რა სიამოვნებას სტაცებს ნიკა წულუკიძე ცხოვრებას და რატომ აპირებს ის ცოლად ლაბორანტის შერთვას
თეატრმცოდნე, კრიტიკოსი და სცენარისტი ნიკა წულუკიძე იღბლის ნებიერთა შორის არის. თუმცა, იმისთვის, რომ ვარსკვლავებმა არ მიატოვონ, თავადაც ბევრს აკეთებს, ნიკა ძალიან კომუნიკაბელური და საოცარი იუმორით დაჯილდოებული ადამიანია, საყვარელი პროფესიის წყალობით ბევრ ცოცხალ ლეგენდასთან მეგობრობაც არგუნა იღბალმა, თუმცა ეს ყველაფერი არაა – ნიკა წულუკიძე ყოველ დღეს ახალ სიამოვნებას სტაცებს და არასდროს ავიწყდება ჩუმათელეთში განცდილი გრძნობა, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.
ნიკა წულუკიძე: ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, თუმცა მარტო იღბალი ვერაფერს გიშველის, თუ შენც არ მიეხმარე. ახლა, რომ დავჯდე ჰამაკში, ხეზე მიბმული თოკით თავი ვირწიო და ვიფიქრო, იღბალი გადმომხედავს, მომცვივდებიან, ამაშენებენ და ჯიბეში ფულებს ჩამიჯიბავენ, ასე, რა თქმა უნდა, არ იქნება, მაგრამ როცა შრომობ, ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგი. რაც სამსახური დავიწყე, ექვს ადგილზე მაინც ვმუშაობდი ერთდროულად. როცა ადამიანს უყვარს შრომა, დარწმუნებული ვარ, მას ყველაფერი გამოუვა. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახიც, სადაც იბადები და იზრდები. მე არასდროს ვყოფილვარ ნებიერა ბავშვი, მშობლები მკაცრად მზრდიდნენ, ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა მიკარება იმ მაგიდასთან, სადაც უფროსები ისხდნენ. უდიდესი მოწიწება მქონდა უფროსების მიმართ. ერთხელ ტელევიზორში ქალისა და კაცის კოცნას აჩვენებდნენ, თვალები გამიფართოვდა ამაზე, მამაჩემს ვკითხე: ეს ქალი ამ კაცს რას უშვრება-მეთქი, კბილს უღებსო, – მითხრა მამამ. მერე სულ მინდოდა, კარგ სტომატოლოგს ჩემთვის კბილი ამოეღო ამ მეთოდით და არა „პლოსკოთი“ (იცინის). ახლა ვხვდები, რომ ჩემი მშობლების მკაცრი დამოკიდებულება იყო სწორი. ძალიან მწყინს, რომ დღეს დედის ერთადერთ მოვალეობად მარტო შვილისთვის საჭმლის ჭმევა გახდა. ეს არაა მთავარი, ოტია იოსელიანმა თქვა კიდეც, არ ჰქონდა დედაჩემს პამპერსი, მაგრამ კი გაგვზარდა ცხრა შვილიო. მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის. ერთადერთი არ გამიმართლა იმაში, რომ არ დავიბადე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც სხვანაირი კულტურული ცხოვრება ჩქეფდა. მაშინ ჩაცმის სტილიც სხვანაირი იყო, თეატრში წასასვლელად ორი დღით ადრე ემზადებოდნენ, იკერავდნენ ტანსაცმელს. ავლაბრელი კაცისთვის დიღომში გასვლა დაახლოებით იმას ნიშნავდა, მე რომ ახლა პარიზში ვარ ნამყოფი (იცინის). მაშინ უფრო მეტი რომანტიკა და ლირიკა იყო. დრო უფრო ნელა გადიოდა და შემოქმედს უფრო მეტი დრო რჩებოდა თავისი შემოქმედებისთვის. სიამოვნებით ვივლიდი სალონურ საღამოებზე, წინანდალში ჭავჭავაძეებთან, და ალბათ, აუცილებლად დამპატიჟებდნენ (იცინის). ახლა ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე, სცენარისტი, რადიოწამყვანი არსებობს იმისთვის, რომ „შეინახოს“ ნიკა წულუკიძე მეიგავე – აქეთ გასტრონომიული მოთხოვნილებები მაქვს დასაკმაყოფილებელი, იქით სულიერი. თუმცა, საბედნიეროდ, ახლა ცხოვრების ის პერიოდი მაქვს, სად ვიმუშავო და სად არა, არჩევანს მე თავად ვაკეთებ. მე არ მეშინია, სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერის. ადამიანი ერთხელ მოდიხარ ამქვეყნად და იმაზე უნდა იფიქრო, რომ „გაიზარდო.“ ექსპერიმენტებს იოლად ვატარებ, მაგრამ იოლად ვერ მივდივარ რისკზე. ჯერ მოთელვა მიყვარს, თუ შევხედავ, რომ ის საქმე გამომივა, ვიწყებ, თუ არა და ისე გავიტრუნები ხოლმე, რომ....
