კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებდა ლავრენტი ბერია მეტეხის ტაძრის აფეთქებას და რად დაუჯდა დიმიტრი შევარდნაძეს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა


ადამიანი თავისი ნამოღვაწარით ფასდება. ხანგრძლივი სიცოცხლე, შესაძლოა, უსარგებლო, უმიზნო არსებობა გამოდგეს მხოლოდ, ხანმოკლე კი – ნათელი და შემოქმედებით აღსავსე. სწორედ ასეთი ხანმოკლე და აქტიური ცხოვრებით იცხოვრა დიმიტრი შევარდნაძემ და მნიშვნელოვანი კვალიც დააჩნია ქართულ კულტურას. ჩვენი რესპონდენტი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე აბესაძე, ამ მხატვრის განვლილ გზასა და სიყვარულზე გვესაუბრება და გვაუწყებს, თუ რატომ ჰგავს ქართულ მხატვრულ ფილმ „მონანიებაში“ ასახული სიუჟეტი დიმიტრი შევარდნაძის ცხოვრებას.


ირინე აბესაძე: მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების სუსხმა ქართული კულტურის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე იმსხვერპლა და მათ შორის იყო დიმიტრი შევარდნაძე. ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ აჩუქა ქართველ ხალხს.

– რას გულისხმობთ?

– დიმიტრი შევარდნაძემ დააარსა მხატვართა კავშირის პირველი მსგავსი ორგანიზაცია – ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. ის გახლდათ ეროვნული სამხატვრო გალერეის შექმნის ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის – „მეტეხის“ დაარსების სულისჩამდგმელი და პირველი დირექტორი, რომლის ბაზაზეც შემდგომში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი შეიქმნა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიმიტრი შევარდნაძემ ძალიან დიდი ღვაწლი დასდო სამხატვრო აკადემიის დაარსებას. მასვე ეკუთვნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შექმნილი პირველი გერბის მხატვრული გადაწყვეტა. ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქართული შრიფტის რეფორმის საქმეში. დიმიტრი შევარდნაძე წარმატებით მოღვაწეობდა როგორც თეატრის, ისე კინომხატვრობის დარგშიც. მან გააფორმა ქართული კინოფილმები: „ქრისტინე“, „ელისო“, „ვინ არის დამნაშავე“ და ასე შემდეგ. კიდევ ბევრი დამსახურება ჰქონდა ამ პიროვნებას, თუმცა, იმდენად მორიდებული ადამიანი იყო, რომ მუდამ ჩრდილში იდგა, ყველაფერს უხმაუროდ აკეთებდა. დღეს ეს, ალბათ, ძალიან გაუკვირდებათ, ვინაიდან თითქმის ყველა საკუთარი პერსონის აფიშირებას ახდენს.

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წელს დახვრიტეს. ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც უნახავს ქართული მხატვრული ფილმი „მონანიება“, იმ ამბებიდან, რაც ამ ფილმში ხდება, ძალიან ბევრი მომენტი დიმიტრი შევარდნაძის ცხოვრებიდანაა აღებული.

– ცნობილია, რომ იმ პერიოდში მაინცდამაინც ძნელი მოსაძებნი არ იყო მიზეზი, თუ ადამიანის მოშორება უნდოდათ, მაგრამ, მაინც, რას შეეწირა დიმიტრი შევარდნაძე?

– საქმე ისაა, რომ საბჭოთა მესვეურებს ლავრენტი ბერიას განკარგულებით მეტეხის ტაძარი უნდა აეფეთქებინათ.

– რატომ, როგორც რელიგიური ნაგებობა?

– მეტეხის ტაძარი უნდა აეფეთქებინათ იმიტომ, რომ მის ადგილას სურდათ, დაედგათ შოთა რუსთაველის ძალიან დიდი ძეგლი. ბერიამ ეს ადგილი საგანგებოდ შეარჩია, რათა ქალაქის ყველა მხრიდან კარგად გამოჩენილიყო. იმხანად ახლოვდებოდა შოთა რუსთაველის იუბილე – 750 წლისთავი და, იოსებ სტალინის წინაშე ყველას უნდოდა თავი წარმოეჩინა, მით უმეტეს, რომ სტალინსაც უნდოდა იმის აფიშირება მსოფლიოს წინაშე, თუ რა დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელია საქართველო და ქართველი ერი.

