როგორ ხეირობენ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ქვეყნის ბიუჯეტით და რატომ გადაერთო ქართული ოპოზიცია ვაშინგტონისთვის თავის მოწონების რეჟიმზე
ვიდრე ჩვენ, მეტადრე ჩვენი ხელისუფლება ტკბება საქართველოში მაღალ-მაღალი რანგის სტუმრების მიღებითა და ამით მოგვრილი სასიამოვნო შეგრძნებებით, არც ქართული ოპოზიცია ზის გულხელდაკრეფილი: იმის გარდა, რომ აქვე ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს (ქ-ნი ქლინთონი – შედარებით ვიწრო წრეს, ბ-ნი კუშნერი – გაცილებით ფართოს), არც ოკეანის გაღმა წასვლას უარობენ, თვით ისეთებიც კი, რომლებსაც არც ჩრდილოეთი ეპიტნავებათ და არც – დასავლეთი. შალვა ნათელაშვილმა აშშ უკვე მოიარა, კახა შარტავა აპირებს, ნინო ბურჯანაძეც ემზადება. მათ არც ირაკლი ალასანია ჩამორჩება (თუ არ უსწრებს). პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე განგვიმარტავს, რა პოლიტიკური სარჩული აქვს ქართული ოპოზიციის საგარეო ფრონტზე გააქტიურებას.
– ძალიან მოუხშირეს ჩვენმა ოპოზიციონერებმა ამერიკაში ვიზიტებს. თავს აწონებენ ოკეანისგაღმელებს? უკვე გამოცხადდა ტენდერი, ვინ შეცვლის მმართველ გუნდს მომავალ არჩევნებში?
– რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „ნე ოტ ხოროშეი ჟიზნი“. არც ის არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული, ასე რომ გვიხარია, ქლინთონი ჩამოვიდა და თქვა, ოკუპაციაო. კარგი ცხოვრება ის იქნებოდა, დიდი და ძლიერი ქვეყანა ვიყოთ და არავის დახმარება არ გვჭირდებოდეს და მაშინ არც ის გახდებოდა აუცილებელი, რომ ჩვენი პოტენციური კანდიდატი ხან ვაშინგტონმა მოიწონოს, ხან – მოსკოვმა და ხან – ბრიუსელმა. ამის ძირი მოდის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან: გამსახურდიამ ვერ შექმნა სახელმწიფოს საძირკველი. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან დაიწყო ტრაგიკული მოვლენები: უპირველესად, ეს იყო დილეტანტიზმი, არაპროფესიონალიზმი, ძველის ნგრევა და ახლის აშენება. მაშინ, როდესაც ცენტრალური აზია, რომელსაც ზემოდან ვუყურებდით...
– ახლაც ვუყურებთ.
– ჩვენი სისულელით, რას არ ვუწოდებდით ხოლმე, ისინი კი ნგრევას არ ჩქარობდნენ და ნელ-ნელა ცდილობდნენ, გარკვეულიყვნენ ვითარებაში. 30 წელია, ვსწავლობ საერთაშორისო პოლიტიკას და ჯერ არ შემხვედრია პრაქტიკაში, რომ ხელისუფლების სისტემის ცვლას ცხვარი შესწირვოდეს. დუშეთის რაიონს 110 000 ცხვარი ჰყავდა. ეს ცხვრები ერთ დღეში დაურიგეს ადგილობრივ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვებით: კოლმეურნეობა აღარ არის, კერძო საკუთრებაზე უნდა გადავიდეთო. რა მოხდა იცით? აზერბაიჯანელები ჩამოდიოდნენ, სატვირთო მანქანებით მიჰყავდათ და ერთ თვეში ერთი ცხვარი აღარ იყო დუშეთის რაიონში. გაიხსენეთ, ჯართის ტოტალური გატანა. დღეს ქლიბიც კი რომ აღარ იშოვება და თურქული ნაგვითაა გამოტენილი ბაზარი, იმის ბრალია, რომ მაშინ ყველაფერი გაიყიდა. ბოძებზეც კი აღარ დატოვეს სადენები.
