კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გამდიდრდა“ ცხრამარკიანი „ნასოსის“ ბიზნესით ირაკლი ჩხიკვიშვილი და ვის არ სწირავს ის პოკერში


ახალ შოუს, სამეფო უბნის პოკერს, სადაც ცნობილი ადამიანები და პროფესიონალები ერთმანეთს პოკერში თავიანთ სიძლიერეს უმტკიცებენ, საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად. იდეის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც წამყვანის ფუნქციებსაც ითავსებს, ირაკლი ჩხიკვიშვილია, მისთვის პოკერი ცხოვრების მთავარი გატაცებაა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული სამსახური აქვს, რომელიც მისგან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.


ირაკლი ჩხიკვიშვილი: უკვე ორი წელია ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ვმუშაობ. სერიოზული წარმოება გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გახსნილია, საკმაოდ წარმატებულია. პირადად მე, ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი ვარ.

– სად სწავლობდი?

– საერთაშორისო სამართლის და შემდეგ, იურიდიულ ფაკულტეტებზე ვსწავლობდი, პლუს მარკეტინგის კურსები დავამთავრე. პრინციპში, მარკეტინგში სერიოზული თეორიული ცოდნით არ გამოვირჩევი, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს.

– ჯერ ხომ ოცდახუთი წლის ხარ და როგორ მოასწარი ეს ყველაფერი?

– (იცინის) ძალიან უმტკივნეულოდ. თექვსმეტი წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ვმუშაობ. სულ ვცდილობდი, რაღაც გამეკეთებინა. ბიზნესი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პატარ-პატარა საქმეები სულ მქონდა. პირველი სამსახური იყო ძალიან უცნაური – ჩემს სკოლაში სამართლის პედაგოგი ვიყავი, ჩვიდმეტი წლის ასაკში. სამაგალითო ყოფაქცევით და სწავლით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ მაინც არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ – ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდიოდა. კარგი მასწავლებელი ვიყავი თუ არა, ეს სხვისი განსასჯელია და პრინციპში, დიდი წარმატებით ეგ საქმე არ დამთავრებულა, მაგრამ უდიდესი პრაქტიკა იყო. აბსოლუტურად სხვა პასუხისმგებლობით უდგები ყველაფერს – მარტო საკუთარ თავზე, შენ საქციელზე კი აღარ აგებ პასუხს, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული. სხვებზე ზრუნავ. ალბათ, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ამ პერიოდმა შეიტანა. სულ სხვა მიზნები და ფიქრები მქონდა, არც ჩემს ჰაბიტუსს შეეფერებოდა მაინცდამაინც სამართლის პედაგოგობა, ბევრიც ვიცინე, როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მერე ვთქვი – რატომაც არა! ადამიანმა ყველაფერი უნდა სცადო და მოსინჯო-მეთქი.

– კიდევ გქონდა უცნაური სამუშაო გამოცდილება?

– უცნაური სამსახურების მეტი რა იყო! პირველი ჩემი ბიზნესი გერმანიაში „დავიწყე”. სკოლის პერიოდში იქ ვსწავლობდი და გადავწყვიტე რაღაცით ფული მეშოვა. იმ ოჯახს, რომელიც ჩემი მასპინძელი იყო, ბენზინგასამართი სადგური ჰქონდა, თავისი მაღაზიით. ხანდახან მე და მისი შვილი იქ „პადრაბოტკებზე” დავდიოდით. „პართ თაიმ ჯობ-ის“ ამბავში მივიდოდით, ვეხმარებოდით და ფულს გვიხდიდნენ. გერმანიაში, როგორც სხვა ყველაფერი, ისე ტექდათვალიერებაც საათივით აწყობილი აქვთ. თუ რამე დარღვევა გაქვს ძალიან დიდი ჯარიმებია. ძალიან სერიოზულად იყო ვულკანიზაციის პრობლემა. მახსოვს, ცხრა მარკად, „ვოლმარტში” „ნასოსი” ვიყიდე, იქვე ბენზინგასამართ სადგურზე დავაყენე და დავიწყე მუშაობა. ნახევარ ფულს ჩემთვის ვიტოვებდი, ნახევარს მეპატრონეს ვაძლევდი. საკმაოდ შემოსავლიანი საქმე იყო, რადგან მახსოვს, ფული სულ კარგად მქონდა (იცინის). მით უმეტეს, სკოლის მოსწავლისთვის.

