გამიღიმე... შენი ვარ!
ზაფხული საუკეთესო პერიოდია იმისთვის, ცხოვრება შეცვალოთ. დაისვენოთ და ნაცნობების წრე გააფართოოთ. არ თქვათ, რომ ეს „ხელობა” არ გამოგდით. თუკი მოინდომებთ, ძალიან კარგად შეძლებთ. არაფერი რთული ამაში არ არის. მაგალითად, მთელ მსოფლიოში, პლანეტის ყველა წერტილში, ადამიანების გაცნობის საუკეთესო საშუალება მისალმებაა – ღიმილიანი, გულითადი სალამი. სულერთია, რომელ ენაზე. უბრალოდ, მიდით და მიესალმეთ. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მასთან საუბარი გააბათ.
მიესალმეთ და ერთმანეთიც გაიცანით. მოგეწონათ? – მაშინ გულწრფელად დაინტერესდით მისი ამბებით. კითხვები ისე, მოვალეობის მოხდის მიზნით, ან მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ დაუსვათ. ადამიანების უმრავლესობა ამჩნევს სიყალბეს. ადამიანები სულერთი არ უნდა იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი.
არაფერი ისე არ სიამოვნებს ადამიანს, როგორც ის, როცა საკუთარი სახელით მიმართავენ. ეცადეთ, დაიმახსოვროთ ახალი ნაცნობების, მეგობრების სახელები და საუბრისას ხშირად მიმართოთ მათ. ეს მათ გულებს მოგანადირებინებთ.
ნურასოდეს დაგავიწყდებათ, ან დაგეზარებათ მადლიერების გამოხატვა. გახსოვდეთ ისიც, რომ ღიმილი თქვენი მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს. იყავით ყოველთვის ბუნებრივი, გულწრფელი და ხალასი. გაიგეთ სხვისი იუმორი და იხუმრეთ თქვენც. ფაქტობრივად, ყველაფერი ისწავლეთ. ახლა შეეცადეთ, ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ.