ვის უწვავდა ყოველ დილით კვერცხს თეთრ სახლში ჰილარი კლინტონი და რით შევიდა ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში
მისი მეგობრები ახასიათებენ: „მან იცის, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს“. მას ინტელიგენტ, მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად მიიჩნევენ. მასთან დაახლოებული პირები მის მახვილგონივრულობასა და იუმორის გრძნობას უსვამენ ხაზს. მას ნებისმიერი კატეგორიის ადამიანთან შეუძლია საერთოს გამონახვა და თითქმის ყველა, ვინც კი მას პირადად შეხვედრია, მის ქარიზმატულობაზე მიანიშნებს. ლაპარაკია, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ პოლიტიკოსზე – ჰილარი როდემ კლინტონზე, ადამიანზე, რომელმაც არ იკმარა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის ამპლუა და მსოფლიო პოლიტიკაში სახელმწიფო მდივნის სტატუსით დაბრუნდა.
* სკოლაში სწავლის პერიოდში ჰილარი ასტრონავტობაზე და დიდ კოსმოსზე ოცნებობდა. თუმცა, იმ დროს ქალებს არ გზავნიდნენ კოსმოსში და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო ლობირებს მთელი ცხოვრება ჰილარი ფემინისტურ შეხედულებებს.
* მეუღლე, ბილ კლინტონი, ჰილარიმ 1970 წელს ბიბლიოთეკაში გაიცნო. დაჟინებით მომზირალ სტუდენტს ჰილარი მიუბრუნდა და უთხრა: „თუ ჩემს თვალიერებას არ მორჩები, იძულებული გავხდები, ზურგით დაგიჯდე, თუმცა იქნებ ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი“, – ასეთი იყო ჰილარის და ბილის პირველი საუბარი. ახალგაზრდობაში ბილი მას „ორფეხა შეშლილს“ უწოდებდა. გაცნობიდან 5 წელიწადში ისინი დაქორწინდნენ, ხოლო 1980 წელს ერთადერთი ქალიშვილი, ჩელსი შეეძინათ. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ჰილარიმ შექმნა ბილისგან პოლიტიკური ვარსკვლავი, ხოლო ბილის პრეზიდენტობის პერიოდში, დიდ გავლენას ახდენდა მის პოლიტიკურ კურსზე. იმდროინდელ ამერიკაში პოპულარული იყო ანეკდოტი: „ამბობენ, რომ ბილმა დამატებითი დაცვა დაუნიშნა ჰილარის, რატომ? იმიტომ, რომ თუკი ჰილარი თავდამსხმელების მსხვერპლი გახდება, იგი იძულებული იქნება ამერიკის პრეზიდენტი გახდეს.“
* როდესაც 1993 წელს კლინტონების ოჯახი თეთრ სახლში გადაბარგდა, ჰილარიმ ოთახი ოვალურ კაბინეტთან ახლოს დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, პრეზიდენტთა ცოლების ბიურო, ოვალური კაბინეტისგან მოშორებით, აღმოსავლეთ და არა დასავლეთ ფლიგელში მდებარეობდა. ჰილარის გამოჩენისთანავე თეთრ სახლში აიკრძალა სიგარეტის მოწევა, ფრანგული სამზარეულო შეიცვალა ამერიკულით, ხოლო რაციონში გაჩნდა ბროკოლი. ტრადიციულად, ჰილარი სამზარეულოში სადილობდა და არა სასადილო ოთახში და ყოველ დილით თვითონ უწვავდა კვერცხს ჩელსის.
* ბილის გაპრეზიდენტების პირველ დღეებში ამერიკელები კლინტონების ოჯახის შიდა არეულობაზე ბევრს საუბრობდნენ. ვრცელდებოდა უამრავი ჭორი, მათ შორის, თითქოს ჰილარი, აფექტურ მდგომარეობაში ხშირად ესხმოდა თავს მეუღლეს ვაზით, წიგნით ან საფერფლით შეიარაღებული. გარდა ამისა, პრესით თუ ტელევიზიით მიმდინარეობდა მისი მეუღლის სექსუალური თავგადასავლებით აღსავსე ისტორიების გამომზეურება – მონიკა ლევინსკიდან დაწყებული ჯენიფერ ფლაუერსით დამთავრებული, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 12 წლის განმავლობაში რომანი ჰქონდა ბილთან. ყველა ამტკიცებდა, რომ ბილი ცოლს ღალატობსო, თუმცა ჰილარი შეუვალი იყო და აცხადებდა, რომ მისი და ქმრის პირადი ცხოვრება, მხოლოდ მათი საქმეა.
* ჰილარი კლინტონი ცნობილია თავისი მოწოდებებით. მაგალითად, იგი ღიად უჭერდა მხარს თავისუფალი წყვილების ჯგუფურ სექსს და ბავშვების მიერ მშობლების ძალადობის გამოვლენის ფაქტზე, სასამართლოში ჩივილს მესამე პირის დახმარების გარეშე. ჰილარი იცავდა აბორტის მომხრეებისა და ჰომოსექსუალთა უფლებებს და აგრეთვე მხარს უჭერს ქალების გაწვევას ჯარში.
* ჰილარი კლინტონს მუდამ თან დააქვს წიგნი, ციტატებით წმიდა ნაწერებიდან. ჰილარი მეთოდიზმის – პროტესტანტიზმის მიმდევარია, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში აღმოცენდა. ეს რელიგია გავრცელებულია ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეთოდიზმი მკაცრად მოითხოვს რელიგიური დირექტივების დაცვას, ქადაგებს თავმდაბლობასა და მოთმინებას.
* კლინტონების ოჯახის საერთო ქონება 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 21,5 მილიონი დოლარი ჰილარის პირადი კაპიტალია. იგი ფლობს უოლ-მარტრის სუპერმარკეტების ქსელის აქციებს.
* 1993 წელს, ჰილარი მამას, 82 წლის პარალიზებულ ჰიუგო როდემს 16 დღის განმავლობაში არ მოშორებია გვერდიდან და ლოგინად ჩავარდნილ მშობელს ყველა საჭირო პროცედურას თვითონ უტარებდა. როდესაც ექიმებმა უთხრეს, რომ მდგომარეობა უიმედო იყო, ჰილარი ვაშინგტონში, თავის საქმიანობას დაუბრუნდა, ხოლო 2 დღის შემდეგ მამამისი გარდაიცვალა.
* 1995-2000-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის რანგში, ჰილარი კლინტონი გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთს „საუბრები ბოლომდე“, სადაც იგი იმ ქალებისა და ბავშვების ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ წერდა, რომელთაც შეხვედრია საგარეო ვიზიტების პერიოდში.
* ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთადერთი ყოფილი პირველი ლედია, რომელმაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა.
* ჰილარი კლინტონის „აიქიუ“ (IQ) ანუ ინტელექტის კოეფიციენტი, 140-ს შეადგენს, რაც გენიოსობის ნიშანია. ცნობისთვის, მისი მეუღლის, ბილ კლინტონის IQ 137-ია.
* 2008 წლის 7 იანვარს ჰილარი კლინტონმა გაიხსენა ჯორჯ ბუშ-უმცროსის ფრაზა, ვლადიმირ პუტინის თვალებში ჩახედვის და იქ სულის დანახვის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშს ჰილარიმ უთხრა, რომ პუტინი, სუკის აგენტია, ხოლო სუკის აგენტებს, სული არ აქვთო.