კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის სიჩუმე ყველაზე საშიში ეტაპი ურთიერთობებში და რა არ უნდა დაგვავიწყდეს შვილის გაჩენის შემდეგ


„გუშინ ჩემმა მეგობარმა განქორწინება გააფორმა და ამით წერტილი დაუსვა იმ დიდ ტყუილს, რომელშიც როგორც თავად მიიჩნევს, საკუთარი სურვილით გაეხვია რამდენიმე წლის წინ... წინ მოულოდნელობებისა და აღმოჩენების პერიოდი აქვს... მე კი მინდა, გავიზიარო ის დიდი სასწაული თუ ტრაგედია, რასაც ღალატი ჰქვია“, – ეს ამონარიდია ფსიქოთერაპევტ ნინო ოკრიბელაშვილის კვლევიდან, რომელსაც ძალიან ხშირად უწევს მსგავსი შემთხვევების „მსხვერპლთან“ მუშაობა.


ნინო ოკრიბელაშვილი: როდესაც რაღაც ტერმინს ვიყენებთ, უნდა ვიცოდეთ, რა დგას მის უკან. ჩემთვის და ზოგადად, ფსიქოლოგებისთვის, ღალატი ნიშნავს, რაღაც ურთიერთობებში დადებული სოციალური თუ მორალური კონტრაქტის ერთი მხარის მიერ დარღვევას. ზუსტად ეს არის ღალატი. ღალატი არ შეეხება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს, ის ისეთი სოციალური კონტრაქტების დარღვევასაც გულისხმობს, როგორიცაა: მეგობრობა, პარტნიორობა, საქმიანი ურთიერთობა, ნათესაური კავშირები... ღალატს მრავალი მიზეზი აქვს. რეალურად კი ეს ხდება მაშინ, როდესაც ურთიერთობები დამთავრდა, თუმცა ერთ-ერთი მხარე ამას არ აღიარებს, ან ადამიანი სირაქლემას პოზიციაშია და ურთიერთობას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე საფუძველი არ აქვს, ქვიშაზე დგას. ზოგიერთ ადამიანს სასიყვარულო თავგადასავლებში დაუფიქრებლად გადაჩეხვის მიდრეკილება აქვს. თუმცა, შესაძლოა, არანაირი სურვილი არ ჰქონდეს ძველ პარტნიორთან ურთიერთობა გაწყვიტოს. ამის მიზეზი ორი რამაა: პირველი – ახალი სექსუალური კავშირით ის ინტენსიური აღფრთოვანება, რაც ძალზე წააგავს ნარკოტიკის მოქმედებას. ასეთ პიროვნებას შეიძლება, ჰქონდეს საკმაოდ ხანგრძლივი, დაფარული ურთიერთობების მთელი რიგი ან მრავალი შემთხვევითი კავშირი, ან ორივე ერთად; მეორე – სიახლოვის შიშითაა განპირობებული. ზოგი აღმოაჩენს, რომ სერიოზული ინტიმური ურთიერთობა ძალზე ძნელი სამართავი და ძნელად თავგასართმევია. მას ეშინია, რომ მთლიანად „ჩაყლაპავს“ მეორე ადამიანი, ან თუ პარტნიორს ძალიან ახლოს მოუშვებს და საკუთარ თავს ბოლომდე გააცნობს, მაშინ უარყოფილი და მიტოვებული აღმოჩნდება.

– სოციალურ კონტრაქტს მინდა დავუბრუნდე, იმ „მოღალატეს“ ხომ ძალიან მოსწონდა ამ კონტრაქტის დადება?

– როდესაც კონტრაქტი „იდება“, მაპატიეთ, რომ მარკეტინგის სიტყვებით ვსაუბრობ, მაგრამ ურთიერთობებმა ასეთი ფორმები მიიღო, ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება, რომ არსებობს სხვა ობიექტური რეალობა – განსხვავებული ობიექტური რეალობა, არსებობს ემოციური მდგომარეობები, ჩემი მოლოდინები, პიროვნული შესაძლებლობები რომელიღაც ეტაპზე. ვთქვათ, ცხრამეტი და ოცდათხუთმეტი წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილება, პიროვნული საკმარისობის განცდის თვალსაზრისით, აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ შეიძლება, სოციალური კონტრაქტი გავაფორმოთ რომელიღაც ეტაპზე, მაგრამ რეალობებისა და პირობების შეცვლის გამო მისი განხორციელება აღარ შემეძლოს. მე გავიზარდე, მაგრამ ჩემი პარტნიორი არ გაზრდილა.

