კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ისაუბრებს ნანიკო ხაზარაძე ინტიმურ დეტალებზე და რა კომპრომისებზე მიდის ის სიყვარულში


როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ბევრჯერ დაეცა და ბევრჯერვე ადგა. ცხოვრებისეულ „სასიამოვნო“ სიურპრიზებზე ამ ბოლო დროს თითქოს იმუნიტეტი გამოიმუშავა და აღარ უჭირს ყველაფრის ხელახლა დაწყება. ნანიკო ხაზარაძის „დღის შოუ” დაიწყო, სადაც ის ორ არაჩვეულებრივ ქალბატონთან ერთად ილაპარაკებს ყველაფერზე, რაზეც შეიძლება, სამმა ერთად შეკრებილმა ადამიანმა ილაპარაკოს, თუნდაც ჩვენი ჟურნალის რომელიმე სტატიაზე. ვნახოთ, იქნებ ყველაფერი ასეც დაიწყოს...


ნანიკო ხაზარაძე: ვიცი, რომ მაყურებლის მოლოდინი ძალიან დიდია და ჩვენც დავიწყეთ. ჩვენი გადაცემა მაშინ გადის ეთერში, როდესაც სხვა ყველაფერი იხურება, სეზონი მთავრდება და უმეტესობა დასასვენებლად მიდის. რაღაცას ხომ უნდა უყუროს ხალხმა, ამიტომ, ეთერში ვიქნებით ჩვენ.

– ტელევიზიის ეს მონატრება, ალბათ, აანაზღაურებს იმ ფაქტს, რომ წელს ვერ დაისვენებ.

– უკვე ძალიან ბევრი ზაფხულია, რაც არ დამისვენია. რატომღაც, ისე ხდება, რომ სულ რაღაც პროექტია, სულ რაღაც შემოთავაზებაა. ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მეორე მხარეს არ გავსულვარ, გორამდეც კი არ ჩავსულვარ. სულ მეუბნებიან, რომ დასვენება საჭიროა და ამის გარეშე ძალებს ვერ შეივსებო. ჩემთვის ეს პრობლემა საერთოდ არ არის. ძალების შესავსებად სულ სხვა რაღაცეები მჭირდება. გადასარევ ენერგიაზე ვარ.

– ესე იგი, ორშაბათიდან „ბომბი“ ამბები უნდა მოგვიყვეთ.

– ზოგჯერ „ბომბი“ ამბები იქნება, ზოგჯერ ისეთი მოვლენა, რომელზეც ქალაქში საუბრობენ და აბსოლუტურად სხვა კუთხიდან უნდა განვიხილოთ ყველაფერი. იქნება ეს კონკრეტული პიროვნებები, მოვლენები, შემთხვევები, ან, ისტორია, რომელიც, უბრალოდ, შესაძლოა, თბილისში მოხდეს ან ჩვენს მეგობარს გადახდეს. ყველა ეს მოვლენა აბსოლუტურად განსხვავებულ ჭრილში იქნება განხილული. რატომღაც, ისეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ ეს არის გადაცემა ქალებისთვის, რეალურად კი, ასე სულაც არაა. კაცებმაც უნდა გვიყურონ და ძალიან ბევრ რამეს გაიგებენ ჩვენზე, ქალებზე, საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე.

– ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც, ადამიანურ ურთიერთობებზე ისაუბრებთ.

– გააჩნია, ვნახოთ. თუმცა, აქცენტი რომ ამაზე გაკეთდება, ეს ფაქტია, რადგან ეთერში ვიქნებით სამი ქალი, რომლებსაც საკმაო გამოცდილება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები და ამა თუ იმ მოვლენასთან აბსოლუტურად სხვასხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს.

– თუნდაც ეს შეფასება თქვენი ცხოვრების მაგალითზე იყოს?

– აუცილებლად და, ძალიან ხშირად იქნება მაგალითები ჩვენი ცხოვრებიდან – ამის გარეშე გადაცემა არ წავა.

– მოსაყოლი მართლაც ბევრია. როდესაც ოპრა უინფრიმ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ხმამაღლა თქვა, როგორ გააუპატიურა არასრულწლოვან ასაკში მამობილმა, ის მილიონერი გახდა. ცოტა უხეშად რომ გკითხო, გახდება თუ არა შენი შემოსავლის წყარო შენი პირადი ცხოვრება?

– ჩემი პირადი ცხოვრება, ასე თუ ისე, ყველამ იცის. ყველა ის დეტალი, რაც ჩემ შესახებ იციან, მართალია, თუ არ არის მართალი – ეს მეორე საკითხია, მაგრამ, ფაბულა საზოგადოებას კარგად მოეხსენება. მილიონებს რომ ნამდვილად ვერ ვიშოვით, ფაქტია, თუმცა, ზუსტად იმას შევეცდები, რომ ჩემი სხვა კუთხე, სხვა დამოკიდებულება ვანახო მაყურებელს და რეალურად მოვყვე ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. შეიძლება, ინტიმურ დეტალებს არ ჩავუღრმავდე, მაგრამ, იმაზე, რაც გადაცემისთვის საინტერესო იქნება, აუცილებლად ვისაუბრებთ. გააჩნია კიდევ, რას ვეძახით ინტიმს და ინტიმურ დეტალებს. ეს არანაირად არ გულისხმობს მხოლოდ ლოგინს. ჩემთვის, შეიძლება, ძალიან ინტიმური იყოს ერთი ჩვეულებრივი დიალოგი და იმაზე ვერაფრით ვერ ვისაუბრო. ჯერჯერობით რამდენი პილოტიც ჩავწერეთ, იქ ძალიან ბევრი ისეთი დეტალი მოვყევი ჩემი ცხოვრებიდან, თვითონ ვიყავი გაოცებული. მერე ვფიქრობდი, რამ მომაყოლა-მეთქი. მაგრამ, ისეთი კარგი სიტუაცია გვაქვს სტუდიაში, ისეთი გემრიელი საუბარი გვაქვს, რომ, გვინდა-არ გვინდა, ერთმანეთს რაღაცეებს ვუზიარებთ. მგონი, ეს კარგია.

– რამდენ ხანს შეიძლება პირადი მაგალითები საინტერესო იყოს?

– სულ საინტერესო იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მაყურებელს მხოლოდ საკუთარ თავზე ვესაუბრებით და ამით ტვინს გავუბურღავთ. უბრალოდ, შემიძლია, კონკრეტულ თემაზე მაგალითი მოვიყვანო ჩემი ცხოვრებიდან. შევეცდებით, მაყურებლისთვის ვიყოთ სულ საინტერესოები და ძალიან ახლობლები.

– 37 წელი ის ასაკია, როდესაც ზუსტად იცი შენი პიროვნების საკმარისობის საზღვრები.

– არ ვიცი, არა. ძალიან ზოგადად და ბუნდოვნად ვიცი, ცხოვრებაში რა მინდა, რა მეყოფა. მაგრამ, ის ზოგადი კიდევ ძალიან ბევრ წვრილმან დეტალს მოიცავს, ამიტომ არ ვიცი. ერთი, რაც მთავარია და ზუსტად ვიცი, რომ მჭირდება – სიმშვიდეა. სულ ამას ვამბობ – ეს მაკლია, არ მყოფნის. უკვე ბევრი წელი გავიდა და ეს სიმშვიდე ვერ ვიპოვე. სიმშვიდე არანაირად არ გულისხმობს სადმე ბუნებაში მობილური ტელეფონის გარეშე ყოფნას, სახლიდან არგამოსვლას. პირიქით, შეიძლება, სახლში ვიჯდე, ჩემთვის ყავას ვსვამდე, მაგრამ სულ არ ვიყო მშვიდად. ან, პირიქით – დილიდან ძალიან გიჟურ რიტმში მომიწიოს ყოფნა, გადარბენები, მაგრამ, მაინც მშვიდად და სტაბილურად ვიყო. აი, ეს სტაბილურობის განცდაა, რომელიც თითქოს სადღაც მაქვს, მაგრამ კიდევ რაღაცეები აკლია. პატარა დეტალები მჭირდება ამის მისაღწევად, თორემ, დილით შვიდზე ავდგები, გავქანდები და გამოვქანდები თუ რას ვიზამ – ეს მეორეხარისხოვანია.

