როგორ იყენებდნენ საქართველოს დასასუსტებლად თამარ მეფის პირველ ქმარს
გიორგი რუსი თამარ მეფის პირველი მეუღლე გახლდათ. მათი ქორწინება საკმაოდ ხანმოკლე იყო – სამი წელიწადიც არ უცხოვრიათ ერთად. განქორწინების შემდეგ რუსმა უფლისწულმა ორჯერ სცადა საქართველოში შემოჭრა. თუ როგორ დასრულდა ამ უკანასკნელის მცდელობები, იყო თუ არა იგი ჰომოსექსუალი და რაში ჩანს მისი ანტიგმირობა, ამას ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვიამბობს.
ჯაბა სამუშია: 1184 წელს, გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა სრულიად ახალგაზრდა თამარი. თამარის გამეფება რამდენიმე მოვლენით გამოირჩეოდა საქართველოს ისტორიაში.
– რა და რა მოვლენებს გულისხმობთ?
– დასაწყისში მას დიდი ფეოდალები აუჯანყდნენ და მოსთხოვეს, რომ ტახტიდან გადაეყენებინა გიორგი მესამის დროინდელი ერთგული მსახურები, რომლებიც თავიანთი სოციალური წარმოშობით წარჩინებულ ფეოდალურ საგვარეულოებს არ ეკუთვნოდნენ. თამარი იძულებული გახდა, დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა და ხელისუფლებას ჩამოაშორა ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი.
ამის გაგრძელება იყო ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლა მოთხოვნით, რომ სამეფო სასახლესთან, ისნის ველზე, კარავი შექმნილიყო, რომელიც გადაწყვეტდა ბევრ ისეთ სახელმწიფოებრივ საქმეს, რომელშიც მეფეს პირდაპირი ჩარევის უფლება არ ექნებოდა. ეს იყო ჩანასახი მომავალი პარლამენტისა.
აი, ამ სიტუაციაში იყო ქვეყანა, როდესაც სამეფო დარბაზის გარკვეულმა ნაწილმა აქტიურად დაიწყო ფიქრი თამარის გათხოვებაზე. სამწუხაროდ, მონარქი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, მაინც იზღუდება გარკვეულ საკითხებში, განსაკუთრებით კი – პირად ცხოვრებაში, ვინაიდან, ეს ისეთი მომენტია, როდესაც აუცილებელია სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება. როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონოდა მონარქს, რომ თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა მისთვის სასურველ პიროვნებასთან, ის უძლური იყო. იმ დროს არსებული სამეფო ეტიკეტიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, ქართველი მონარქი დაქორწინებულიყო ან გათხოვილიყო უცხო ქვეყნის სამეფო დინასტიის წარმომადგენელზე – ეს იყო დინასტიური ქორწინება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პირადი ცხოვრება მონარქებს, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ და ამ მხრივ არც თამარი იყო გამონაკლისი.
ერთი სიტყვით, სამეფო დარბაზი შეიკრიბა თამარის გათხოვების საკითხის გადასაწყვეტად და მეფეს მოახსენეს, რომ ქვეყანას სჭირდება მამაკაცი მონარქი, ჯარს კი – მთავარსარდალი. სწორედ ამ დარბაზობაზე, თბილისის ამირამ, ანუ, დღევანდელი ნომენკლატურით რომ ვთქვათ, თბილისის მერმა, წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო წინადადება.
– კერძოდ?
– ყივჩაღებთან, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში, იმყოფებოდა დევნილი რუსი უფლისწული, როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის – ანდრეის შვილი – იური ანდრეის ძე ბოგოლუბსკი. დარბაზობაზე დაისვა საკითხი იური ბოგოლუბსკის საქართველოში ჩამოყვანაზე და დარბაზმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ გაეგზავნა ელჩობა.
– ვინ შეასრულა ეს მისია?
– საგანგებოდ გაიგზავნა ამ მისიის შესასრულებლად დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. საკმაოდ იშვიათია, რომ ამ პერიოდის წყაროებში მოიხსენიებოდეს დიდვაჭარი. საინტერესოა, რომ ეს საკმაოდ დაწინაურებული, ფინანსურად ძლიერი ადამიანია, დღევანდელი ტერმინი რომ ვიხმაროთ – დიდი ბიზნესმენია და მას სამეფო კარი გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებასაც კი ავალებს. სწორედ მან ჩამოიყვანა იური (გიორგი) საქართველოს სამეფო კარზე.
– რა ვიცით იური (გიორგი) ბოგოლუბსკიზე, საიდან აღმოჩნდა ის ჩრდილოეთ კავკასიაში?