– ნუ დავაბრალებთ ამას მხოლოდ ხელისუფლებას. ლეგენდად დადის ბალტიისპირეთის მაგალითი, როდესაც მოსახლეობა „სასწრაფოს“ თავისი ხარჯით უსხამდა ბენზინს, ჩვენ ამ დროს ბრინჯაოს ბიუსტებს ვიპარავდით და ვყიდდით. ამიტომაც, დღეს ბალტიისპირეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ჩვენ სად ვართ, აღარ დავაკონკრეტებ.
– ბალტიისპირეთში ჭკუით ანგრევდნენ. მათ ბრძოლის მეთოდებიც სხვა ჰქონდათ. ერთი სიტყვით, არ ვიყავით მომზადებული სახელმწიფოებრიობისთვის. ერთხელ ზვიადის მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, ბატონო სოსო, თქვენ გგონიათ, ვგრძნობთ, რომ მთავრობა ვართ? – კაბინეტებში ვერ ვჩერდებით, თავი ისევ „ბირჟაზე“ გვგონიაო. ჰამლეტ ჭიპაშვილი დერეფნებში ეძებდა მინისტრებს, რომ საბუთებზე ხელი მოეწერინებინა. თვითონ ზვიადიც ძალიან ცუდი მენეჯერი გამოდგა. ამით გამოირკვა, რომ მხოლოდ ინტელიგენტობა, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული არ არის საკმარისი სახელმწიფოს ასაშენებლად. რამდენიმე თვე გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მისი თანაგუნდელები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად გადაქცეულიყვნენ. დღეს უკვე მისი მომხრეებიც აშკარად ლაპარაკობენ, რომ ზვიადი ვერ მოერია თავის ოჯახს. ანეკდოტად იქცა „კარვის ქალები“. ეს თითქოს დეტალებია, მაგრამ სწორედ იქიდან მოდის ყველაფერი. შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და მოვიდა შევარდნაძე, რომელმაც თავის სტილში დაიწყო სახელმწიფოს შეკოწიწება. კადრები არ ჰყავდა და ამიტომ ძველ პარტიულ და კომკავშირელ ფუნქციონერებს დაეყრდნო. მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ იმ პერიოდში შემოვიდა ლარი და სახელმწიფო სახელმწიფოს ემსგავსებოდა. მახსოვს, მაშინ ევროპული გაზეთები წერდნენ ქართულ ეკონომიკურ საოცრებაზე.
– 1997 წელს იყო პირველი ეკონომიკური პიკი.
– ერთი დოლარი 1,22 ლარი ღირდა, დიზელის ყველაზე ძვირად ღირებული საწვავი – 19 თეთრი, ბენზინი – 60 თეთრი. ხალხმა თითქოს სული მოითქვა. მაგრამ შემდეგ შევარდნაძეც ვეღარ მოერია თავის გარემოცვას, ყურებამდე კორუფციაში ჩაეფლო და სახელმწიფოსგან დარჩა კარკასი. ამას შემდეგ დაემატა რუსეთის აგრესია და ისევ არაპროფესიონალიზმი. სად გაგონილა, 23 წლის ვაჟის გამინისტრება?! ვინც რა უნდა თქვას, რკინიგზა არის სტრატეგიული ობიექტი, შეიძლება, ამ სტრატეგიული ობიექტის 24 წლის ბიჭისთვის ჩაბარება?! მართალია, დღეს უკვე აღარ არის 24 წლის.
– ჩვენ თვალწინ გაიზარდნენ ჩვენი თანამდებობის პირები.