– როდის დგება ურთიერთობათა კრიზისი?

– ზოგი კრიზისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს დაცულობასა და იდენტურობაზე, ის ნაღმის მსგავსად არღვევს იმ წარმოდგენებს, რაც გაგვაჩნდა საკუთარი თავისა და გარე სამყაროს შესახებ. და მაინც, რა არის ის ნიშანი, რომელიც შესაძლო დაშორებაზე, ურთიერთობების საბოლოო გაწყვეტაზე მიგვანიშნებს? ურთიერთობა ზოგჯერ, პირველივე პრობლემის აღმოცენებისთანავე მთავრდება, ზოგჯერ ბედნიერი და საკმაოდ ახლო კავშირის წლების შემდეგაც კი. როცა ურთიერთობა ინგრევა, ემოციების ქარიშხალი გვითრევს – თავს უბედურად ვგრძნობთ, გვიპყრობს ბრაზი, ეჭვი, დაურწმუნებლობა და გლოვა, რაც ნებისმიერ ადამიანურ დანაკლისს სდევს თან. და ეს განცდები შესაძლოა, ძალზე ხანმოკლე ურთიერთობასაც კი მოჰყვეს.

– რა არის ღალატის ყველაზე „რთული ფორმა“?

– აღმოჩენა, რომ შენს პარტნიორს სხვასთან ეძინა, ყველაზე მძიმე ღალატია, პოტენციურად ყველაზე მძიმე კრიზისია, რაც შეიძლება, ურთიერთობაში გქონდეს. როცა ხანგრძლივი ურთიერთობით გღალატობენ, ეს გამომფიტველია, მაგრამ ერთჯერად სექსუალურ კავშირსაც შეუძლია, ნდობისა და რწმენის დაკარგვა გამოიწვიოს. ცხოვრების განმავლობაში, ვხვდებით რა უამრავ ადამიანს, ვიღაცამ შეიძლება მოგვხიბლოს, მაგრამ სანამ ჩვენი ურთიერთობა მუდმივ პარტნიორთან ღირებულია, თავს ვიკავებთ შესაძლო გაგრძელებისგან. როცა ცდუნებას ავყვებით ეს, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ბაზისურ ურთიერთობებში რაღაც კონფლიქტია, რაღაც პრობლემაა გადასაჭრელი. ამის მიზეზი მრავალია, მაგრამ მაინც რამდენიმეს გამოვყოფ. პირველი მაინც პროტესტია – თუ თქვენ მძიმე გამოცდის პერიოდი გაქვთ, რომელიც სავსეა მატერიალური პრობლემებით, ოჯახური კონფლიქტებით, სამსახურებრივი დაუკმაყოფილებლობით და სხვა, შეიძლება, სწორედ ეს გახდეს მიზეზი, რომ ეძიოთ სხვა და შეძლებისდაგვარად, იპოვოთ გაგება, დაფასება, აღიარება და ამოსუნთქვა სადღაც სხვაგან, ახალი პარტნიორის საწოლში.

– აღიარება სიყვარულის შენარჩუნების ერთერთი მთავარი ფაქტორია?