– შენი ბრალიც არის, ალბათ, რომ ამ სიმშვიდის პოვნა ვერ მოახერხე.

– რა თქმა უნდა! აბა, ყველაფერს სხვას ხომ არ დააბრალებ?! ჩემი დიდი ბრალიცაა, რომ რაღაც-რაღაცეები არ მაქვს ცხოვრებაში. ამიტომ, რადგან ვიცი, რომ ჩემი ბრალია და, ისიც ვიცი, რა მინდა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ოდესმე ის მქონდეს, რაც მინდა და, ალბათ, მექნება.

– შენი გამოცდილებიდან რა გაქვს გასაზიარებელი მაყურებლისთვის? ამ შემთხვევაში ქალებს ვგულისხმობ – რა შეიძლება, ვისწავლოთ შენს მაგალითზე?

– პირველ ყოვლისა, ის, რომ ადამიანი ერთი შეხედვით არ უნდა განსაჯო, რადგან ყოველთვის გაოცებული დარჩები და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ეს გაოცება უსიამოვნო იქნება. მეორე – ზედმეტი არავისზე არ ილაპარაკო და იფიქრო, რადგან, არ იცი, რეალურად რას წარმოადგენს ის და რისი გამკეთებელია და, მესამე – ენას წინ კბილები აქვს. რაც შეეხება პირად, სასიყვარულო ურთიერთობებს, მივხვდი, რომ აქ მთავარი მაინც კომპრომისია. დათმობაზე კარგი სიყვარულში არაფერია. როდესაც ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, მათ ყოველთვის აქვთ სულ ელემენტარულ საკითხზეც კი, ორი, ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება და სურვილები. ეს კი მათი ჩხუბისა და კამათის მიზეზი არ უნდა გახდეს. თუ გიყვარს, დათმობაზე წასვლა უნდა შეგეძლოს.

– რა სჭირდება ქართულ ოჯახს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს?

– ოჯახი ოჯახია ქართულიც, ინგლისურიც და ინდურიც. მართალია, ყოველი მათგანი განსხვავებული ფენომენია თავისი კულტურით, ტრადიციებით, სოციალური პრობლემებით და ასე შემდეგ, მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ ადგილი, სადაც ერთ კაცზე მეტი ცხოვრობს, უკვე ოჯახია და ყველგან ერთი და იგივე კანონი მუშაობს. ეს კანონები კი ძალიან მარტივია: მთავარია, არ დავანგრიოთ ერთმანეთის კომფორტის ზონები. არ უნდა შევარდე ვიღაცის სულში და ტვინი არ უნდა წაუღო, ანუ, მისცე მას თავისი სივრცე. უნდა წახვიდე კომპრომისზე და მაქსიმალურად ეცადო შენ გვერდით მცხოვრებს, შეუქმნა კომფორტი, რომ მისგანაც იგივე მიიღო. ძნელი გასაკეთებელია ეს, მაგრამ, არა შეუძლებელი.

– რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ კონკრეტულად ნანიკო იყოს კომფორტში და რამდენ ხანს შეგიძლია არაკომფორტულ სიტუაციაში გაძლება?

