ვისზეა ჩაციკლული ნათია ნებიერიძე და როგორ ანებივრებს მას მეუღლე
მშვენიერ ნათია ნებიერიძეს ინტერვიუს ჩასაწერად წყნეთში, აგარაკზე ავაკითხეთ, სადაც მას თავისი ერთი წლის ვაჟკაცი ჰყავს წაყვანილი და მასთან ერთად ისვენებს. ნათია, როგორც ყოველთვის, ახლაც მშვენიერ ფორმაშია. მისი შვილის ნახვამ კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ის ნამდვილი პატარა კაცია – ძალიან საყვარელი, ლამაზი და გემრიელი.
ნათია ნებიერიძე: სანამ გავთხოვდებოდი, ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვისვენებდი ზღვაზე, თუმცა, მთაშიც მიყვარდა წასვლა. უბრალოდ, მაშინ უფრო აქტიურად ვისვენებდი – ვერთობოდით, ვირუჯებოდით. ახლა ბავშვი პატარაა – ერთი წლის ხდება და არ მინდოდა, შორს წამეყვანა, ამიტომ წყნეთში ამოვედით ჩემი მულის აგარაკზე. კარგია, ახლოს რომ ვარ თბილისთან – თუ რაღაც დამჭირდება, მაშინვე მოვდივარ და ბავშვს ძიძას ვუტოვებ.
– ბავშვის დაბადებამ, ალბათ, ძალიან შეცვალა შენი ცხოვრება, შეგცვალა, როგორც პიროვნება.
– პიროვნულად ძალიან შევიცვალე – არ მეგონა, ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი თუ გავხდებოდი. მას შემდეგ, რაც ბავშვი გავაჩინე, ყველაფერზე ვნერვიულობ. ძალიან კარგი ქალია ლალუ, ლადუკას ძიძა, ყველაფერში მეხმარება, მაგრამ, სულ მეშინია, მგონია, რომ ბავშვი ჩემ გარეშე არ არის კარგად. სახლში რომ ვტოვებ, ვიცი, არ მაქვს სანერვიულო, ისეთი ადამიანის ხელშია, მაგრამ, მაინც განვიცდი, ვრეკავ, როგორ არის, რას აკეთებს, თუ ჭამა. ეს ალბათ, იმის ბრალია, რომ პირველი შვილია. ჩემი მეგობრები, რომლებსაც ორი-სამი შვილი ჰყავთ, სულ მეუბნებიან, პირველ შვილზე სულ ასე ხდებაო. თუმცა, მეორე და მესამე შვილი რომ გავაჩინო, მაინც არაფერი შეიცვლება. მოკლედ, ლადუკაზე განსაკუთრებულად ვარ ჩაციკლული. თან, პატარაობისას ჩემზე მაინცდამაინც არ იყო დამოკიდებული, მაგრამ, რაც წამოიზარდა, სულ ჩემთან უნდა. მე არ ვმუშაობ, ძირითადად სახლში ვარ, თან, ისეთი პერიოდი მაქვს, არაფერს ვაკეთებ – პაუზა ავიღე. ამიტომ, ლადუკა სულ ჩემზე არის მოწებებული და ამის გამო უჭირს ჩემ გარეშე ყოფნა.
– შენი მეუღლე როგორი მამაა?
– ისიც ჩემნაირია, მგონი, ჩემზე უარესიც კი, სულ ამბობს: ეს არ ჭამოს, არ აწყინოსო, მთელი დღის განმავლობაში მირეკავს, რას აკეთებს ლადუკა, დაიძინა, გაიღვიძა, როგორ არის. თან, ახლა მუშაობს, მთელი დღე სამსახურშია და საღამოს ამოდის წყნეთში. სახლში რემონტი გვაქვს და იქაც უწევს ყოფნა. ძალიან ხშირად ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს.
– მეუღლეც ისეთივე ყურადღებიანი ხარ, როგორიც დედა?
– ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან ყურადღებიანი ცოლი ვარ. ჩემი ერთი მეგობარი მეუბნება, ზედმეტად იცი ყველაფრის გამომჟღავნებაო. არ ვიცი, რამდენად ზედმეტად ვიცი ყურადღების გამოჩენა, მაგრამ, ასეთი ვარ და ასე მიმაჩნია საჭიროდ. მეგობრების, ოჯახის წევრების მიმართაც ყოველთვის გამოვხატავ ყურადღებას. მით უმეტეს, მეუღლის მიმართ. ჩემი მეუღლეც ძალიან ყურადღებიანია, საჩუქრების მორთმევაც უყვარს, სიურპრიზების მოწყობაც. ხომ ამბობენ, შეყვარებულობის დროს მამაკაცი უფრო ყურადღებიანიაო, ჩვენ დღემდე გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ ყურადღებას, პატივისცემას. შეყვარებულობის დროს, როდესაც ოჯახი არ გაქვთ, არ გყავთ შვილი, უფრო მეტად იცლით ერთმანეთისთვის, მთელი დღე ერთად ხართ, ყველგან ერთად მიდიხართ. ახლა, როდესაც ბავშვი გვყავს, ამდენი თავისუფალი დრო არ გვაქვს, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს იმაში, რომ ერთმანეთთან ვიყოთ, ერთმანეთის მიმართ ყურადღება გამოვხატოთ.