– ყველაზე მეტად ალბათ, პროფესიულ არჩევანში გაგიმართლათ, მით უმეტეს, როცა ამ პერიოდში ეს სფერო ისე „დახუნძლული“ არ იყო, როგორც იმ ეპოქაში, რომელში ცხოვრებაც ძალიან გინდოდათ. იგავების წერაც იმიტომ ხომ არ დაიწყეთ, რომ ჩვენი დროის ერთადერთი მეიგავე ყოფილიყავით?
– ბებიაჩემს ამას რომ ეუბნებიან, ხეზე სამჯერ აკაკუნებს ხოლმე (იცინის). მე ვერ ვიტყვი, რომ ვიჯექი და ვფიქრობდი იმაზე, რა სფერო ამერჩია, რომ ერთადერთი ვყოფილიყავი. ეს ის ჟანრია, რომელიც ძალიან დიდ სულიერ სიამოვნებას მანიჭებს, შთაბეჭდილების მიღებას ვახერხებ თეატრიდან, შთაბეჭდილების გამოხატვა კი ხდება იგავში. რაც თეატრალური ინსტიტუტი არსებობს, მისაღებ გამოცდებზე აუცილებელია იგავის ჩაბარება. იგავის განსახიერების დროს ახალგაზრდის არტისტული მონაცემები კარგად ჩანს. ბოლო რამდენიმე წელია, რაც გამოცდებზე ერთმანეთს ცვლის კრილოვი, წულუკიძე, წულუკიძე, კრილოვი. მიხარია, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი იგავები მოდაშია, ამაზე ერთი სასაცილო ისტორიაც მიამბეს. ერთ-ერთი აბიტურიენტისთვის უკითხავთ, ნიკა წულუკიძე ვინ არისო? საიდან უნდა ვიცოდე, მე რომ გავჩნდი, ის უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყოო (იცინის). მე თეატრის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, თორემ ცხოვრებით შეიძლება, ტყეში დაბმულმაც გავძლო. თეატრი თავისი სცენით, კულისებით, კატაკლიზმებით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძვირფასი და საინტერესოა, მით უმეტეს თუ იმ ზღვარზე ხარ, როცა შენს აზრს ითვალისწინებენ.
პროფესიულ არჩევანში ნამდვილად გამიმართლა, მე ძალიან მინდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. თავიდან ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე, ხომ იცით, რომ ყველა ქართველ დედას ჰგონია, გენიოსი შვილი ჰყავს, მით უფრო ბებია ფიქრობს ასე. ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა: გენაცვალოს ბებია, ხორავა, ვასაძე, გოძიაშვილი და ჟორჟოლიანი ყველა ერთად ხარო. გავიდა ერთი წელი და მივხვდი, რომ არც ხორავა ვარ, არც ვასაძე და არც ჟორჟოლიანი (იცინის). მერე ჩემს ცხოვრებაში მოხდა ყველაზე მთავარი რამ, მე საჭირო დროს ვიყავი საჭირო ადგილას. ქართული თეატრმცოდნეობის პატრიარქმა ვასილ კიკნაძემ შემომთავაზა, სპეციალობა შემეცვალა და თეატრის კრიტიკოსი გავმხდარიყავი. მე გამოვიტანე საბუთები ინსტიტუტიდან და თავიდან ჩავაბარე. მერე იყო სტუდენტობის საუკეთესო წლები. როდესაც რამდენიმე თვე შენი პროფესიის შესასწავლად ზიხარ ოთახში, გურამ საღარაძესთან, მედეა ჩახავასთან, კახი კავსაძესთან, ჯემალ ღაღანიძესთან, კარლო საკანდელიძესთან, ზინა კვერენჩხილაძესთან, მარინა ჯანაშიასთან და მარინა კახიანთან ერთად, იღბლიანი ხარ, აბა რა? მერე, როდესაც ხდები მათი პატარა მეგობარი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
– როდესაც ასეთ ვარსკვლავებთან ახლო ურთიერთობა გაქვს, მათი კრიტიკა იოლი არ უნდა იყოს, ხომ არ გაცდუნებენ რაიმეთი თეატრის კრიტიკოსს, რომ ლმობიერი იყოთ?
