რომელი მსოფლიოს ჩემპიონები ჰყავს დამარცხებული მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს და ითამაშებს თუ არა ის ფინალურ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე
ქართველი მოჭადრაკე ქალები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მთელ მსოფლიოში. უამრავი გამარჯვება მოუპოვებიათ მათ უცხოელ მოჭადრაკეებთან და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. არის ერთი მოჭადრაკე გოგონა, რომელმაც ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყო, მაგრამ, იმდენ წარმატებას მიაღწია, რომ ამ პატარა ქალაქმა მისი ნიჭი ვერ დაიტია და საჭირო გახდა, საცხოვრებლად თბილისში ჩამოსულიყო. ახლა იგი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და უკვე უამრავი გამარჯვება აქვს მოპოვებული. არაერთხელ გამხდარა საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. მისი მიღწევებისა და წარმატებების შესახებ თავად მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს ვესაუბრეთ.
– რამდენი წლის ასაკში დაიწყე ჭადრაკის თამაში? ალბათ, დიდი შრომით მიაღწიე ამ შედეგს.
– ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დავიწყე. ჩემს მშობლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ჭადრაკი მეთამაშა. იმ პერიოდში ჩვენი ქართველი ქალები ძალიან პოპულარულები იყვნენ ამ სპორტში. მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ასე შემდეგ. მამაჩემი იყო ნანა ალექსანდრიას დიდი გულშემატკივარი და ეს სახელიც მის პატივსაცემად დამარქვა. ძალიან უნდოდა, რომ მოჭადრაკე გამოვსულიყავი. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ხათუნა გუგელაძე. ამის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო წარმატებები: პირველი დიდი წარმატება იყო, როდესაც 10 წლის ასაკში გავხდი ევროპის ჩემპიონი ასაკობრივში, რის შემდეგაც, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ქუთაისის მომზადების დონე აღარ იყო ჩემთვის საკმარისი და გადმოვედით საცხოვრებლად თბილისში. შემდეგ, სამჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი ასაკობრივში, ოთხჯერ – მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – საქართველოს ჩემპიონი ქალებში, მოკლედ, წარმატებებით ყოველთვის განებივრებული ვიყავი, თუმცა, არც მე, არც ჩემი მშობლები და არც ჩემი მწვრთნელები თავს არ ვზოგავდით და ყველაფერს ვაკეთებდით გამარჯვებისთვის. ისე ნამდვილად არ არის, რომ არ გაინძრე და წარმატება თავისით მოვიდეს. ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ ცხოვრებაში მიზანს მიაღწიო.
– ჭადრაკის თამაში, ალბათ, დიდ სიამოვნებას განიჭებს?
– როგორც უკვე გითხარით, ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დავიწყე. 5 წლის ბავშვს კი 6 საათი დაფასთან ჯდომა და მაგალითების გამოყვანა სიამოვნებას ნამდვილად არ ანიჭებს. ძალიან მიყვარდა ბავშვებთან ერთად თამაში. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამოვირჩეოდი სხვებისგან, მაგრამ, დროდადრო ვხვდებოდი, რომ ჭადრაკის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. ძალიან სერიოზული გავხდი, შეიძლება ითქვას, ჩემთვის ბავშვური ცხოვრება დამთავრდა. კარგია თუ არა ეს, არ ვიცი, მაგრამ, ნამდვილად არ ვარ ჩემი ბედით უკმაყოფილო, დღეს მე ვცხოვრობ ჭადრაკით – ტურნირებით, შეკრებებით, შეჯიბრებებით და ასე შემდეგ.
– ამ ეტაპზე რა ხდება შენს ცხოვრებაში? როგორც ვიცი, ახლახან ტურნირიდან დიდი წარმატებებით დაბრუნდი.
– დიახ, ოთხი დღის წინ დავბრუნდი სომხეთის ქალაქ ჯერმუკიდან, სადაც ტარდებოდა ტურნირი – რომელსაც ჰქვია „ქალთა გრანპრი”. ამ ტურნირში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები, ანუ რეიტინგების მიხედვით წამყვანი ნომრები, მათ შორის მოვხვდი მეც. ეს კონკურსი ეტაპებად არის დაყოფილი. პირველი ტური ჩატარდა ჩინეთში, სადაც მე-2 ადგილზე გავედი, შემდეგი ეტაპი იყო რუსეთში, სადაც მე-3 ადგილზე გავედი და მესამე ეტაპი – სომხეთში, საიდანაც ახლა დავბრუნდი. ამ „გრანპრის“ აქვს 6 ეტაპი. თითოეული მოთამაშე ვალდებულია, ითამაშოს 4-ში, შემდეგ ამ 4-იდან ერთი გამოირიცხება, 3 ეტაპის ქულები შეჯამდება, და ვისაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდება, ის ეთამაშება მსოფლიოს ჩემპიონს. მატჩს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ჯერჯერობით ამ ეტაპების მიხედვით მე ვლიდერობ. დარჩენილი მაქვს ერთი ეტაპი, რომელიც გაიმართება ჩილეში ამ წლის ბოლოს და იქ გამარჯვებას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა – იქ გადაწყდება მე ვითამაშებ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონთან გადამწყვეტ მატჩს.
– შენი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრს მოგზაურობ, დადიხარ ტურნირებზე. რაიმე სასაცილო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?
