სიბრძნე მინიატურებში
ღვთისმშობლის ჟონგლიორი
ერთხელ ყოვლადწმიდა ქალწული, ყრმა იესოთი ხელში, ცოდვილ დედამიწაზე დაეშვა, რათა ერთ-ერთი მონასტერი მოენახულებინა. უფლის ასეთი წყალობით ბედნიერი და სიამაყით აღვსილი ბერები მწკრივში ჩადგნენ, ყველა გამოვიდა სათითაოდ და ძვირფას სტუმარს საკუთარი ხელოვნება წარუდგინა: ერთი საკუთარ ლექსებს კითხულობდა, მეორე ბიბლიის ღრმა ცოდნას ამჟღავნებდა, მესამემ სრულად ჩამოთვალა წმიდანთა სახელები. ამგვარად, ცდილობდნენ ძმები, თაყვანი ეცათ ღვთისმშობლისა და ყრმა იესოსთვის. ბოლო ადამიანი, რომელიც ღვთისმშობლის წინაშე უნდა წარმდგარიყო, საოცრად თავმდაბალი, მორჩილი და საპყარი ბერი გახლდათ, რომელმაც საღმრთო წერილის ტექსტებიც კი არ იცოდა ზეპირად. მისი მშობლები გაუნათლებელი ხალხი იყო. ისინი ცირკის არენაზე გამოდიოდნენ და ერთადერთი, რისი სწავლებაც მათ შვილისთვის მოახერხეს, პატარა ბურთებით ჟონგლიორობა იყო. როდესაც მისი რიგი მოვიდა, დანარჩენ ბერებს ცერემონიის შეწყვეტა უნდოდათ, რადგან შიშობდნენ, ეს საბრალო ადამიანი ღვთისმშობლის წინაშე მთელ მონასტერს შეარცხვენდა, მაგრამ მას მთელი არსებით სურდა, ღვთისმშობლისა და ყრმა იესოსთვის საკუთარი თავის რაღაც ნაწილი მიეძღვნა. და აი, ძმების საყვედურიანი გამოხედვით შეწუხებულმა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, ჯიბიდან ფორთოხლები ამოიღო და დაიწყო ჟონგლირება – ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მართლა ეხერხებოდა. ბერები უკიდურესი სირცხვილით შესცქეროდნენ ამ უცნაურ სანახაობას, მაგრამ ყველას გასაოცრად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვილ იესოს პირველად გაეღიმა და მხოლოდ ამ ბერს დართო ნება მარიამმა ხელში აეყვანა და გულში ჩაეკრა ღვთაებრივი ყრმა.
პეპლის გაკვეთილი
ერთხელ, ჭიის პარკზე პატარა ნაპრალი გაჩნდა. შემთხვევით, ახლოს გამვლელი კაცი დიდხანს აკვირდებოდა, როგორ ცდილობდა პეპელა ამ პატარა ხვრელიდან გამოძრომას. დრო გადიოდა, პეპელა თითქოს დაიღალა და აღარც კი იბრძოდა, ქვეყანას მოვლენოდა, ნაპრალი კი ისევ ისეთი პატარა რჩებოდა. კაცი ფიქრობდა, რომ პეპელამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. დანარჩენი მის ძალებს აღემატებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, უმწეო არსებას დახმარებოდა. ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო და ჭიის პარკი გაჭრა. პეპელა მაშინვე გამოძვრა იქიდან, მაგრამ მისი სხეული ძალიან სუსტი იყო. გამჭვირვალე ფრთები ძლივს მოძრაობდა. კაცი კვლავ აკვირდებოდა. ფიქრობდა, პეპელას ფრთები გაუმაგრდება და გაფრინდებაო, მაგრამ ამაოდ – არაფერიც არ მოხდა.
პეპელა საცოდავად მიათრევდა უძლურ სხეულს და სუსტ ფრთებს. მან ისე გალია თავისი წილი წუთისოფელი, რომ ვერც კი შეიგრძნო გაფრენის ნეტარება.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კაცმა, რომელიც პეპელას დაეხმარა, არ იცოდა, რომ ის ძალისხმევა, რაც პეპელას ჭიის პარკიდან გამოსაძვრომად სჭირდება, აუცილებელია იმისთვის, რომ სხეულიდან სითხე ფრთებში გადავიდეს და შემდეგ მან ფრენა შეძლოს. ცხოვრება აიძულებს პეპელას, ძნელად დატოვოს პარკუჭი, რათა გაიზარდოს და განვითარდეს.
ძალიან ხშირად დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ. ჩვენთვის სიძნელეების გარეშე ცხოვრება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არასოდეს ვიქნებოდით ისეთი ძლიერნი, ისეთი გამბედავნი, როგორებიც ახლა ვართ. ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით ფრენას.
შენი ჯვარი
ერთ კაცს ეჩვენებოდა, რომ ძალიან მძიმე და რთული ცხოვრებით ცხოვრობდა. უფალს ეახლა და სთხოვა:
– შეიძლება ჩემი ჯვარი თავად ავირჩიო?
ღმერთმა ღიმილიანი სახით შეხედა, ჯვართა საცავში შეიყვანა და ნება დართო აერჩია.
კაცმა გაკვირვებით მიმოიხედა ირგვლივ, როგორ ჯვარს არ ნახავდით აქ – პატარებს, დიდებსა თუ საშუალო ზომის, მსუბუქებსა თუ მძიმეებს. დიდხანს არჩევდა იგი და, როგორც იქნა, იპოვა ყველაზე პატარა და მსუბუქზე მსუბუქი ჯვარი. მივიდა უფალთან და უთხრა:
– ღმერთო, შეიძლება ეს ჯვარი ავიღო?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ღმერთმა – სწორედ ეგ არის შენი ჯვარი.