განსარიდებლები
მშიერ კუჭზე
ამ ბოლო დროს ქართველი ძალოვნები მოზარდების დანაშაულს შედარებით დაუთბნენ. შედარებით-მეთქი, რადგან, თავის დროზე, 14-წლიანმა ზღვარმა ჯერ 12 წლამდე დაიწია, შემდეგ ამოიწია, ახლა კი ეგრეთ წოდებულ „განრიდების პროგრამაზეც“ ამუშავდნენ (წყალი არ გაუვა, ამ ამბავს ცივილიზებული სამყაროს ზეწოლის სუნი უდის). გვაიმედებენ, რომ ეს პროგრამა ჩვენს ქვეყანაში მალე ამოქმედდება და მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის საპყრობილეში აღარ მოხვდებიან – მათ სოციალურ აგენტს მიაბარებენ და იძულებით შრომას მიუსჯიან. ერთი სიტყვით, სახელმწიფო გვპირდება, რომ ხელწაცდენილი მოზარდების სოციალურ რეაბილიტაციაზეც იზრუნებენ. სხვათა შორის, არც ჩვენი ციხეების პირველი ქალბატონი გვიმალავს, რომ მისადმი დაქვემდებარებული უწყების უპირველესი მოვალეობა დამნაშავეთა რესოციალიზაციაა. ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, როგორ ახერხებს ქ-ნი კალმახელიძე პატიმართა რესოციალიზაციას (ციხეს კვლავაც დიდი კლიტე ადევს), თუმცა, სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტოებით შევიტყვეთ, თუ როგორ ატარებდა (შესაძლოა, ატარებს კიდეც) ის სამსახურისგან თავისუფალ დროს.
რაც შეეხება „განრიდების პროგრამის“ ეფექტურობას: თუ პროგრამის გავლის მიუხედავადაც, მოზარდი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, სასჯელი აღარ ასცდება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მოზარდები ხშირად იმიტომაც სჩადიან დანაშაულს, რომ ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ, ცარიელ კუჭს ვითომ „განრიდების პროგრამა“ უსაშველებს?!