– შუა თაობის და კიდევ უფრო ახალგაზრდებისგან ასეთი ცდუნება კიდევ შეიძლება, წამოვიდეს, მაგრამ ასეთი ვარსკვლავებისგან? არა, ღმერთო კი მომკალი, კახი კავსაძეს რამე რომ შევუსწორო, გამისკდეს მიწა. ეს ხალხი რომ გააკრიტიკო, ნამდვილი ვირი და უზრდელი უნდა იყო. ამათ რა უნდა შევუსწორო, ამათ აწი უკვე ტყუილიც დაეჯერებათ. ღმერთმა დიდხანს ატაროს მიწაზეც და სცენაზეც... როდესაც ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე გურამ საღარაძემ ამ თითისტოლა ბიჭს უმცროსი მეგობარი მიწოდა, სიხარულით დავფრინავდი. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ კახი კავსაძემ მითხრა: ხვალ ჩემთან მოდი, ქართული თეატრის ერთ-ერთ მონაკვეთზე უნდა გესაუბრო საათი და ორმოცდარვა წუთიო. მივედი კახისთან სახლში, ეს იყო ერთი მსახიობის და ერთი მაყურებლის თეატრი. ბატონი კახი გამზადებული დამხვდა, პატარა სუფრა, წითელი ღვინო, ხილი... ბატონმა კახიმ ზუსტად საათსა და ორმოცდარვა წუთში ჩატია ის თემა, რომელმაც ჩემი პროფესიული ცნობიერების ხაზი ძალიან გაამდიდრა. როდესაც ასეთ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა გაქვს, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. მე არასდროს დამავიწყდება ქალბატონი მედეა ჩახავა, რომელიც სულ მეუბნებოდა, დეიდა მედიკო დამიძახეო. ისეთი თბილი წერილები მაქვს მისგან შენახული, რომ ხანდახან მრცხვენია. ქალბატონ ზინა კვერენჩხილაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი მსახიობია, თავისი წრე ჰყავს, სადაც ერთ ხელზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობა შედის. მას აქვს თავისი ავტონომია, სადაც მეც შემიშვა. ეს ჩემთვის არის დიდი პატივი.
– როგორ ახერხებთ მათი გულის მოგებას?
– ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, ეს არის თეატრი. ისინი ხედავენ, რომ მათი შემოქმედების დროს, ამ პროფესიაში არსებობს ადამიანი, რომელიც წერს თეატრზე თეატრის სიყვარულით, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დარჩეს და თაობებს გადაეცეს. ეს ადამიანები ურთიერთობაში ძალიან უბრალო და ლაღები არიან. ოთარ მეღვინეთუხუცესი ხომ ერთი შეხედვით მკაცრი კაცია, ისეთი იუმორი აქვს, მის გვერდით, როცა რამეს ყვება, სიცილით გადაბჟირდები. მე ძალიან მიყვარს ჩემს მოხუცებთან ყოფნა, გული მათკენ მიწევს, ჩემი მეგობრები ამაზე მეჩხუბებიან კიდეც. მე მაინც ჯიუტად მირჩევნია, რომ დრო მათთან გავატარო. სამი წლის წინ გარდაიცვალა ას წელს გადაცილებული გურამ საღარაძის დედინაცვალი – თამარა არჩილოვნა, რომელიც „კავკასიურ ცარცის წრეში“ და უამრავ სხვა სპექტაკლშიც თამაშობდა. ერთხელ მასთან მივედი სტუმრად, თამარ არჩილოვნა ფრანგულენოვანი ქალბატონი იყო. მასთან მისული სხვა წყობილებაში მოვხვდი. ვსვამდით ჩაის სამოვარიდან, ვატანდით ნატეხ შაქარს, მასთან მივირთვი ორცხობილა, რომლის მსგავსი არსად მეჭამა. შუა სადილის დროს მომიბოდიშა და სავარჯიშოდ გავიდა. ძალიან კარგად მახსოვს მასთან გატარებული საღამოები. ახლა კვირა არ გავა ნინიკო ჩხეიძესთან არ მივიდე სტუმრად. ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს. ეს ხალხი სხვა განზომილებაში – ძალიან მაღლა არიან. ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ბევრი დიდი მსახიობი წავიდა ჩვენგან. ამას თითოეული მათგანი ძალიან განიცდის. ფიქრობენ, რომ მათი დრო მიდის, მაგრამ ძალიან უხარიათ, რომ მათ ქართველი ხალხი ასეთი პატივით მიაცილებს. როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე სასიამოვნო რამე იყოს?
