კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა ყირგიზეთში მანქანაში ჩაცხრილვას ნოდარ მელაძე და როდის აწვდის ის აქტუალურ ინფორმაციას მაყურებელს


ტელეკომპანია „იმედის“ და საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის” სახე, ნოდარ მელაძე, სისხლით-ხორცამდე ჟურნალისტია და საინტერესო სამუშაოს წყალობით, დიდ სიამოვნებას იღებს, ადრენალინის სახით. ბუნებით მაქსიმალისტი ადამიანი საქმეში ლიმონივით იწურება და, ამიტომაც, გასაკვირი არც უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მას პირადი ცხოვრება არ გააჩნია.


ნოდარ მელაძე: ჩემთვის ჟურნალისტობა ყოველთვის იყო მიზანი. თავდაპირველად, ეკრანზე გამოვჩნდი სკოლის ასაკში – ტელეკომპანია „ევრიკაზე” მიმყავდა ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ. მათ შორის, ერთ-ერთი გახლდათ თამთა სანიკიძე, რომელიც კვლავ ჩემთან ერთად მუშაობს. შემდეგ, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, „ახალ ამბებში“ დავიწყე მუშაობა. ჯერ გამოვჩნდი ტელეკომპანია „კავკასიაზე”, შემდეგ – „პირველ არხზე”, „მზეზე” და ახლა უკვე – „იმედზე”.

– კარიერის დასაწყისში უფრო გასართობი ხასიათის თემაზე მუშაობდი, ახლა კი საინფორმაციოს წამყვანი გახდი და, შესაბამისად, მკაცრი იმიჯიც მოირგე. კადრს მიღმაც ასეთი ხარ?

– მე ვფიქრობ, როცა საინფორმაციო სამსახურში ადამიანი ერთხელ მაინც ფეხს შედგამს, შემდეგ სხვაგან წასვლის სურვილი ნამდვილად აღარ ექნება. ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. მართალია, ძალიან დამღლელი მუშაობაა და დიდი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, ისე რომ, შაბათ-კვირის დასვენება საკმარისი არაა ძალების აღსადგენად, მაგრამ, ამის მიუხედავად, ადრენალინს გამოყოფ ტელევიზიაში მუშაობით. უმეტესწილად მუშაობა გიწევს იქ, სადაც ვითარდება და წყდება მთავარი პოლიტიკური მოვლენები – ომში, ცხელ წერტილებში. ამასთან ერთად, იცი, რომ შენს ჩართვას ელოდება ბევრი ადამიანი, მათ უნდა მიიღონ შენგან აქტუალური და ღირებული ინფორმაცია. ერთი სიტყვით, საინფორმაციო სამსახურში მუშაობა არის დიდი პასუხისმგებლობა და კოლოსალური შრომა.

– იმის გარდა, რომ „ქრონიკის“ წამყვანი ხარ, რეპორტიორადაც გიწევს მუშაობა, რაც, ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა.

– ჟურნალისტის პროფესია ყოველთვის ფათერაკებითა და თავგადასავლებითაა სავსე. მუშაობ ყველაზე ცხელ წერტილებში, იქ, სადაც ომია და დადიან ტანკები. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის იყო მაშინ, როცა ყირგიზეთში ვმუშაობდი. ქვეყნის სამხრეთში საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, ვმუშაობდით ეპიცენტრში – ოსში, სადაც იყო სროლა, საომარი შეტაკებები და იქიდან გადმოვცემდით ახალ ამბებს, იქ ყოფნა ძალიან ძნელი და სახიფათო იყო. როცა ოსში ჩავფრინდით, აეროპორტს აკონტროლებდა ხელისუფლება და, ქალაქში რომ მოვხვედრილიყავით, უნდა გაგვევლო რამდენიმე დასახლება, რომელსაც უკვე მეამბოხეები აკონტროლებდნენ და ძალიან ხშირი იყო მანქანების ჩაცხრილვის ფაქტები. ცხადია, გაგვაფრთხილეს, რომ, შეიძლება, ჩვენი მანქანისთვისაც ესროლათ. იმ ადგილას ძალიან სწრაფად გავიარეთ, თან, დაქირავებული მანქანით ვმოძრაობდით, რომელსაც გარედან არანაირი მიმანიშნებელი აბრა არ ჰქონდა, რომ სატელევიზიო ჯგუფის მანქანა იყო და, შესაბამისად, რისკი ერთიორად იზრდებოდა. უკან რომ დავბრუნდით, აეროპორტში, გზაზე წამებში გადავრჩით, რადგან ჩვენს შემდეგ მომავალი მანქანა ჩაცხრილეს მეამბოხეებმა.

– საომარი მოქმედებების დროს კონცენტრაციის უნარს არ კარგავ?

