კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი და რატომ უმალავდა საზოგადოებას ნაპოლეონი საკუთარ დებს ფერადი შუშების მიღმა



მომღერალი ეკა გაბიტაშვილი უკვე ბავშვობიდან იყო გატაცებული ნივთების შეგროვებით. ის სხვადასხვა დროს აგროვებდა მინიატურულ ფიგურებს, ბიჟუტერიას, მაცივარზე მისაკრავ მაგნიტებს... ამჟამად იგი წყლიან ბურთებს აგროვებს, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას იძენს. სულ ახლახან კი ნიღბების შეგროვება დაიწყო. ეკამ დაგვათვალიერებინა თავისი კოლექცია და ბევრი საინტერესო ამბავიც გვიამბო.



ეკა გაბიტაშვილი: ბავშვობიდან მომწონს წყლის ბურთები, მაგრამ, რატომღაც არ ვაგროვებდი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ასაკიდან მიტაცებდა კოლექციონერობა და სულ რაღაცეების შეგროვებით ვიყავი გატაცებული. იყო დრო, როდესაც მინიატურული ფიგურები მომწონდა, შემდეგ ნუმიზმატიკამ გამიტაცა, მოგვიანებით ბიჟუტერიის შეგროვება დავიწყე, იმის შემდეგ – მაცივარზე მისაკრავი მაგნიტების... წყლიანი ბურთულების კოლექციას არც ისე დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი – 2007 წლიდან დავიწყე მათი შეგროვება. ვყიდულობ, როდესაც რომელიმე ქალაქში ან ქვეყანაში მივდივარ, შემდეგ ამ ბურთებსაც იმ ადგილის სახელს ვუწოდებ, სადაც თითოეული მათგანია შეძენილი. სულ პირველად აი, ეს „რომი“ შევიძინე. სამწუხაროდ, ვენიდან არ ჩამომიტანია არაფერი ამ კოლექციისთვის, არც მოსკოვიდან, მიუხედავად იმისა, რომ, რაც ამგვარი ბურთების შეგროვება დავიწყე, მას შემდეგ ოთხჯერ მოვიარე ეს ქალაქი. სადაც მივემგზავრები, ყველგან ვეძებ ბურთებს. სიმართლე გითხრათ, ბევრგან არ იყიდება. თან, ორიგინალური ბურთები მიტაცებს. ბოლოს ვენეციაში ვიყიდე – მხოლოდ ერთადერთ ადგილას აღმოვაჩინე ისეთი ბურთი, რომელშიც გონდოლიორია გამოსახული. დანარჩენები სრულიად განსხვავებულები იყვნენ. მოკლედ, თუ სუვენირების მაღაზიაში შევედი, ყველამ იცის, რას ვეძებ. თუ სადმე მოჰკრავენ თვალს, მეგობრები მაშინვე მეძახიან: ეკა, მოდი ამ განყოფილებაში წყლის ბურთები იყიდებაო.

– ალბათ გჩუქნიან კიდეც?

– ხშირად. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა ამას წინათ ჩინეთში შეძენილი ძალიან ორიგინალური წყლის ბურთი მაჩუქა, მაგრამ, რატომღაც, რადგან მე იმ ქვეყანაში ნამყოფი არ ვარ, ჩემს კოლექციაში ვერ გავაერთიანე და ცალკე მიდევს. ამ როიალზე, მხოლოდ ის ბურთებია მოთავსებული, რომლებიც ჩემი შეძენილია.

– ანუ, ყოფილხარ ვენეციაში....

– ვიყავი ვენეციაში, რომში, სტამბულში, ფლორენციაში, მადრიდში, პამპლონაში, ვატიკანში, ვენაში, ანტალიაში, კვიპროსზე... ეს ბურთი კი ბაქოში შევიძინე. ბაქოსთან ძალიან კარგი ემოცია მაკავშირებს, რადგან იქ ჩატარდა ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსი, სადაც მე პირველი ადგილი მოვიპოვე.

– თუ ამ კოლექციის რაოდენობით ვიმსჯელებთ, ბევრი საინტერესო რამ გაქვს ნანახი. რომელი ადგილი დაგამახსოვრდა განსაკუთრებულად?