– არა, გერმანელებთან ქართველი ფულს ნამდვილად იშოვის.

– (იცინის) კი. სხვათა შორის, მერე ვიკითხე რას შვრებით-მეთქი და შენი საქმე არავის გაუგრძელებიაო. ისიც ვერ მოახერხეს, ვინმე დაეყენებინათ, ვინც ამას გააკეთებდა. სადღაც მესამე-მეოთხე კურსზე ამერიკაში ვიყავი, ატლანტასა და ნიუ-იორკში ვსწავლობდი. ეს უფრო ექვსთვიანი, ერთწლიანი კურსები იყო და არა უნივერსიტეტი. ვმუშაობდი და ვსწავლობდი. იქაც ძალიან ბევრი საინტერესო საქმე მქონდა. ბოლოს, ჩემს მეგობრებთან ერთად, საკმაოდ უცნაურ საქმიანობას მოვკიდე ხელი – ნახატების ბიზნესი ავაწყვეთ. მეხუთე ავენიუზე, თაიმ სქვერზე ძალიან ხშირად შეხვდებით ქუჩაში გამოფენილ ნახატებს, რომლებიც ცნობილი ნამუშევრების უბრალოდ რეპროდუქციაა, თან ფერად პრინტერზე ამობეჭდილი. ნახევარზე მეტი ვერ ატყობდა, ეს ასლი იყო თუ უბრალოდ პრინტერზე ამობეჭდილი, მაგრამ მე მაინც მინდოდა რაღაც უკეთესი გამეკეთებინა. ბიძაჩემის სახლში ადრე ნანახი მქონდა „ნახატი”, რომელიც რეალურად ჟურნალიდან ამოჭრილი ფოტო იყო და სამხატვრო ლაქი ჰქონდა წასმული. ეს ყველაფერი გუაშის ეფექტს იძლეოდა. ერთი კვირა ამ ტექნიკის დახვეწაზე ვიმუშავეთ, პატარ-პატარა საიდუმლოებები დავუმატეთ და ისეთი ეფექტი მივიღეთ, რომ დილეტანტი ნამდვილად ვერ გაარჩევდა რა იყო. გლიჯინ-გლიჯინით იყიდებოდა (იცინის). უბრალოდ, ამობეჭდილი ნახატების გვერდით ისეთი ეფექტი ჰქონდა, გაგიჟდებოდი. შესაბამისად, გაცილებით ძვირი ღირდა. თავს ვინახავდით ამით. ასე დამოუკიდებლად ვცხოვრობდი სულ. მიმაჩნია, რომ მამაკაცისთვის ეს უმნიშვნელოვანესია, სხვანაირად ის სწორად ვერ ჩამოყალიბდება. აქ მაინც რთულია ამის გაკეთება, ოჯახები შეკრულად ცხოვრობენ. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ცოტა ხნით მაინც ადამიანმა უცხოეთში იცხოვროს, სადაც მარტო მოუწევს ადაპტირება. ყველაზე დიდი აზარტი სწორედ ესაა. ვერაფრით ვეგუები სნობებს, სნობურ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი და ასეთები ჩემს გვერდით ვერ იქნებიან.

– თუმცა, ამისთვის დიდი ინვესტიციებიც არის საჭირო მშობლების მხრიდან.

– თუ ამის საშუალება არის, უკეთეს ინვესტიციას მშობელი ვერ გააკეთებს, მაგრამ არც ისაა მთავარი, მაინცდამაინც ჰარვარდი დაამთავრო. შეიძლება, ჰარვარდი დაამთავრო და მთელი ცხოვრება სხვაზე იმუშაო, შეიძლება საშუალო სკოლის განათლება გქონდეს მხოლოდ და ჰარვარდდამთავრებულებმა შენზე იმუშაონ. ეს უკვე ადამიანზე, მამაკაცზეა დამოკიდებული.

