კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეძლო გატაცებულმა გიგა ზაალიშვილმა ფერწერული ტილოების შექმნა და ვის ოჯახში ცხოვრობდა ის ჩეჩნეთში


გიგა ზაალიშვილი პროფესიით სამხედროა, თუმცა ხატვის საოცარი ნიჭით არის დაჯილდოებული. მას ხატვა ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდშიც არ შეუწყვეტია – მაშინ, როდესაც ჩრდილოკავკასიელთა ტყვეობაში მოხვდა, მან ძალიან საინტერესო ფერწერული ტილო შექმნა. ეს პერიოდი ბატონმა გიგამ აღწერა თავის წიგნში „დელმარში”, რომელიც ტყვეობიდან წელიწად-ნახევრის გათავისუფლების შემდეგ დაწერა.


გიგა ზაალიშვილი: 2000 წელს დავამთავრე სამხედრო აკადემია და ახლა ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში. აქედან გამომდინარე, დრო აღარ მრჩებოდა, რომ მეხატა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მაქვს ახალი ნამუშევრები, ინტენსიურად ვერ ვახერხებ, სამწუხაროდ.

– ასე თუ ისე, მაინც გაქვთ ახალი ნამუშევრები. პერსონალური გამოფენის მოწყობას ხომ არ აპირებთ?

– არ ვიცი, მაგაზე ვფიქრობ. მინდა, რომ ძველ ნამუშევრებს ახლებიც შევუერთო და რაღაცნაირად მოვახერხო გამოფენის მოწყობა. გეგმაში მაქვს.

– როგორც ვიცი, თქვენ წერთ კიდეც.

– დიახ, ვწერ. ერთი წიგნი მაქვს გამოცემული, რომელშიც იმ ავადსახსენებელი ტყვეობის შესახებ მოვუთხრობ მკითხველს. ჩემს შთაბეჭდილებებს გადმოვცემ. დიდი ლიტერატურული შემოქმედება არ მაქვს, მაგრამ, მინდა, რომ რაღაც-რაღაც მოვლენები ხალხს გავაცნო. მეორე წიგნი დაწყებული მაქვს და, ალბათ, მალე გამოვცემ. ბალკანეთში ორი წლის განმავლობაში მომიწია ყოფნა და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გადმოვცე.

– ვიცი, რომ 1998-1999 წლებში ტყვედ იმყოფებოდით ჩეჩნეთში. ამის შესახებ გვიამბეთ?

– მაგ დროს ეროვნული გაერთიანების თავმჯდომარე ვიყავი. აქტიურად ჩავერთე პოლიტიკაში და გარკვეული კავშირები მქონდა კავკასიურ გაერთიანებებთან და ორგანიზაციებთან. იმ დროს ჩეჩნეთში არაერთგვაროვანი მდგომარეობა იყო: ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ხელისუფლება, ოპოზიციური დაჯგუფებები, რადიკალურ-ისლამისტური გაერთიანებები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს აგვიყვანეს ჩვენ პანკისის ხეობაში, სოფელ დვინში. ორი დღის განმავლობაში იქ გვამყოფეს, შემდეგ კი ჩეჩნეთში გადაგვიყვანეს.

– რა მოხდა იქ, ჩეჩნეთში, ტერიტორიულად ერთ ადგილას იმყოფებოდით?

– ერთ ადგილას არ ვიყავით. ჩეჩნეთში ლენტეხის გავლით გადაგვიყვანეს. მდგომარეობა ასეთი იყო: ჩეჩნეთის მაშინდელი ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას ითხოვდა და თითქმის ყოველდღიურად ატარებდა რეზიუმებს. ისინი, ვის ხელშიც მე ვიყავი, ხან სად დამატარებდნენ და ხან – სად. კვირაში ერთხელ მაინც ვიცვლიდით ადგილს და სწორედ ამიტომ გაუძნელდა ჩეჩნეთის მაშინდელ ხელისუფლებას ჩვენი პოვნა. ამ დროს ჩეჩნეთში ძალიან იყო სიტუაცია გამწვავებული. ხალხს იტაცებდნენ, სხვათა შორის, არა მარტო ქართველების. ჩემთან ერთად ორმოცამდე ქართველი მაინც იყო გატაცებული სხვადასხვა მიზეზის გამო. ასევე, იტაცებდნენ უცხოელებსაც – ინგლისელებს, თათრებს... ხდებოდა ფულის გამოძალვა. ნებისმიერი ჟურნალისტი საფრთხის ქვეშ იყო. საფრთხის ქვეშ იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფინანსური წარმომადგენლობა. ძირითადად, გატაცებები ფულის გამოძალვის მიზნით ხდებოდა. ვფიქრობ, ჩემი გატაცების მიზეზიც ეს იყო. გარდა ამისა, შიდაპოლიტიკურ არეულობებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი და ჩვენი ოპონენტებისგან ვიდევნებოდი. ამიტომ, არც პოლიტიკური თვალსაზრისით გამოვრიცხავ ჩემს გატაცებას. მაშინ მე აშკარა ოპოზიცია ვიყავი. მაშინდელ ჩვენს ხელისუფლებას არაერთგვარი პოლიტიკა ჰქონდა გინდ რუსეთთან, გინდ ამერიკასთან. ხან ვის მტრობდა და ხან – ვის. თუნდაც ჩეჩნეთთან მიმართებაში რომ ავიღოთ. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, ტყვეობა ჩემი ოპოზიციონერობის გამო მომხდარიყო.