– დიახ, ჩვენ თვალწინ დაკაცდა რკინიგზის ხელმძღვანელი. მეორე მხრივ, ამ პატარა ბიჭებმა ძალიან მალე შეიფერეს თანამდებობები. თუ გუშინწინ მოწიწებით მხვდებოდნენ, დღეს დიდ პატივად მიიჩნევენ, თუ ხელს ჩამოგართმევენ, თუ სალამს გეტყვიან და მფარველობის ნიშნად ზურგზე ხელს მოგითათუნებენ. საიდან წამოვიდა ეს? იქიდან, რომ აღარც განათლებაა და აღარც მეცნიერება. სტალინზე იყო ლექსი: „რაც მიწისძვრას გადურჩა, ქარმა გაანიავაო“. განათლების სისტემაში, რაც ლომაიას გადაურჩა, ნოდიამ გაანიავა. შემდეგ გვარამია ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შაშკინი ნულიდან იწყებს, მაგრამ ხეს რამდენი წელი უნდა, რომ ნაყოფი მოგცეს? თხილს – 5 წელი, კაკალს – 10 წელი, პირველი კლასიდან რომ დავიწყებთ მომავალი თაობის აღზრდას, როდის მოგვცემს ნაყოფს?
– 20 წელიწადში.
– ასე რომ, განათლება საფრთხილო საქმეა და რეფორმების გადმონერგვა არ შეიძლება. გსმენიათ, რომ საქართველოში ჩატარებულიყოს კონფერენცია საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალურ საკითხებზე?! საგარეო პოლიტიკა ფეხბურთს დაემსგავსა, საგარეო პოლიტიკაზე ყველა ლაპარაკობს. და, აი, მივედით მთავარ საკითხამდე: რატომ დადის ჩვენი ოპოზიცია უცხოეთში?
– სანდოობის ტესტს აბარებენ?
– საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყდება საქართველოში და დამოკიდებულია იმაზე, როგორაა მომზადებული ჩვენი ხალხი. ჩვენთან დამკვიდრდა აზრი, რომ სააკაშვილს ეს რევოლუცია ამერიკელებმა მოუწყვეს. ესე იგი, ამერიკელები ყოვლისშემძლეები არიან და ვისაც უნდათ, იმას დანიშნავენ. ამიტომაც გაიყო ოპოზიცია: ერთი ნაწილი დადის ვაშინგტონში, მეორე – მოსკოვში. არიან ისეთები, რომლებიც იქაც დადიან და აქაც. ჩემი აზრით, შეცდომაა მოსკოვში სიარული, თუმცა არ მგონია, ვინც მოსკოვში დადის, სამშობლოს მოღალატეა, უბრალოდ ისინი დილეტანტები არიან პოლიტიკაში. პოლიტიკა ისეთივე მეცნიერებაა, როგორც ფიზიკა თუ ქიმია, ჩვენთან კი ყველას უნდა პოლიტიკოსობა, მაგრამ არ უნდათ პოლიტიკის სწავლა.
– იმიტომ რომ პოლიტიკოსობა მარტივია: პარლამენტში დალევ „ბორჯომს“, გექნება კაბინეტი და მოგემსახურება ავტომანქანა, პერიოდულად ხმასაც მისცემ და სიბერის ჟამს დაგენიშნება ყველაზე მაღალი პენსია ამ ქვეყანაში.
– პარლამენტშიც იგივე ხდება, რაც ხელისუფლების სხვა ორგანოებში. პარლამენტის რა ინტელექტუალურ პოტენციალზეა ლაპარაკი, როდესაც მმართველი პარტიის ნახევარი, თუ მეტი არა, ისე ამთავრებს ოთხწლიან ვადას, მიკროფონთან არ არის მისული?! „საპარლამენტო მებრძოლი“, რაც გიგა ბოკერია წავიდა პარლამენტიდან, აღარ გვყოლია. ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ის ნამდვილი პოლემისტი იყო. დამისახელეთ დღევანდელ პარლამენტში ერთი ასეთი პოლემისტი?! მეტიც, ერთი მესამედი ისე ლაპარაკობს, მათ ქართულს ვერ გაიგებ. თუმცა რას ვერჩით პარლამენტარებს, როგორი ქართული გვესმის ტელევიზიებიდან?! რატომღაც მოდაში შემოვიდა წინადადების ბოლოს მახვილის დასმა. რად უნდა ქართულს მახვილი?! თუ ისე გაინგლისურდნენ, რომ მახვილის გარეშე ვერ ლაპარაკობენ?!
