კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უღალატა პეტრე პირველმა ვახტანგ მეექვსეს და რა მოჰყვა ამას


ვახტანგ მეექვსეს იმ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, როდესაც ქართლში მეფეებს ირანელები ამტკიცებდნენ გამაჰმადიანების აუცილებელი პირობის შესრულების შემდეგ. მაგრამ, ავღანელების აჯანყებისას, ქართლის მიმართ ირანის ყურადღება შესუსტდა. სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა ქართლი სასურველი მოკავშირე რუსეთისთვისაც და ოსმალეთისთვისაც. ვახტანგ მეექვსემ თავისი პოლიტიკა რუსეთის დახმარების იმედზე ააგო. თუ რა შედეგი მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას და როგორ წარიმართა ამის შემდეგ მეფისა და მისი სამეფოს ცხოვრება, ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მერკვილაძე გვიამბობს.


დავით მერკვილაძე: ვახტანგ მეექვსე იყო ქართლის ბაგრატიონთა უმცროსი შტოს – მუხრანბატონთა წარმომადგენელი.

სამეფო ხელისუფლება მუხრანბატონების ხელში მას შემდეგ გადავიდა, რაც ქართლის ბაგრატიონების უფროს შტოს გვარის გამგრძელებელი აღარ შერჩა. მუხრანელი ბაგრატიონებიდან პირველი მეფე იყო ვახტანგ მეექვსის ბაბუა – ვახტანგ მეხუთე, შაჰნავაზად წოდებული. ეს ის პერიოდია, როდესაც მთელ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის ქართლში, სეფიანთა ირანის პირდაპირი ბატონობა აღინიშნება. ირანის შაჰები თვითონ ამტკიცებენ ქართლში მეფეებს, ოღონდ, გამაჰმადიანების აუცილებელი პირობით. მათ მეფეებს ჩვენში უწოდებდნენ, თორემ, შაჰის კარზე, ქართლის მეფის ტიტულს ოფიციალურად ერქვა „გურჯისტანის ვალი“, რაც ფაქტობრივად, შაჰის მიერ გურჯისტანის, ანუ ქართლის გამგებლად დანიშნულ მოხელეს ნიშნავდა.

– როგორ გადავიდა ხელისუფლება ვახტანგ მეექვსის ხელში?

– ირანის შაჰი ქართველ მეფეებს აღმოსავლეთით, დაპყრობილი ხალხების აჯანყების ჩასახშობად გზავნიდა ხოლმე. ამგვარად, როდესაც ვახტანგის ბიძა, მეფე გიორგი მეთერთმეტე აჯანყებული ავღანელების წინააღმდეგ საომრად გაიწვიეს, ქართლის დროებით მმართველად ანუ „ჯანიშინად“ დანიშნეს ვახტანგ მეექვსე. ვახტანგი თავიდანვე შეუდგა ენერგიულ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ის თვითონაც ძალზე განათლებული კაცი იყო, გარს შემოიკრიბა ქართველი ინტელექტუალი მოღვაწეები და ქართული განათლებისა და მეცნიერების სწრაფ გაღრმავება-განვითარებას დაუდო საფუძველი. მისი უშუალო მითითებით, სპეციალური კომისიის მიერ შეიქმნა „ახალი ქართლის ცხოვრება“. ვახტანგ მეექვსის თაოსნობითვე დაარსდა თბილისში პირველი ქართული სტამბა 1709 წელს, სადაც დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“, „სახარება“, „დავითნი“ და ასე შემდეგ. ვახტანგმა შეადგინა ახალი ქართული საკანონმდებლო კოდექსი, რომელიც „ვახტანგ მეექვსის სამართლის“ სახელით არის ცნობილი და მთელი მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში ყველა ქართულ სამეფო სამთავროში მოქმედებდა, იმდენად მისაღები და აუცილებელი აღმოჩნდა ის მთელს დაშლილ ქართულ სინამდვილეში. აქვე, არ შეიძლება, არ ვახსენოთ ქართული ისტორიული და გეოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელი ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც ვახტანგ მეექვსის უკანონო შვილი იყო.

– ვისთან შეეძინა ვახტანგ მეექვსეს ვახუშტი ბატონიშვილი?

– მისი ვინაობა ცნობილი არაა, ვიცით მხოლოდ ის, რომ ვახუშტის დედა დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი იყო.

გიორგი მეთერთმეტე ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა. მისი შემცვლელი „გურჯისტანის ვალის“ თანამდებობაზე იყო ქაიხოსრო – ვახტანგის უფროსი ძმა, რომელიც ასევე ავღანელებთან ბრძოლას შეეწირა. ამის შემდეგ ვახტანგი დაიბარეს შაჰის კარზე ისპაჰანში, სადაც მეფედ დამტკიცებისთვის მას გამაჰმადიანება მოსთხოვეს. ვახტანგი ამაზე არ თანხმდებოდა, რის გამოც იგი, ფაქტობრივად შინაპატიმრობაში აღმოჩნდა. ვახტანგი შეეცადა საქართველოთი დასავლეთ ევროპის დაინტერესებას და ამ გზით გამოსავლის პოვნას. მან საფრანგეთსა და იტალიაში გაგზავნა ცნობილი ქართველი სწავლული, სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც პირადად შეხვდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთექვსმეტესა და რომის პაპს.

