რატომ ეჯახებოდნენ ერთმანეთს ჩინეთის ქუჩებში ველოსიპედისტები ქართველი გოგონას გამოჩენისას და როგორ აქციეს ის „ველურ გოგონად“
„ვიცე-მის საქართველო” თეონა თევდორაშვილი, სულ ახლახან ჩამოვიდა ჰონკონგიდან, სადაც სამი თვის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტოს „სთაილთან”, რის შემდეგაც მან მოწვევა მიიღო ჩინეთის სამოდელო სააგენტო „ფეშენიდან” და იქაც ორი თვე მუშაობდა. მშვენიერი თეონა საქართველოში დიდი გამოცდილებით, შთაბეჭდილებებითა და ახალი გეგმებით დატვირთული დაბრუნდა.
თეონა თევდორაშვილი: „მის საქართველოში” მონაწილეობის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რაც მთავარია, კონკურსს საინტერესო შემოთავაზებები მოჰყვა. სააგენტომ ჩემი მონაცემები უცხოეთში გაგზავნა, რის შემდეგაც მომივიდა მოწვევა ჰონკონგიდან, სადაც სამი თვით გავემგზავრე. შემდეგ ჩინეთში გადავედი, იქ ვცხოვრობდი, ვმუშაობდი ორი თვის განმავლობაში. სულ ახლახან დავბრუნდი თბილისში და კვლავ აქტიურად ვემზადები, რადგან შემოდგომაზე, შეიძლება, მილანში წავიდე სამუშაოდ.
– შენი ჰონკონგური ცხოვრების სტილი თბილისურისგან ნამდვილად განსხვავებული იქნებოდა.
– თბილისში, შეიძლება, ერთი სამუშაო მქონოდა, იქ კი კვირაში ერთი, ან დღეში რამდენიმე სამუშაო მქონდა. იქაური ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავებული, აქტიურია, დისციპლინაც კი განსხვავებული აქვთ. იქ სხეულის პარამეტრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აქ რასაც გაპატიებენ, იქ იმას მკაცრად გთხოვენ. ქასთინგზეც ერთი წუთით რომ დააგვიანო, მაშინვე გირეკავენ, სად ხარო. ყველა პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და, შესაბამისად, გარკვეული კონტროლის ქვეშ ხარ.
– როდესაც პირველად მარტო წახვედი ჰონკონგში, გაგიჭირდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება, უცხო გარემოსთან შეგუება?
– უფრო იმიტომ გამიადვილდა მარტო წასვლა, რომ ჩემი საქმე მიყვარს და მაინტერესებს. თავიდან იყო რაღაც სირთულეები, მაგრამ, მალე შევეჩვიე იქაურობას, ყველაფერი შევისწავლე, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, ქასთინგებზე როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ახლა რომ წავიდე ჰონკონგში ან სხვა ქალაქში, უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, გამოცდილება დამიგროვდა.
– როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება?
– ჰონკონგში იანვარში გავემგზავრე და არავინ დამხვედრია, ჩემით გავიკვლიე გზა – მისამართი მეწერა, სად, როგორ უნდა მივსულიყავი. როდესაც სახლში მივედი, დავრეკე ჩემს სააგენტოში. მეორე დღეს სახლში მომაკითხეს და წამიყვანეს. ყველაფერი მასწავლეს, რუკა მომცეს და იმ რუკებით დავდიოდი ქუჩებში. სულ ორჯერ გამომყვა ჩემი ბუქერი. ერთ კვირაში ისე კარგად ვისწავლე გზები, ახლა უკვე თვალდახუჭული ვივლი. ჰონკონგში უფრო დამოუკიდებლად ვიყავი, იქ ყველამ იცოდა ინგლისური, ჩინეთში კი მარტო არსად გვიშვებდნენ. თვითონ სააგენტოდან გვაკითხავდნენ ავტომობილით, მარტო გასვლას ვერ ვრისკავდით.
– ვისთან ერთად ცხოვრობდი?
– ჰონკონგში სულ 9 მოდელი ვცხოვრობდით. ოთახში ორ-ორი ვიყავით და ძალიან დავმეგობრდით, კარგადაც ვერთობოდით. ჩინეთში უკვე სხვა გოგონებთან ერთად ვცხოვრობდი.
– რამის კეთება თუ გეკრძალებოდათ?
– წონას ყოველთვის გვიკონტროლებდნენ, თუმცა, იყვნენ გოგონები, რომლებსაც სულაც არ სჭირდებოდათ დიეტა – ჭამდნენ, მაგრამ არ იმატებდნენ. მე ცოტათი მიწევდა საკუთარი თავისთვის კონტროლის გაწევა, რომ საყვედური არ მიმეღო, არც მიმიღია. სპეციალური ბარათები გვქონდა და დავდიოდით ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ. ჩინეთში გოგონები ქასთინგების წინ და ისეც, სალონში დავდიოდით, სადაც თავის მასაჟებს გვიკეთებდნენ, რაც ძალიან კარგი იყო განტვირთვისთვის.
– ალბათ, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი გქონდა.
– დღეში დაახლოებით 5-6 ქასთინგი მქონდა, წინასწარ გვაფრთხილებდნენ, სად უნდა წავსულიყავით. ძირითადად, გადაღებები მქონდა ჟურნალებისთვის, „ფეშენ-შოუებისთვის“. საკმაოდ საინტერესო ფოტოები დავაგროვე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.
– ხარ საკუთარი თავით კმაყოფილი?
