კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა მამაკაცი ლაჩარი, რომელიც ცოლს ღალატს აპატიებს


რატომღაც უფრო ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, თუ რა პრობლემები აქვთ ქალებს, რას განიცდიან ისინი, როცა მეუღლის ღალატის შესახებ იგებენ და როგორ იჩაგრებიან ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლაში. დიახ, ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა ქალბატონია. შეიძლება, იმიტომ, რომ უფრო გახსნილად ყვებიან თავიანთი პირადი ცხოვრების შესახებ. მამაკაცებს ეს გაცილებით უჭირთ, თორემ პრობლემები მათაც არანაკლებ აწუხებთ, ვგულისხმობთ ურთიერთობის პრობლემებს, ვიდრე სუსტი სქესის წარმომადგენლებს.

არსებობს მოსაზრება, რომ ქმრებს უფრო ხშირად ჰპატიობენ „ცელქობებს“ და მათ ღალატს ცოლები თითქმის თავიდანვე არიან შეგუებულნი. მხოლოდ ერთეულები ანგრევენ ოჯახს კაცის ღალატის მიზეზით. მაგრამ ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პატიების მომენტში სქესი არაფერ შუაშია, უბრალოდ, თმობს და ჰპატიობს ის, ვისაც უფრო მეტად უყვარს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენთვის ისეთი მაგალითები უფრო თვალსაჩინოა, როცა ცოლი, საკუთარი თავმოყვარეობის ხარჯზე, იტანს ქმრის ცხოვრებაში სხვა ქალის არსებობას და ყველა საშუალებით ცდილობს, გადაარჩინოს ურთიერთობა.



ვახო (34 წლის): თქვენთან საუბარი იმან გადამაწყვეტინა, რომ მინდა ის უსამართლობა გავარკვიო, რომლითაც ჩვენ, მამაკაცებს მოღალატის იარლიყი გვაქვს მოწებებული, ქალები კი, რატომღაც ყოველთვის მართლები გამოდიან და უმრავლესობას „წამებულის გვირგვინი” ადგას. მათ ყველა იცოდებს, კაცებს კი ლანძღავენ. ჯერ ერთი, არასდროს ვეთანხმებოდი იმას, რომ ყველა კაცი მოღალატეა. საერთოდ არ მესმის ეს რას ნიშნავს. როგორ შეიძლება, ყველა ადამიანი იყოს მოღალატე? თუ, ვინმეს იმაში ეპარება ეჭვი, რომ მამაკაციც ადამიანია? მწყინს, როცა ქალებს უფრო აყენებენ „დაჩაგრულის” პოზიციაში. თითქოს მამაკაცს ნაკლებად ღალატობენ, ან, კაცი ქალზე ნაკლებად განიცდის ამას.

– უბრალოდ, ქალები უფრო ხშირად ხდებიან ხოლმე ღალატის მსხვერპლი.

– სულაც არა, ვერ დაგეთანხმებით. საქმე ისაა, რომ ქალები უფრო ხშირად ლაპარაკობენ თავიანთ პირად ცხოვრებაზე, კაცები კი ჩუმად არიან. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ღალატის მსხვერპლი, კაცებს კი ამ მხრივ პრივილეგირებული მდგომარეობა გვაქვს. ჩვენც რომ ისევე ვყვებოდეთ ჩვენი პრობლემების შესახებ, როგორც ქალები ყვებიან, მაშინ ეს ბალანსი დაცული იქნებოდა.

– მე მაინც მგონია, რომ მოღალატე მამაკაცების რიცხვი უფრო მეტია.

– თქვენ ქალი ხართ და ამიტომ საპირისპიროში ვერ დაგარწმუნებთ, მაინც მეტყვით, რომ კაცები მოღალატეები ვართ. ერთ რამეს გეტყვით: მოღალატე ქალები რომ არ იყვნენ, კაცები ვისთან უღალატებდნენ ცოლებს? გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი? – არა! აი, ხომ ხედავთ! იცით, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა? ერთმანეთზე რომ ვცდილობთ დანაშაულის გადაბრალებას, იმის მაგივრად, რომ მთავარი მიზეზი ვიპოვოთ.

