როგორ გადავაჩვიოთ ლეკვი სახლში მოშარდვას და რატომ უნდა ავუკრძალოთ მას სამზარეულოში შესვლა
სთვის 45 დღემდე სასურველი არ არის, რადგან ამ დროის განმავლობაში ის დედასთან უნდა იყოს. ასევე აუცილებელია, ლეკვს მოჰყვებოდეს დაბადების მოწმობა, რომელიც რომელიმე საერთაშორისო, ან თუნდაც ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ იქნება გაცემული. ლეკვი დამუშავებული უნდა იყოს ჭიებზე იმისთვის, რომ პრობლემები არ შეგექმნათ. მხოლოდ ამ კომპონენტების შემდგომ შეძლებთ ლეკვის აყვანას. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი ბექა მეტრეველი მოგითხრობთ:
ლეკვის შეძენის შემდეგ აუცილებელია ვეტერინარ ექიმს მიმართოთ, რომელიც ხელმეორედ დაამუშავებს მას ჭიაზე და შემდგომ დაუწყოთ კომპლექსური ვაქცინაცია, რომელიც 3-ჯერ, ორი კვირის შუალედით კეთდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ლეკვის გარეთ გაყვანას, მანამდე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
– ვაქცინაციის პერიოდში რას უნდა მიექცეს ყურადღება?
– სანამ ვაქცინაცია მიმდინარეობს სასურველია, ლეკვის სამყოფელში ჭუჭყიანი ფეხსაცმლით არავინ შევიდეს, რადგან ფეხსაცმელს ძალიან ბევრი ბაქტერია შეაქვს. ამიტომ ევროპის ქვეყნებში ასეთ შემთხვევაში, შემოსასვლელში სარეცხის ფხვნილით დამუშავებულ ქაფიან საფენს აფენენ. მისი საშუალებით ფეხი იწმინდება, ბაქტერიებისგან. გარედან შემოსვლისთანავე აუცილებელია ხელის დაბანა, ბაქტერია რომ არ შემოიტანოთ.
– ცოფის ვაქცინა როდის უკეთდება ლეკვს?
– 6 თვის ასაკში.
– როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი სახლში მოშარდვას?
– აუცილებელია ყოველი მოშარდვის შემდეგ იატაკი დამუშავდეს, რადგან ლეკვი ეძებს თავის სუნს, ანუ ადგილს სადაც მოშარდული აქვს. თუ იატაკი დამუშავებულია და ერთ ადგილზე დავაფენთ ტილოს ან პამპერსს, რომელსაც ლეკვის სუნი აქვს, ის ნელ-ნელა ისწავლის, რომ მხოლოდ იმ ადგილზე მოშარდოს. შემდეგ შეიძლება, პამპერსი ან ტილო გარეთ გავიტანოთ და ლეკვი მივაჩვიოთ იმას, რომ სახლში მოშარდვა არ არის სასურველი.
– გამოკვებას რაც შეეხება, რა უნდა გავითვალისწინოთ?
– აუცილებელია ლეკვი ლეკვების საკვებით გამოვკვებოთ და არა ზრდასრული ძაღლის საკვებით.
– რამდენი თვე გრძელდება ლეკვობის პერიოდი?
– გააჩნია ჯიშს. დიდი ტანის ძაღლები გვიან ყალიბდებიან და, შესაბამისად, ლეკვობის პერიოდი ზოგს 14 თვე უგრძელდება. არის ჯიშები, რომელსაც ლეკვობის ასაკი 8 თვის ასაკში უმთავრდება. ეს ყველაფერი ჯიშის ანოტაციაშია მითითებული. ნებისმიერი კლასის საკვებს აწერია: „ლეკვებისათვის“, მაგრამ იქ მითითებულია, დიდი ტანის ძაღლებისთვის არის ის გათვლილი თუ პატარებისთვის, ასევე, აქტიური ჯიშის ლეკვებისათვის, პასიურისთვის, მონადირისთვის და ასე შემდეგ.
ლეკვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვეს მეტლახზე. ძაღლი იმდენად მოშინაურებული ცხოველია, რომ თითქმის ყველა დაავადება, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს, ემართება ძაღლსაც. შესაბამისად ცივ ზედაპირზე წოლა ძალიან ბევრ დარღვევას იწვევს: სასქესო ორგანოების, ფილტვების, სახსრების ანთებებს და ასე შემდეგ. ძაღლს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს სად არის მისი საწოლი, რომელ ოთახში შეიძლება თამაში და რომელში არა. ეს ელემენტარული დისციპლინაა, რომელიც ლეკვის სახლში მიყვანისთანავე უნდა დაიცვათ. მოზრდილ ასაკში უკვე დაგვიანებულია, რადგან გათამამებული და გათავხედებული ძაღლის მიხედვა რთულია. კარგია თუ ლეკვს სამზარეულოში შესვლას არ შეაჩვევთ. როცა ოჯახის წევრები სადილობენ, ლეკვმა სამზარეულოს ზღვარი არ უნდა გადმოკვეთოს. ნურც სუფრიდან მიაწვდით საკვებს, ეს სასურველი არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო. ძაღლი გაიზრდება, შეეჩვევა ამას... მერე კი, როცა სტუმარი გეწვევათ და სუფრას გაუშლით, მიადგება და თვალებში დაუწყებს ყურებას, საჭმელი მაჭამეო. ეს კი არც ჰიგიენურია და არც სასურველი.
– როდიდან არის რეკომენდებული ძაღლის პირველი ბანაობა?
– ვაქცინაციის დასრულების შემდეგ, მეხუთე, მეექვსე დღეს უკვე შეიძლება ძაღლი აბანაოთ, ჩაუყაროთ სათამაშოები და ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით შეაჩვიოთ წყალს. რადგან, ერთხელ თუ დაფრთხა, მერეც ასე იქნება. ძაღლი აუცილებლად სპეციალური შამპუნით უნდა დავბანოთ, რადგან ადამიანის შამპუნი ისეთ მინერალებს შეიცავს, რომელიც ძაღლის კანისთვის არ არის სასურველი. ბანაობის შემდგომი პროცესი გრუმინგია, რაც საკმაოდ რთული პროცესია. გრუმინგი ერთგვარი სპეციალობაა. თუ გყავთ გრძელბეწვიანი ჯიშის ძაღლი, რომელიც სპეციალურ გაპუტვას, ანუ ეგრეთ წოდებულ ჭრას ითხოვს, მაშინ აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ ბეწვის დროულად შეკრეჭას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უაზროდ დიდი გაიზრდება და ძაღლი ვერ მოუვლის, რამაც უამრავი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს როგორც კანქვეშ, ასევე კანს გარეთ. გრძელბეწვიანი ძაღლი ხშირად უნდა დაივარცხნოს, რასაც ლეკვობიდან უნდა შეაჩვიოთ.
– როდის ვიწყებთ ძაღლის სეირნობას?
– სავარაუდოდ, სამი თვიდან შეიძლება ძაღლის გარეთ სასეირნოდ გაყვანა. არსებობენ აქტიური და პასიური ჯიშის ძაღლები. მაგალითად, რაც უნდა გულით გვინდოდეს, ჩაუ-ჩაუს ძალიან დიდხანს ვერ ვარბენინებთ. ის გაისეირნებს, დაათვალიერებს გარემოს, ცოტას წაითამაშებს და მოითხოვს დასვენებას ან სახლში დაბრუნებას. როცა გყავთ ფოქსტერიერი, სეტერი, პოინტერი ან მონადირე ძაღლები, ამ შემთხვევაში მათი დიდხანს სეირნობა აუცილებელია. საორიენტაციოდ, მათ თითო გაყვანაზე 40-45 წუთი სჭირდებათ. ამიტომ ლეკვი მხოლოდ ვიზუალურად არ უნდა შევარჩიოთ. შემდგომ დისკომფორტი რომ არ შეგვექმნას, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჯიშის ანოტაცია, რა დანიშნულება აქვს მას და რამდენად გამოგვადგება ის პირადად ჩვენ. ძაღლის ბუნება აუცილებლად საკუთარ ბუნებასთან და ცხოვრების სტილთან უნდა შევათავსოთ. არ არსებობს ცუდი ძაღლი, ისევე, როგორც არ არსებობს ცუდი პატრონი. არსებობს შეუთავსებლობა. თუ ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგო, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ცუდია. იგივე მომენტია ძაღლსა და ადამიანს შორისაც. ასე რომ, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ადამიანი, რომელსაც ლეკვის აყვანა სურს, ძალიან კმაყოფილი დარჩება თავისი არჩევანით.