სტიქია
„შენი ჭირი – ღობეს ჩხირი“
ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მარაქაში გარევა ჩვენი სტიქიაა, მეორე მხრივ, კეთილშობილური მოტივებითაც, საქართველოს მთავრობა მოლდოვაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უმალ გამოეხმაურა: ჰუმანიტარული დახმარებაც გაამზადა (იმედია, ტვირთი საფუძვლიანად შემოწმდება, რომ ყირგიზული ვარიანტი არ გაგვიმეორდეს), მეტიც, ადგილზე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ჩავა და დაზარალებულ ბავშვებს ანაკლიაში დასასვენებლად ჩამოიყვანს. ამის პარალელურად (და იმისაც, რომ მთელ საქართველოში დევნილთა უმეტესობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს), კოდორელ ომისგან დაზარალებულებს გამომცემლობა „სამშობლოდან“ აძევებენ (როგორც საია აცხადებს, სრულიად უკანონოდ), კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს კი სული კბილით უჭირავთ.
ჩვენი ხელისუფლების ყურადღება, ძირითადად, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების იმ ახლად აშენებული სოფლებისკენაა მიმართული, ოპონენტები „პოტიომკინის სოფლებს“ რომ უწოდებენ, უფრო ეჭვიანები კი – გეტოებს. ეს ყურადღება სავსებით მოტივირებულია: მაღალ-მაღალი საპატიო სტუმრები სწორედ იქ მიჰყავთ იმის საჩვენებლად, თუ რარიგ ზრუნავს ჩვენი ხელისუფალი ომით დაზარალებულებზე. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჩვენება სანაქებო გამოდის, მოლდოვას სტიქიით დაზარალებულ რეგიონში საქართველოს მთავრობა ორ სოფელს ააშენებს (და მერე რა, რომ ამ გაზაფხულზე სტიქიამ ნახევარი საქართველო წალეკა, აღარაფერს ვიტყვი რაჭის მიწისძვრით დაზარალებულებზე და დახმარებული ჯერჯერობით არავინ გვინახავს). შესაბამისად, ახლა უკვე გარე წარმატებულ ჩვენებას გაინაღდებს.
ანუ, პირიქითაა: „სხვისი ჭირი“ კი არა, „შენი ჭირი – ღობეს ჩხირი“.