მხატვარი ქეთევან მაღალაშვილი იხსენებს: „დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, მეტეხის ტერიტორიაზე ახალი შენობა აეგო მუზეუმისთვის. იმხანებში რუსთაველის იუბილე ახლოვდებოდა. ბერიას უნდოდა, დაენგრიათ მეტეხის ეკლესია და იქ რუსთაველის ძეგლი დაედგათ. ამ მიზნით იქ ერთ დღეს ამფეთქებელთა ბრიგადაც კი გაგზავნეს. დიტომ შეკრიბა ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ბერიასთან მივიდნენ. ეს ამბავი გახმაურდა, რაიონებსაც მისწვდა, ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა (რუსთაველი აქ არაფერ შუაში იყო, მოინახებოდა მისთვის ადგილი ქალაქში)...“

თურმე, დიმიტრი შევარდნაძე ლავრენტი ბერიას არწმუნებდა, ნუ გააკეთებთ ასეთ რამეს, შოთა რუსთაველს ფეხი ჰქონდა დადგმული ამ ტაძარში და ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის, ნუ ააფეთქებთო.

– როგორ მოიქცა ასეთ სიტუაციაში ლავრენტი ბერია?

– ბერიამ თითქოს უკან წაიღო თავისი ნათქვამი, თავაზიანად გამოისტუმრა დელეგაციის წევრები, მაგრამ დიმიტრი შევარდნაძე კაბინეტში დატოვა და დაემუქრა, ეკლესიას შენი ხელით დაგანგრევინებო. ამ საუბრის შემდეგ, მალევე, დიმიტრი შევარდნაძე მოსკოვში წავიდა და ფული ითხოვა მუზეუმის ახალი შენობის ასაგებად. თანხა გამოუყვეს, მაგრამ ცნობილ მხატვარს ამ საქმის დასრულება არ დასცალდა – მოსკოვიდან ჩამოსული ძალიან მალე დააპატიმრეს.

დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე დიმიტრი შევარდნაძე დირექტორობიდან მოუხსნიათ, დაპატიმრების შემდეგ კი მალე დახვრიტეს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიმიტრი შევარდნაძემ თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა მეტეხის ტაძარი განადგურებას.

– რაც შეეხება ქეთევან მაღალაშვილს, ცნობილია, რომ მას და დიმიტრი შევარდნაძეს დიდი სიყვარული აკავშირებდათ.

– ქეთევან მაღალაშვილიც მხატვარი გახლდათ, ბრწყინვალე პორტრეტისტი. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ისინი არაოფიციალური ცოლ-ქმარი იყვნენ. დიმიტრი გარეგნობით არ იყო ლამაზი შესახედავი – პატარა ტანის, მხრებში ღრმად ჩამჯდარი თავით, თითქოს ოდნავ კუზიანიც კი, რასაც ის საშინლად განიცდიდა. მიმოწერებიც არსებობს, მიუნჰენში სწავლის პერიოდში როგორ სწერს დედამისს, იქნებ ოპერაცია გავიკეთოო.

რაც შეეხება ქეთევანს, იგი კარგი გარეგნობის ქალბატონი გახლდათ, ძალიან ბევრს მოსწონდა, თუმცა, არ გათხოვილა და დიმიტრის ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მას აქვს მოგონებები იმ ბოლო დღეებზე, როდესაც დიმიტრი შევარდნაძე დააკავეს. ის მისულა ქეთევან მაღალაშვილთან სახლში და ჯიბის საათი დაუტოვებია, თან დაუბარებია – მალე დავბრუნდები, რადგან უდანაშაულო ვარო.

– შვილი არ ჰყოლიათ ქეთევანსა და დიმიტრის?

– ქეთევან მაღალაშვილსა და დიმიტრი შევარდნაძეს მემკვიდრე არ დარჩენიათ. როგორც ყველა 1937 წელს დახვრეტილის, არც დიმიტრი შევარდნაძის საფლავი არაა ცნობილი. ქეთევან მაღალაშვილი ძალიან კარგად ამბობს: მე დიმიტრის საფლავი აი, იქ, მეტეხზე მგონიაო.


скачать dle 11.3