– ასეთ დროს არაფერზე არ ფიქრობ, გარემო იმდენად დამთრგუნველია. შენში ემოციებმა რომ იჭარბოს, მაშინ ვერაფერს ვეღარ გადაიღებ. ასეთ დროს ხდები ცივი. როცა ომიანობის დროს ხდებოდა ხალხის ევაკუაცია, თვეების ბავშვები სატვირთო მანქანებზე აჰყავდათ და ათასობით ადამიანი იყო დათრგუნული, ქალაქიდან ვერ გამოდიოდნენ, რადგან არ ჰქონდათ თვითმფრინავის ბილეთი, იყო საშინელი სანახაობა. ხალხს საჭმლის ფული არ ჰქონდა, ტიროდნენ, იყო პანიკა მოსახლეობაში. ასეთ დროს ემოციებმა რომ იმძლავროს შენში, მასალას ვერ გააკეთებ. არადა, მუშაობისას, მთავარი მიზანი იყო, რომ მქონოდა კადრი და ბევრი ექსკლუზიური დეტალი, რომ თბილისში გადმომეგზავნა. აქვე მინდა გავიხსენო შარშანდელი ჩემი აფრიკული ტურნეც, როცა გადაღებაზე წავედით აფრიკაში, კერძოდ, უგანდაში. კატეგორიულად გაგვაფრთხილეს მეც და ჩემი ოპერატორიც, რომ იქ არიან საშინელი კოღოები, რომლებიც იკბინებიან და გადააქვთ მალარია. სიცხე 38 გრადუსზე მეტი იყო და მეცვა გრძელსახელოიანი როლინგი. სახეზე კი, რა ადგილებიც მიჩანდა, იქაც სპეციალურად კოღოების დამცავი „მაზებით“ ვიყავი გატიტყნილი. ისე გამოვიყურებოდი, რომ მტერს თვალებს დავუბრმავებდი (იცინის). ერთხელ, ჩავედით ბრიუსელში, იქ ვმუშაობდით, მაგრამ მერე გადაგვაგზავნეს ლუქსემბურგში გადაღებაზე. იქამდე კი ჩავაღწიეთ, თუმცა გამოღწევა გაგვიჭირდა – უკან წამოსასვლელმა მატარებელმა გაგვასწრო, არაფერი სატრანსპორტო საშუალება აღარ იყო, სასტუმროდანაც უკვე წამოსულები ვიყავით, ღამე გავატარეთ წარმოუდგენელი დონის ოტელში, სადაც წყალიც კი არ მოდიოდა და საშინელი დისკომფორტი იყო, მეორე დილამდე წუთებს ვითვლიდით, რომ იმ ჯურღმულიდან როგორმე გამოგვეღწია.

– ერთი სიტყვით, სადაც გიღამდებოდათ, იქვე გითენდებოდათ.

– ძალაუნებურად ასე გამოვიდა. მოგზაურობის გარდა, თავისებური სპეციფიკა აქვს პირდაპირ ეთერში მუშაობას. ახლა, როცა ჩამოსული იყო ჰილარი ქლინთონი, პირდაპირ ეთერში ვაშუქებდით მოვლენებს და ეს გრძელდებოდა თითქმის ექვსი საათის განმავლობაში. ამ დროს მუშაობ მარტო, პირდაპირ ეთერში და ყველაფერი დამოკიდებულია წამყვანის ზეპირმეტყველებასა და იმპროვიზაციაზე, რადგან ტექსტის წინასწარ დაწერა არ ხდება, სინქრონულად თარგმნი სიუჟეტს და ხმას ადებ. ასეთ დროს კი ხშირად უშვებ მეტყველებაში შეცდომებს. ისე შევისისხლხორცე ჟურნალისტობა, რომ სხვა პროფესია ჩემთვის არც არსებობს, მთავარია, შენი საქმე გიყვარდეს. მე და თამთა სანიკიძის ტანდემი ეთერში სულ კურიოზებთანაა დაკავშირებული, სულ ვეჩხუბებით ერთმანეთს. როცა ვთხოვ ხოლმე, რომ ეთერში გასვლამდე მომიყვეს ამბავი, ის სულ მიმალავს და ბოლომდე არ მიყვება – მეც ხომ უნდა დავიტოვო სათქმელიო. ერთხელ, გადავწყვიტე, სამაგიერო გადამეხადა და თამთას მოვპარე წასაკითხი ტექსტი, რომელიც წინასწარ ჰქონდა დაწერილი, დავბეჭდე ეს ტექსტი, წავიკითხე პირდაპირ ეთერში და სიტყვა გადავეცი თამთას, რომ მასაც დაემატებინა სიტყვა, მაგრამ, შევხედე და – სახე აქვს წაშლილი, რადგან რაც თვითონ უნდა წაეკითხა, ყველაფერი მე ვთქვი. ეთერის შემდეგ ძალიან გამიბრაზდა და დამემუქრა, კიდევ ერთხელ თუ ჩაიდენ მსგავს საქციელს, უხერხულობაში ჩემ მაგივრად შენ აღმოჩნდებიო. კურიოზია ისიც, რომ პირდაპირი ჩართვის დროს, შეიძლება, იდგე კასრზე, რომ კარგად გამოჩნდე კადრში! გამვლელები უცნაურად კი გიყურებენ, მაგრამ ამისთანებს არ აქცევ ყურადღებას.