– „პოკერ-შოუზეც“ მინდა მომიყვე. სრულიად ახალი სტილის გადაცემაა ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

– ამ ყველაფერს ცოტა დიდი ისტორია აქვს. გადაცემამდე მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ სპორტული პოკერის ასოციაცია. ბუნებრივია თავადაც, რა თქმა უნდა, ვთამაშობ. საქართველოში სამწუხაროდ, პოკერი ჯერ კიდევ აზარტულ თამაშად არის მიჩნეული. კანონმდებლობა ჯერ არ არის დარეგულირებული. ამერიკის ოცდაშვიდ შტატში, გერმანიასა და ავსტრიაში სპორტად აღიარეს. ჩვენი ფედერაცია პოკერის საერთაშორისო ფედერაციის წევრია და გვინდა, ჩვენს ქვეყანაშიც სპორტად აღიარონ. ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით გადაწყვეტილია, რომ პოკერი ოლიმპიურ თამაშებში შევიდეს. ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ფორმირების უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენ გვექნება. პოკერის პოპულარიზაციისთვის გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა სატელევიზიო შოუ, თუმცა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ის კაზინოში უნდა ჩაგვეტარებინა. პოკერს ცუდად აღიქვამენ – აზარტთან, ფულთან არის დაკავშირებული, რეალურად კი ასე არაა. კაზინოში დილერი გეთამაშება, სადაც ან იგებ ან აგებ ფულს. სპორტულ პოკერში დილერის მაგივრად მსაჯი დგას და თამაშის მსვლელობას თვალს ადევნებს.

ერთი სიტყვით, მოვიგონეთ ონლაინ-თამაში, სადაც ბანქოც კი არ რიგდება და თამაში მიდის ლეპტოპებით. ეს სრულიად ახალი იდეაა, დავაპატენტეთ და გვინდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც გავაკეთოთ მსგავსი შოუები.

– თავად თუ გითამაშია ფულზე?

– რა თქმა უნდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აზარტული ვარ, ამას ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია. ყველაფერი ნებისყოფაზეა დამოკიდებული. თუ კაზინოში შევდივარ განსაზღვრული თანხა მაქვს, რომელიც არც ამაშენებს და არც არაფერს გამიკეთებს. ამიტომ, ზომიერების ფარგლებში მომიგია და წამიგია. სიამოვნების გამო ვთამაშობ და ეს ჩემი შემოსავლის წყარო არასდროს იქნება. სხვის უბედურებაზე გამდიდრების სურვილი არასდროს მქონია – ვიღაც გამომეჭირა კაზინოში, ვინც თამაშში ვერ ერკვევა და მისთვის ყველაფერი მომეგო. მითამაშია ატლანტიკ-სიტიში და იქ ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება თბილისური კაზინოებისგან. აურაა სხვანაირი. იქ მოთამაშე ადამიანების ოთხმოცი პროცენტი გასართობადაა შემოსული, ჩვენთან კი ძალიან მძიმე სიტუაციაა, რაც გააჩნიათ ყველაფერს აგებენ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ამიტომაც, ვეცადეთ და მაქსიმალურად გავმიჯნეთ კაზინოსგან ჩვენი გადაცემა. ყველა გადაცემაში ერთი ცნობილი ადამიანი გვყავს, რომელთაგანაც რამდენიმემ ძალიან კარგად ითამაშა, რამდენიმე კი საერთოდ ვერ ერკვეოდა.

– კარგი და ცუდი მოთამაშე ვინ იყო?

