რამდენს უხდიან საათობრივად ფოტოგადაღებაში ქრისტინე ძიძიგურს და როგორ გაიცნეს ის ცნობილმა პარიზულმა ჟურნალებმა
მშვენიერი ქრისტინე ძიძიგური სამი თვეა, რაც პარიზში ცხოვრობს და ცნობილ სამოდელო სააგენტო „ელისესთან“ თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში მას არაერთი საინტერესო სამუშაო ჰქონდა. ქრისტინე ამჟამად თბილისში იმყოფება, რადგან უნივერსიტეტში გამოცდები აქვს ჩასაბარებელი, სექტემბერში კი ისევ მიემგზავრება პარიზში, სადაც კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო სამუშაო ელოდება.
ქრისტინე ძიძიგური: შვებულება აგვისტოში მიწევდა, მაგრამ, უნივერსიტეტში მითხრეს, რომ 22 ივლისამდე უნდა მომესწრო გამოცდების ჩაბარება, ამიტომ, აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი. შემეძლო, წამოვსულიყავი და მერე უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ, სააგენტოში მითხრეს, იცოდე, აქ შენი ყოფნა ყოველთვის საჭიროა, ისე არ არის, წახვიდე და მოხვიდე, ჩვენ გვესმის, რომ უნივერსიტეტია, გამოცდები გაქვს და ამიტომ, ორი კვირით ადრე გიშვებთო. ანუ, სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს და წინასწარ გააფრთხილო, თანაც, ამჟამად პარიზში ჩვენს სფეროში არაფერი ხდება, აგვისტოში თითქმის ყველა ისვენებს. ჩვენს სააგენტოშიც დასვენებაა, სექტემბერში დავიწყებ მუშაობას. შემოთავაზებები მაქვს იაპონიიდან და ტაილანდიდან. სააგენტოში გადაწყვეტენ და რომელიც უკეთესი იქნება ჩემთვის როგორც ფინანსურად, ასევე კარიერის მხრივ, იქ გავემგზავრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მრავალფეროვანი იქნება შენი „ბუქი“, რამდენად შეივსება ის ჟურნალებში დაბეჭდილი ფოტოებით. რა თქმა უნდა, რაც უფრო ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი, ნამუშევარი, რაც უფრო ბევრი ჟურნალისთვის, კატალოგისთვის გქონდა გადაღება, მით უფრო საინტერესოა შენი „ბუქი“ და მით მეტად ინტერესდებიან შენთან თანამშრომლობით.
– თუ იცი, როგორია იაპონიასა და ტაილანდში მუშაობის პირობები, რამდენ ხანს მოგიწევს იქ მუშაობა?
– მუშაობის ხანგრძლივობა ჩემზეა დამოკიდებული. ჩემი ძირითადი სამუშაო არის პარიზში, ჩემს სააგენტოში – ეს ჩემთვის ჩვეულებრივი სამსახურია, სადაც მაქვს ერთწლიანი კონტრაქტი და შესაბამისად, ვერ ავდგები და ვერ წამოვალ. მაგრამ, თუ სხვა ქვეყანაში არ მომეწონება სამუშაო, არ დამაკმაყოფილებს პირობები, ნებისმიერ დროს შემიძლია, ვთქვა უარი და პარიზში დავბრუნდე. რაც შეეხება პირობებს, სააგენტო თავის თავზე იღებს ჩემი მგზავრობის, ცხოვრების ხარჯებს; ასევე, ყოველთვიურად მაძლევენ თანხას. წამოსვლის წინ ტაილანდის სააგენტოს წარმომადგენელს შევხვდი, მითხრა: ძალიან ლამაზი სახლი გვექნება, თავისი აუზითა და ეზოთიო, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ იაპონია უფრო მომეწონება. მოკლედ, ვნახოთ, რა გადაწყდება.
– თავიდან, როდესაც პარიზში წახვედი, ალბათ, გაგიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება.
