გაორებულები
შენობაზე მეტი!
მომავალ არჩევნებს ქვეყანა არა მხოლოდ ახალი კონსტიტუციით შეეგებება, რომელშიც პრეზიდენტი თითქოს ნომინალური ფიგურა გახდება, არამედ ჩვენი პარლამენტიც გაორდება: საკომიტეტო მოსმენებს ქუთაისში გამართავს, კენჭს კი (რა თქმა უნდა, კანონებს) კვლავ თბილისში უყრის (შესაძლოა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ასეთი დათქმაც ამოქმედდეს: მანდატი მხოლოდ მას, ვისაც მგზავრობის ავადმყოფობა არ აწუხებს, რადგან, ფაქტია, რომ ჩვენი რჩეულები 2010 წლის შემდეგ თბილისი-ქუთაისის გზაზე იქნებიან „გადებული“). შესაბამისად, ამ დროისთვის უკვე მზად იქნება პარლამენტის ახალი შენობაც, რომელზეც პრეზიდენტი ბრძანებს, მსგავს სილამაზეს ვერსად ნახავთ, ცხრა მთა და ცხრა ბარი რომ გადაიაროთო – რადგან, ეს, თურმე, შენობაზე მეტიც იქნება. ბუნებრივია, არა იმიტომ, რომ პარლამენტის ქუთაისურ ნაგებობას დეპუტატების ნაცვლად შეეძლება კანონპროექტების განხილვა, არამედ იმ მარტივი მიზეზით, რომ „მოხდება ახალი პოლიტიკური ფსიქოლოგიის განვითარება“. ახალი პოლიტიკური ფსიქოლოგიის არსი კი ისაა, რომ თბილისი აღარ უნდა იყოს თავკომბალა (მეორე მხრივ, თბილისი დალხენილი ცხოვრების გამო არ გამხდარა თავკომბალა).
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქუთაისის ეკონომიკურ აღმასვლას 150 პარლამენტარის ქუთაისში ხშირ-ხშირ ჩასვლასაც უკავშირებენ (ღამესაც იქ გაათევენ და საკვებსაც ადგილზე მიირთმევენ, რაც კვების ობიექტების დატვირთვასაც გამოიწვევსო), სავარაუდოა, რომ ჩვენს რჩეულებს სანაქებო მადა ჰქონიათ (რაც, წესით, მმართველ გუნდს ყველაზე უკეთ მოეხსენება და, რაკი მოეხსენება, იმიტომაც აქვს მათი იმედი).
თუმცა, ვიდრე ქუთაისში ახალი საკანონმდებლო ორგანო გაიხსნება და ქუთათურებს მომავალი პარლამენტარების მადა წაადგებათ, უკვე გაიხსნა „მაკდონალდსი“. უახლოეს მომავალში კი ვენის ოპერის ტყუპისცალიც აშენდება. თუ გავიხსენებთ, რომ თბილისის საოპერო თეატრი (იქნებ იმიტომაც, რომ ვენის საოპეროს ტყუპისცალი არ არის), მაინცდამაინც, არ უჩივის მსმენელ-მაყურებლის სიმრავლეს, სავარაუდოდ, ქუთაისის ოპერის შენახვაც სახელმწიფომ უნდა იკისროს. შესაძლოა, ჩვენს 150 პარლამენტარს, გარდა კანონების ქუთაისში განხილვისა, ოპერაში სიარულიც დაევალოთ (მაგალითად, დეპუტატის მანდატთან ერთად ოპერის ოთხწლიანი აბონემენტებიც დაურიგდეთ, ცხადია, გარკვეულ საფასურად).
ერთი სიტყვით, ქუთაისის ისეთი გამშვენიერება იგეგმება, რომ ჩვენს სრულ იდილიას ჯადოსნური სარკეღა აკლია, რომელსაც ვკითხავთ: „სარკევ, სარკევ, მითხარი, არის ამ სამყაროში ვინმე ჩვენზე მშვენიერი?!“