– როგორც ვხვდები, ცდილობთ, რომ ცხოვრებას ყველა სიამოვნება გამოსტაცოთ.
– ეს ნამდვილად ასეა, მე მიყვარს ჩემი თავის პატივისცემა, დაწყებული გასტრონომიული მოთხოვნილებებიდან სულიერი და ხორციელი სიამოვნებით დამთავრებული. მე ვარ კაცი, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას, ცხოვრების ჯანსაღ წესს. რასაკვირველია, კაცმა საკუთარ თავს უნდა სცე პატივი, ოღონდ ეს ნარცისიზმში არ უნდა გადაგივიდეს. არ უნდა იფიქრო: მე ვარ და ჩემი ნაბადი და აბა, თქვენ ფიანდაზად გამეგეთ... თუმცა არის რაღაც, რაზეც უარი არ უნდა თქვა. მე მირჩევნია, არ ვიყიდო ახალი ფეხსაცმელი, რაღაც მოვიკლო და წავიდე სამოგზაუროდ. საბედნიეროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.
ერთ ისტორიას გავიხსენებ: როდესაც აგვისტოს ომი დაიწყო, ახალი ჩასული ვიყავი თურქეთში. როგორც კი გავიგე, რომ ქვეყანა ინგრევა, მაშინვე თბილისში გამოვიქეცი. იმიტომ რომ, ჩემი ქვეყანა და ჩემი ოჯახი იყო აქ, განსაცდელში. როგორც იქნა ჩამოვაღწიე ჩუმათელეთამდე, უფრო აქეთ ვეღარ მოვდივარ. ვდგავარ ზურგზე ჩანთააკიდებული ნაზუქებს რომ, აქნევენ იმ ქალების გვერდით. წყალი მწყურია, ვიხრჩობი, საშინელ დღეში ვარ. უცებ გავიხედე და ტანკი დგას... არ ამოყო იქიდან თავი ცისფერჩაფხუტიანმა? ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, – მითხრა. დავშორდი მას და ფეხით განვაგრძე გზა, თან გზადაგზა ყველა მოფარებულში ვიმალები. უცებ გავიხედე და იქვე, ჩემს გვერდით ერთი ქალი ზის. იმ ქალის სახე არასდროს დამავიწყდება. იცით, როგორი ქალია, ეტყობა, რომ ცხოვრებაში დასკვნა არ გაუკეთებია. უცებ ეს ქალი ამბობს: დავასკვენი, რომ არც პოლები არ უნდა გაკრასკო და არც შპალიერი არ უნდა გააკრა, უნდა ჭამო, ჩეიცვა და მეიარო დუნია, გადმოგთხლიშავს ამოწყვეტილი რუსი ბომბს და ძირიანად ამოგიტრიალებს ყველაფერსო. მართალი იყო ის ქალი. მე არ ვამბობ, რომ კომბოსტოს ფოთოლზე უნდა ვჭამოთ საჭმელი, მაგრამ ცოტა მეტი უნდა იზრუნო საკუთარ თავსა და პირად ცხოვრებაზე.
– თქვენ გაგიმართლათ პირად ცხოვრებაში?
– საბედნიეროდ, გვერდით ყოველთვის ისეთი ქალები მყავდნენ, როგორებიც მინდოდა, რომ მყოლოდა. ამ ურთიერთობას სერიოზული სახე რომ მიეღო, დღეს რომელიმე მათგანი ჩემ გვერდით იქნებოდა. თუმცა, ახლა უკვე, როცა სახლის რემონტს ვამთავრებ, ისეთ ეტაპზე ვარ, რომ უკვე ცოტა გაფაციცებული ვიხედები აქეთ-იქით (იცინის). ამ მხრივ იმდენი რამ გადამხდენია თავს, მეგობარი მეხუმრება ხოლმე, შენ რომ პირი გააღო, სამოქალაქო ომი დაიწყებაო. პირად ცხოვრებაში იღბლიანი ვარ თუ არა, დასკვნის გაკეთებას მაშინ შევძლებ, როცა უკან გამოვიხედავ და შედეგიც სახეზე მექნება. კაცის ცხოვრებაში ცოლს ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შემოქმედი კაცისთვის ეს ასმაგად მნიშვნელოვანია. არქეოლოგის, სტომატოლოგისა და ვეტექიმის ცხოვრებაზე ეს ისე არ აისახება, როგორც შემოქმედისაზე. არქეოლოგი სადმე კლდე-ღრესა და ტყეში თავის საქმეს რომ აკეთებს, იმ დროს მის ცოლს, რაც უნდა ის უქნია. მაგრამ, შემოქმედი კაცი კაბინეტში რომ გამოიკეტება და წერს, თუ შეუხტა ცოლი – არიქა, ხაჭაპური მაქვს გამოსაცხობი და თონიდან ცომია მოსატანიო, რასაკვირველია, მუზები გაფრინდებიან, თუმცა, არც მე ვარ შორს საყოფაცხოვრებო თემებიდან – ბაზარი, ყიდვა, ელიავას ბაზრობა, ჩემი სტიქიაა. მით უფრო ახლა, რაც სახლს ვარემონტებ. თუკი ვინმეს საშენი მასალის ხარისხი აინტერესებს, აქ ვარ (იცინის).
