სად გრძნობენ ერთად თავს კომფორტულად ადოლფ ჰიტლერი და დონ კიხოტი, რამდენი ფიგურაა ლევან ბუჯიაშვილის კოლექციაში და როგორ იქმნება ისინი
ეკა სალაღაია
28 წლის ლევან ბუჯიაშვილის კოლექცია საკმაოდ მოცულობითი, საინტერესო და მრავალფეროვანია. რაც მთავარია, კოლექციისთვის მას მხოლოდ სახლის ან სახელოსნოს ერთი მშვენიერი კუთხე არ აკმაყოფილებდა და ამიტომ, ნამუშევრები თბილისის ქუჩებსა და საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ქალაქებში განალაგა. როგორ იქმნება ლევანის ფიგურები, რა პერიოდში და რამდენი ექსპონატია ამჟამად მის კოლექციაში, თავად ავტორი გვიამბობს ჩვენს ინტერვიუში.
ლევან ბუჯიაშვილი: 4-5 წლის ასაკიდან დავიწყე პლასტელინთან მუშაობა. სწორედ იმ პერიოდში, როცა, ჩემი თანატოლები ბურთს დასდევდნენ და ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვარდათ, მე რატომღაც ძერწვას ვანიჭებდი უპირატესობას. ამიტომ, ოჯახის წევრებმა პიონერთა სასახლეში მიმიყვანეს და დაახლოებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიარე, 9 აპრილის მოვლენებამდე. პატარ-პატარა გამოფენებშიც მივიღე მონაწილეობა. ერთხელ გავიმარჯვე და სიგელიც გადმომცეს.
– ეს დიდი სტიმული იქნებოდა...
– ისეთი პატარა ვიყავი, ვერ აღვიქვი. სიგელს რომ მაძლევდნენ, რატომღაც მეგონა, რომ მაჯარიმებდნენ – 6 წლის ვიყავი მაშინ. შემდეგ მოგეხსენებათ, როგორ განვითარდა სიტუაციები ქვეყანაში.
ცოტა არ იყოს, უნებისყოფო ბავშვი ვიყავი, ქანდაკების წრიდან გამოვედი და ჯერ ტანვარჯიშზე ვიარე, შემდეგ რადიოწრეზე, შემდეგ ძიუდოზე... წელიწად-ნახევარზე მეტხანს ვერსად ვძლებდი. სკოლაშიც არ ვიყავი გამორჩეული მოსწავლე. ამიტომ, როდესაც უკვე დრო მოვიდა და დადგა საკითხი, სკოლიდან გამოვსულიყავი თუ მეათე-მეთერთმეტე კლასი დამემთავრებინა, რატომღაც ჩემი ბავშვობისდროინდელი ნიჭი გაიხსენეს. გადაწყვიტეს, არქიტექტურულ ფაკულტეტთან არსებულ ნატიფი ხელოვნების სკოლაში მესწავლა. ასე ერქვა კოლეჯს, რომელიც მე დავამთავრე. შემდეგ კი აღმოვჩნდი არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ეთმობოდა ქანდაკებას, რაც მე მაინტერესებდა. თუმცა, არქიტექტურა ძალიან დამეხმარა ჩემი ხელწერის ჩამოყალიბებაში და სწორედ ამ ასაკიდან დავიწყე მოცულობითი ფიგურების შექმნა – ჩამომიყალიბდა გემოვნება, ჩემი ხელწერა. არქიტექტურის გარდა ბევრი საინტერესო საგანი ისწავლებოდა, რომელთაგანაც დამაინტერესა ხეზე ჭრამ. ვიყიდე საჭირო მასალა, დავიწყე მუშაობა და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. რომ მივიტანე „გეპეიში“ ყველას მოეწონა და რატომღაც ეჭვით შემომხედეს, მართლა ჩემი ნამუშევარი იყო თუ არა. ამან დიდი სტიმული მომცა და რაც მთავარია, სწორედ ეს ნამუშევარი აღმოჩნდა ჩემი კოლექციის პირველი ნიმუში. ამის შემდეგ შევქმენი მეორე ფიგურა, მესამე... ხალხიც ნელ-ნელა შეეჩვია, სხვებიც მიეჩვივნენ, რომ ასეთ ნამუშევრებს ჩემგან უნდა ელოდონ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოფენაც მომიწყვეს და მეც დავრწმუნდი, რომ ჩემი გზა ვიპოვე. ჩამოვშორდი არქიტექტურას, მაგრამ ბევრ რამეში მაინც დამეხმარა.
– როგორც კოლექციის დათვალიერებიდან ჩანს, ახლა უფრო მრავალფეროვანი მასალისგან იქმნება შენი ფიგურები. რას იყენებ სამუშაოდ?