– დიახ. თან, ფრანგული საერთოდ არ ვიცოდი, ამიტომ დეიდა და დეიდაშვილი გამომყვნენ და ერთი კვირა ერთად დავდიოდით. ჩვენი ელჩი, საელჩოს წარმომადგენლები გავიცანი, ისეთ ადამიანებთან დავამყარე ურთიერთობა, ვისთანაც შემეძლო, დამერეკა და ყველაფერი მეკითხა. როდესაც ჩემები წამოვიდნენ, მივხვდი, რომ სახლში მარტო დავრჩი და ცოტა გამიჭირდა, მაგრამ სამ-ოთხ დღეში შევეგუე და მარტოც კარგად ვგრძნობდი თავს. ახლა პარიზსაც კარგად ვიცნობ და ძალიან ბევრ ადამიანთან დავამყარე კონტაქტი.
– ცხოვრების სტილიც, ალბათ, განსხვავებული გაქვს.
– პარიზს რაღაცით თბილისს ვამსგავსებ, საზოგადოებაც ჰგავს. თბილისში, ხომ იცი, როგორ უყვართ ჭორაობა, მაგრამ პარიზში უფრო მეტად ჭორაობენ. ჩემი ფრანგულის მასწავლებელი და მეგობრები მიხსნიდნენ პარიზულ წესებს. მაგალითად, საღამოს ფორთოხლის წვენი ან შავი ჩაი რომ დალიო, გამორიცხულია, ისე შემოგხედავენ, იტყვიან, ეს ვინ არისო. ანუ, პარიზელებს აქვთ წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვა. ისინი ყველაფერს უყურებენ, გაკვირდებიან, როგორ გაცვია, არ უნდა დააგვიანო; თუ ადრე მიხვალ შეხვედრაზე, მათ თვალში პლუსს დაიწერ. როდესაც სააგენტოში მივდივარ, სულ მაკვირდებიან, რა მაცვია, როგორ გამოვიყურები, მერე მასწავლიან, როგორ უნდა ჩავიცვა, რა უნდა გავაკეთო. თავიდან რომ მაკვირდებოდნენ, ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მერე შევეგუე.
– წვეულებებზე, ფართებზე თუ დადიხარ?
– კი, როგორ არა. ჩვენმა „ბუქერმა“ რამდენჯერმე გამართა წვეულება სახლში და კლუბებშიც. იქ ასეთი წესია: მეგობრები იკრიბებიან და ყველას მოაქვს სხვადასხვა სასმელი. ერთხელ „კოქტეილ ფართი“ გვქონდა და ყველამ სხვადასხვა ინგრედიენტი მიიტანა. მუსიკა უკრავდა, ვცეკვავდით და ვეცნობოდით ერთმანეთს. იქ არავის სჭირდება წარდგენა: მოდის, პირდაპირ გეუბნება სახელს და გადაგკოცნის. კლუბებში ნამდვილი სიგიჟეა. ძალიან მინდოდა დევიდ გეტას კონცერტზე წასვლა, მაგრამ, „ბუქერმა“ მითხრა, არ გირჩევ წასვლას, ბევრი ხალხი იქნება და სიტუაცია არ მოგეწონებაო. ისეთ კლუბში ჰქონდა კონცერტი, სადაც დასაჯდომი ადგილები არ იყო, ფეხზე უნდა დამდგარიყავი, მასაში უნდა მოყოლილიყავი. ამიტომ, ვარჩიე, არ წავსულიყავი. ხშირად დავდივარ გამოფენებზე, სადაც გავიცანი ცნობილი ფოტოგრაფები, მოდელები. საქართველოს დღეები „პიერ კარდენის ცენტრში“ გაიმართა, სადაც ჩვენმა ელჩმა გამაცნო პიერ კარდენი. ისე გამიხარდა, თან, ბატონმა მამუკამ წარმადგინა. პიერ კარდენი ფრანგულად გამომელაპარაკა. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი ფრანგული. კიდევ რომ შევხვდი ბატონ მამუკას, ვკითხე, რა მითხრა პიერ კარდენმა-მეთქი. მაშინ უნდა გეკითხა, ახლა აღარ მახსოვსო.
– მომიყევი, რა სამუშაო გქონდა ამ სამი თვის განმავლობაში?