– იქ რა პირობებში იმყოფებოდით, თუ იყო ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფა?

– ზეწოლა იყო, როგორ არა. ჩემი გამტაცებლები ყოველდღიურად ელოდნენ თავდასხმას ხელისუფლების მხრიდან. ჩეჩნური თავდასხმა და სპეცოპერაცია დიდად არ განსხვავდება და, კარგად იცოდნენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, არ იყვნენ კარგ ხასიათზე. რა გასაკვირია, რომ ჩემზე ზეწოლა უფრო ძლიერდებოდა. ამ ყველაფერში მე მადანაშაულებდნენ. ისინი ითხოვდნენ გამოსასყიდს, მაგრამ ვერ იღებდნენ.

– რა თანხაზე იყო ლაპარაკი?

– 150 000 დოლარი, რომელიც შემდეგ გაიზარდა და 200 000 დოლარი შეადგინა. ჩემი გათავისუფლებით მაშინდელი მთავრობა ნამდვილად არ იყო დაინტერესებული. ჩემიანებს ყველაფერი რომ გაეყიდათ, მაინც ვერ იშოვიდნენ ამხელა თანხას. ასე რომ, გამოსასყიდის გადახდაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

– ბოლოს როგორ დააღწიეთ თავი ტყვეობას, ვინმემ გადაიხადა დასახელებული თანხა?

– არა, არც არავის გადაუხდია და არც არავინ აპირებდა ამ თანხის გადახდას. მოხდა კავკასიელებთან გარკვეული მოლაპარაკებები. შეთანხმება დაიდო საქართველოსა და ჩეჩნეთის ხელისუფლებებს შორის. როგორც მაშინ მივხვდი, მათ, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდათ – არც წასასვლელი, არც შესაცვლელი ადგილი და თუ მე არ გამათავისუფლებდნენ, მოხდებოდა მათი განადგურება და მეტი არაფერი.

– თქვენთან ერთად სხვები თუ იმყოფებოდნენ?

– საქმე რა არის, იცით? მაშინ მაგ ხალხის ბიზნესი იყო ხალხის გატაცება. იყვნენ სხვადასხვა კატეგორიის გამტაცებლები და სხვადასხვა კატეგორიის მძევლები. რამდენიმე ადგილის გამოცვლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ესენი იყვნენ რუსები, უცხოელები სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა საშინელ დღეში ვიყავით. გვაყურებინეს სიკვდილით დასჯასაც, იყო ფიზიკური ზეწოლები, არც ჩვენს ცემას თაკილობდნენ. თუმცა, ხალხი ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც იყო. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში გაუნძრევლად ისხდნენ ორმოში და ამოსვლის საშუალება არ ჰქონდათ, დაბორკილები ისხდნენ ერთ ადგილას გაუნძრევლად.

– კვების მხრივ, როგორი პირობები გქონდათ?

– საკვები, ელემენტარულად, რაც სასიცოცხლოდ იყო საჭირო, ის გვქონდა. მე, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველკვირეულად გადავყავდი სხვადასხვა ადგილებში, დავდიოდით ტყეებში, იმას ვჭამდი, რასაც გამტაცებლები.

– ტყვეობაში ყოფნის დროს თქვენ შექმენით რამდენიმე ფერწერული ტილო. როგორ მოახერხეთ ეს ასეთ გაუსაძლის პირობებში?