– თუ ასე განაგრძეს, მალე „ყ“-ს გამოთქმაც გაუჭირდებათ.
– ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის იმ თაიგულს, რაც დღეს გვაქვს, რომელსაც ყველაფრის სუნი აქვს, გარდა ვარდისა. ისევ ოპოზიციის უცხოეთში ვიზიტებს რომ დავუბრუნდეთ: რასაკვირველია, შიდა აქტიურობა გარე აქტიურობასთანაა დაკავშირებული. რადგან უცხოელები ჩამოდიან, ჩვენმა პოლიტიკოსებმა იფიქრეს, ესე იგი, უცხოელები ისევ დაინტერესდნენ საქართველოთიო. თუ დაინტერესდნენ, ესე იგი, ისევ თვითონ შეარჩევენ კანდიდატს, ამიტომ, მოდი, გასინჯვაზე წავიდეთო. მიდიან, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტში პირველ პირებს კი არ ხვდებიან, არამედ მეათე-მეოცე რანგის ჩინოვნიკებს.
– თქვენ ქართული ოპოზიციის გააქტიურებას პირდაპირ უკავშირებთ უცხოელების საქართველოს ხელისუფლებასთან გახშირებულ ვიზიტებს?
– სანამ იქიდან ცოტანი ჩამოდიოდნენ, ოპოზიციაში ფიქრობდნენ, ევროპას და ამერიკას აღარ ვაინტერესებთ, ამიტომ, მოდი, რუსებს მივაკითხოთო და მოსკოვში დაიწყეს სიარული, თუმცა ორივე შეცდომაა. მე, მაგალითად, ვერ ვაღიარებ პოლიტიკოსად მას, ვინც მხოლოდ უცხოეთში დადის და ვერც მათ, ვინც მოსკოვში დადის, იმიტომ რომ მოსკოვში სიარულს ახლა არანაირი მომავალი არ აქვს, რადგან არ გააჩნია პრაგმატული საფუძველი. პოლიტიკა კი, უპირველესად, პრაგმატიზმია. დღეს რუსეთს არ აქვს სოციალური დასაყრდენი საქართველოში. იმას მაინც მივაღწიეთ, რომ აქ მეხუთე კოლონა ვერ შეიქმნა. არადა რუსეთს ყველგან ჰყავს მეხუთე კოლონა, ბალტიისპირეთშიც კი, რუსი მოსახლეობის სახით. ეს უკვე ჩვენი ხალხის მენტალობის დამსახურებაა: ჩვენთან მცხოვრები რუსი ქართველის მტრად არ იქცა, მაშინ, როდესაც ბალტიისპირეთში რუსი ესტონელის, ლიტველის, ლატვიელის მტერია, ისევე, როგორც რუსი მტერია პოლონელისთვის. ანუ ჩვენთან არ არსებობს ბაზა და ამიტომაც მოსკოვში სიარული უშედეგოა. რაც შეეხება დასავლეთს: აქაც გამომჟღავნდა ჩვენი სულსწრაფობა. ვინ რჯიდა ჩვენს პოლიტიკოსებს, ბუქარესტის სამიტის წინ რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ასპროცენტიანი მაპი გვაქვსო?! მხოლოდ დავით ბაქრაძე, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, იქცეოდა თავშეკავებულად და არ არიგებდა გაუნაღდებელ თამასუქებს. შემდეგ, როდესაც უარი გვითხრეს, ამ პოლიტიკოსებს ეყოთ ურცხვობა და განაცხადეს, მაპი არა, მაგრამ მაპზე უკეთესი მოგვცესო. ომის წინ მასხარაშვილმა ექვსი სტატია გამოაქვეყნა, თუ ომი იქნა, რუსეთს ვლადივოსტოკს დავატოვებინებთო. ეს ყველაფერი ჩვენი აღმოსავლური ბუნებისა და სიფიცხის შედეგია. ამას ემატება დილეტანტიზმიც და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. ოპოზიცია ვერ იქცა ნამდვილ, ძლიერ ოპოზიციად. მე ბოლო ხანს ხშირად ვაკრიტიკებ ოპოზიციას, იმიტომ რომ ოპოზიციის გარეშე ძლიერი დემოკრატია არ გვექნება. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია იმით დაკმაყოფილდა, რომ ბიუჯეტიდან ფულს იღებს.