– სამ ფოტოგრაფთან ვიმუშავე და, მოკლედ, შედგა ჩემი „ბუქი“; ასევე, დავდიოდი „გოუსებზე“, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მიდიხარ ცნობილი ჟურნალების წარმომადგენლებთან და ეცნობი მათ. პარიზში არის „მარი ქლერის“ დიდი ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია „კოსმოპოლიტანი“, „მარი ფრანსი“, „მარი ქლერი“ და სხვა ბევრი ცნობილი ჟურნალი. დღეში ოთხი-ხუთი „გოუსი“ – გაცნობა მქონდა. ანუ, მიდიხარ, ეცნობი მათ, უტოვებ შენს „ბუქს“, მონაცემებს და, როდესაც შენი იმიჯი დასჭირდებათ, სააგენტოდან დაგეკონტაქტებიან. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ იცოდნენ პარიზში ჩემი არსებობის, ჩემი იმიჯის შესახებ. ასევე, წამოსვლამდე მოვასწარი კორეელ ოტ-კუტიურიესთან მუშაობა, რომელიც პარიზის „ფეშენ-ვიქზე“ გამოდიოდა. მე და ნალამ, რომელიც თბილისში იმყოფებოდა და ირაკლი ნასიძის ჩვენება დახურა, „ლუკბუქისთვის“ გადავიღეთ ფოტოები. ეს ფოტოები, გარდა „ლუკბუქისა“, პარიზის ჟურნალებშიც დაიბეჭდება.
– სად გქონდათ გადაღებები?
– სტუდიაში და ბუნებაში. როგორც „გოუსის“ დროს აღნიშნეს, ჩემი „გასაღები“ ის არის, რომ ფოტოებზე სხვადასხვანაირად გამოვდივარ – მაკიაჟი რადიკალურად მცვლის და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– როდესაც ჟურნალებთან თანამშრომლობ, როგორია შენი ანაზღაურება?
– მინიმალური ანაზღაურებაა საათში 500 ევრო და თანხის ზრდა უკვე დამოკიდებულია იმაზე, რამდენ საათს იმუშავებ. თუ „ბუქში“ მოგეპოვება სერიოზულ ბრენდებთან და ჟურნალებთან ნამუშევარი ფოტოები, მით უფრო მეტად ინტერესდებიან შენით. რაც მთავარია, ამ სამ თვეში უკვე სხვადასხვა გადაღებაში მივიღე მონაწილეობა და გამიცნეს პარიზულმა ჟურნალებმა, რაც ჩემი კარიერული წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– სიყვარულის ქალაქს ეძახიან პარიზს, თუმცა, ის შენთვის ჯერ საქმიანი და ოცნებების ასრულების ქალაქია.
– პარიზი სიყვარულისა და სინაზის ქალაქია, იქ უყვართ თავისუფლება და დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს. ჯერჯერობით, მთლიანად საქმეზე ვარ კონცენტრირებული. მინდა, ვიმუშაო და თან ვისწავლო, რადგან, მხოლოდ ლამაზი მოდელი არაფერს ნიშნავს. კეიტ მოსმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა, მასზე გიჟდებიან, მისი ფოტოს გარეშე „ვოგი“ მგონი აღარ გამოდის. როდესაც „ივ სენ-ლორანის“ გამოფენაზე ვიყავი, ვნახე „ვოგის“ რჩეული ყდები 1932 წლიდან. სპეციალურად დავათვალიერე და კეიტ მოსი 45-ჯერ იყო ყდაზე, ხოლო ჟიზელი – მხოლოდ 11-ჯერ. ანუ, როგორც ამიხსნეს, კეიტ მოსი ძალიან ჭკვიანია და ის ყოველთვის საინტერესო თემებზე საინტერესოდ საუბრობს. მე მას არ ვედრები, მაგრამ, მოდელობა მაინც ახალგაზრდული პროფესიაა და მინდა, რომ სხვა პროფესიასაც დავეუფლო. უკვე დავამთავრე უნივერსიტეტი, სოციოლოგიის სპეციალობით. მალე თუ ვისწავლი ფრანგულს, მერე სორბონაში ჩავაბარებ და იქ გავაგრძელებ მაგისტრატურას.