– დიახ. შექება, აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩემი მეგობარი, რომელიც საკმაოდ წარმატებული, საქმიანი ქალია, გიჟდება ხაჭაპურების ცხობაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ, ქმარმა უთხრა ვგიჟდები შენ გამოცხობილ ხაჭაპურზეო. ეს ძალიან მარტივი ამბავია. მეორე – დაუცველობამ ასევე შეიძლება, გიბიძგოთ ეძიოთ დარწმუნება თქვენი ჩვეული მიკროსოციუმისა და ურთიერთობების გარეთ. ეს შეიძლება, მოხდეს მაშინ, როცა ოჯახში ბავშვების გაჩენის შემდეგ მამაკაცი თავს გარიყულად იგრძნობს, ან თუ პიროვნება ჩათვლის, რომ მეორე ადგილი უჭირავს პარტნიორის სამსახურის შემდეგ. დაუცველობა მატულობს ასაკთან ერთად იმ თვალსაზრისით, რომ წლების მატება და სექსუალური მიმზიდველობის დაკარგვა, ხშირად აცდუნებს ადამიანს ეძებოს აღტაცება, აღფრთოვანება და ყურადღება ქორწინებისგარე კავშირებში. მესამე მიზეზი სექსია. თუ ურთიერთობები გახდა მოსაწყენი, არ განიჭებს კმაყოფილებას, წინასწარ დაგეგმილია ან საერთოდ არ არსებობს, ახალი სასიყვარულო ურთიერთობა აღტაცებისა და გაუსაძლისი ცდუნების წყარო ხდება, რათა აღიდგინოთ თქვენი სასიცოცხლო ძალები, ვიტალურობა. ერთ-ერთი მიზეზია სხვადასხვა სამყაროში ტრიალი – ახალმა სასიყვარულო კავშირმა შეიძლება შემოგთავაზოთ გაგება და კომუნიკაცია, თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი სხვადასხვა გზით წახვედით, სხვადასხვა ინტერესების სფერო გაქვთ, სხვადასხვა მიმართულებით განვითარდით და ერთმანეთთან სასაუბრო ენა დაკარგეთ. და, კიდევ ერთი – ურთიერთობათა მსხვრევა მაშინ ჩნდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე ან ორივე იგრძნობს, მაგრამ არ აღიარებს, რომ ურთიერთობა დამთავრდა. სასიყვარულო კავშირი ამ ეტაპზე ხშირად არის გამოსავალი თანაცხოვრებიდან და შეიძლება, დაშორების დამაჩქარებელ ფაქტორად იქცეს.

– რატომ იცვლება ურთიერთობები?

– ზოგჯერ პრობლემები წლების განმავლობაში ღვივდება ისე, რომ გონებასა და გულში იბუდებს ბრაზი, გაღიზიანება და დაურწმუნებლობა. ზოგჯერ რწმენას ანგრევს ისეთი მოულოდნელი ცვლილება, როგორიცაა: ღალატი, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ურთიერთობაში კრიზისი დგება, ურთიერთობებში ერთფეროვნება ისადგურებს და მოსაწყენი ხდება. ხანდახან პარტნიორები სხვადასხვაგვარად იცვლებიან და ერთმანეთს ვეღარ ეგუებიან. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი ერთია – დიალოგს სიჩუმე ან კამათი ცვლის; ერთობას, ურთიერთგაგებას – გაუცხოება და თანდათან ქრება პატივისცემა. ერთი რჩევა მინდა მოგცეთ – თუ ურთიერთობა დაიძაბა, ეცადეთ, ემოციები გაანიავოთ, სანამ აფეთქდება ან ღრმად დაიბუდებს სულში... ეცადეთ, ისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე, შეხედულებებზე. ამის გარეშე ვერ გაარკვევთ, რას ფიქრობს მეორე, რას გრძნობს, რისი ეშინია, რაზე ოცნებობს ან რას ელის... საუბარი მარტივი როდია. დაუშვით, რომ შეიძლება, სხვა სიმართლეც არსებობდეს!

ძალიან ხშირად ღალატი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ურთიერთობაში კრიზისი უკვე იყო. ხშირად ერთჯერადი სექსუალური აქტი ხდება ამა თუ იმ ურთიერთობის დანგრევის საბაბი და არა მიზეზი და ამის აღიარება უნდა შევძლოთ.

– განსხვავებით ქართველი მამაკაცებისგან, რომელთათვისაც ღალატი ჩვეულებრივი მოვლენაა და ის ცოლთან დაშორების არც საბაბია და არც მიზეზი – უმრავლეს შემთხვევაში ვამბობ.