– როგორც დამწყები მოდელი, კმაყოფილი ვარ, უსაქმოდ ნამდვილად არ ვყოფილვარ. საერთოდ, დამწყებ მოდელებს უჭირთ სამუშაოს პოვნა, იმიტომ, რომ არ აქვთ ბევრი ფოტოები, მიუხედავად ამისა, მაინც მქონდა სამუშაო და საკმაოდ დატვირთულიც ვიყავი.
– როგორ აფასებდნენ სააგენტოში შენს მუშაობას?
– ვიცი, რომ სააგენტოში მოსწონდათ ჩემი მუშაობა, კმაყოფილები იყვნენ, მადლობაც გადამიხადეს. საყვედური არ მიმიღია. ჩინეთიდან რომ მოვდიოდი, მითხრეს, შენი წასვლა არავის გვინდა, დარჩი ან კიდევ ჩამოდიო. წინა დღეს ერთ-ერთმა ბუქერმა სახლში დამპატიჟა, ცხოვრებაში პირველად, თვითონ გააკეთა სადილი და გამასინჯა.
– შენი პირველი სამუშაო რა იყო?
– ცნობილ ჟურნალ „ჯესიკასთვის” მქონდა პირველი 8-საათიანი სამუშაო, სხვადასხვა ბრენდის სამოსი მეცვა და ფოტოებს მიღებდნენ. მახსოვს, 13 სამოსი გამოვიცვალე და ამდენჯერვე შემიცვალეს ვარცხნილობა და მაკიაჟი. ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ ვისწავლე. ამის შემდეგ სხვა გადაღებებიც მქონდა, თუმცა ზოგი უფრო ცოტა ხანს გრძელდებოდა. პირველმა გადაღებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან ადვილად გავიხსენი, ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდა ჟურნალი.
სამ-სამი ფოტო დაბეჭდეს და ყველა ფოტოზე სხვადასხვანაირი ვიყავი. ჩემებმა რომ ნახეს, მკითხეს, ამ სამიდან რომელი ხარო. რა თქმა უნდა, სამივე მე ვიყავი, ოღონდ, განსხვავებული ტიპაჟები შექმნეს. ძალიან ხშირად ვაკეთებდი კოსმეტიკური ნაწარმის, სამოსის, აქსესუარების რეკლამას და ფოტოები სხვადასხვა ცნობილ ჟურნალებში იბეჭდებოდა. ეს ბრენდები იყო „პრადა”, „შანელი”, „დოლჩე და გაბანა”, რა თქმა უნდა, მათ სამოსში ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ასევე, მქონდა გადაღებები კატალოგებისთვის, რაც უფრო შრომატევადი იყო, რადგან, წამებში უნდა გამომეცვალა სამოსი, დაჯდომის საშუალებაც არ მქონდა. ძირითადად ზამთრის კოლექციისთვის გვქონდა გადაღებები.
განსაკუთრებით ერთი გადაღება მომეწონა, როდესაც „საყვარელი გოგონას“ იმიჯი შემიქმნეს, ძალიან ლამაზი ფოტოები გამოვიდა.
– სად გქონდა გადაღებები?
– ძირითადად, სტუდიებში გვქონდა გადაღებები, თუმცა, ჰონკონგიდან წამოსვლის წინ ბუნებაშიც გადამიღეს და „ველური“ ფოტოები გამოვიდა, ახლა უნდა გამოვიდეს ის ჟურნალი. სახე ისე დამიხატეს შავად, რომ ველურის სახე მქონდა, დახეული ტანსაცმელი მეცვა, ტყეში ვიდექი, ხესთან გაშეშებული. პირი ისე მქონდა დაღებული, თითქოს ვამპირი ვიყავი. ჩინეთში ერთ გოგონასთან ერთად მქონდა გადაღება: ქუჩაში ხე მორთეს საახალწლოდ, ვითომ ახალი წელი იყო. ჩვენც ლამაზად ჩაგვაცვეს, ხეზე აგვიყვანეს ძალიან ფრთხილად, რომ არ ჩამოვცვენილიყავით. ჩვენ ვპოზირებდით, ხალხი კი გარეთ გამოვიდა და გაოცებულები გვიყურებდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არაფერი მოგვიტეხავს.
– სად გქონდა „ფეშენ-შოუები“?
– „ფეშენ-შოუები“ ძირითადად ჩინეთში მქონდა. ძალიან საინტერესო იყო, ყველანი კარგ ხასიათზე ვიყავით და, როგორც კი მუსიკა ირთვებოდა, მაშინვე თამამად, მხიარულად მივაბიჯებდით პოდიუმზე. ჩემთან ერთად იყვნენ, როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მოდელები. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება შევიძინე. თავად შოუს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
– გართობას თუ ახერხებდით?
– როგორ არა, არ ვიყავით ისეთი დატვირთულები, რომ გართობისთვის ცოტა დრო არ გამოგვეყო. ხშირად დავდიოდით გოგონები ლამაზ ადგილებში, განსაკუთრებით ვიქტორიას პიკი მომეწონა, საიდანაც მთელი ჰონკონგი ჩანდა ხელისგულივით. ბუდაზეც ვიყავით, ძალიან ლამაზია. თუმცა, ხანდახან იმდენი სამუშაო მქონდა, რომ, სახლში მივსულვარ და არაფრის თავი არ მქონია, მარტო გამიხდია და დამიძინია. ღამის კლუბებშიც იშვიათად დავდიოდით, თუმცა, დიდხანს არ ვჩერდებოდით. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ჩინეთში ხალხი სულ ველოსიპედებით დადის და, როდესაც ჩვენ გარეთ გავიდოდით, ყველა ყურადღებას გვაქცევდა, ჩვენს ყურებაში, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ავარიები ხდებოდა, ხანდახან გაჩერებულ მანქანასაც შეჯახებიან.