„ტრუსიკის“ მეგობრები და მახათები
ანუ სივრცის შესავსები ხორცის ნაჭრები
საქართველოს მთავრობას დროში გამოცდილი ტრადიციისთვის (არაორდინარულ გარემოში გამართოს სხდომა) არც გასულ კვირას უღალატია, ოღონდ, არც სახურავზე შეკრებილან, არც გაქანებული მშენებლობის წინ და არც თაკარა მზეში. ჩვენი სრულიად აღმასრულებელი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის თამადობით, ყვარლის ტბის პირას თათბირობდა (სავარაუდოდ, ეს კონკრეტული ადგილი იმიტომაც შეირჩა, რომ ტურისტები მოეზიდა, რაკი, უნდოდა თუ არა, ყველას მზერას საქართველოს ტელევიზიები მაინც იმ სხდომისკენ მიმართავდნენ). თათბირს ვუწოდებთ, თორემ, რეალურად, პირველმა პირმა თავის მინისტრებს ისეთი დღე აყარა, ილია რომ იტყოდა, დააწიოკაო. განსაკუთრებით მწარედ გარემოს დაცვის (ვერ უშველა ჰიტებმა), სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ლტოლვილთა მინისტრები გაკენწლა. აღარაფერს ვიტყვი ეკონომიკის განვითარების აწ უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილის შესახებ: ბ-ნი გობეჯიშვილი გასულ კვირას, შეიძლება ითქვას, პრეზიდენტს პროგრამაში ჰყავდა, თუმცა ისიცაა, თავად ადრესატი ბალახივით თავმდაბლად და მდორე ტბასავით ჩუმად იყო. ისიც კი „გადაყლაპა“, საქართველო არ უყვარსო (შესაძლოა, იმიტომაც გადაყლაპა, რომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რადგან მაინც გადააყლაპებდნენ). მეორე მხრივ, არც დანარჩენ მინისტრებს შეუმჩნევიათ, როდესაც პრეზიდენტმა სივრცის შემვსებ ხორცის ნაჭრებს შეადარა და მახათების უადგილო ადგილას გამოყენებისთვის შენიშვნებიც მისცა. არათუ არ შეიმჩნიეს, დაწყებითი კლასის სამოსნებივით თავჩაქინდრულები ისხდნენ, ლაპარაკისას კი, შეუიარაღებელი ყურისთვისაც ცხადი იყო, პირიც უშრებოდათ. მოკლედ რომ ვთქვა, იმ დღეს ყვარლის ტბის პირას ამბები ხდებოდა?! – ჩვენი მინისტრების ცოდვით ქვაც კი ატირდებოდა.
ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა თავის სამთავრობო სამწყსოს მეტი ადეკვატურობის, კრეატიულობის, ხალხზე ზრუნვის, საქმისადმი ერთგულებისა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა (თქვენ ხალხის მსახურები ხართო!). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ყვარლის ტბის ზემოხსენებულ კომპლექსში ერთი დღე-ღამით დასვენება, საშუალოდ, 200 ლარი ღირს, ყოველთვიური მაქსიმალური პენსია – 100, მინისტრების ყოველთვიური ხელფასი კი – 3 000-4 000 ლარია, მიუხედავად შენიშვნებისა, სავსებით ბუნებრივია, რომ უჭირთ ახალგაზრდა (ოღონდ ნაადრევად გაჭაღარავებულ) და ჯიბესქელ მინისტრებს ჯიბეცარიელი ხალხის მსახურის როლში შესვლა.