუალება. 1980 წლიდან ევროპასა და ამერიკაში, სხვადასხვა მიზეზით განპირობებული იმპოტენციების დროს, ფართოდ დაინერგა ასოში სპეციალური წამლების ინიექცია, რაც დროებით იწვევს მყარ ერექციას. ეს მედიკამენტებია – პაპავერინი, პროსტაგლანდინები. 1998 წლიდან კი, გამოვიდა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ვიაგრა და სიალისი. მათი მიღებისას მიიღწევა სწრაფი ერექცია. საყურადღებო ფაქტია, რომ მათი მიღება ექიმისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება. მეტიც, ამ დროს ექიმის მკაცრი კონტროლია საჭირო, რადგან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის დროს, შესაძლებელია საშიში გართულებები გამოიწვიოს. ასევე, ფართოდ გამოიყენება ვაკუუმ-თერაპია. ამ დროს ხდება ასოს მოთავსება ცილინდრში, სადაც იქმნება ვაკუუმი, რაც სასქესო ასოში სისხლის მოდინებას და მყარი ერექციის მიღწევას იწვევს. ეს პროცედურაც ექიმის დანიშნულებით უნდა განხორციელდეს.
– რა შეიძლება, ვთქვათ შეჯამების მიზნით?
ვლადიმერ პაპავა: ამრიგად, იმპოტენციის მიზეზების დადგენას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის გამოსამუშავებლად. დღეისთვის არსებული მედიკამენტური საშუალებებით შესაძლებელია მკვეთრად გავაუმჯობესოთ ერექციის ხარისხი, რაც შესაბამისი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის მიდგომას ავადმყოფისადმი და მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას.