რომელი ქვეყანა გადაიქცა ქიმიური ნივთიერების „საწყობად“ და რა დაავადების გადამტანია ნაგავსაყრელზე გამოკვებილი პირუტყვი
ქვეყანაში სახიფათო ნარჩენები სერიოზული პრობლემაა. დღემდე მოუწესრიგებელია მათი უსაფრთხო განთავსების, უტილიზაციისა და გაუვნებელყოფის პრობლემები, რომლის აღმოსაფხვრელად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 მაისის ¹232 ბრძანებულების თანახმად, საქართველო შეუერთდა 1989 წელს ქალაქ ბაზელში ხელმოწერილ კონვენციას „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“. რა სიმკაცრით მოხდება სახიფათო ნარჩენებზე კონტროლი და როგორი იქნება მისი თავდაცვის მექანიზმი, ამის შესახებ გვესაუბრება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
ნინო ჩხობაძე: 1995 წელს საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ნებისმიერი ნარჩენის შემოტანა ნებისმიერი საქმისთვის – გადამუშავების, განლაგებისთვის, განთავსებისა და გაუვნებელყოფისთვის. სახიფათო ნარჩენების შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია იმიტომ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ ჰქონდა, ანუ, მხოლოდ ამ კანონით იკრძალებოდა მათი შემოტანა ჩვენთან. ამიტომ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველო დაზღვეული აღმოჩნდა იმ შეცდომებისგან, რომელიც დაუშვა რუმინეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, მათ შორის – ბელორუსმა, რომლებმაც დართეს ნება საკუთარ ტერიტორიაზე სახიფათო ნარჩენების შემოტანას, მათ განლაგებასა და განთავსებას, რაც მათთვის სერიოზულ პრობლემად იქცა.
– მოდი, დავაკონკრეტოთ, რა ნარჩენებზეა საუბარი და საშიშია თუ არა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
– აქ შემოდის ყველაფერი მეტალებიდან დაწყებული, „სექენდ ჰენდის“ პროდუქციით დამთავრებული და ყველას აქვს თავისი რისკი დაშვება-არდაშვებისა, თავისი ნიშანი და კოდი. საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტეინერი, რომელიც შემოდის. გახსოვთ, ალბათ, ინგლისში წლების წინ ცოფი იყო მოდებული და მასობრივად დაწვეს იქ საქონელი. მათი ძვლის ფერფლის შემოტანაც კი სახიფათოა საქართველოსთვის. როგორც ვიცი, მაქვს, ასეთი ძვლის ფხვნილი ინგლისიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან შეტანილია რუმინეთში. წინა მთავრობაშიც იყო მცდელობა, რომ, იქნებ, ჩვენ ენერგეტიკული აღმავლობის მიზნით შემოგვეტანა ძვლის ფხვნილი საქართველოს ტერიტორიაზე, მას დავწვავდით და მივიღებდით ელექტროენერგიას, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ასევე, საუბარი იყო რკინიგზის შპალების შემოტანაზე, რომელიც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი ყოფილ სოციალისტურ გერმანიაში, რადგან იქ გაკეთდა რკინიგზის სრული რეკონსტრუქცია. ის შპალები ვერ გამოიყენება ჩვენს ტერიტორიაზე და არც მისი დაწვაა რეკომენდებული, რადგან კანცეროგენული თვისებების მატარებელია. გერმანიაში უნდოდათ, რომ ეს ნარჩენები ქვეყნის ტერიტორიიდან გაეტანათ და მათ დემონტაჟში ფულს იმ კომპანიებისგან იღებდნენ, ვინც გააკეთა ძველი რკინიგზების დემონტაჟი. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ვინმეს საწყობად გადაქცევა ზოგისთვის მომგებიანია. ბაზელის კონვენცია სწორედ მას მერე შეიქმნა, რაც მაღალი ტოქსიკური და ქიმიურად საშიში ნარჩენების სერიოზული რაოდენობა აფრიკის კონტინენტზე იქნა გადატანილი. აფრიკაში ძალიან ბევრი ქვეყანა ქიმიური ნივთიერების საწყობად გადაიქცა, რამაც განაპირობა ის, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით. ბაზელის კონვენციის მხარე უკმაყოფილო იყო პოსტსაბჭოთა კავშირის ტერიტორიებით, თუმცა, მათ ჰქონდათ მინიჭებული უფლება, რომ სამხედრო ნარჩენებს ეს კონვენცია ვერ შეეხებოდა. ესაა საკმაოდ მკაცრი კონვენცია, მას აქვს სანქციების დადების უფლება ამა თუ იმ ქვეყანაზე. ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, რომ ეს კონვენცია რამენაირად შევარბილოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენთან სახიფათო და ტოქსიკური ნარჩენები ნაგავსაყრელებზე გადის ყოველგვარი დახარისხების გარეშე და ნარჩენები გარემოს დაბინძურების სერიოზულ კერას წარმოადგენს. ნაგავსაყრელზე გამოკვებილი პირუტყვი კი, დაავადების გამომწვევი ბაქტერიების პოტენციური მატარებელია. გარემოს დიდ საფრთხეს უქმნის ყოფილი საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებული სამხედრო ნარჩენები, მათ შორის – ტოქსიკური ნივთიერებები, ფეთქებადი მასალები და სხვა მავნე ნაერთები, რომელთაგან ნაწილი უვარგისია და არ ექვემდებარება გადამუშავებას.
– საქართველო რომელ წელს შეუერთდა ბაზელის კონვენციას?
