როგორ დავიცვათ ცხოველი ყურის ტკიპასგან და რა პროფილაქტიკური საშუალებებია დაავადების თავიდან ასაცილებლად
შინაური ცხოველების ექტოპარაზიტული დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ოტოდექტოზი, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობას. ამის შესახებ გვესაუბრა ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი.
– უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, ეს რისი დაავადებაა?
– ოტოდექტოზით (ყურის ტკიპა) ავადდებიან ძაღლები და კატები. ეს დაავადება ითვლება შუა ყურის ანთების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად. პრაქტიკაში, ის გვხვდება თითქმის ყოველდღიურად.
– რა შემთხვევაში ავადდება ცხოველი ამ დაავადებით?
– ცხოველები ძირითადად ქუჩაში სეირნობისას, დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის დროს ავადდებიან.
– რა არის ამ დაავადების გამომწვევი?
– დაავადებას იწვევს ტკიპა, რომელიც პარაზიტობს ძაღლისა და კატის, ასევე გარეული ხორცისმჭამელთა ყურის ნიჟარაში და გარეთა სასმენ მილში. პარაზიტის ზომაა 0,3-0,5 მილიმეტრი. იგი თავის სიცოცხლეში გადის განვითარების 5 სტადიას, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურასა და ტენიანობაზე, შეადგენს 18-25 დღეს. ტკიპას ოთხი წყვილი კიდური აქვს, აქედან ერთი წყვილი განუვითარებელია. იგი შეიარაღებულია ხორთუმით, რომლითაც ეკვრება ყურის ნიჟარის შიგნითა ზედაპირის კანს და წოვს სისხლს. დაავადება ძირითადად ახალგაზრდა ცხოველებში გვხვდება, მას არ ახასიათებს სეზონურობა. ჩაძვრება რა პარაზიტი ყურში, კბენის შემდეგ ნაკბენ ადგილას ვითარდება ანთებითი პროცესი, და გამოედინება ანთებითი ექსუდატი. შემდეგ ის გადაიქცევა ფუფხად და ხდება სასმენი მილის დაცობა, ანთებითი პროცესების გაღრმავება.
დაავადების გადაცემა ხდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შემთხვევაში. ასევე, მოვლის საგნებით და შეიძლება, გადაცემა მოხდეს მომვლელის ან მეპატრონის საშუალებით – ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ასე შემდეგ. მონადირე ძაღლი შეიძლება, დაავადდეს გარეულ ცხოველებთან კონტაქტის დროს. დაავადების გადამტანები ასევე შეიძლება, იყვნენ ბუზები და ტკიპები, რომლებიც მექანიკურად გადაიტანენ ოტოდექტოზის კვერცხებს.
– რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებულ ცხოველს?
– დაავადებული ცხოველი მოუსვენრადაა, იქნევს თავს, ყურებს იქავებს სხვადასხვა საგნებზე და იფხანს თათებით, რის შედეგადაც იზიანებს ყურის ნიჟარას, ისისხლიანებს. ამის შედეგადაც შეიძლება, წარმოიშვას ნაკაწრები და ჭრილობები, რომელიც ჩირქდება. სასმენი მილი ივსება ჭრილობიდან გამოსული ექსუდატით და ფუფხით. გართულებული ფორმის დროს პროცესში ერთვება შუა ყური, შიგნითა ყური და ასე შემდეგ.
– რას უქმნის საფრთხეს გართულებული პროცესი ყურის გარდა?
– შეიძლება, პროცესმა ტვინის გარსებამდე მიაღწიოს, შეიმჩნევა ზოგადი სისუსტე, ნერვიული გამოვლინებები, შეიძლება ეპილეფსიური მოვლენებიც კი განვითარდეს. ტემპერატურა მომატებულია, თავი დაავადებული ყურის მხარეს აქვს დაწეული. ჭამას რაც შეეხება, საკვებს ნაკლებად ან საერთოდ არ იღებს. თუ დროულად არ იქნება დაავადების საწინააღმდეგო ზომები მიღებული, პროცესი შეიძლება, შეუქცევადიც გახდეს და მკურნალობას არ დაექვემდებაროს.
დაავადებაზე დიაგნოზი ძირითადად კლინიკური ნიშნებით ისმება და ასევე, პარაზიტის აღმოჩენით ყურის ნიჟარის შიგნითა ზედაპირზე. მკურნალობისთვის საჭიროა, ყურის ნიჟარის საგულდაგულოდ ამოსუფთავება. ასევე, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. სასურველია, აღნიშნული პროცედურა ვეტერინარმა ჩაატაროს, რომელიც შეაფასებს პროცესის სიმძიმეს და ამის მიხედვით დანიშნავს მკურნალობას.
– რა დრო სჭირდება მკურნალობას?
– მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროცესის სიმძიმეზე. მკურნალობის ეფექტურობა კი დამოკიდებულია მის დროულ დიაგნოსტიკაზე. ამიტომ, აღნიშნული ნიშნების შემჩნევისას, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ვეტერინარს.
– პროფილაქტიკისთვის თუ შეიძლება, რამე ზომების მიღება?
– დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა, თქვენი ძაღლი რეგულარულად დაამუშაოთ პარაზიტების საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ანტიპარაზიტული საშუალებით. მაგალითად, როგორიცაა: დეზადორები, წვეთები და ანტიპარაზიტული საყელოები. აუცილებლად უნდა მოარიდოთ ცხოველი ისეთ ადგილებში სეირნობას, სადაც შანსია, რომ მათ კონტაქტი ჰქონდეთ ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან და კატებთან.