– ბოლო დროს არავის უკვირს ჟურნალისტების გაპოლიტიკოსება. იმავეს ხომ არ უნდა ველოდოთ შენგანაც?

– მე ჩემი თავი ვერც პოლიტიკაში და ვერც ჩინოვნიკად ვერ წარმომიდგენია. მინდა, კიდევ ძალიან დიდი ხანი ვემსახურო ამ სფეროს. „ქრონიკის“ წამყვანობა მკაცრი იმიჯის მორგებას ითხოვს – ასეთი ვჩანვარ ეკრანზე. სხვათა შორის, ზოგჯერ ძალიან ემთხვევა ეთერში შექმნილი ჩემს რეალურ ბუნებას, თუმცა, სულ ასეთი დაბღვერილი არ ვარ, საჭირო დროს იუმორთანაც ვმეგობრობ და მეგობრების გარემოცვაში თავს რელაქსაციის საშუალებასაც ვაძლევ. ცხოვრებაში გამოვირჩევი მკაცრი, ფეთქებადი ხასიათით, უმეტესად კი ისეთი ვარ, როგორიც ვჩანვარ ეთერში.

– რა არის შენი ნაკლი, რომლის გამოსწორებას ვერ ახერხებ?

– ძალიან ემოციური ვარ, ყველა ამბავს განცდებით ვხვდები, ბუნებრივია, წლებს თავისი მოაქვს. ადრე, უფრო ემოციური ვიყავი, ვიდრე ახლა და, იმედი მაქვს, ეტაპობრივად დავამარცხებ ამ თვისებას. მე ბუნებით მაქსიმალისტი ადამიანი ვარ, საქმეში ბოლომდე ვიხარჯები და ეგრეთ წოდებული „ჩეპე” ჩემთვის უცხო ხილია, ვერც კი ვუშვებ იმ აზრს, რომ „ჩეპე” დამემართება, თუმცა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა.

– როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობ და რამე სიახლე ხომ არაა შენს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი?

– შემიძლია, ვთქვა, რომ მე პირადი ცხოვრება არ გამაჩნია, ტელევიზიაა ჩემთვის ყველაფერი, როცა დილის 9 საათზე მიდიხარ სამსახურში და შუაღამემდე იქ ხარ, ან, სულაც ვერ მიდიხარ სახლში, ასეთ პირობებში ძალიან ძნელია პირადი ცხოვრების აწყობა, თუმცა, მთლად გამოთიშული და მოწყვეტილი არ ვარ გარე სამყაროს.

– ანუ, უახლოეს მომავალში დაოჯახებას არ გეგმავ?

– დაოჯახების დრო მართლა არ მაქვს, მაგრამ პირადი გრძნობები გამაჩნია. კარგად მახსენდება ის პერიოდი შეყვარებული რომ ვიყავი, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ უყურადღებო შეყვარებული ვიყავი და ამის გამო სულ მსაყვედურობდნენ. რაღაც პერიოდი კარგია, რომ შეყვარებული ხარ, რადგან ეს სტიმულსა და მეტ შემართება გაძლევს, ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში ყოფილა.

– მაინც, როგორ გოგონებს აქვს მეტი შანსი შენი სიმპათიის მოპოვების?

– გოგონას გარეგნობას, ანუ 90-60-90 პარამეტრებს მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, მომეწონოს, თორემ ქერა იქნება თუ შავგვრემანი, არ მაქვს განსაზღვრული. რაც შეეხება მის პროფესიას, ჟურნალისტი რომ არ უნდა იყოს, ეს დანამდვილებით ვიცი, რადგან ოჯახში ორი ჟურნალისტი – ეს თითქმის კატასტროფის ტოლფასია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთი სახლში ვერ უნდა ნახოს და ამით ბავშვი დაზარალდება. მირჩევნია, ჩემს ცოლს მშვიდი პროფესია ჰქონდეს.

– ტელეკომპანია „იმედის“ ბოლოდროინდელი სლოგანია – „გაიგე სხვაზე ადრე“, კონკრეტულად რას ჰპირდებით თქვენს ერთგულ მაყურებელს?

– ესაა სლოგანი, როცა გაქვს პრეტენზია, რომ სხვაზე ადრე, ბევრად უფრო ოპერატიულად მიაწოდო მაყურებელს ახალი ინფორმაცია და სხვა, ახლებური კუთხით დაანახვო მათ მიმდინარე მოვლენები. ეს არხისთვის ძალიან კარგი ნიშაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სლოგანი – „გაიგე სხვაზე ადრე” – გავამართლოთ.


скачать dle 11.3