– ჩემთვის ყველაზე სანატრელი ქალაქი, სადაც მინდოდა, მოვხვედრილიყავი, იყო ვენეცია. წყალს, გონდოლებს, ამ სილამაზეს რომ ვუყურებ ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე და სულიერად ვისვენებ. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, როდესაც ჩემს მეუღლესთან ერთად მოვხვდი ვენეციაში. მოგეხსენებათ, მე ექვსი თვე ვსწავლობდი რომში. იქ წასვლამდე მე და ჩემი მეუღლე დანიშნულები ვიყავით და მან ორჯერ მომინახულა. ვნახეთ ძველი ისტორიული ქალაქები, ტივოლი, ყველაზე ძველი ევროპული ბაღი, რომელშიც ხუთასზე მეტი ფანტანია განთავსებული, მეორე ჩამოსვლაზე კი წავედით ვენეციაში. იქ წყლის ბურთების ძალიან დიდი არჩევანი იყო და ხვიჩა დავტანჯე სიარულით, სანამ ავირჩიე.

იტალიაში ყოფნისას მეგობრები ხშირად ვანებივრებდით საკუთარ თავს ექსკურსიებით. ძალიან მომეწონა ქალაქი სუტრი. იქ რომ ჩავედით, ქალაქი თითქმის მთლიანად დაცარიელებული დაგვხვდა, მარტო ჩვენ დავდიოდით, ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა. თურმე, ამისი მიზეზი ჩვენ ჩასვლამდე ორი დღით ადრე მომხდარი საშინელი მიწისძვრა იყო. ამის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში პატარ-პატარა ბიძგები მეორდებოდა, სუტრი კი იმდენად ძველი ქალაქია, რომ თავდაცვის მიზნით ყველა გახიზნულიყო და მხოლოდ მოხუცებსა და ძაღლებს თუ დაინახავდით. ჩვენ იმათ ვუყურებდით გაკვირვებულები და ისინი – ჩვენ.

მაქსიმალურად დავათვალიერე იტალიის დედაქალაქიც. რომში, ვენეციის მოედანზე, არის მწვანე ფერის, ხის აივანი, რომელიც ასეთ ულამაზეს და მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი არქიტექტურის ქალაქში აშკარად არ „ჯდება“ მაგრამ, თურმე, ასეთი სახით იმიტომ ინახავენ, რომ ის ისტორიული აივანი ყოფილა, საიდანაც მუსოლინის იტალია ფაშისტურ სახელმწიფოდ გამოუცხადებია. ამავე ნაგებობის უკანა მხარეს ღია ვერანდაა, სადაც ნაპოლეონის დებს უცხოვრიათ, რომლებიც, როგორც გვიამბეს, თურმე საშინელი უსაქმურები ყოფილან და დღე და ღამე ამ ვერანდაზე ისხდნენ უქმად. რის გამოც მთელი იტალია დასცინოდა. რადგან დებს ვერაფერი მოუხერხა, ამიტომ ნაპოლეონს ეს ვერანდა ფერადი შუშებით შეუმინავს, რომ ხალხს ისინი ვეღარ დაენახა. ვნახე ის სტამბაც, სადაც თავის დროზე დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი. აბრაცაა გაკეთებული, რომელიც ამ ამბავს ადასტურებს. ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთებში, როდესაც იტალიელ მეგობრებთან ერთად აღმოვჩნდი ასეთ მნიშვნელოვან ადგილას.

ფლორენციაში საერთოდ გავგიჟდი... მიქელანჯელოს „დავითს“ რომ შენი თვალით ნახავ, ფასტანტიკაა, აბა რა! ფლორენციაც ძალიან მიყვარს, იმ დროის განმავლობაში სულ მუზეუმებში დავდიოდი. არც საჭმელად შევალ სადმე, არც საყიდლად, ოღონდ მუზეუმებში მატარე. საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან მიყვარს იტალიური მხატვრობა.

საინტერესო იყო ესპანეთიც, იქ პამპლოაში ვიყავი. ეს იცით, რომელი ქალაქია?! ერთ-ერთ ზეიმზე ხარებს რომ უშვებენ პირდაპირ ქუჩებში. ზუსტად ამ ზეიმის დღეებს დაემთხვა ჩემი ჩასვლა და უნდა გენახეთ, რა შეშინებული დავდიოდი. არადა, სპეციალურად ამ ფესტივალს ამთხვევენ ტურისტები იქ ჩასვლას. სპეციალურად იცვამენ თეთრ ფორმას, იკეთებენ წითელ ყელსახვევს და მოხალისედ მიდიან. მართალია, მე არ მესმის, რატომ, მაგრამ, ადგილობრივებიც და ტურისტებიც, გიჟდებიან, ისე მოსწონთ ეს დღესასწაული.

– ნიღბების შეგროვების სურვილი ვენეციაში ყოფნის შემდეგ გაგიჩნდა?

