რომელი დიზაინერი გვირჩევს სანაპიროებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და მამაკაცური კოსტიუმის ჩაცმას
მას შემდეგ, რაც კარლ ლაგერფელდმა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში ამ წლის საკურორტო ჩვენება წარმოადგინა სენ-ტროპეში – ამ ულამაზეს და ყველაზე ფეშენებელურ კურორტზე, მას დაახლოებით 130 იმავე ტიპის ჩვენება მოჰყვა. მთელი წლის განმავლობაში იმდენი საზაფხულო „შვებულების“ ჩვენებები იყო, არ არის გამორიცხული, სამოსისა და საცურაო კოსტიუმის არჩევაში ისე აგეშალოს ნერვები, რომ საერთოდ აღარ წახვიდეთ დასასვენებლად. ამ კოლექციებმა სერიოზული „კრუიზ-ტენდენციები“ შექმნა და საქმე აღარ ეხება მხოლოდ „ხიფთანებს“ – საცურაო კოსტიუმებზე გადასაცმელებს, შორტებსა და სათვალეებს. ამ კოლექციებში ყველაფერს ნახავდი, რასაც ჩვენი ჟურნალის ერთი გვერდი ნამდვილად არ ეყოფა: დაპრინტული და ფერადი სამოსი, მათ შორის, დახურული კაბებიც კი, ძალიან მოკლე შორტები, „დენიმის“ ელემენტები, რომელიც გასული სეზონების ტენდენციებში აბსოლუტურად არააქტუალური იყო. საკურორტო მოდა დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე იყო – „გაქცეულის“ სამოსი. გავრბივარ ქალაქიდან, გავრბივარ ყოველდღიურობიდან, სამსახურიდან, ათასი თვალისგან, რომელიც დილიდან საღამომდე ჩემს ერთ „აუტფიტს“ კრიტიკულად ათვალიერებს, მაგრამ, ვერ გავურბივარ მოდას, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, სენ-ტროპეში ისვენებ, ბორა-ბორაზე თუ ბათუმის სანაპიროზე – აუცილებლად ძალიან მოდურად უნდა გამოიყურებოდე.
თბილისური „კრუიზული“ კოლექცია ბიჭოლამ ქართველ მოდურ ქალბატონებს უკვე შესთავაზა: თხელი, გრძელი, ჰაეროვანი კაბები, მოკლე აბრეშუმის შორტები და პერანგები, ბიჭოლას ცნობილი ბალიშებით გაფორმებული და დიზაინერის სტილში გადაწყვეტილი – უკვე მოირგო ნახევარმა თბილისმა, მაგრამ მსოფლიო მოდა ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მრავალფეროვანი გახლდათ: „ბალენსიაგას“ „დასვენების ქალბატონი“ ძალიან ფერადი იყო. მოკლე, ლამაზი ქვედაკაბები და ბლუზები არაჩვეულებრივია საკურორტო ადგილებში, მაგრამ თავად დიზაინერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: „ინსპირაცია კრისტობალის აეროპორტის სტიუარდესებისგან ავიღე“. თუმცა მერწმუნეთ, თუ ამ კოლექციაზე გააკეთებთ არჩევანს, თვითმფრინავის ბორტგამცილებელს ნამდვილად არ დაემსგავსებით. არეული პრინტები „ბალექსიაგას“ გარდა, წარმოდგენილი ჰქონდა „ერდემს“, „კაშარელს“ და სხვა დიზაინერებს.
შერეული პრინტები და სიჭრელე დაარქვეს „მიუ მიუს“ საკურორტო კოლექციასაც, თუმცა ის სხვა სახით იყო წარმოდგენილი. კოპლებიანი სამოსი, რომელიც სამოციანი წლების სანაპიროებზე იყო აქტუალური, წლევანდელ სანაპიროებზეც იჩენს თავს. ლურჯი თეთრი კოპლებით და წითელი თეთრი კოპლებით თხელი ზედატანები და შორტები, დიდი ჩალის ჩანთებთან ერთად, არაჩვეულებრივი საკურორტო ანსამბლია. საინტერესო იყო კოპლებიანი, „პლატფორმებიანი“ ფეხსაცმელები, რომელიც, ქუსლის სიდიდის გამო, არ მგონია, ქვიშიან სანაპიროებზე გამოგადგეთ.
და, რაც მთავარია: ზაფხულის სითეთრე, რომლის ფლაგმანი, როგორც ყოველთვის, ამ სეზონზეც „კელვინ ქლაინი“ იყო. ფრანცისკო კოსტამ საზაფხულოდ აქცენტი ჰაეროვან, უსახელო კაბებზე გააკეთა. კაბების, შორტებისა და სხვა საზაფხულო სამოსის გარდა, „ქლაინმა“ წარმოადგინა მამაკაცური კოსტიუმი – კლასიკური შარვალი, ორბორტიანი პიჯაკი და თხელი მაისური ზაფხულის საკურორტო სეზონზე, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ აქტუალურია, რადგან მოგვიანებით იმავე სულისკვეთებით კოლექციები წარმოადგინეს „სტელა მაკარტნიმ“, „დონა კარანმა“ და „ლანვინმა“. „სტელა მაკარტნიმ“ კლასიკური სითეთრე ცოტა შეარბილა, შარვალი კოჭს ზემოთ ასწია და პიჯაკსაც სახელოები დაუმოკლა, რამაც მას უფრო მეტად მისცა საკურორტო სახე.