კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უთხრა ანიტა რაჭველიშვილმა მეუღლეს ხელის მოწერაზე უარი და როგორ წერს მას იტალიელი ქმარი ქართულ ენაზე სასიყვარულო მესიჯებს


გარდა იმისა, რომ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ძალიან ნიჭიერი მომღერალია და მისით უკვე თვით ფრანკო ძეფირელიც დაინტერესდა, ის არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა. ანიტა ცდილობს, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, რადგან მისთვის ამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ადამიანები მასზე. ამიტომ, ყოველთვის ყველას კარგად ექცევა და ცდილობს, ბევრი სიკეთე აკეთოს.


– ანიტა, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, თბილისში გქონდა კონცერტი, როგორ ჩაიარა და თავად თუ ხარ კმაყოფილი?

– ჩემი აზრით, ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა და კარგადაც ჩაიარა. ეს კონცერტი ჩემი პედაგოგის – მანანა ეგაძის ხსოვნას მივუძღვენით და ძალიან შემიწყვეს ხელი კონსერვატორიამ, ქალბატონმა მანანა დოიჯაშვილმა და ჩემი პედაგოგის – მანანა ეგაძის ოჯახმა. არ არის იოლი, ქართველი მაყურებელი და მსმენელი დააკმაყოფილო, რთულია საკუთარი თანამემამულეების წინაშე გამოსვლა, მით უმეტეს, როცა უცხოეთში ცხოვრობ, მოღვაწეობ და შენგან განსაკუთრებულს ელიან. აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდი. დარბაზი სავსე იყო, რაც კონსერვატორიაში ვსწავლობდი, არ მახსოვს, ამდენი ხალხი მოსულიყო. ძალიან დიდი ემოციებით, სიყვარულით, სითბოთი შემხვდნენ და ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა მსმენელმა ასე მიმიღო.

– მომიყევი, როგორ ჩაიარა ტორონტოში შენმა გამოსვლამ?

– ტორონტოშიც „კარმენი” ვიმღერე, ოთხი სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ქალაქია, ასევე არაჩვეულებრივი თეატრით და სპექტაკლებმა ძალიან კარგად ჩაიარა. მომავალ წლებში იქ ისევ დავბრუნდები სამუშაოდ, ოღონდ, სხვა სპექტაკლებით. კანადის შემდეგ ბერლინის „შტატს-ოპერაში“ მქონდა „კარმენი”, რომელმაც ასევე წარმატებით ჩაიარა. ქართველებიც იყვნენ მოსულები, რითაც ძალიან გამახარეს. ამის შემდეგ პატარა პაუზა მქონდა – ცოტა დავისვენე.

– როგორც ვიცი, ახლა ვერონაში ხარ, სადაც ძეფირელის რეჟისორობით დადგმულმა „კარმენმა” დიდი წარმატებით ჩაიარა.

– ახლა ვერონაში ვარ, სადაც ღია ცის ქვეშ არის უდიდესი ამფითეატრი. წლევანდელი საოპერო სეზონი მათ მთლიანად დაუთმეს ფრანკო ძეფირელის, უდიდეს რეჟისორს. მისი რეჟისურით დადგმულ „კარმენს” ვმღერი, არაჩვეულებრივი სპექტაკლია, რომელიც განსხვავდება „ლა სკალას” „კარმენისგან” – გაცილებით უფრო ტრადიციულია – „ფლამენგოს“ მოცეკვავეებით, სცენაზე ცხენებით, ვირებით – სანახაობრივად ულამაზესია. 10 ივლისს გვქონდა პრემიერა, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, გაზეთებში დაწერეს, ასეთი სავსე არენა ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილაო. 20 ათასი ადამიანი იყო სპექტაკლის სანახავად მოსული, მათ შორის იყვნენ ქართველებიც, რომლებიც სპექტაკლის ბოლოს ქართულ დროშას აფრიალებდნენ. დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ამისთვის.

– როგორი გამოხმაურება ჰქონდა შენს გამოსვლას?

– ერთ-ერთ გაზეთში დაწერეს, რომ მე ვარ კარმენი, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება; რომ მაქვს არაჩვეულებრივი მონაცემები, ულამაზესი ხმა. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ვერონის არენაზე მღერი, ძლიერი ხმა უნდა გქონდეს, რადგან, უზარმაზარი დარბაზია, ღია ცის ქვეშ. თან, აკუსტიკის პრობლემებიც არის, ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც დაწერეს, რომ მაქვს ძლიერი ხმა და რომ ჩემი შესრულება ყველას ესმოდა. როცა რაიმე წარმატება მაქვს, ჟურნალისტები ყოველთვის ინტერესდებიან საქართველოთი, ჩვენი ისტორიით, წარსულით, აწმყოთი და მეც მაქსიმალურად ვუსვამ ხაზს ყველაფერს, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება.