– რა შედეგი მოჰყვა სულხან-საბას ამ ვიზიტს?

– არანაირი. სულხან-საბას დიპლომატიური მისია სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ამასობაში, ქართლის დროებით მმართველად ირანის შაჰმა ვახტანგის უმცროსი ძმა, უკვე გამაჰმადიანებული იესე დანიშნა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოირჩეოდა ქართული ეროვნული ღირებულებებისადმი ერთგულებით. იქმნებოდა საფრთხე, რომ, შესაძლოა, სწორედ იესე აღმოჩენილიყო ქართლის სამეფო ტახტზე. ვახტანგი იძულებული გახდა, დათანხმებოდა შაჰის მოთხოვნას – მიიღო ისლამი და სრული ძალაუფლებით აღჭურვილი დაბრუნდა სამშობლოში.

– რა ხდება ამის შემდეგ?

– ირანში მძიმდება შიდაპოლიტიკური ვითარება. აჯანყებული ავღანელები შეტევაზეც კი გადადიან და დედაქალაქ ისპაჰანსაც ემუქრებიან. საქართველოში ვახტანგი კვლავ უბრუნდება თავის რწმენას და უარს ეუბნება ირანის შაჰს, შეასრულოს „გურჯისტანის ვალის“ უკვე ტრადიციულად ქცეული ვალდებულება – დაეხმაროს ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთმა გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი ვითარებით და დასავლეთ კასპიისპირეთის დაუფლება მოინდომა. რუსეთში ამ დროს ცნობილი პეტრე პირველია იმპერატორი. რუსეთისთვის ირანის წინააღმდეგ ქართლის მეფის მოკავშირეობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. პეტრე პირველის წარმომადგენელმა მოუწოდა ვახტანგ მეექვსეს, ქართველთა ჯარით შეჭრილიყო ირანის კუთვნილ, ამჟამინდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო თვითონ თავისი ჯარით დარუბანდის გზით შემოვიდოდა ამიერკავკასიაში, შემდეგ მათი ჯარები შეერთდებოდნენ და ერთობლივად ილაშქრებდნენ ირანის სიღრმეში.

– მიიღო თუ არა ეს შემოთავაზება ვახტანგმა?

– დიდი აღფრთოვანებით. მან ჩათვალა, რომ სწორედ ახლა დადგა დიდი, ერთმორწმუნე სახელმწიფოს დახმარებით სპარსეთის უღლისგან ქვეყნის საბოლოოდ გათავისუფლების ჟამი. ქართლის სამეფოს დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი მეფეს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, რადგან ასეთი მოქმედება მეტად სარისკოდ გამოიყურებოდა, მაგრამ, პეტრე პირველის წარმომადგენელი, დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ეს ქართველებისთვის არავითარ ხიფათს არ შეიცავდა და რუსეთის ძლევამოსილ ჯარს წინ ვეღარავინ აღუდგებოდა.

როდესაც საკითხი მაინც ამ სამხედრო ოპერაციაში ჩარევის სასარგებლოდ გადაწყდა, დარბაზის საბჭოს წინდახედული წევრები ვახტანგს იმასღა სთხოვდნენ, არ აჩქარებულიყო, ჯერ მხოლოდ ფარულად დაეჭირათ მხარი რუსეთის კავკასიური გეგმებისთვის და ღიად და აქტიურად მხოლოდ მას შემდეგ ემოქმედათ, როდესაც პეტრე პირველი თავისი ჯარით ამიერკავკასიაში შემოვიდოდა. მაგრამ, ვახტანგ მეექვსეს გული არ უთმენდა, რომ საძულველი სპარსელების წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად გაელაშქრა. მით უმეტეს, რომ მას რუსეთიდან მოუვიდა ცნობა, პეტრე პირველი ასტრახანიდან უკვე დარუბანდისკენ დაიძრა დიდი ჯარითო.

– როგორ აღიქვამდა ამ სიტუაციას საქართველოს მეზობელი ოსმალეთი?

– ირანის დასუსტებას, რა თქმა უნდა, კარგად ამჩნევდნენ მის ძველ მეტოქე ოსმალეთშიც. ამ ვითარებით სარგებლობას, თავის მხრივ, ეს იმპერიაც ცდილობდა. ამიტომ, გასაგები მიზეზების გამო, ვახტანგ მეექვსე ოსმალებისთვისაც სასურველი მოკავშირე აღმოჩნდა. მოკავშირეობის სანაცვლოდ, მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ვახტანგს დაუმორჩილებდნენ მთელ საქართველოს, რაც, ფაქტობრივად, ვახტანგ მეექვსის ხელქვეითი საქართველოს ძირითადი ნაწილის გაერთიანებას მოასწავებდა. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის ოსმალეთის ბატონობა მთელი დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროებზე ვრცელდებოდა.

