აუცილებელია გაჩუმდე
თქვენი ურთიერთობა სტაბილურ ჩარჩოებში მოექცა. თქვენ უკვე ცოლ-ქმარი ხართ. ახლა მთავარია, ურთიერთობის ამ ახალ ეტაპზე გადასვლა მტკივნეული არ იყოს და ჰარმონიულ თანაარსებობაში ხელი არ შეგიშალოთ. შეყვარებულობის დროს, თქვენც და ისიც, „სხვანაირი” იყავით, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადამიანებს ცვლის. ისინი თავის ნამდვილ სახეს ავლენენ. შეიძლება, თქვენს პარტნიორში ბევრი ისეთი თვისება აღმოაჩინოთ, რომლებზეც წარმოდგენა არ გქონდათ და იქნებ, არც კი მოგეწონოთ. არსებობს ოთხი „ოქროს რჩევა”, რომელიც ერთად ცხოვრების პირველ ეტაპზე დაგეხმარებათ. სულ გახსოვდეთ, რომ ძალიან წაგადგებათ დუმილი. მამაკაცი აუცილებლად ინანებს ნაჩქარევად ნათქვამ სიტყვებს და მოგეფერებათ კიდეც. თუკი უბრალოდ გაჩუმდებით.
ყოველთვის არ არის საჭირო ურთიერთობის გარკვევა. ნუ ეცდებით, საყვარელ მეუღლესთან საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. შეიძლება მართალი ნამდვილად ხართ, მაგრამ მისი მტკიცება, მით უმეტეს, ჯიუტად და პრინციპულად, არაფერს მოგცემთ. მხოლოდ გააფუჭებთ საქმეს. უმჯობესია, თავიდან დათმოთ. მერე კი, როცა თქვენი მეორე ნახევარი მიხვდება, სად დაუშვა შეცდომა, ალერსიანად ეტყვით, რომ ჯობდა, თქვენი სიმართლე გაეთვალისწინებინა;
ნუ აღიქვამთ თქვენი მეორე ნახევრის მავნე ჩვევებს ტრაგედიად და თქვენს სასჯელად. იქნებ, მასაც ბევრი რამ არ მოსწონს. ადამიანები არ არიან უნაკლონი. ისინი სწორედ თავიანთი ნაკლის და ღირსების გამო გამოვარჩიეთ და შევიყვარეთ;
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. თქვენ უკვე „პირადი” მესაიდუმლე გყავთ. გაბუტვასა და პირში წყლის ჩაგუბებას, წარბის შეკვრასა და „გაფხორვას” ჯობია, პირდაპირ უთხრათ მას, რა გეწყინათ. რა არ მოგეწონათ და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერზე შეთანხმდებით;
ნუ მიიჩნევთ მამაკაცს ისეთ არსებად, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია. მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი არიან და ბევრ რამეს ამჩნევენ. მაგალითად, როგორ გამოიყურება საყვარელი არსება სახლში, როგორ ხვდება ის ქმრის მშობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს. შეიძლება, საერთოდ, არაფერი თქვას, მაგრამ მის ცნობიერებაში აუცილებლად პოზიტიურად დაილექება.