– ვენეციაში დავათვალიერე ნიღბების უზარმაზარი მუზეუმი და დიდი სიამოვნება მივიღე. იქვე იყიდებოდა ნიღბები, თითოეული მათგანი მართლაც ხელოვნების ნიმუშია: ზოგი მოოქროვილი იყო, ზოგი მომინანქრებული, ზოგი სვაროვსკის თვლებით მოჭედილი და ასე შემდეგ. ეს ნიღბებიც იქაა შეძენილი. ეს ყველაზე დიდი ზომის ნიღაბი კი ჩემმა მეგობრებმა მისახსოვრეს, მას ნოტები ახატია და ქუდზე ზანზალაკები აქვს დამაგრებული. მითხრეს, ასეთი ნიღაბი შეეფერება მუსიკოს ქალბატონს და იმიტომაც შეგირჩიეთო.

– ძნელი მოსავლელია შენი ბურთები?

– საკმაოდ. მათი ტრანსპორტირება არც ისეთი ადვილი საქმეა, რადგან მისი ჩანთაში ჩადების ნებართვას არ გაძლევენ, ვინაიდან მათში სითხე ასხია და ამიტომ უნდა ჩააბარო სხვა ბარგთან ერთად. ერთხელ გატეხილიც ჩამოვიტანე ერთი ბურთი და ძალიან გული დამწყდა. ეს ბურთები ოჯახის სტუმარი ბავშვების საყვარელი საგნებია. ამას წინათ მეგობარს ბავშვი ჰყავდა მოყვანილი. უფროსები მეორე ოთახში გავედით. უცებ, ვხედავ, ისიც შემოვიდა ჩვენთან და ხელში ესპანეთის ტორეადორი უჭირავს. თვალებში დამიბნელდა... მაშინვე ვთხოვე დაედო. ბავშვს გაუკვირდა, რადგან, საერთოდ პატარების მიმართ ძალიან ლოიალური ვარ და ჩემგან არ მოელოდა?! (იცინის) ვუთხარი, რაც გინდა აიღე, ოღონდ ეს დადე თავის ადგილას-მეთქი. ახლა ვიზას ველოდები და მოსკოვში ვაპირებ წასვლას გარკვეული დროით. იქ ჩემი მეუღლე მუშაობს, ის რუსეთის მოქალაქეა. ჰოდა, თავსატეხი მაქვს გაჩენილი, არ ვიცი ეს ბურთები როგორ უნდა წავიღო თან. მეშინია, რომ არ გავტეხო. იქ რომ არ მქონდეს, სადაც მივდივარ, ალბათ, ძალიან მოვიწყენ.

– ესე იგი, მალე ამ კოლექციას მოსკოვის ბურთიც მიემატება.

– დიახ. შემდეგ გერმანიაში ვაპირებ წასვლას ცოტა ხნით, ჩემი დაქალის მოსანახულებლად, იქაურ ბურთსაც შევიძენ აუცილებლად და, რა გითხრათ, ზუსტად ვიცი, რომ ეს გატაცება კარგა ხანს არ გადამივლის.

– სულ რამდენი წყლის ბურთი გაქვს ამჟამად შეგროვილი?

– სულ 25 ბურთი მაქვს ამჟამად, ოცდახუთ ქვეყანაში არა, მაგრამ ოცდახუთ ქალაქში მიმოგზაურია (იცინის). ამ 25-ში არ ვგულისხმობ ნაჩუქარ ბურთებს. ნიღბები ჯერ ათიც არ იქნება, მაგრამ მათი შეგროვება უკვე სერიოზულად დავიწყე.

– გაჩუქება შეგიძლია?

– არ ვიცი... მგონი, არა (იცინის), როგორ უნდა გავაჩუქო, დედაჩემისთვის ვერ დამიტოვებია. დედა მე და ჩემს მეუღლეს გვეუბნებოდა, ძვირფასი კობალტის ვაზა მაქვს და მზითვში უნდა გამოვატანო ეკასო. ჩვენ კიდევ, მადლობის მაგივრად, – გმადლობთ არ გვინდა, ბურთებს წავიღებთ მოსკოვშიო (იცინის), – ვუთხარით. ვაზას რომ შევხედავ, რა უნდა გამახსენდეს, ამ ბურთების დანახვისას კი მთელი მოგზაურობა და ბედნიერი წუთები მიდგება თვალწინ.

– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?

– მახსოვს ჩემს ბავშვობაში, მეზობელს ჰქონდა ამდაგვარი წყლიანი ბურთულა, რომელშიც ორი გედი დაცურავდა. სულ იმას შევნატროდი ხოლმე, ძალიან მომწონდა. ყველა ბურთი ძალიან ლამაზი და საყვარელია, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია აი, ეს ნეფე-პატარძალი, რომელიც ქორწილში მაჩუქა მეუღლემ. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტს მაგონებს.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3