ვახტანგ მეექვსემ ეს წინადადება უარყო და ყოველივე პეტრე პირველს ამცნო. ვახტანგის არჩევანი რუსეთისა და პეტრე პირველის სასარგებლოდ საბედისწერო აღმოჩნდა როგორც პირადად ქართლის მეფისა და მისი ოჯახის, ასევე მთელი მისი სამეფოსთვისაც.

– რაში გამოიხატებოდა ეს?

– ვახტანგ მეექვსემ პატიოსნად შეასრულა პეტრე პირველთან საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება: სასწრაფოდ შეყარა ჯარი, შეიჭრა ირანის კუთვნილ განჯის მიდამოებში და იქაურობა მოარბია. შაჰის მრისხანება უსაზღვროა. მძიმე განსაცდელის ჟამს, მისი ქვეშევრდომი, ვისი დახმარების იმედიც მას ყველაზე მეტად ჰქონდა, მის ახალ მტერს შეეკრა და ზურგში ლახვარი ჩასცა. პეტრე პირველი კი, თავისი ჯარით, არსად ჩანდა. ვახტანგი გარკვეული დროის განმავლობაში ელოდა რუსის ჯარის გამოჩენას, მაგრამ ქართველი მეფისგან განსხვავებით, რუსმა იმპერატორმა მიცემული სიტყვა არ შეასრულა და თავის მიერ წაქეზებული ერთმორწმუნე მოკავშირე განრისხებულ დამპყრობელთან პირისპირ დატოვა. რაოდენ შეცბა მეფე ვახტანგი, როდესაც შეიტყო, რომ დარუბანდამდე მოსული პეტრე პირველი კვლავ ასტრახანისკენ გაბრუნებულა. როგორც ჩანს, რუსეთის იმპერატორის დაინტერესება ამიერკავკასიით ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მომწიფებული.

– ყოველივე ამის შემდეგ რა ბედი ეწია ვახტანგსა და ქართლის სამეფოს?

– შაჰ თამაზის ბრძანებით, თბილისზე იერიში მიიტანეს მისმა ერთგულმა ამიერკავკასიელმა ხანებმა და, ასევე, მისმა მორჩილმა კახეთის მეფემ, კონსტანტინე მეორემ, ლეკთა დაქირავებული ჯარით. მეორე მხრივ, ქართლში შემოიჭრა ოსმალთა არმია. ოსმალეთი ამ ნაბიჯით, ერთი მხრივ, დასუსტებული ირანის აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ჩანაცვლებას ცდილობდა, მეორე მხრივ – კი უნდოდა, ხელი შეეშალა რუსული გავლენის გაძლიერებისათვის. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქართლი დაიპყრო ოსმალეთმა და აქ დაამყარა საკუთარი მართვა-გამგეობა, ეგრეთ წოდებული „ოსმალობა.“

მოტყუებულ ვახტანგ მეექვსეს თავის ქვეყანაში აღარ დაედგომებოდა და იძულებული გახდა უზარმაზარ ამალასთან ერთად რუსეთში გადახვეწილიყო. აღსანიშნავია, რომ ამ 1 200-კაციან ამალაში შედიოდა, სამეფოს მთელი ნაღები საზოგადოება ყველაზე სწავლული და განათლებული ქართველები, რომლებიც სწავლა-განათლების მოყვარულ მეფეს თავისი ზეობის განმავლობაში თავის ირგვლივ შემოეკრიბა. მათგან სამშობლოში თითქმის არავინ დაბრუნებულა. ეს უზარმაზარი დანაკლისი იყო ქართული წიგნიერებისთვის.

– ამის შემდეგ როგორ წარიმართა ვახტანგ მეექვსის ცხოვრება?

– ვახტანგ მეექვსეს იმედი ჰქონდა, რომ პირისპირ შეხვდებოდა იმპერატორს, აუხსნიდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმჩნდნენ ქართველები შექმნილი ვითარების გამო და ელოდა, რომ ვითარების გამოსასწორებლად აუცილებლად რუსის ჯართან ერთად დაბრუნდებოდა საქართველოში, მაგრამ ეს იმედი მხოლოდ გულუბრყვილო ოცნება აღმოჩნდა, რადგან რუსეთს უკვე ეღიარებინა ოსმალების ბატონობა მთელ საქართველოში.

თავის მიერვე მოტყუებული და გადაგდებული ქართველი მეფე რუსეთში ძალზე ცივად მიიღეს. მას იმპერატორთან შეხვედრის ნებაც კი არ მისცეს. რუსეთის მოიმედე ვახტანგ მეექვსე სრულიად უიმედო მდგომარეობაში გარდაიცვალა ქალაქ ასტრახანში. ასე ტრაგიკულად დასრულდა რუსეთის დახმარების იმედზე აგებული ქართული პოლიტიკა ვახტანგ მეფისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც.


скачать dle 11.3