ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მინდა, ძაღლი აგარაკზე წავიყვანო. რით მირჩევთ გამგზავრებას? (მანქანით ვგეგმავთ).
პასუხი: როცა საზაფხულოდ აგარაკზე ძაღლით წასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი. აგარაკზე გამგზავრებისას აუცილებელია, ძაღლი უკანა სავარძელზე მოათავსოთ და მისაბმელით დააფიქსიროთ. მანქანის მძლავრი დამუხრუჭების შედეგად, შეიძლება, ძაღლი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზიც გახდეს, რადგან, თუ ძაღლი მისაბმელით არ არის დაფიქსირებული უკანა სავარძელზე, შეიძლება თავი ვერ შეიკავოს და საჭესთან მჯდომს დაეჯახოს. შეიძლება, ძაღლი ისეთი ძალით დაეჯახოს, რომ სერიოზულად დააზიანოს. ამიტომ თუ პატარა ზომის ძაღლია, უმჯობესია, სპეციალურ გალიაში მოათავსოთ, ხოლო დიდი ძაღლი, როგორც გითხარით, მისაბმელით დააფიქსირეთ.
კითხვა: მაინტერესებს, რა ბრძანებები უნდა იცოდეს ძაღლმა უპირველესად, თუ ის პროფესიონალის მიერ არ არის გაწვრთნილი?
პასუხი: ძაღლმა აუცილებლად უნდა იცოდეს პატრონის გვერდით სიარული – ეს პატრონს უადვილებს ძაღლთან ერთად საავტომობილო გზის გადაკვეთას. ასევე, უნდა შეეგუოს პირბადის გაკეთებას, რასაც ძაღლი ლეკვობიდან უნდა შევაჩვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს შეგიქმნით. მაგალითად, 3 წლის ძაღლს რომ პირბადე გაუკეთოთ, შეიძლება, გაგიჟდეს და ერთი საათი მის მოხსნაზე იწვალოს. ძაღლს აუცილებლად უნდა ესმოდეს რამდენიმე ბრძანება, რაც გამოადგება ადამიანთან თანაცხოვრების პერიოდში. მაგალითად: დაჯექი! დაწექი და დამელოდე!
კითხვა: ზაფხულის ცხელ ამინდში ძაღლს ხშირად სიამოვნებს გრილი ადგილის ამორჩევა და იქ დაწოლა, მაგალითად მეტლახზე. საზიანოა თუ არა ეს მისთვის?
პასუხი: მიუხედავად სიცხისა, ლეკვი მაინც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვეს მეტლახზე. ცივ ზედაპირზე წოლა ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს: სასქესო ორგანოების ანთებას, ფილტვების ანთებას, სახსრების ანთებას და ასე შემდეგ. ძაღლს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, მან უნდა იცოდეს, სად არის მისი საწოლი, რომელ ოთახში შეიძლება თამაში და რომელში – არა.
კითხვა: მაინტერესებს, ქალაქიდან გასვლის წინ თუ არის რაიმე სპეციალური აცრის გაკეთება აუცილებელი ძაღლისთვის?
პასუხი: სპეციალური არა, მაგრამ, ქალაქიდან გასვლისას ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაკეთებული ჩვეულებრივი კომპლექსური აცრები და, რაც მთავარია, აუცილებლად უნდა იყოს ცოფზე აცრილი. ასევე, ძაღლი სპეციალური ხსნარებით უნდა იყოს დამუშავებული.