რა მიზეზით შეიძლება გახმეს კენტია და როგორ დავიცვათ ის მავნებლებისგან
ზოგიერთ მცენარეს ზაფხულში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მართალია, კენტია ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ „ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან საუბრისას, გავარკვიეთ, რომ ამ მცენარის მოვლისას რამდენიმე პირობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. თუ ბინაში კენტია გაქვთ ან მისი გახარება გსურთ, გირჩევთ, აუცილებლად გადახედოთ ჩვენს რჩევებს.
– გვესაუბრეთ კენტიას შესახებ?
– კენტია არის პალმისებრთა ოჯახიდან. ის ძალიან ლამაზია ბინაში. ძირითადად, კენტიას ხმარობენ რესტორნებისა და ბარების გასაფორმებლად, თუმცა თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენი სახლი უფრო მიმზიდველი იყოს, გირჩევთ, კენტია გაახაროთ.
– ეს მცენარე თუ ყვავილობს და რა ასაკიდან?
– კენტია ყვავილობს უკვე ზრდასრულ ასაკში. თუმცა, მის ყვავილზე მეტად საინტერესო მცენარის ტანისა და ფოთლების ფორმაა. იზრდება საკმაოდ მაღალი, მაგრამ მისი სიდიდის ნუ შეგეშინდებათ, ოთახის პირობებში საკმაოდ კარგად დაეტევა.
– რთულია კენტიას გახარება?
– ეს მცენარე არ არის პრეტენზიული. მას ზამთარში უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე ზაფხულში. ზამთარში მცენარეს მინიმუმ 25-28 გრადუსი სითბო სჭირდება. ტემპერატურის მომატება შეგიძლიათ გამათბობლის საშუალებით. თუკი შეამჩნიეთ, რომ გამათბობელთან ახლოს დგას და ფოთლის წვეროებმა ფერის შეცვლა და გახმობა დაიწყო, მცენარე მაშინვე თავიდან ბოლომდე უნდა დანამოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აღარ ჰყოფნის ფოთლის ბოჭკოვანი სისტემიდან წყლის მიწოდება.
– როგორ მოვიქცეთ, თუ გამათბობელი ვნებს, მას კი მაღალი ტემპერატურა სჭირდება?
– ზამთრის პირობებში თუ გამათბობელი მუდმივად ჩართულია, საერთო ტემპერატურა მაღალი იქნება. ამიტომ, უნდა ეცადოთ, რომ კენტია გამათბობელთან ახლოს არ დადგათ და შეუნარჩუნოთ საერთო მაღალი ტემპერატურა.
– შემდგომში თუა შესაძლებელი ამ მცენარის გადარგვა?
– საერთოდ, თავიდანვე გირჩევთ, რომ კენტია დიდ ქოთანში ჩარგოთ. მისი გადარგვა კი შესაძლებელია გაზაფხულზე ოთხ წელიწადში ერთხელ. ყოველ წელს კენტიას გადარგვა მის დანეკროზებას და სიკვდილს გამოიწვევს.
– როგორ განათებაზე ვამყოფოთ კენტია?
– ზამთარში მცენარე ფანჯარასთან ახლოს უნდა იყოს. ახლა კი სასურველია, თუ მცენარეს ეზოში ან აივანზე გაიტანთ. ის უნდა იდგას გაფანტულ მზის სხივებზე. მას მხოლოდ ამომავალი და ჩამავალი მზის სხივები უნდა ხვდებოდეს.
– რაც შეეხება კენტიას მორწყვას?
– მცენარე ირწყვება ზაფხულში კვირაში სამჯერ, ხოლო ზამთარში – ორ კვირაში ერთხელ. თუ მორწყვას დააგვიანებთ, შესაძლებელია, კენტია ცხელ დღეებში გახმეს. ამიტომ ეცადეთ, ხშირად მორწყათ. გახმობის შემთხვევაში მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობს.
– რაიმე მავნებელი ხომ არ დააზიანებს კენტიას?
– ამ მცენარეს მავნებლები თითქმის არ ემტერება, რადგან პალმისებრთა ოჯახიდანაა. შესაძლებელია, მის მიწაში ჭიაყელა აღმოაჩინოთ, ან ბუგრი, ლარნაკზე დატოვებული წყლის გამო. ჭიაყელა მიწაში ნიადაგს აფხვიერებს და სასურველია, რომ იყოს. მაგრამ თუ ბუგრი შეამჩნიეთ ნიადაგში, ამ შემთხვევაში, მიწა მთლიანად უნდა გამოცვალოთ, ან საპნიანი წყალი ჩაასხათ მასში.
– შესაძლებელია თუ არა კენტიას გასხვლა?
– არანაირად, ეს პალმა არ ისხვლება. ის არ ექვემდებარება ფორმირებას და კომპაქტურობას, ბუნებრივად იზრდება და ხელს ვერ შეუშლით. თუ შეამჩნევთ, რომ კენტიას ქვედა ფოთლები ნაცრისფერი გახდა, არ შეგეშინდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე მალე ახალ ფოთლებს ამოიყრის.
– როგორ გავამრავლოთ მცენარე?
– კენტია ძირითადად მრავლდება თესლით. თუმცა, სასურველია, უკვე აღმოცენებული მცენარე შეიძინოთ, რადგან ეს თესლი შეიძლება იყოს საქართველოში ორი წლის ჩამოტანილი და დაკარგული ჰქონდეს აღმოცენების უნარი.
– რა ღირს უკვე აღმოცენებული კენტია?
– დიდი, გაზრდილი მცენარე საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ, პატარა კენტიას შეძენა შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასებში, დაახლოებით, 100 ლარად.
– რას გვირჩევთ, ამ ზაფხულს როგორ მოვუაროთ კენტიას?
– მორწყეთ ხშირად, შეგიძლიათ ფოთლებიც დაუნამოთ ხოლმე. თუ გსურთ, რომ უფრო სწრაფად გაიზარდოს თქვენი მცენარე, მისი ნიადაგი გაანოყიერეთ სასუქით, კალიუმით და კალციუმით.
– რა მიზეზით შეიძლება შეწყვიტოს კენტიამ ზრდა?
– თუ თქვენი მცენარე ერთ სიმაღლეზე დარჩა, ფოთლებიც არ ამოუვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძირი ულპება. ამოიღეთ მცენარე და კარგად დაათვალიერეთ. მისი დალპობა გამოწვეული იქნება ყოველდღიური მორწყვით. ამ მცენარეზე არ მოქმედებს ორპირი ქარი, არც ნიავი. მთავარია, იდგეს კარგად განათებულ ადგილას და მისი ნიადაგი იყოს არა სველი, არამედ ტენიანი.