– იური (გიორგი) ბოგოლუბსკი, იყო როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის ვაჟი. ის მამის სიცოცხლეშივე იხსენიება რუსულ წყაროებში. მოგვიანებით მოვლენები იური (გიორგი) ანდრეის ძისა საკმაოდ ცუდად წარიმართა. ყველაფერი კი დაიწყო 1174 წელს. ანდრეის აუჯანყდნენ საკუთარი ბოიარები, შეუცვივდნენ სასახლეში და მოკლეს, რის შემდეგაც, როსტოვ-სუზდალს სათავეში ჩაუდგა ვსევოლოდი. ის გახლდათ ანდრეი ბოგოლუბსკის ძმა – ვსევოლოდ დიდი ბუდე („ბოლშოე გნეზდო“). მას ძალიან ბევრი შვილი ჰყავდა და, აქედან გამომდინარე, დაარქვეს „დიდი ბუდე“. ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან დაიწყო ანდრეის შვილების რთული ცხოვრება: იური (გიორგი) ნოვგოროდიდან გამოაგდეს. ის ცოტა ხანს იყო როსტოვ-სუზდალში, მაგრამ იქიდანაც გააძევეს. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთ კავკასიაში დამკვიდრდა. სწორედ ამ მოვლენებიდან რამდენიმე წელიწადში ჩააკითხა მას ზანქან ზორაბაბელმა და ჩამოიყვანა საქართველოში.
– როგორც ცნობილია, თამარს ბევრი მთხოვნელი ჰყავდა. რატომ შეაჩერეს არჩევანი მაინცდამაინც დევნილ უფლისწულზე – იური რუსზე?
– რა თქმა უნდა, თამარს ბევრი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ არჩევანი გიორგი რუსზე გაკეთდა. საქმე ისაა, რომ ამ არჩევანში დიდი პოლიტიკური გათვლა ჰქონდა გაკეთებული საქართველოს სამეფო კარს. იური აკმაყოფილებდა ყველა ნორმას: ის იყო უფლისწული საკმაოდ დიდი სახელმწიფოსი, წარჩინებული და, ამავდროულად, სამეფოს გარეშე დარჩენილი. ანუ, ის მთლიანად იქნებოდა დამოკიდებული ქართველ ფეოდალებზე – ეს იყო მთავარი. ერთადერთი ავლადიდება, რაც გიორგი რუსს გააჩნდა, იყო მისი წარმომავლობა, დანარჩენი უკვე ყველაფერი დაკარგული ჰქონდა. ასეთი ადამიანი კი გაცილებით ადვილი სამართავია.
– თვითონ თამარის პოზიცია როგორი იყო ამ ქორწინებასთან დაკავშირებით?
– თამარი დასაწყისშივე ეუბნებოდა ფეოდალებს, არ არის საჭირო აჩქარება. ჯერ გამოვცადოთ ეს ადამიანიო. ის თავს იკავებდა, რომ ამ მიმართულებით ნაჩქარევად არ გადაედგა ნაბიჯი. მაგრამ, სამეფო კარმა იჩქარა – უცებ გადაწყვიტეს, ქორწილიც გადაიხადეს და, სწორედ ამის შემდეგ იწყება ყველაზე დიდი ტრაგედია თამარის პირად ცხოვრებაში. ეს არის გაუთავებელი კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის.
– რა იყო ამ კონფლიქტების მიზეზი?
– თამარ მეფისა და მისი მეუღლის კონფლიქტების მთავარი მიზეზი იყო გიორგი რუსის პირადი ხასიათი. სამწუხაროდ, ქართულ წყაროებში ბევრი სხვა მიდგომაც არის ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩრდილოელი, იური ძალიან ეტანებოდა სასმელს, ანუ, ეს ახალი სენი არ არის რუსებისთვის. ძალიან ხშირად თვრებოდა გიორგი რუსი, მაგრამ გაყრის მთავარი მიზეზი ეს არ იყო. გაყრის მიზეზი გახდა ავადმყოფობა, რომელიც მას სჭირდა – გიორგი რუსი ჰომოსექსუალი იყო. წყაროში პირდაპირ წერია, მას სოდომური ცოდვა სჭირდაო. როგორც ჩანს, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა და ქორწინებიდან ძალიან მალევე, დაახლოებით ორ წელიწადსა და რამდენიმე თვეში, თამარი გაეყარა ქმარს. გიორგი რუსს დიდძალი სიმდიდრე მისცეს და გაისტუმრეს კონსტანტინოპოლში. ასე დამთავრდა მისი მეფობა საქართველოში
– ამის შემდეგ იური აღარ ჩანს საქართველოს ისტორიაში?
– ის ორჯერ შეეცადა საქართველოს ტახტის დაუფლებას. 1187-1188 წლებში თამარი და გიორგი რუსი განქორწინდნენ, 1191 წელს კი თამარის მეფობის ხანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აჯანყება იწყება, რომლის მთავარი ფიგურა მისი ყოფილი ქმარია.