– ღალატის ფენომენს ისეთი ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ ერთ ინტერვიუში ამ პრობლემის ჭეშმარიტ მიზეზს ვერაფრით ვიპოვით და, მით უმეტეს, ვერც გადავჭრით ამ საკაცობრიო პრობლემას.

– რა თქმა უნდა. გეთანხმებით ამაში. ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ იტყვის, რა არის იმისთვის საჭირო, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ღალატობდნენ და სიყვარულიც მარადიული იყოს. მაშინ ამდენი გულნატკენი ქალი და კაცი არ ივლიდა ჩვენ გვერდით. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა ჩემსა და ჩემს ცოლს შორის, იმიტომ რომ, თავიდან იდეალურად იყო ყველაფერი. სიყვარულით რომ არ შევუღლებულიყავით, კიდევ ვიტყოდი, რომ შეცდომა თავიდანვე დავუშვით. სიყვარულს მეფიცებოდა და მეც დავიჯერე.

– იქნებ, მაშინ მართლა უყვარდით?

– რას ნიშნავს „მაშინ მართლა ვუყვარდი”, არ არის ასე. სიყვარული ასეთი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. „დღეს მიყვარს, ხვალ აღარ მიყვარს” – არ გამოვა ეს ამბავი. უბრალოდ, ჩემს ცოლს მაშინ ეგონა, რომ ვუყვარდი. კი არ ვლანძღავ, ან ვსაყვედურობ ამას! ადამიანები ძალიან ხშირად ვერ ვახერხებთ საკუთარ გრძნობებში გარკვევას. მე ვიყავი და ვარ საკუთარ გრძნობაში დარწმუნებული, იმან ვერ „გაქაჩა“. ოღონდ, რას ვერ ვხვდები, იცით? როდის იყო „ნამდვილი” და როდის თამაშობდა? ხუთი წელი ხომ ვიყავით ბედნიერები, მეხუტებოდა და სიყვარულს მეფიცებოდა? თუ რაღაცით ვერ ვაკმაყოფილებდი, რატომ არ მეუბნებოდა, ვინ ჰყავდა ჩემზე ახლობელი, ცოლ-ქმარი ერთ არსებად იქცევა. აბა, რატომ არის ნათქვამი „ერთ სული და ერთ ხორცი”? ჩვენ კი ვერ ვიქეცით ერთ არსებად – ფაქტი ესაა. მაგრამ, მე იმაზე ვნერვიულობ და იმას განვიცდი, რომ ჩემი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ოჯახი დამენგრა. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის რას ნიშნავს ეს.

– წარმომიდგენია...

– არა, ვერ წარმოიდგენთ. იმიტომ, რომ თქვენ მამაკაცები უგრძნობი არსებები გგონიათ. კონკრეტულად თქვენ კი არა, საერთოდ, ქალებს და ეს არის თქვენი შეცდომა.

– თქვენი სიტყვები ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ბანალური „ყველა კაცი ერთნაირია”.

– რატომ? ხომ ვერ შემეკამათებით, რომ ქალები უფრო მგრძნობიარე არსებებად არიან მიჩნეული და ეს სტერეოტიპი ჯერ კიდევ არსებობს.

– იქნებ, თქვენ ხართ გამონაკლისი?

– არა. ნამდვილად არ ვარ გამონაკლისი. რაც ამ მდგომარეობაში ვარ, იმდენი „ჩემნაირი“ კაცი აღმოვაჩინე, ვერც კი წარმოიდგენთ. გეუბნებით, მხოლოდ იმიტომ არ ჩანან, რომ არ ლაპარაკობენ.

– და, ჰპატიობენ ცოლებს ღალატს?