– ძალიან საინტერესო რამ გამოვიდა: ყველამ, ვისაც თითოკაციანი პარტია ჰყავს – ახლად შექმნილი თუ სამკაციანი, თვით ზურაბ ნოღაიდელის ხელისუფლების მიერ იარლიყმიკერებულმა პარტიამაც კი, მიიღო საბიუჯეტო დაფინანსება?
– დამანახვეთ, სად არის გამსახურდიას პარტია?! სად არის ბაღათურიას პარტია?! სად არის სალომე ზურაბიშვილის პარტია?! ყველამ მიიღო ფული და ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ თანხას იმსახურებენ. სალომე ზურაბიშვილს თეთრს არ მივცემდი, იმიტომ რომ მან ქართული დიპლომატია დაანგრია. პროფესიონალი თანამშრომლები ერთ დღეს გაყარა საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ქუჩიდან, კონკურსით, მიიღო თანამშრომლები. არსებობს ორი სფერო: უსაფრთხოება და დიპლომატია, სადაც კონკურსით კადრების შერჩევა არ შეიძლება. წარმოგიდგენიათ, უშიშროების სამსახურმა კონკურსი მოაწყოს? ჩააბარებინოს მსურველებს უნარ-ჩვევების ტესტი და ასე მიიღოს?! მეტიც, აი, ამ ორი სფეროს თანამშრომლები ქვეყანაში უნდა მომზადდეს, ასეთ საქმეს თვით მეგობარ ქვეყანასაც არ ანდობენ, იმიტომ რომ გადაბირების დიდი ალბათობაა. მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ საქართველო ნელ-ნელა სახელმწიფოს ემსგავსება, მაგრამ ნარცისიზმი არ უნდა დაგვემართოს. არადა ნარცისიზმი ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლია. ოპოზიცია დღეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უნდა შეეწინააღმდეგოს და სძულდეს ხელისუფლება. ასევე, პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომელსაც სძულს პოლიტიკური ოპონენტი. ნუგზარ წიკლაურმა, როდესაც გაზეთში დაწერა, რომ ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისადმი სიძულვილის გარდა არაფერს ვგრძნობო, ხელი მოაწერა იმას, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. მაგრამ სწორედ ამის შემდეგ, თუ სწორედ ამის გამო არა, შეიყვანეს პარლამენტში. როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა, დავიცავ გენდერულ კორექტულობას და გვარს არ დავასახელებ, რუსეთის აგრესიის შემდეგ გამოაცხადა, ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ტერიტორიულ მთლიანობასთანო, არავის მოუთხოვია მისთვის ამის გამო პასუხი.
– რაკი ვაღიარებ ქალისა და კაცის თანასწორობას, მე ვიტყვი, ეს ქალბატონი ეკა ხერხეულიძეა.