– როგორ ქალს ეძებთ გაფაციცებული?
– მე ძალიან ტრადიციული ოჯახი მაქვს და რასაკვირველია, ქალი, რომელსაც ცოლად შევირთავ, ტრადიციული ოჯახიდან უნდა იყოს. ისეთი ქალი მინდა მყავდეს, ვინც სიმშვიდეს მომიტანს. ახლა არ მინდა ისეთი, რეაქტიული ნევროზი რომ ექნება. ცუდი არ უნდა იყოს, ლაბორანტს, მეცნიერ-მუშაკს თუ მოვძებნი (იცინის).
– ცდები არ ჩაატაროს თქვენზე.
– არა, ესეთიც არ მინდა. თბილისში ბევრი კარგი ქალია, რაღა მე გადავეყრები ნევროზიანს... (იცინის).
– აზარტულ თამაშებში თუ ხართ იღბლიანი?
– არაა... ერთხელ გურამ საღარაძემ მითხრა: მე რომ არ ვითამაშო, მოვკვდებიო. მე არასოდეს მითამაშია არც პოკერი, არც ლოტო და არც მოტო. მირჩევნია, ის შევირგო, რასაც ღმერთი მაძლევს. რატომ გავრისკო, როცა ჩემთან ფული ჰარიჰარალოზე არ მოდის? ჩემთვის ისე უცხოა კაზინო და ტოტალიზატორი, რომ ვერ წარმოიდგენთ. ოფლითა და ჯაფით მაქვს მოპოვებული პური ჩემი არსობისა და არა ძღომისა, თუმცა „კრიჟანი“ არ ვარ. მიყვარს ყაირათიანობა, ვერ ვიტან, ყველა ოთახში მოქიაქებულ შუქს, არ მესმის, რატომ უნდა გარეცხო რამე გამდინარე წყალში, რატომ კაცო? ჩააგუბე, გაავლე, გადაღვარე, ჩააგუბე, გაავლე, გადაღვარე. ამაზე იოლი რა არის?
– ვარსკვლავები ყოველთვის გიკრავენ თვალს თუ ხანდახან მიგატოვებენ ხოლმე?
– ხანდახან მტოვებენ ჩემი ბედის ვარსკვლავები, მაგრამ მე არ ვიცი, რა არის დეპრესია. არასდროს მიფიქრია, რით ვუშველო იარებს, როცა ეს გასახმობი ენა მომიბრუნდება ხოლმე და ვიტყვი – ეეჰ, მერე ჩემს თავს ვუბრაზდები. მე ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს, არ მშია, არ მწყურია, მყავს 17 ნათლული და არაჩვეულებრივი სამეგობრო, მყავს დედა, მამა, და, ბებია, ბაბუა, ვართ ჯანმრთელები, ერთი პატარა შარიკი შეიძლება, აღმოაჩნდეს კაცს და ვსიო, პაკაა! ამიტომ, როცა უშარიკოდ ხარ, ბედნიერად უნდა იგრძნო თავი. სრული ბედნიერებისთვის ცოლი და შვილი მაკლია და ეგეც აგერაა, ჰა და ჰა. როგორ შემიძლია, რომ ამის მერე იღბალს საყვედური ვუთხრა? ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მინდა, ისაა, რომ დიდხანს ვიცოცხლო. თამარა არჩილოვნასავით ასცხრა წელი თუ ვერ ვიცოცხლებ, ოთხმოცდაათზეც თანახმა ვარ (იცინის).