– როგორ არის, იცით? იძულებულები არიან, რომ აპატიონ, ისევე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება არსებობდეს მამაკაცი, რომლისთვისაც სულერთი იქნება, ერთგულია ცოლი მისი, თუ არა?! ეს ხომ აბსურდია... მეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის გადატანა და მოთმენა მომიწევდა. ორი წლის განმავლობაში ვიყრუებდი ყურს და ვიბრმავებდი თვალს. ვფიქრობდი, რომ ეს მსხვერპლი გაამართლებდა, მაგრამ, შევცდი.

– ანუ, ორი წლის განმავლობაში იცოდით, რომ თქვენს ცოლს სხვა მამაკაცი ჰყავდა?

– ორი წლის განმავლობაში მღალატობდა, მაგრამ მე ეს გვიან გავიგე. საერთოდ, ამას ქმრები ყოველთვის ძალიან გვიან იგებენ, ცოლებზე გვიანაც კი. თანაც, გაცილებით გვიან, ესეც იმის „წყალობით,” რომ ქალები მეტად ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით. ინტრიგულები არიან და სხვის უბედურებაზე „კაიფობენ”. ამიტომაც, ეგრევე „მიახარებენ” ხოლმე ცოლებს – შენს ქმარს საყვარელი ჰყავსო. მამაკაცი კი ამას არ კადრულობს. რომც იცოდეს, რომ მის ძმაკაცს ცოლი ღალატობს, არ მივა და არ ეტყვის. ამიტომ მამაკაცებს ჩვენით გვიწევს რაღაც-რაღაცეების მიხვედრა, დამოუკიდებლად. ინტუიცია კი ქალებთან შედარებით, ძალიან ცუდად გვაქვს განვითარებული. ან, იქნებ, არ მინდოდა ამისი დაჯერება.

– თქვენ თქვით, რომ ურთიერთობაში პრობლემა არ გქონიათ.

– პრობლემა რომ არ გვქონოდა, ამ მდგომარეობამდეც ხომ არ მივიდოდით. თქვენ როგორ გგონიათ, ისე, უმიზეზოდ და შემთხვევით, რამე ხდება? პრობლემა, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ მე ვერ გავერკვიე მის არსში. იმიტომ, რომ ჩემი გადმოსახედიდან ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში გვქონდა. არასოდეს არაფერში შემიზღუდავს, ბავშვს დღემდე მე უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ, ვიდრე ის. ძიძის აყვანაზეც უარი ვუთხარი – მე მივხედავ-მეთქი. საკმაოდ მშვიდი და კარგი ბავშვია, ჩვენი პატარა პრობლემებს არ გვიქმნიდა. ჩემი ცოლი მშობიარობის მერე ძალიან სწრაფად ჩადგა ფორმაში. ვხედავდი, როგორ ნერვიულობდა იმას, რომ ძველებურად ვერ გამოიყურებოდა, ამიტომ, ფული არ დამიშურებია მისთვის, მე თვითონ დამყავდა მასაჟებზე და პროცედურებზე. ორ თვეში ყველა ეუბნებოდა, თვალისმომჭრელი ხარო. იმას რომ უხაროდა, მეც ბედნიერი ვიყავი.

– ინტიმურ სფეროში ხომ არ გქონდათ რამე გაუგებრობა, ან გაუცხოება?

– გაუცხოება როცა შევამჩნიე, უკვე ყველაფერი გვიან იყო. როდის გამომეპარა მთავარი მომენტი, ვერ ვხვდები, ისე კარგად ვიყავით ერთად. სად გაიცნო, ვინ არის, რას წარმოადგენს ის ტიპი – არც ამის შესახებ ვიცი რამე.

– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ „ის” აუცილებლად არსებობს?

– იმიტომ, რომ უკვე ჩემი ცოლიც აღარ მალავს ამას. რაღაც ეტაპამდე უჭირდა ორმაგი ცხოვრება. ახლა ეს აღარაფრად უღირს – ახლა სულ იმასთან არის. შვილის მომავალიც ფეხებზე დაიკიდა. იცით, რამდენჯერ მიფიქრია, ახლა ავდგები და ამას საკუთარი ხელით დავახრჩობ-მეთქი? – თითქმის ყოველთვის, როცა „იმასთან” შესახვედრად მიდიოდა.