– ჩვენ მას 1996 წელს შევუერთდით, ეს იყო ერთ-ერთი პირობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა, რომლის თანახმად, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტ-ექსპორტი რეგულირდება შიდა კანონმდებლობით იმ შემთხვევაში, თუ ის არის უფრო მკაცრი, ვიდრე საერთაშორისო ხელშეკრულება. გარდა ამისა, ევროგაერთიანებას აქვს სია, იქ არსებობს ჩამონათვალი იმ ნივთიერებებისა, რომლის გატანა, შემოტანა და ექსპორტი შეიძლება და რომლის – არა. პირდაპირი მითითებაა, რომ ნარჩენის შემოტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მავნე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო. სხვა შემთხვევაში ასეთი ნარჩენების შემოტანას არ უშვებს ევროგაერთიანებაც კი. მნიშვნელოვანია მეორე საკითხი, რომელიც ეხება ბაზელის კონვენციას, მას აქვს შესაბამისი ჩამონათვალი, რომელიც ახასიათებს, თუ რა არის ეს სახიფათო ნარჩენები და, შესაბამისად, არსებობს კოდები, რომლითაც უნდა ისაზღვრებოდეს, რა საფრთხის მატარებელია ესა თუ ის ნივთიერება. ჩვენთან ცოტა რთულადაა საქმე, რადგან ვსარგებლობთ „დსთ-ს“ მიერ აღებული საბაჟო სისტემითა და კოდიფიცირებით. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან გამოვედით, ამიტომ, უნდა გადავიდეთ ევროპულ სივრცეზე, რომელიც პირდაპირაა შესაბამისობაში ბაზელის კონვენციასთან. უნდა მოხდეს ხსენებული პროდუქციის კოდების ისეთი დიფერენციაცია, როგორც ბაზელის კონვენციაშია გაწერილი. ესაა ძალიან რთული ეკონომიკური ნორმა. ნარჩენების განთავსება, განლაგება და შემოტანა დღევანდელი კანონმდებლობით აკრძალულია.
– ცნობილია, რომ მობილური ტელეფონები გარკვეული ტიპის ელექტრომაგნიტური გამოსხივებით მუშაობენ, ამასთან, ისინი არა მარტო იღებენ რადიოტალღებს, არამედ გამოასხივებენ კიდეც, თანაც არცთუ ისე ცუდად. საზიანოა თუ არა ეს გამოსხივება?
– ტექნიკური განვითარების თვალსაზრისით ტელეფონი ძალიან წინ წავიდა. და ეს გახდა საფუძველი კამათისა მის საფრთხეზე. თუ ადრე ამბობდნენ, რომ მობილურის გამოსხივება ორგანიზმისა და თავის ტვინისთვის მავნე იყო, ახლა ლაპარაკია თავის მთლიან სისტემაზე, გულზე, სმენაზე და კონცენტრირების შესაძლებლობაზე, ძილზე. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ, რაც დიდია საბაზო ანძის გამოსხივება, მით ნაკლებია ტელეფონის გამოსხივება. ამიტომ, სადაც ტელეფონს კარგი მიღება აქვს, იქ ნაკლები გამოსხივებაა. ცნობილია ისიც, რომ მაგნიტური ველი, რომელიც იქმნება მობილური ტელეფონის მეშვეობით, საკმაოდ სახიფათოა იმის მიხედვით, რა ინტენსიობით ხდება დასხივება. რეკომენდებული არაა მობილური ტელეფონის ანტენის განთავსება საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. ხსენებულ ანძას თან უნდა ჰქონდეს დამცავი ეკრანი, რომელიც არ მისცემს დასხივების გავრცელების საშუალებას იმ შენობაზე, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. ეს პრობლემები აქამდე არსებობდა, ახლა კი ცდილობენ, რომ ტექნოლოგია დაიცვან, რადგან ევროგაერთიანებაში ხსენებულ ანძებთან დაკავშირებით ახალი სტანდარტები არსებობს. მაგრამ, როგორც ვიცი, ეს სტანდარტები ჩვენ არ გაგვითვალისწინებია. ძირითადად, ჩვენს მობილურ კომპანიებს გამოსხივების ამრეკლავი სპეციალური მოწყობილობები აქვთ. ეს ამრეკლავი საშუალება უყურებს მის მოპირდაპირედ განთავსებულ ანძას და ქსელის დაფარვას ისე აკეთებს.
– დაახლოებით რა დისტანციაზე უნდა იყოს მობილურის ანძა განთავსებული, რომ ის მოსახლეობისთვის უსაფრთხო იყოს?
– საკმაოდ ახლოს უნდა იყოს მობილურის ანძები ერთმანეთთან, რადგან, რაც უფრო შორს იქნებიან ისინი, მით უფრო ძლიერია გამოსხივების ტალღა. როცა ის ძლიერდება, სერიოზულ ზიანს აყენებს ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლებს. ხალხს დასხივებისგან სხვადასხვა სიმპტომი უვლინდება. ელექტრომაღალ ძაბვასთან ახლოს ცხოვრება იწვევს ლეიკემიას, სისხლის ფორმულაში ხდება სერიოზული ცვლილებები, თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს სხვა მიზეზებითაც. საბედნიეროდ, მობილური ანძის გამოსხივების შედეგად ჩვენთან ლეიკემიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და, იმედია, ტექნოლოგიების განვითარება ამ პრობლემას თავისთავად აღმოფხვრის.