– ვინ გიწევს „კარმენში” პარტნიორობას?

– ვერონაში პარტნიორობას მიწევს უდიდესი ტენორი – მარსელო ალვარესი, რომელიც სამხრეთამერიკელია და ძალიან ცნობილი ტენორია. 25 წელია, რაც მას საოპერო კარიერა აქვს. ის არაჩვეულებრივი პარტნიორი, მომღერალი და ადამიანია, ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ.

– ფრანკო ძეფირელისთან მუშაობა, ალბათ, ძალიან სასიამოვნო და, ამავდროულად, რთულია.

– სამწუხაროდ, ძეფირელი მხოლოდ ერთხელ იყო მოსული. მოხუცებულია და მსახიობებთან, მომღერლებთან პირადად ვეღარ მუშაობს. ერთხელ ვნახე და მასთან მუშაობა მართლაც ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან, ძნელად კმაყოფილდება იმით, რასაც სცენაზე ხედავს და, აქედან გამომდინარე, მუდმივად ხდება ერთი და იმავე სცენის გამეორება. მაგრამ, არაჩვეულებრივი რეჟისორია და მასთან თუნდაც ერთდღიანი მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

– თავად გააკეთა შენზე არჩევანი?

– „ლა სკალას“ „კარმენის” შემდეგ დაიწერა გაზეთებში, რომ ძეფირელის ძალიან მოვეწონე და უნდოდა მისი „კარმენი” მემღერა. შესაბამისად, მისი და თეატრის გადაწყვეტილებით დამიძახეს და ვიმღერე. როდესაც ეს გავიგე, ძალიან გამიხარდა, რადგან მის ხელში უდიდესმა მეცო-სოპრანოებმა გაიარეს, უამრავი ფილმი აქვს გადაღებული და თავისი ოპერები ბევრი თეატრის სცენაზე აქვს დადგმული. ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი რეჟისორის არჩევანი ჩემზე შეჩერდა და ეს კიდევ მიდასტურებს იმას, რომ უზარმაზარ შრომას, რომელსაც ამ საქმეში ვდებ, ფუჭად არ ჩაუვლია.

– სამომავლო გეგმები უკვე გაწერილი გაქვს?

– სექტემბერში „კარმენით” ვბრუნდები ისევ „ლა სკალაში“, შემდეგ ჰელსინკიში მაქვს ვერდის „რეკვიემი”, ვალენსიაში – „ევგენი ონეგინი”, მერე კი სპექტაკლი მაქვს ამსტერდამში. „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ჩავალ 2011 წლის სექტემბერში „კარმენის” სამღერლად და, გარდა ამისა, 2013 წელს ისევ „კარმენით” გავხსნი სეზონს. „მეტროპოლიტენში“ რამდენიმე რუსული ოპერის სამღერლად მიმიწვიეს.

– როდესაც იტალიაში გადახვედი საცხოვრებლად, თუ გაგიჭირდა ახალ გარემოში, ოჯახის წევრების, ახლობლების გარეშე ყოფნა?

– პირველი თვეები ძალიან გამიჭირდა, რადგან, პირველად ვიყავი ოჯახის წევრების გარეშე, თან – მარტო. ფინანსური პრობლემებიც მქონდა და ამის გამო ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ, საბედნიეროდ, იტალიაში ისეთი ადამიანები შემხვდნენ, რომლებიც გვერდში დამიდგნენ, დამეხმარნენ. ის რუსი ქალბატონი, ვისთანაც ოთახს ვქირაობდი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ძალიან დამეხმარა – ბინის ქირაზეც არაფერს მეუბნებოდა, როცა ფული მჭირდებოდა და არ მქონდა, მაძლევდა კიდეც. ჩემი მეგობრები, მომავალი მეუღლე (მაშინ მეგობრები ვიყავით), ძალიან ამომიდგნენ მხარში, დამეხმარნენ. ასე რომ, რამდენიმე თვის შემდეგ უკვე წყნარად და მშვიდად ვიყავი.

– როგორ გაიცანით შენ და შენმა მეუღლემ ერთმანეთი?

– ერთმანეთი „ლა სკალას“ აკადემიაში გავიცანით, სადაც ვსწავლობდით. თავიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთს გვერდში ვედექით. მაგრამ, რადგან ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა რთულია, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე მას უკვე რამდენიმე თვეა, ვუყვარვარ და მე არაფერი ვიცოდი. რაღაცას კი ვხვდებოდი – როგორ შეიძლება, ქალი ვერ მიხვდეს, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ, არ ვიყავი დარწმუნებული. ბოლოს, როცა პირადად მითხრა, მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა ყოფნაო, იმის მერე ნახევარი წელი ერთად ვცხოვრობდით და შემდეგ დავქორწინდით.

– ჯვარი დაიწერეთ თუ ხელი მოაწერეთ?