– საერთოდ, მოჭადრაკეები ისეთი სერიოზული ხალხი ვართ, რომ კურიოზები ნაკლებად ხდება ჩვენთან. იმდენად ვართ ჩართული საქმეში, რომ უმნიშვნელო კურიოზებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგრამ, ერთი სასაცილო ისტორია მაინც მახსენდება, რომელიც გზაში შემემთხვა: სანამ სომხეთში წავიდოდი, მანამდე ვიყავი მიწვეული ჩინეთის ლიგაში, სადაც რამდენიმე პარტია ვითამაშე. მგზავრობა ძალიან დამღლელი იყო და, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ფედერაციაში სომხეთში გასაფრენი ბილეთი დამახვედრეს. ერთი სიტყვით ყველანაირად მზად იყვნენ, მაგრამ, იმდენად დაღლილი ვიყავი ფრენისგან, რომ თვითმფრინავით ნამდვილად ვეღარ ვიმგზავრებდი. ჭადრაკის ფედერაციას ვთხოვე, დაებრუნებინათ ჩემი ბილეთი და ჯერმუკში წავედი ტაქსით. მთელი ექვსი საათი მომიწია მგზავრობა, არადა თვითმფრინავით 45 წუთში გადავფრინდებოდი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემი ამ კაპრიზის ატანა მოუწია მწვრთნელსაც და 6 საათის განმავლობაში ისიც ჩემთან ერთად მგზავრობდა ტაქსით.
– წლის ბოლოს ჩილეში რომ მიემგზავრები, იქაც ტაქსით ხომ არ აპირებ წასვლას?
– სხვათა შორის, ფედერაციაშიც დაფიქრდნენ ამ საკითხზე. ალბათ, ასეთი კაპრიზები აღარ მექნება, თუმცა, სურვილი რომც მქონდეს, ჩილეში ტაქსით ნამდვილად ვერ წავალ.
– ცნობილი მოჭადრაკეებიდან თუ ჩაგიტარებია რომელიმესთან მატჩი?
– ამ გრანპრიზე ვეთამაშე მაია ჩიბურდანიძეს. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ის ჩემი ბავშვობის კუმირია. მატჩის წინ ძალიან ვნერვიულობდი. ჩემს მწვრთნელს – ზურაბ სტურუას ვთხოვე, დამხმარებოდა იმაში, რომ მაია ჩიბურდანიძე მეტოქედ აღმექვა. ჩემმა მწვრთნელმა ჩამიტარა საჭირო სამუშაოები და ძალიან დამეხმარა. როდესაც შეხვედრაზე მივედი, მივესალმე მაიას, ხელი ჩამოვართვი და, შემდეგ ჩემი 64 უჯრისა და 32 ფიგურის გარდა არაფერზე აღარ ვფიქრობდი. ეს თამაში ჩემს სასარგებლოდ დამთავრდა, მაიამაც მომილოცა და ტურნირზე მისურვა წარმატებები.
ცნობილი ადამიანებიდან მაია ჩიბურდანიძის გარდა, კიდევ ბევრთან მქონია თამაში. მაგალითად, დამარცხებული მყავს ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი ანტუანიტა სტეპანოვა, ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ქსიუიუჰუა, ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი იუჩენი.
– შენ თქვი, რომ, ხან შეჯიბრება გაქვს, ხან – შეკრება, ხან – ტურნირი. დრო თუ გრჩება დასვენებისთვის, გართობისთვის და როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
– ამ ბოლო დროს სულ ტურნირები მაქვს, მაგრამ, თავისუფალი დროც მრჩება. ძალიან მიყვარს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა. ძალიან მინდა, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერო. ჩინეთში უფრო ბევრი რამე მაქვს ნანახი, ვიდრე საქართველოში. მიყვარს პიკნიკები, ზღვაზე სიარული... მეგობრები დავდივართ ხოლმე მოსალხენ ადგილებში და შეძლებისდაგვარად ვერთობით.
– ჭადრაკში ადამიანი გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს და ვერავინ ვერ ერევა მის თამაშში. ცხოვრებაშიც ასეთი დამოუკიდებელი ხარ, როგორც თამაშის დროს?
– ბავშვობიდან ვარ ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი, ფინანსურადაც და ისედაც, ცხოვრებისეულ საკითხებში. როდესაც ჭადრაკს თამაშობ, შენს ფიგურებზე შენ ხარ პასუხისმგებელი, დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტო ყველაფერი და ეს ცხოვრებაშიც ძალიან გეხმარება – პასუხისმგებლობის გრძნობა გემატება.
– ბოლოს, შენს სამომავლო გეგმებსაც შევეხოთ: რა გეგმები გაქვს და ვინაა მოჭადრაკე, რომელთანაც სიამოვნებით ითამაშებდი?
– ჯერჯერობით ვისვენებ, შემდეგ კი შევუდგები მზადებას ოლიმპიადისთვის, რომელიც რუსეთში გაიმართება. საქართველოს ქალთა ნაკრები გამოვდივართ ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ტიტული გვაქვს დასაცავი. ცნობილი მოჭადრაკეებიდან თითქმის ყველასთან მითამაშია, მაგრამ, არის ერთი უნგრელი მოჭადრაკე ქალი იუდით პოლგარი, რომელსაც არ შევხვედრივარ და ძალიან დიდი ინტერესი მაქვს მასთან თამაშის. ის არის უსაზღვროდ ნიჭიერი მოჭადრაკე და სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან. მაინტერესებს, გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები.
– დამარცხებას ადვილად ეგუები?
– ეგ ძალიან მძიმე კითხვაა ჩემთვის. წაგება არის ყველაზე დიდი ტრაგედია. იმდენად არ მსიამოვნებს, რომ ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. თუ მოხდა ისე, რომ პარტია წავაგე, იმ დღეს არავინ არ უნდა გამცეს ხმა. მინიმუმ ერთი-ორი საათი ჩემთან კონტაქტში შემოსვლას არავის ვურჩევ. ჩემს თავში დამოუკიდებლად უნდა გავაანალიზო, რატომ მოხდა, რაში იყო საქმე... საბედნიეროდ, ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ამაზე ნერვიულობა ხშირად არ მიწევს.