– მე იქ ვიმყოფებოდი არა სადმე ტყე-ღრეში, არამედ ერთ-ერთ ჩვეულებრივ სახლში, ჩეჩნურ ოჯახში. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი გამტაცებლის ნათესავის ოჯახი. იქ მე სხვენში მომიჩინეს ადგილი. შემდეგ გაიგეს, რომ მხატვარი ვიყავი და ტილოების შექმნის ახალ-ახალი იდეები გაუჩნდათ: მომცეს მასალა, რომ შემექმნა სხვადასხვა სახის მხატვრული ნამუშევარი. ისინი საერთოდ ვერ ერკვეოდნენ მხატვრობაში და არც მე მაძლევდნენ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებას.

– ანუ, თვითონ გეუბნებოდნენ, კონკრეტულად, რაზე უნდა გემუშავათ?

– დიახ, მეუბნებოდნენ, რა უნდა დამეხატა, ჟანრსაც თვითონ მკარნახობდნენ, ისიც კი თვითონ შემირჩიეს, რით უნდა მეხატა. გრაფიკოსი ვარ და, მომთხოვეს, რომ ფერწერული ტილოები შემექმნა. მათი წარმოდგენით, თუ მხატვარი ხარ, ყველაფერი უნდა დახატო. ტილო და საღებავები თვითონ მომიტანეს. ძირითადად პეიზაჟების შეკვეთებს მაძლევდნენ. პეიზაჟი კი რეალისტური უნდა ყოფილიყო. როგორც შემეძლო, ვიმუშავე და, მგონი, ცუდად არ გამომივიდა. ყველანაირად შევეცადე და ბოლოს თვითონაც კმაყოფილები დარჩნენ. მერე ამ ნამუშევრების განხილვა მიმდინარეობდა. ბოლოს შემაქეს და თქვეს, ნამდვილი მხატვარი ყოფილხარო.

– რა ბედი ეწია იმ ნახატებს, თუ დაინტერესებულხართ?

– იმ დროს ნამდვილად არ მქონდა ნახატების თავი, ყველა ჩეჩნეთში დარჩა. ჩემს გათავისუფლებას დაერთო ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყება, დაიწყო დაბომბვები. ჩეჩნეთში რუსების ჯარები შევიდნენ და, ნამუშევრები კი არა, ხალხი დაიღუპა. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და, ალბათ, აღარც ამით დაინტერესებას აქვს აზრი.

– წელიწადნახევრიანი ტყვეობიდან დაბრუნებულმა დაწერეთ წიგნი „დელმარში“, რომელშიც აღწერილი გავქთ იქ გატარებული თვეები. თქვენს წიგნში არ იგრძნობა გამტაცებლებისადმი აგრესია და კრიტიკა, პირიქით, მათ თანაგრძნობას უცხადებთ. ეს როგორ გავიგოთ?

– ჰო, ეგ მართალია. ის ხალხი, არსებული სიტუაციის ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორიც მე. იმ დროს იქ მიმდინარეობდა ყაჩაღობა, კრიმინალი, რუსულ-ჩეჩნური ომები. ჩეჩნებმაც ჩათვალეს, რომ მათთვის სისასტიკითვე უნდა ეპასუხათ. გაუსაძლისი პირობების გამო ხალხი შოკირებული იყო. მე ამას გადავურჩი.

– როგორ მოხდა ეს?

– მე ვიცოდი, რა ხდებოდა იქ, რაღაც განსაკუთრებული სიტუაცია იყო. ერთადერთი, იმაზე ვფიქრობდი, რომ რაღაცნაირად გამეძლო ამ ვითარებისთვის და ჩემს გათავისუფლებას დავლოდებოდი.

– იქიდან დაბრუნდით თუ არა, თქვენი, როგორც მხატვრის კარიერა დასრულდა – აღარსად ჩანხართ, როგორც მხატვარი. ეს რამ განაპირობა?

– იმან, რომ ახლა სამხედრო სამსახურში ვარ. გავიარე ცხინვალის პირველი ომი, 2004 წელს რომ იყო; მერე – 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. მიუხედავად ამისა, შიგადაშიგ ვცდილობდი ლიტერატურული ნაწარმოებების ილუსტრირებას, რაღაც-რაღაცეების დახატვას. შეიძლება ითქვას, ამ მხრივაც არის რაღაც სიახლეები. უახლოეს მომავალში ახალი წიგნის პრეზენტაციაც შედგება. ძალიან მინდა, რომ ჩემი წიგნის პრეზენტაცია და პერსონალური გამოფენა ერთმანეთს დავამთხვიო. ვნახოთ, რა გამოვა.


скачать dle 11.3