– მე არ მითქვამს. როდესაც პარლამენტარი ხარ, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდე. მე შემიძლია, ვთქვა ნებისმიერი სისულელე, იმიტომ რომ პასუხს არ ვაგებ და მხოლოდ ჩემს თავს წარმოვადგენ, მაგრამ შენ ხომ ამომრჩევლის წარმომადგენელი ხარ?! ყველაფერი ეს ერთად აღებული ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს ემსგავსება. ფული არ არის, მაგრამ მაინც შენდება ქვეყანა, დახმარებას კი მხოლოდ ლამაზი თვალებისთვის არავინ გვაძლევს.
– რომ ჩვენ და ინვესტორებმა ვისრიალოთ ავტობანებზე.
– რა თქმა უნდა, ესე იგი, რაღაც სხვა მოტივაციაა: ისინი ფულს დებენ დემოკრატიაში. ხედავენ, რომ ეს ფული ქვეყანას ხმარდება.
– ალბათ, ქვეყანასაც.
– როგორც გნებავთ. თორემ ჩვენზე გაჭირვებული ასი ქვეყანაა აფრიკაში. აფრიკაში, ბაზარში, მინახავს, როგორ იყიდება ნაჭერ-ნაჭერ საშუალო ზომის ოთხად გაჭრილი ხახვი. თან ისეთ მდიდარ ქვეყანაში, როგორიც ნიგერიაა. არ იციან, სად წაიღონ ნავთობი, მაგრამ მათ არავინ ეხმარება. იმიტომ რომ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი საქველმოქმედო ორგანიზაციები არ არის. შესაბამისად, თუ აქ დებენ ფულს, ესე იგი, პერსპექტივასაც ხედავენ; ესე იგი, რაღაც იცვლება. ლამაზი ლოზუნგია, „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. მე უკვე ვაკონკრეტებ, რა არის გასაკეთებელი, ვინც ხელისუფლებაშია, იმან უფრო მეტად იცის, რა არის გასაკეთებელი.
– პოლიტიკური სიმწიფე აკლია ორივე მხარესო. ამასობაში ექვსი წელი გავიდა. მართალია, თითქმის ყველა ჩინოვნიკ-პოლიტიკოსი ჩვენ თვალწინ დაკაცდა, მაგრამ ჭკუაში თუ ჩავარდა?
– შეიძლება, მტრები გავიმრავლო, მაგრამ ჩვენ ახალი გენერაციის ოპოზიცია გვჭირდება. ამას კი ვატყობ მხოლოდ ალასანიასა და „ქრისტიან-დემოკრატებს“. ბევრს „ქრისტიან-დემოკრატები“ გულზე არ ეხატება.
– არც ალასანია.
– მაგრამ მე მათში ვხედავ ოპოზიციას, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია ქუჩის აქციები. ქუჩის აქციებს არსად მოუტანია სიკეთე კაცობრიობის ისტორიაში. ტირანს თუ იარაღით მოკლავ, მკვლელი ხდები. ამიტომაც მგონია, რომ ეს ორი ძალაა ახალი გენერაციის ოპოზიცია. მათ, ჩემი აზრით, აქვთ პერსპექტივა. შემთხვევითი არ არის, რომ ქლინთონი სწორედ ამ ორს შეხვდა. ეს მას ხომ არ მოუფიქრებია ვაშინგტონში, აქაურმა საელჩომ ურჩია და ამით თქვა, რომ ხელისუფლებაში მოვა ალასანია ან, „ქრისტიან-დემოკრატებიო“. სწორედ ამან გამოიწვია დანარჩენების გაცოფება. ამერიკის საელჩომ სხვები არ ჩათვალა პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალებად. რაც შეეხება კუშნერს: მან გააფართოვა წრე, რადგან მაინც ფრანგია და ნებისმიერ ფრანგ დიპლომატში ფეთქავს ტალეირანის სული, ამერიკელები კი მაინც ტეხასელი კოვბოების შთამომავლები არიან. აი, ასე მარტივადაა ყველაფერი.