– რატომ არ გააკეთეთ ეს?

– ზოგჯერ ვფიქრობ – სიყვარულის გამო, ზოგჯერ მეჩვენება, რომ სიმხდალემ შემიშალა ხელი ამაში. თუმცა, ალბათ უფრო ბავშვის გამო ვერ გავაკეთე ეს. ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ოჯახზე და შვილზე მაღლა არავინ და არაფერი არ დგას? მე მივეკუთვნები ამ ადამიანების კატეგორიას. იმისთვის, რომ ჩემს შვილს დედაც ჰყოლოდა და მამაც, კიდევ უფრო მეტს მოვითმენდი, მაგრამ არჩევანი ჩემმა ცოლმა მაინც გააკეთა და არა ოჯახის სასარგებლოდ. მე შიშით ველოდი ამ დღეს. მას შემდეგ, რაც დავეჭვდი, რომ ჩემს ცოლს საყვარელი ჰყავდა, მოუხშირა ტრენინგებზე და სემინარებზე სიარულს, მაგრამ მე მაინც ვიჯერებდი ჩემთვის საგანგებოდ მოგონილ ტყუილს. თავს ვინუგეშებდი, რა ვქნათ, ასეთი სამსახური აქვს-მეთქი.

– მართლა გჯეროდათ, თუ თავს იტყუებდით?

– ახლა გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ, მართლა მჯეროდა. უფრო სწორად, მინდოდა, რომ დამეჯერებინა. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ შიშველი ფაქტის პირისპირ არ აღმოვჩნდი: ერთ-ერთ ასეთ „ტრენინგზე” იყო ჩემი ძვირფასი მეუღლე წასული სამი დღით, რომ ბავშვი გახდა ავად. მაღალი სიცხე ჰქონდა და დედას ითხოვდა. ძალიან შემეშინდა. მობილურზე ვურეკავდი ჩემს ცოლს, მაგრამ გამორთული ჰქონდა. ძლივს გავათენეთ ის ღამე. დილით ისევ ვერ დავუკავშირდი. საშინელი წინათგრძნობა მქონდა, ხელები მიკანკალებდა ჩემი ცოლის სამსახურში რომ ვრეკავდი. თითქოს წინასწარ ვიცოდი, რასაც მეტყოდნენ. მისმა თანამშრომელმა აიღო ყურმილი და სანამ რამეს ვეტყოდი, მკითხა, ბავშვი როგორ არისო. გამიკვირდა, ამან საიდან უნდა იცოდეს, ბავშვის ამბავი-მეთქი, მაგრამ, მაინც ვერ დავუშვი, თუ ასეთი უბედურება მჭირდა. დედამისს ვერ ვუკავშირდები და, იქნებ მისი სასტუმროს ტელეფონის ნომერი იცოდეთ-მეთქი. რომელი სასტუმროსი, რამდენიმე დღით დაგვეთხოვა, გვითხრა, რომ შვილი გყავთ ავადო. მართლა არ მახსოვს, რა ვუთხარი. როგორია – რქიანი ქმარი ეძებს ცოლს! მერჩივნა, მიწა გამხეთქოდა, მაგრამ იმ წუთში მარტო იმას ვფიქრობდი, ჩემს ცოლს არ მივეტოვებინე. ალბათ, თქვენც მოგისმენიათ ქალების ნათქვამი: ფუჰ, როგორ ჰპატიობს ასეთ შეურაცხყოფას, თავმოყვარეობა სულ არ აქვს, რაში სჭირდება ისეთი ქმარი, რომელიც სხვა ქალთან გაძრომაზე ფიქრობსო. რომ იცოდეთ, როგორ მესმის იმ „უთავმოყვარეო” ცოლების გულახდილად გეუბნებით! ზოგჯერ, გირჩევნია, რომ ბრმა და ყრუ იყო, ოღონდ არაფერი შეიცვალოს. წარმომიდგენია, რას ფიქრობთ ჩემზე. ალბათ, იმას, რასაც ჩემი ცოლი. როცა მითხრა, რომ ჩემს მიტოვებას აპირებდა, ვუთხარი: იქნებ კიდევ დაფიქრდე, ფაქტია, რომ ვერ იღებ გადაწყვეტილებას. რამდენი ხანია, გაკვირდები და ვხვდები რომ არ გინდა ამ რეალობის შეცვლა, ოჯახი არ გეთმობა, დაივიწყე ის კაცი და დაგვიბრუნდი, მე ყველაფერს გაპატიებ-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? კიდევ გიკვირს, რომ საყვარელი გავიჩინე? შენნაირი კაცის ღალატის სურვილი ყველა ქალს გაუჩნდებოდაო.