– ეს სრულიად განსხვავებული ფენომენია და თუ ასე წავიდა, მაშინ ქართველ ქალებზეც უნდა ვთქვათ, რომ ის მამაკაცში უპირველესად ხედავს შვილს და არა მეუღლეს. ორივე მხარეა ნებისმიერ კრიზისში, გარკვეულწილად, მონაწილე. არ შეიძლება, ცალმხრივად და ერთმნიშვნელოვნად რომელიმე ადამიანი დავადანაშაულოთ. ქალს კიდევ სხვა პრობლემები აქვს, ცოლად გაყოლის შემდეგ ის იხვევს კდემამოსილების საბურველს და აღარ უნდა იქიდან გამოსვლა. ის არის ცოლი და მაშასადამე, უპირატეს მდგომარეობაშია. გადართულია შვილებზე, ოჯახზე და ივიწყებს მთავარს, საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობას. დღეს ეს ქართულ ოჯახებში ცოტა შეიცვალა. ქალი უფრო დაკავებულია, მამაკაციც მეტ დროს ატარებს სახლში, მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში. თუ ოცდაათი წლის წინ სირცხვილად მიიჩნეოდა შვილებთან ერთად კუს ტბაზე სეირნობა, როდესაც ცოლი იქვე ირუჯება, დღეს პირიქით, ასეთი სურათი ძალიან ხშირად გვხვდება.

– „მოღალატესთვის“ თუა ღალატი მტკივნეული?

– ალბათ გარკვეულწილად არის თუ მას გარკვეული მორალური შემაკავებლები აქვს. პიროვნების განვითარების თეორეტიკოსები ამბობენ, რომ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს ჩარჩო, რომელშიც არ მგონია ის ფიქრობდეს აუცილებლად მოღალატე უნდა ვიყოო. ამიტომ პიროვნება, რომელიც ვითარდება და ცხოვრების გარკვეული უკუღმართობებისგან თუ საჩუქრებიდან გამომდინარე მას ასეთ ვითარებაში უწევს აღმოჩენა, გარკვეული მორალური დილემის წინაშე აუცილებლად აღმოჩნდება.

– რა ხდება თუ ღალატის შედეგად ქალი გადაწყვეტს ოჯახი დაანგრიოს?

– ძალიან ბევრი ქალი მოდის ამ პრობლემით ჩემთან და ყოველთვის ვთავაზობ ასეთ დავალებას. აიღონ ფურცელი, გაყონ შუაზე და ერთ მხარეს ჩამოწერონ რა იქნება კარგი მის ცხოვრებაში ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ და პირიქით, რა იქნება ცუდი. როცა ოჯახურ ურთიერთობებზე გვაქვს საუბრები აქ სხვა ვალდებულებები ჩნდება. ამიტომ კარგად უნდა აწონ-დაწონო ყველაფერი და რეალობას თვალებში ჩახედო. როგორი იქნება შენი ცხოვრება ამის შემდეგ. ქართველებს ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს – მე-უღლე, უღლის გამწევი, პარტნიორები, თანამონაწილეები, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთმა მხარემ მეორეს უღელი შეატოვოს, თვითონ გაიქცეს და ერთი მხარე მარტო დარჩეს.

– ნაპატიები ღალატის შემდეგ რთული არ არის ყველაფრის თავიდან დაწყება?

– ძალიან რთულია. ისევ გეტყვით, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად დიალოგია საჭირო. როდესაც იწყება სიჩუმე, როდესაც ჩემს ფიქრებში მივდივარ და ჩემს ნააზრევს არ ვუზიარებ პარტნიორს მაშინ იწყება ძალიან დამაფიქრებელი ეტაპი ურთიერთობაში. ეს არ უნდა გამოგეპაროთ. რთულია ღალატის პატიება. ნდობის ხელახლა მოსაპოვებლად უნდა იყოთ გახსნილები, მოქნილები ანუ მოემზადოთ ადაპტირებისთვის და იმუშაოთ რათა იპოვოთ გზები ახალი ტიპის ურთიერთობების ასაგებად. აუცილებელია იყოთ მგრძნობიარე და გამძლეც, რათა დაძლიოთ თქვენი პარტნიორის გრძნობები – ბრაზი, უარყოფა, ეჭვი, პატივი სცეთ პარტნიორს ისე, როგორც გსურთ რომ გექცეოდნენ. აჩვენეთ, რომ აფასებთ და რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში. თავდადება და მოთმინებაა საჭირო – ერთ ღამეში ურთიერთობა არ აღდგება, მაგრამ თუ გაქვთ იმედი ყველაფერი შესაძლებელია.


скачать dle 11.3