– ჯვარს ვერ დავიწერთ, რადგან, მე ვარ მართლმადიდებელი, ის კი კათოლიკე და არც ერთი არ ვაპირებთ სარწმუნოების შეცვლას. ხელის მოწერას რაც შეეხება, ჯერჯერობით ვიცდი. იტალიაში ამ მხრივ ძალიან ცუდი სიტუაციაა – უცხოელი გოგონები ხშირად ჩამოდიან და იტალიელ მამაკაცებთან ფიქტიურად აწერენ ხელს, რომ მოქალაქეობა მიიღონ. ამიტომ, განგებ ვთქვი უარი ხელის მოწერაზე და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, როდესაც მივიღებ მოქალაქეობას, მერე მოვაწეროთ ხელი და უკვე არავის არაფერი ექნება სათქმელი-მეთქი. მე და ჩემი მეუღლე მის დედასთან და ბიძასთან ერთად ვცხოვრობთ და მისი ოფიციალური მეუღლე ვარ; შესაბამისად, დანარჩენ რაღაცეებს უკვე აღარ ვაქცევთ ყურადღებას.

– ხშირად ამბობენ, რთულია, როცა მეუღლეები ერთი პროფესიის არიან, ზოგს კი მიაჩნია, რომ პირიქით, ეს უფრო აახლოებთ მათ.

– ერთი მხრივ, ეს კარგია, იმიტომ რომ უკეთ გვესმის ერთმანეთის, კარგად გვაქვს გააზრებული ამ პროფესიასთან დაკავშირებული სირთულეები. თუმცა, არიან წყვილები, როდესაც, თუ ერთი უფრო მეტად წარმატებულია, ამით მეორეს პრობლემები ექმნება. საბედნიეროდ, ჩვენ შორის ეს პრობლემები არ ყოფილა, რადგან ჩვენ ასეთ რაღაცეებს არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენთვის პირველ ადგილზე სიყვარული და ურთიერთგაგება დგას. ორივეს წარმატებული კარიერა გვაქვს, მე უფრო ხშირად ვმუშაობ იტალიაში, ჩემი მეუღლე კი იტალიელია, მაგრამ, უფრო ბევრს მუშაობს შტატებში, სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, ვიდრე იტალიაში.

– ერთად გიმღერიათ?

– „ლა სკალაში“ ვიმღერეთ ერთად „კარმენი“ და დეკემბერში ჰელსინკიში ვიმღერებთ ვერდის „რეკვიემს”. როცა ერთად ვმუშაობთ, რაღაც კატასტროფა ხდება, იმიტომ რომ სულ ვჩხუბობთ. ორივე ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ და აქედან გამომდინარე, ხშირად ვკამათობთ ისეთ დეტალებზე, რაც ვოკალს შეეხება. საბოლოო ჯამში კი ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს. პატარა ჩხუბის მერე ერთმანეთს ვეხუტებით და გაგვივლის ხოლმე. ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ვენდობი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის გვერდით ყოფნას, როდესაც სერიოზულ დებიუტთან მაქვს საქმე. ის ვერონაშიც ჩამოვიდა გენერალურ რეპეტიციაზე, რადგან მისი აზრი მაინტერესებდა. რაც მთავარია, ერთმანეთს ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებით, ვცდილობთ, ერთმანეთის გვერდით ვიყოთ, როდესაც სერიოზული პრემიერები ან დებიუტები გვაქვს.

– თბილისში თუ ყოფილა?

– არ ყოფილა და, თუ მოვახერხებთ, წელს ჩამოვალთ ერთად. ქართულ ენას სწავლობს თავისი სურვილით და სასიყვარულო მესიჯებს მწერს ქართულად. ნელ-ნელა სწავლობს გრამატიკას, ფრაზებს. როცა დრო მაქვს, ვუჯდები და ვუხსნი, ახალ სიტყვებს ვაწერინებ.

– თუ გცალია სახლში ქართული კერძების მოსამზადებლად?

– კერძების მოსამზადებლად ყოველთვის ვიცლი და ამ დროს ვისვენებ. ვამზადებ ყველანაირ საჭმელს, დაწყებული ხინკლიდან – საცივით დამთავრებული. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქართული კერძები. რომ ვეტყვი, დღეს ეს უნდა მოგიმზადო-მეთქი, დღესასწაული აქვს. დედამთილსაც გავასინჯე და ძალიან მოეწონა. ჩემი მეუღლის ბიძა ყველაფერს არ ჭამს და, ერთხელ, როდესაც ქართული ვახშამი მოვამზადე, მითხრა: გაფრთხილებ და არ გეწყინოს, გავსინჯავ, ოღონდ, არ შევჭამო. ისე მოეწონა, რომ დაიწყო ჭამა, აღარ გაჩერებულა.


скачать dle 11.3