– გააჩნია, ადამიანი რამდენად მიღირს. თუ მიღირს, მაშინ, საკმაოდ დიდხანს გავძლებ, რადგან უდიდესი მოთმინების უნარი მაქვს და დიდხანს შემიძლია, ველოდო, როდის გაახელს თვალებს და როდის დაინახავს იმას, რაც მინდა. თუ ვერ დაინახავს, მაშინ, წამოვალ, აბა, რა ვქნა?! (იცინის).

– რანაირად ეცდები, რომ მიახვედრო?

– პირდაპირ, სიტყვით. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ადამიანი თავისით ვერაფერს მიხვდება. ჩვენ რომ გვგონია, რომ ასე დავსხდებით, რაღაც მიმიკას მივიღებთ და „ის“ აუცილებლად მიხვდება, რა გვჭირს – ასე არ არის. 37 წლის ასაკში მივხვდი ამას. ადრე მეგონა, ამას რომ ვიფიქრებ, ის აუცილებლად მიხვდება რა მინდა, რა მჭირდება-მეთქი. არავითარ შემთხვევაში! ლაპარაკი – პირველ ყოვლისა! თან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ, ერთხელ რაღაცას თუ არ იტყვი, მეორეს უკვე ვეღარ ამბობ, მესამეს მალავ, მერე იბოღმები, ივსები და დიალოგი საერთოდ წყდება. ჩხუბს იწყებ წვრილმანებზე და კაციშვილი ვეღარ მიხვდება, საიდან და როგორ დაიწყო ყველაფერი. ერთ ფილმშია, სხვათა შორის, ამბობენ, ცოლ-ქმრის ზეწრის ქვეშ ცერცვის მარცვალიც კი არ უნდა იყოს, ჩვენი ზეწრის ქვეშ კი საზამთროები დაგორავენო (იცინის). ცერცვის მარცვალზე უნდა ილაპარაკო, რომ ის საზამთროდ არ იქცეს. რომ მიხვდები, პირში პატარა ცერცვი გაქვს, ის უნდა გამოუშვა, თუ არ გამოუშვებ, მერე უკვე პირიდან ბომბი გამოვა, რომელიც შენც აგაფეთქებს და მეორე ადამიანსაც. ის მეორე კი ვერაფრით მიხვდება, რატომ აფეთქდი.

– ამიტომ იწყება მერე ლაპარაკი – ქალებს ვერაფერი გავუგეთ, უცნაურები არიანო.

– ზუსტად ამიტომ. არადა, ძალიან მარტივი და პატარა სურვილები გვაქვს, რომლებიც გვინდა, რომ ვიღაცამ აუცილებლად გამოიცნოს. ვერავინ ვერ გაიგებს, თუ თავად არ გავაგებინებთ (იცინის). სულ არის საუბარი იმაზე, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის. პასუხი ძალიან მარტივია – გვინდა, თავი ქალად ვიგრძნოთ. მეც ერთი ჩვეულებრივი, ტიპური ქალი ვარ, იმავე სურვილებით და ზუსტად ეს მინდა. როდესაც ამას შეიგრძნობ, მაშინ კარგად ხარ. რატომ ცდილობენ ქალები, ვიღაცას თავი ძლიერად აჩვენონ, ვერ ვხვდები. ვის უნდა აჯობო, ვის სჭირდება ეს? ალბათ, მაინც, როდესაც ცუდად ხარ, მაშინ იწყებ ძლიერის თამაშს. როდესაც კარგად ხარ კი – ჰარმონიაში ხარ, იმდენად მშვიდად და წყანარად, რომ ვერავინ შეგამჩნევს.

– კნუტის როლში ყოფნა ყველა ქალს მოსწონს, ხომ?

– ვაიმე, კი, რა თქმა უნდა! ზურგზე მოფერება და საყვარელი ადამიანის მზრუნველობის ქვეშ ყოფნა ყველა ქალს სიამოვნებს – შენც, მეც და სხვასაც.


скачать dle 11.3