– ქვებს, სპილენძის ნაჭრებს, რკინის ნაგლეჯებს, ძვლებს, რქებს, მდინარისგან გამორიყული ხის ნაჭრებს... კომბინაცია ძალიან მომწონს, როცა რამდენიმე მასალაა შერწყმული. ამის შემდეგ დავიწყე ძერწვა, ბრინჯაოსთან ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ ქანდაკების მხრივ საქართველოში ბრინჯაოს ხანაში ვართ, რადგან, რატომღაც ბრინჯაოს ქანდაკება უფრო ფასეულად აღიქმება, ვიდრე სხვადასხვა ქვით ნაკეთი, ან შედუღების წესით აწყობილი. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ნარჩენებით და სხვადასხვა მასალისგან შერწყმული მასალით შექმნილი ნამუშევარი ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ჩვენთან. ჩვენში კი დამკვეთი ყოველთვის არჩევს ბრინჯაოს, რადგან მიაჩნიათ, რომ კარგია. იმედია, გამოვალთ აქედან. ამ დროს ხელოვანს თუ უნდა შექმნას, რაც მისთვის მოსაწონი და ფასეულია, ასეთი ნამუშევრების შექმნაც უხდება. მეც ასე ვიქცევი.
– დამკვეთი ვახსენეთ, ვინ არიან შენი დამკვეთები?
– ჩემი დამკვეთები არიან როგორც კერძო პირები ასევე ძველი თბილისის გამგეობა, მერია და აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციები. თბილისში, ფუნიკულიორის ასასვლელთან დაიდგა მაგდანას ლურჯა. სახასიათო ნამუშევარია.
– გარდა ამისა, შენი ნახელავი და შენი კოლექციის ნაწილი თბილისში სხვაგანაც გვხვდება...
– რუსთაველის გამზირზე პატარ-პატარა ფიგურები რომ დგას, ეგენიც ჩემი შექმნილია. იქ ნახავთ ძველი თბილისის ტიპაჟებს, ესენია: მეეზოვე, მიკიტნები, მეარღნე, მედოლე და სხვა. გარდა ამისა, ნახავთ არლეკინოს, ჩარლი ჩაპლინს, სანჩო პანსას და სხვას. ამის შემდეგ იყო უცნობი მხატვრის ქანდაკება, რომელიც მშრალ ხიდზე დგას.
– სულ რამდენი ფიგურაა რუსთაველზე?
– ორმოცდაათი დავდგი და ორი მოიპარეს, ახლა 48 ფიგურა დგას რუსთაველის გამზირზე.
– ამჟამად რამდენ ფიგურას ითვლის შენი კოლექცია?
– 15 წლის ასაკიდან ორი ათასამდე ნიმუში მექნება შექმნილი. თავიდან მეცოდებოდა და არც ერთს არ ვყიდდი. ახლა, ნელ-ნელა ველევი, ისიც ზოგიერთს, რადგან მივხვდი, რომ ასე ვერავინ გამიცნობდა და შემოსავალიც არ მექნებოდა. თუმცა, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია, იმ ფიგურას პირად კოლექციაში ვინახავ. ჩემს ნამუშევრებში არის ისეთებიც, ჩემთვის რომ განსაკუთრებულია და არასდროს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეველევი. ხანდახან ისეც ხდება, რაღაცას რომ შევქმნი, ორიგინალს მე ვიტოვებ და ასლი გამიყიდია. ჩემი ფიგურები საქართველოშიც და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც აქვთ.
– განსაკუთრებით რომელი ფიგურა მოგწონს ამ კოლექციიდან?
– განსაკუთრებულად მიყვარს დონ კიხოტი და სანჩო პანსა, ჰიტლერი და გოგონა, რომელსაც ჩემს შეყვარებულს ვეძახი. თუმცა, იდეაში ის ჩემი წარმოსახვითაა შექმნილი და არა ნატურიდან.
– მაინც რა თანხის სანაცვლოდ შეელევი ხოლმე ნამუშევრებს?
– 2 000 დოლარად გამიყიდია პატარა ქანდაკებები, დიდებზე არ ვიტყვი.
– თითო ქანდაკების შექმნას რა დროს ანდომებ?
– ამის თქმა ძნელია. გააჩნია, ფუგურის სირთულესაც და ზომასაც, თუმცა მაქსიმუმი, მაინც 10 დღეა.
– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემთვის ნიშნავს მთელს ჩემს ბიოგრაფიას, ცხოვრებას, სტილს, მომავალს. ის პირდაპირ არის ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებული და მის გარეშე არსებობა არ შემიძლია.
– როგორც ვიცი, თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც დგას შენი ნამუშევრები.
– კი, ვილნიუსში არის ძველი უბანი უჟუპისი. მხატვრების უბანია და ჩემი ფიგურები იქ დგას. საქართველოში, ზესტაფონში დგას 9 აპრილის მემორიალი და აგრეთვე გორშია კიდევ ერთი ნამუშევარი. როდესაც გორი დაგვიბომბეს, სადაც პირველი ჭურვი დაეცა, იმ ადგილას მე და ჩემმა კოლეგებმა – ირაკლი წულაძემ და ვახო მამულაშვილმა ბომბის ნარჩენებით ავაწყვეთ კომპოზიცია.
მუშაობის პერიოდში ვარ ყველაზე ბედნიერი და ძლიერი.