– აჩი არველაძემ გამაკვირვა. ძალიან კარგად თამაშობს პოკერს და საერთოდ, აჩის ფენომენი მაგიჟებს, ყველაფერში ძალიან ნიჭიერია, უმართლებს და სულ ვამბობ, მისი წყალი გადამესხას-მეთქი. იმ დღეს არ გაუმართლა. დამწყებებიდან, რომლებმაც არ იცოდნენ თამაში და მხოლოდ ერთ დღეში ახსნილით საკმაოდ დიდხანს გაუძლეს პროფესიონალების შემოტევებს მაკა ცინცაძე და ანუკა ქებურია იყვნენ. გუკა რჩეულიშვილი მეორე ადგილზე გავიდა. ისე, გიორგი ცაბაძე და გივი ჯუღელი ევროპის პოკერტურზე ბარსელონაში მიდიან სათამაშოდ ჩვენი ეგიდით. უკვე ვგეგმავთ და მუშაობას ვიწყებთ მეორე სეზონზე.

– ამდენი საქმის ფონზე გართობასაც საკმაო დროს უთმობ, როგორ ასწრებ?

– იცი რა, შეუძლებელი არაფერია. ადამიანი ერთი შეხედვით ჩანს უბრალო არსება, მაგრამ სულ ვაკვირდები ლამების ცხოვრებას, რომლებიც სასწაულებს სჩადიან. ადამიანს ზებუნებრივი უნარები აქვს, რომლებსაც არ ვანვითარებთ ჩვენში, არ გვაინტერესებს, არ გვცალია ან სხვა. ყველაფერზე გეყოფა დრო. ათ და თხუთმეტ ასეთ სამუშაოს შეითავსებ, ამის სურვილი თუ გაქვს.

– გამოჩნდი თუ არა ეკრანზე, მაშინვე გაჩნდა ძალიან ბევრი ჭორი შენს გარშემო.

– კი ჭორები სულ იყო და ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ადამიანი საინტერესოა (იცინის). ჭორებს ერთ ყურში ვუშვებ და მეორედან ვატარებ. არსებობს ჭორის ტიპი, რომელიც უსაფუძვლოა და ზოგი, რომელსაც რაღაც საფუძველი აქვს. მაგალითად, ჭორი, რომელიც ჩემსა და კრისტის ურთიერთობაზე დაიწერა აბსოლუტურად მოკლებულია აზრს. ვინც წაიკითხავდა, მიხვდებოდა, რომ ორივე მხარე ვამბობდით მხოლოდ მეგობრები ვართ-მეთქი. მერე აჟიოტაჟი მოჰყვა კრისტის ფოტოებიან მაისურს, რომელიც მეცვა. უბრალოდ, მომეწონა ის მაისური და ჩავიცვი, ასე ანუკა ქებურიას მაისურიც მცმია. თუ „თბილისელები” თქვენ მაისურს გააკეთებთ და მაჩუქებთ, სიამოვნებით ჩავიცვამ და ვერავინ დამწამებს, რომ რომელიმე თანამშრომელი მომწონს (იცინის).

– არადა, ასეთმა ჭორებმა შეიძლება, რეალურად ვინც შენს გვერდითაა იმაზე იმოქმედოს.

– მართალია, ამწუთას არავინ მყავს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეჭვიანობის სცენებს ნამდვილად ვერავინ დამიდგამს. ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა მქონია, ეჭვი არ დამიმსახურებია. არც მე ვარ ეჭვიანი. თუ ადამიანი ჩემია, არ მომწონს „ერთად დავდივართ”, „დადიან” და ასეთი ფრაზები – უკვე სულ სხვა ურთიერთობაა, რომელიც აუცილებლად ნდობაზე უნდა იყოს აგებული.

– თუმცა „ფეისბუქზე” სასურველი სასიძოების ჯგუფში ხარ. სასურველი სასიძო ხარ?

– (იცინის) ასეთი გვერდების გაკეთება მარაზმად მიმაჩნია. რაც შეეხება სასურველ სასიძოებს, ვისთვის როგორ. პირადად მე, ჩემს ქალიშვილს რომ ჩემნაირი ტიპი შეუყვარდეს, სიამოვნებით გავაყოლებდი (იცინის). იდეალური არავინაა, მეც მაქვს ჩემი უარყოფითი თვისებები, მაგრამ, საერთო ჯამში, არა მიშავს.


скачать dle 11.3