კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესთავაზა ეთერ ჭელიძეს მიშელ ლეგრანმა და რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა ქართველმა მომღერალმა


„ჭაღარა თბილისო ჩემო”, „სულ მაღლა, მაღლა”... ეს სიმღერები დღესაც კომპოზიტორივით თბილი და ახლობელია ყველასთვის. ეთერ ჭელიძემ ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაიწყო სიმღერების წერა და ძალიან მდიდარი, ლამაზი და შინაარსიანი ცხოვრება გამოიარა, მაგრამ, ერთმა დაშვებულმა შეცდომამ მთელი ეს მშვენიერი სამყარო ხუხულასავით ჩამოუშალა. 49 წლის ასაკში მისი გარდაცვალება მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო არა მხოლოდ მისი ოჯახისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ახლა, ამ მშვენიერი ქალბატონის დღიურის ფურცლებს ვწერ და ვფიქრობ, უფრო მეტი საინტერესო რამ ხომ შეიძლებოდა მომეტანა თქვენამდე, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო.

ბებიის შუა გზაში მიტოვებულ საქმეს მისი შვილიშვილი – ანი სირაძე განაგრძობს, რომელმაც უკვე მოახერხა ყველას ყურადღების მიპყრობა.

ეთერ ჭელიძის ცხოვრების შესახებ გვიამბობს მისი ქალიშვილი – ნინო ელბაქიძე: დედა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო და სულ მიკვირდა ერთი მომენტი: „ლეჩკომბინატში“ რომ შევიდოდით, დაწყებული სანიტრიდან და დამლაგებლიდან, პროფესორებით დამთავრებული ყველას ერთნაირად თბილად ესალმებოდა. ვეკითხებოდი, ასე განსაკუთრებულად რატომ ესალმები ყველას-მეთქი. აი, ზუსტად ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ის ხალხია, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მიყვარსო, – მპასუხობდა. მას არ ეზარებოდა სრულიად უანგაროდ ცდილობდა, ახალგაზრდებისთვის გზა გაეკაფა. ისე ხშირად იყო ჩვენს სახლში რეპეტიციები, გაკვეთილების მომზადებაც კი მიჭირდა და სამეცადინოდ ბებიასთან მივდიოდი. ძალიან პატარა ასაკში უსწავლია გიტარაზე დაკვრა. კარგად უკრავდა აკორდეონზე, როიალზე, ბანჯოზე. სკოლაში პატარა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლიც კი ჩამოუყალიბებია. 6 წლის იყო, როცა მისი პირველი და სერიოზული დებიუტი შედგა რუსთაველის თეატრის სცენაზე ნატო ვაჩნაძის საიუბილეო საღამოზე, სადაც გიტარის თანხლებით, რომანსი იმღერა. ერთ მშვენიერ დღეს, თავის დედას (სხვათა შორის, ძალიან ლამაზი დედა ჰყავდა), სიმღერა დაუწერა – „ვენაცვალე მაგ შენს თვალებს”. 11 წლის ასაკში დაწერა „სიყვარულო, სიყვარულო რა ხარო”, რომელიც ხალხმა უცებ აიტაცა. ერთი ასეთი მომღერალი იყო, ანა ვარდიაშვილი, რომელიც ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. დედასთან მოვიდა და სთხოვა – მომეცი ეს სიმღერა, სხვა ტექსტს გავუკეთებ და ვიმღერებო. რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს. 17 წლიდან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა სახელმწიფო ორკესტრ „რეროში”. პოლონეთში, სოპოტის ფესტივალზე „სულიკო” გაიტანა დოლების თანხლებით, რასაც ჩვენ დღეს „რემიქსს“ ვუწოდებთ. ალბათ, აღსანიშნავია მისი გასტროლები მიშელ ლეგრანთან ერთად. ლეგრანი იმდენად აღფრთოვანებული იყო მისით, რომ უთხრა: შენ აუცილებლად უნდა დარჩე აქ. მართალია, ქართულია, მაგრამ შენს სიმღერებში რაღაც ჩვენებურსაც ვხედავო. მისით აღტაცებული იყო ცნობილი ჩეხი მომღერალი კარელ გოტიც, რომელმაც დედას ცნობილი სიმღერა – „მჯეროდა” შეასრულა. ეს სიმღერა მერე ეკა კვალიაშვილმა და ანრი ჯოხაძემ გააკეთეს დუეტში.

– ქალბატონი ეთერის სიმღერა „სულ მაღლა, მაღლა” ყველას ძალიან უყვარს და მახსოვს, მას ძალიან კარგად ასრულებდა მსახიობი ამირან ბუაძე. რას გაიხსენებდით ამ სიმღერასთან დაკავშირებით?

– ამირან ბუაძე დედამ სუფრასთან გაიცნო. ამირანს რაღაც სიმღერა შეუსრულებია და დედას უთქვამს, კარგი მომღერალი გვყავსო. მერე ეს სიმღერა დაწერა და პირველად ამირანმა შეასრულა. დედას ასევე ჰქონდა სიმღერები, რომლებიც მინი-სპექტაკლებად იყო გაკეთებული – ყოველთვის რაღაც ნოვატორულსა და ახალს ეძებდა.

– ვინც აქტიურად არის ჩართული თავის საქმეში, ოჯახისთვის ყოველთვის ნაკლები დრო რჩება. დედა თუ ახერხებდა სახლში ყოფნას და ოჯახის საქმეებს?

– თუ რამეს გააკეთებდა, აუცილებლად გააკეთებდა ძალიან გემრიელს. არ მახსოვს, სკოლაში ისე წავსულიყავი, რომ ჩემთვის ხაჭაპური არ გამოეცხო. ძალიან მიყვარს ნამცხვარი „დღე და ღამე” და ამასაც ხშირად აცხობდა. დედას ჩემზე ფეხმძიმობის პერიოდში მურაბები შეჰყვარებია და ამიტომ სულ აკეთებდა. სახლში ყველანაირი მურაბა უნდა ჰქონოდა. არ მახსოვს ერთი ზაფხულიც კი, დედაჩემის გარეშე რომ დამესვენოს. პირველ ყოვლისა, მე გამიკეთებდა ყველაფერს და მერე მიხედავდა თავის საქმეებს. გასტროლებიდან რომ ჩამოვიდოდა, ყველაფერი ჩემთვის ჩამოჰქონდა. მამაჩემს ძალიან უყვარდა შეკერილი კოსტიუმები და დედას მისთვისაც ჩამოჰქონდა საჩუქრები, სხვადასხვა ფერისა და ტიპის ქსოვილები.

– თუ საუბრობდა თქვენთან პირად თემაზე, რა აწუხებდა, რა დარდს ატარებდა გულში?

– ჩემთან ნაკლებად, უფრო თავის დასთან და ქმართან ლაპარაკობდა. ალბათ, რაღაც სწყინდა კიდეც, თუნდაც ის, რომ, შეიძლებოდა, უფრო მეტად დაფასებული ყოფილიყო. იყო მტრობა, შური. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ალერგიის გამო დედა „ლეჩკომბინატში“ იწვა. ამ დროს, დაურეკეს და უთხრეს: ხვალინდელ გაზეთ „კომუნისტში” შენზე სტატია იქნება, სახალხო არტისტის წოდება მოგანიჭესო. ძალიან გაუხარდა. გამოდის გაზეთი და სულ სხვა ადამიანია დაბეჭდილი. წარმოიდგინეთ, ეს როგორი ტრავმა იყო მისთვის. მართალია, რაღაც პერიოდის შემდეგ ამის გარეშე არ დარჩენილა და საპატიო თბილისელის წოდებაც მიიღო, მაგრამ გული ხომ ეტკინა! ერთხელ, გვარს არ დავასახელებ, ერთი ჭირვეული მომღერლის გამო (რომელიც რატომღაც აუცილებლად უნდა მდგარიყო სცენაზე), დედას ეუბნებიან: შენ სცენაზე კი არ უნდა იდგე, კუთხეში უნდა დაჯდე, როიალთან, თორემ, ეს ადამიანი წავა და აღარ იმღერებსო. მოკლედ, ისე დაგეგმეს, რომ ეთერი სადღაც კუთხეში უნდა მჯდარიყო, იქით „ცისფერ ტრიოს” უნდა ემღერა და აქეთ, იაკობ ტრიპოლსკის წაეკითხა ლექსი. დედაჩემი არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ამაზე რამე ეთქვა და იმ ადამიანისთვის ეღალატა, ვის საღამოზეც იყო მისული. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეთერი უფრო ლამაზი იყო და ჩანდა, ვიდრე ის მომღერალი, მაგრამ, მერე სიმღერამ ისეთი ფურორი მოახდინა, რომ ხალხი ფეხზე წამოდგა და ის პიროვნება, ვისი საღამოც იყო, სცენაზე ავიდა, მივიდა ეთერთან, წინ გამოიყვანა და ხალხს ისე მოახდევინა მადლობა. სიმღერას ჰქვია „შენ დაგიტოვებ”.

– როგორ შეეგუა ქალბატონი ეთერი ერთადერთი ქალიშვილის ადრე გათხოვებას?

– 16 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ეს არ უნდა დამეშვა, იმიტომ, რომ ჩემთან დაკავშირებით დედას ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. გაუჭირდა ამასთან შეგუება, ძალიან მკაცრად შეხვდა ამ ამბავს. სანამ შვილი არ მეყოლა, არ შემირიგდა. მამაჩემი შემირიგდა და ჩემთან მოდიოდა, დედა კი – არა. მიუხედავად ამისა, შორიდან არაფერს მაკლებდა, სამშობიაროში ჩუმად მოდიოდა ყვავილებით ხელში.

– ვფიქრობ, თქვენი მშობლების გაცნობისა და შეუღლების ისტორიაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს.

