„შენი იყო, ახლა ჩემია“
ექსკლუზიური გამონაკლისი
ერთი მხრივ, აშშ ჯიუტად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამის პარალელურად კი – კოსოვოს დამოუკიდებლობას; მეორე მხრივ, რუსეთიც არანაკლებ ჯიუტად ცნობს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო პარალელურად – აფხაზეთ-„იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას. სულ ახლახან გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, რომელსაც სერბეთის ხელისუფლებამ მიმართა თხოვნით, დაედგინა კოსოვოს ცნობის სამართლებრივი საფუძვლების სამართლიანობა, დაასკვნა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა სამართლებრივად ეკუთვნის. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, პირველი აშშ-ის სახდეპარტამენტი გამოეხმაურა (მისალმებით), თანაც, დასძინა, რომ კოსოვო უნიკალურია და ის პრეცედენტად არ უნდა იქცეს (თუმცა გაუგებარია, რატომ ვერ იქცევა პრეცედენტად, თუ, მაგალითად, რუსეთი ისე გაძლიერდა, რომ დანარჩენები თავისი „დუდკის“ ქვეშ ააცეკვა?!). ჯო ბაიდენმა სერბეთს კოსოვოზე ჩაბღაუჭებისთვის თავის დანებების, რეალობას შეგუებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ მოუწოდა. საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტის გამო განცხადება არ გაუკეთებია (ისიც საქმეა, ჯერჯერობით კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ არ გვიღიარებია), სამაგიეროდ, საქართველოს საერთო მაუწყებლებმა იაქტიურეს. სიუჟეტების ლოგიკაში აშკარად იკითხებოდა, რომ სერბთა მიერ ჩაგრულმა ალბანელებმა დამოუკიდებლობა დამსახურებულად მოიპოვეს; მეტიც, ისტორიული ფაქტებიც დასახელდა, რომელთა თანახმადაც, სერბეთს კოსოვო მეცამეტე საუკუნეში, თურმე, ძალით შეუერთებია (ისტორია მეტად წააგავდა სეპარატისტულ ზღაპრებს შიდა ქართლის ალანიად გასაღებისა თუ აფხაზეთში ქართველების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მუდმივი არა მხოლოდ პოლიტიკაში, მთელ მზისქვეშეთშიც არაფერია და იმასაც დავამატებთ, რომ, ჩვენი ელმედიის გარდა, კოსოვოს ცალმხრივი აღიარების სამართლებრივი გამართლება სოხუმის დე-ფაქტო რეჟიმის ყურებსაც მიელამუნა – სერგეი შამბა: „სხვა სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების საკითხი სოხუმისთვის პირველადი მნიშვნელობის აღარ არის, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და საქართველოს ნაწილი აღარასოდეს ვიქნებით“ (არასოდეს თქვა – „არასოდეს“!), კოსოვოს უნიკალურობაც შეიძლება, იქცეს პრეცედენტად.