– დაიმსახურე და გიღალატეო?

– არა. კაცი არ ხარო – აი, ეს იყო მისი პასუხი. ეს დავიმსახურე ჩემი სიყვარულისთვის. მიჭირს სიტყვებით გადმოვცე ჩემი განცდები. ჩემს ცოლს ვერ გავაგებინე და ალბათ ვერც თქვენ აგიხსნით, რატომ ვპატიობდი ცოლს ასეთ შეურაცხყოფას. მარტო ის ქალები გამიგებენ, რომლებსაც ქმრებისთვის ღალატი უპატიებიათ. მათაც გაიარეს ჩემსავით ეს ყველაფერი. საშინელებაა და არავის ვუსურვებ ამ ჯოჯოხეთის გამოვლას. ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და ამას მარტო მაშინ შეძლებ, როცა საკუთარ თავზე მეტად გიყვარს.

– ასეთი სიყვარული შესაძლებელია?

– დამიჯერეთ, რომ შესაძლებელია, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი სიყვარული არავის სჭირდება. აი, ჩემს ცოლსაც ხომ არ სჭირდებოდა და საყვარელი ამჯობინა ჩემს თავს – იმასთან უფრო კარგად ვარო! გესმით?! – ის კი არ მიყვარს, იმასთან უფრო კარგად ვარო. მე ვერ ვიგებ ასეთ რაღაცას. რა ვქნა, არც მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ.

– არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ „კარგად ყოფნაში”? უფრო სწორად – სად გრძნობდა, მასთან ერთად თავს კარგად?

– ალბათ, ლოგინში. მე აღარ დავაკონკრეტებინე. აღარ მჭირდებოდა, ისედაც საკმარისად ვიყავი განადგურებული, აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი, საშინელება ყოფილა, როცა სული გტკივა. გაცილებით ჯობია, ფიზიკურად გტკიოდეს რამე. ნაჭერ-ნაჭერ რომ დავეკუწე, ასე ცუდად მაინც არ ვიქნებოდი. სხვა კაცი, ალბათ, მოკლავდა, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ და ცოლიც უზომოდ მიყვარს.

– მიუხედავად ყველაფრისა?

– მიუხედავად ყველაფრისა. თქვენ გგონიათ, წავიდა იმასთან? არა! ჯერ კიდევ ფიქრობს.

– და, ასე დადის სამ-სამი დღით პაემნებზე?

– არა, სამ-სამი დღით წასვლას ვეღარ ბედავს, მაგრამ, ვერ დავიჯერებ, რომ აღარ ხვდება. ეტყობა ხოლმე, როცა მისგან მოდის, ისეთი გაბრწყინებული და გასხივოსნებული სახე აქვს. ერთ სახლში ვცხოვრობთ, თორემ თითქმის არ მელაპარაკება. გვერდით მიწევს და ვერ ვგრძნობ მის არსებობას, აშკარად გამირბის. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ასე, რამდენს გავუძლებ. შეიძლება, მეც მიმტყუნოს ნერვებმა და მაშინ უკვე არ ვიცი, რა მოხდება.


скачать dle 11.3