გიორგი რუსი ფარულად ჩამოვიდა კარნუქალაქში, ანუ, დღევანდელ არზრუმში, თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც მან დაიწყო ფარული მოლაპარაკება თავის მომხრეებთან. ეს მომხრეები აღმოჩნდნენ დადიანები, ვარდანისძეები; სამხრეთ საქართველოში – გუზან ტაოელი; ასევე, ქვემო ქართლის რამდენიმე ფეოდალი. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი დასი შეიკრიბა, რომელსაც ჰყავდა მხარდამჭერები სამეფო კარზეც – კარნუქალაქში ფარულად ჩადის მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი და აწარმოებს მოლაპარაკებას იური (გიორგი) ბოგოლუბსკისთან. ამის შემდეგ იწყება მთავარი მოქმედება: გიორგი გადაჰყავთ დასავლეთ საქართველოში, გეგუთის სასახლეში და მას მეფედ აღიარებენ.
– მეფედ აღიარეს თუ აკურთხეს?
– თამარი მეფეთმეფე იყო და როგორც კი გიორგი რუსი თამარზე დაქორწინდა, პარალელურად მოხდა მისი მეფის სტატუსით აყვანა, კურთხევა. ასე, რომ, როდესაც ის გეგუთში დაბრუნდა, მისი, როგორც მეფის უფლებები, ხელახლა კიდევ ერთხელ ცნეს.
ფაქტობრივად, მთელ დასავლეთ საქართველოს იური განაგებს, სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ფეოდალები მისი მომხრენი არიან, ქვემო ქართლი მისი გავლენის ქვეშაა და სამეფო კარს ამ თვალსაზრისით უკვე სერიოზული პრობლემა აქვს.
– რატომ უჭერდნენ ქართველი ფეოდალები მხარს ასეთი საეჭვო ზნის ადამიანს?
– საინტერესო კითხვაა. სხვათა შორის, არის ისტორიკოსთა ნაწილი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს „ქართლის ცხოვრების“ მონაცემებს გიორგი რუსის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით. ეჭვის შეტანა ცოტა რთულია, როცა წყაროში პირდაპირ წერია, მაგრამ, ერთ მომენტში გარკვეული ეჭვები მეც მიჩნდება, რადგან ამხელა ფეოდალური საზოგადოება უცებ აღმოჩნდა იმ კაცის მხარეზე, ვისაც ისეთი ავადმყოფობა სჭირდა, რომელსაც ქრისტიანული რელიგია მკაცრად ებრძოდა?! ამავე დროს, არ შეიძლება, მათ არ სცოდნოდათ გიორგი რუსის სექსუალური ორიენტაციის შესახებ და, დავიჯერო, ამის მიუხედავად, ისინი ასეთ ადამიანს მიუდგნენ?! ისტორიკოსები, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ქართლის ცხოვრების ეს შეფასება გადაჭარბებულია, იქვე დასძენენ, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, ხომ არ იყო ეს იური ბოგოლუბსკის წინააღმდეგ მიმართული შავი ფიარი? როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი შეეწირა დიდებულებს შორის კლანურ დაპირისპირებას – ასეთი პოზიციაც არსებობს გიორგი რუსის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით.
შორსმიმავალი გეგმა ჰქონდათ გიორგი რუსის მომხრეებს, ისინი თბილისის ალყაში მოქცევას აპირებდნენ, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების მომხრეებმა უფრო ჭკვიანურად იმოქმედეს. საბოლოოდ, თვითონ აჯანყებულები ეახლნენ თამარ მეფეს შენდობის მისაღებად, და თვითონ რუსიც გადმოიყვანეს და ჩააბარეს თამარს, რომელიც ისევ და ისევ დიდი პატივითა და სიმდიდრით გაისტუმრეს ბიზანტიაში.
გიორგის საქციელის შედეგად სამეფო კარზე მძიმე სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ის არ გაჩერებულა – რამდენიმე წლის შემდეგ, იგი აბუბექრის მომხრეთა დასშია და არანიდან ცდილობს საქართველოში შემოჭრას. თუმცა, კვლავ უკუაქციეს და გააძევეს.
გიორგი რუსი იქცა ქართული სახელმწიფოს დასასუსტებლად ერთ-ერთ გამოსაყენებელ ობიექტად: მას ჯერ საქართველოს სამხრეთით არსებული მუსლიმური საამიროები იყენებდნენ, შემდეგ კი – აბუბექრი, ადარბადაგანის მმართველი – ისევ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დასასუსტებლად. ამაში ჩანს გიორგი რუსის ანტიგმირობა. მიუხედავად ამისა, თამარის მმართველობის ხანაში საქართველომ არნახულ დიდებას მიაღწია.