– დაოჯახების შემდეგ ქალები ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე მეუღლეებში ახალ-ახალ თვისებებს, რაც ხშირად ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი ხდება.
– დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ერთიმეორის ხასიათიც ვიცოდით. 17 წლის ვიყავი, რომ გავიცანი, მერე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აღარ გვქონდა ურთიერთობა, შემდეგ ისევ შევხვდით და, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ანუ, სანამ ცოლად გავყვებოდი, მანამდე კარგად ვიცოდი მისი ხასიათი და დაოჯახების შემდეგ საერთოდ არ შეცვლილა – როგორიც იყო, ისევ ისეთია.
– ანუ თანაცხოვრების პირველი ეტაპი შენთვის არ ყოფილა რთული?
– არა. ერთადერთი, ორსულობის დროს დამემართა დეპრესია, რადგან, ძალიან ცუდი ორსულობა მქონდა. ახლა რომ მეკითხებიან მეორე შვილს არ გააჩენო? ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გავაჩენ. წოლითი რეჟიმი და დაახლოებით შვიდ თვემდე ტოქსიკოზი მქონდა, სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, არაფერი აღარ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს სახლში ყოფნა, არსად არ გავდიოდი – არ შემეძლო. რაც მთავარია, მეუღლე ამ დროს სულ გვერდში მედგა, ყველაფერს იტანდა, მამშვიდებდა, არა უშავს, ეს პერიოდი გაივლისო. კიდევ, ძალიან რთული იყო ის, რომ ბავშვს მთელი ცხრა თვის განმავლობაში არ ეძინა, ამან გამაგიჟა. მთელ ღამეს ვათენებდი, საღამოს 10 საათზე რომ გაიღვიძებდა, დილის 6 საათამდე ოთახიდან ოთახში დამყავდა, ვარწევდი, ვაძინებდი. სულ მეუბნებოდნენ, ხშირად არ აიყვანო ხელშიო, მაგრამ, რომ ტიროდა, ვერ ვისვენებდი, ხელში ამყავდა და მერე დაწოლა აღარ უნდოდა. მთელი ღამის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვენაცვლებოდით, ძალიან მეხმარებოდა. როდესაც ლადუკა პატარა იყო, ვერ ვაბანავებდი, მეშინოდა – რამე არ სტკენოდა, ამიტომ ჩემი მეუღლე ბანდა ხოლმე, ჩემზე კარგად უვლიდა. ახლაც სულ მეხმარება, ხშირად ასეირნებს, ბავშვთან და ჩემთან ყოველთვის დიდ დროს ატარებს.
– როდესაც ბავშვები იბადებიან, ქმრები ცოტა იჩაგრებიან – მათ მეუღლეები სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევენ.
– თავიდან იყო ასეთი მომენტები, ბავშვს რომ არ ეძინა, სულ გაღიზიანებული ვიყავი, თან შვიდ თვემდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ვერსად ვერ გავდიოდი და ამის გამო, ხშირად ვდგებოდი ცუდ ხასიათზე, მაგრამ რაც მთავარია, ამ დროს მეუღლე ხელს მიწყობდა. თუ ვერ ვახერხებდი სახლიდან გასვლას, გაგებით ეკიდებოდა და ისიც არ მიდიოდა – მოკლედ, ეს პერიოდი კარგად გადავაგორეთ. ძალიან კარგი მეუღლე მყავს, მანებივრებს. მეც სულ ვცდილობ, როდესაც სახლში დაღლილი მოდის, კარგ ხასიათზე დავხვდე. არ ვაგრძნობინო დაღლა ან უხასიათობა, იმიტომ, რომ თვითონ სულ თბილად და ყურადღებით მექცევა.
– პაუზის აღება ალბათ თავად გადაწყვიტე.
– დიახ, თან ისეთი ცუდი ვიყავი, არაფრის თავი არ მქონდა. თუმცა, სიმღერაზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ მერე გავჩერდი. ახლა კი ისევ ვიწყებ მუშაობას, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, და მინდა, სიმღერა გავაგრძელო. რაც მთავარია, მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს. პირველად მან მითხრა, დრო არის, რაღაც უნდა გააკეთო. დაიწყე სიმღერაო. ძალიან მეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. „სასწორი” ვარ და მიჭირს რამის გადაწყვეტა, ამიტომ, მეუღლეს ვურეკავ, რჩევას ვეკითხები და ისიც მეხმარება. თუმცა, არის საკითხები, რასაც ძალიან იოლად ვწყვეტ. ცოტა ხნის წინ ორი სიმღერა მქონდა შერჩეული და ვერაფრით ვერ გადამეწყვიტა, რომელი ამერჩია. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ეს აირჩიეო და მეც იმაზე გავაკეთე არჩევანი.
– როგორ გადაწყვიტე გათხოვება?
– ძალიან მალე და ადვილად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მინდოდა გათხოვება და მის გვერდით ცხოვრება.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რით მოგხიბლა მეუღლემ?
– ყველაფრით მოვიხიბლე და შემიყვარდა. ყველანაირად კარგი ადამიანია. თან ერთმანეთს ხასიათით ვგავართ და ამან კიდევ უფრო განაპირობა ჩვენი დაახლოება.