– მამაჩემი, ნოდარ ელბაქიძე, ქალაქის ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი იყო, ძალიან წარმოსადეგი და ლამაზი ბიჭი. ერთხელ, „ორერას” სპორტის სასახლეში ჰქონდა კონცერტი და მამა ბიჭებთან ერთად იყო მისული. დედა რომ დაუნახავს უთქვამს: ან ეს ქალი გახდება ჩემი ცოლი ან საერთოდ ცოლს არ შევირთავო. იმ დროს ძალიან ბევრი მამაკაცი ეტრფოდა დედას, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან. დედა და დეიდა კამოს ქუჩაზე ცხოვრობდნენ. დეიდაჩემის მეგობრები – ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვა ცნობილი პიროვნებები, ხშირად მიდიოდნენ მათთან სტუმრად და სალონურ საღამოებს აწყობდნენ: ლექსებს კითხულობდნენ, როიალზე უკრავდნენ, მღეროდნენ, წასვლისას კი, ყველა ქუდს ტოვებდა, რომ უკან დაბრუნების მიზეზი ჰქონოდათ. მერე, კართან ყველა ერთმანეთს ეჯახებოდა და სასაცილო სიტუაცია იქმნებოდა. მაშინ თბილისში იშვიათი მოვლენა იყო, რომ ვინმეს მანქანა ჰყოლოდა. მამას თეთრი „ვოლგა” ჰყავდა. ასეთი ლამაზი ბიჭი ასეთი „ვოლგით” დაჰყვებოდა თურმე დედას უკან, სადაც წავიდოდა. მერე მოძებნა საერთო მეგობარი და ისე გაიცნო. დედაჩემს დედა აღარ ჰყავდა ცოცხალი და ხელის სათხოვნელად მის დასთან და მამასთან მისულა. ისეთი წყვილი იყო, ხალხი ჩერდებოდა და უყურებდა.

– რატომ ავადმყოფობდა დედა?

– მკერდში გამაგრება ჰქონდა, მასტოპათია. ამის გამო დაიწყო სიარული ექიმბაშთან. ეს დიდი შეცდომა იყო. ბოლოს მოხდა ისე, რომ ორგანიზმში ინფექცია შეეჭრა და მოწამვლა დაეწყო. ამის ფონზე, მაღალი სიცხეები ჰქონდა. რომ არ დაემალა, არაფერიც არ მოხდებოდა, მაგრამ, ალბათ, მისი ბედისწერა იყო. იმ დღეს მისი მეგობარი ქალი მოვიდა, ექთანი – გადასხმას გავუკეთებო. შემოსული არ იყო, რომ დედამ მთხოვა სამზარეულოში რაღაცეებია და გამოიტანეო. ეთერ კაკულია ეტყოდა ხოლმე – რა იყო ლამის კარებში მოგვაგებო საჭმელი. გვაცალე შემოსვლა და მერე გამოიტანეო. ასეთი ჩვევა ჰქონდა და მეც გადმომედო მისგან. გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე სუფრა ჰქონდა გაშლილი და მუსიკა ჩართული.

– ანიმ, ალბათ, ბებიას სიყვარულით დაიწყო სიმღერა.

– დედა რომ გარდაიცვალა, იმ პერიოდში არც სიმღერის გაგონება მინდოდა და არც არაფრის. მერე ჩემს ცხოვრებაში სიხარული შემოვიდა – გამიხარდა, რომ ბიჭის შემდეგ ქალიშვილი შემეძინა. ჩემი მეგობარი, ლია ყურაშვილი, ხან თოჯინების თეატრში წაიყვანდა, ხან სადღაც გაასეირნებდა. ერთ დღესაც, მოდის ანი სახლში თეატრიდან და, მესმის, რაღაცეებს მღერის. ერთხელ კი, ლია მეუბნება – ჩემი მეგობრის, კომპოზიტორ მანანა მერაბიშვილის საღამოა და წავიდეთ, ანისაც გაუხარდებაო. წავედით. დავსხედით დარბაზში და კონცერტის დაწყებამდე საუბარი გავაბით. უცებ, ლიას ვეკითხები – ანი სად არის-მეთქი. ბავშვებთან ერთობა კულისებშიო. გავიხედე და, უცებ, სცენაზე არ გამოდის?! ცეკვავს, მღერის. გავოცდი. თითქოს ხელმეორედ დავიბადე და დედაჩემი გაცოცხლდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილისთვის უფრო სერიოზულად მიმეხედა, რომ ამას დედაჩემის პატივსაცემად გავაკეთებდი. დედა ყოველთვის მეხვეწებოდა, რომ მემღერა. ცოტა ხანს ვმღეროდი კიდეც, მაგრამ სიმღერას არ გავყევი. მსახიობობა მინდოდა და რომ არ გამიშვეს, უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე. მეამაყება, რომ ვარ ეთერ ჭელიძის შვილი და, ალბათ, ძალიან მალე ისევ ამაყად ვიტყვი, რომ ვარ ანი სირაძის დედა.


скачать dle 11.3