რატომ იჯდა გვანცა ზაქარეიშვილი 11 მეტრის სიმაღლეზე აკრობატულ რგოლზე და როგორ სცემა მან ტიტულოვანი კარატისტი
მომღერალი და ჟურნალისტი გვანცა ზაქარეიშვილი ბავშვობიდან საკმაოდ აქტიური და წარმატებულია და დღესაც აქტიურად განაგრძობს საქმიანობას.
გვანცა ზაქარეიშვილი: ახლახან დავიცავი დიპლომი და უკვე ტელე-რადიოგადაცემის დიპლომიანი წამყვანი-ჟურნალისტი ვარ. საკმაოდ რთული თემა მქონდა აღებული და დიპლომს გადავყევი ბოლო რამდენიმე თვე. მე და ჩემს მეგობარს სულ გვიწევდა რეგიონებში ოპერატორებთან ერთად სიარული, ამიტომ ბოლო თვეები მთლიანად დიპლომმა შეიწირა. წელს თავი შევიკავე მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებისგან, რადგან, მინდა, უცხოეთში წავიდე და იქ დავამთავრო მაგისტრატურა. ეს ერთი წელი თბილისში ვიქნები, რაღაც შემოთავაზებებიც მაქვს, რამდენიმე პროექტიც და ამ დღეებში გადაწყდება, სად დავიწყებ სექტემბრიდან მუშაობას.
– მომიყევი, რა ხდებოდა რეგიონებში, რას იღებდით?
– მე და ჩემი მეგობარი ვაკეთებდით სადიპლომო ნამუშევარს – უნდა ყოფილიყო ნახევარსაათიანი სპეცრეპორტაჟი, რაც საკმაოდ რთული გასაკეთებელია. სიუჟეტს ვაკეთებდით მოძრავ ცირკზე, რომელიც ერთადერთი ქართული დასია და სწორედ ისე ცხოვრობს, როგორც სხვა ცირკები: ავტობუსში ცხოვრობენ, დადიან რეგიონებში და ცდილობენ, საცირკო კულტურა არ დაიკარგოს საქართველოში. დიპლომმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველაზე მაღალი ქულა მივიღეთ.
– შენც მათსავით ხომ არ ცხოვრობდი?
– არა, მე ასე ცხოვრებას ვერ შევძლებდი. სამაგიეროდ, ერთი რამ მოვსინჯე: 11 მეტრის სიმაღლეზე, ყოველგვარი დამცავი დაშუალებების გარეშე, აკრობატულ რგოლზე ვიჯექი და ასე ჩავწერე „სთენდაფი“, ისეთი ადრენალინი იყო, ვწიოდით და ვკიოდით. პრინციპში, ეს უკვე მეორედ გავაკეთე, პირველად მაშინ იყო, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადავიღე სიუჟეტი, ამიტომ, მეორედ დიდად არ გამიჭირდა, მთავარი იყო, ქვევით არ ჩამეხედა.
– გიყვარს ექსტრემი?
– დიდად არ მიყვარს. ავტომობილს არ ვატარებ სწრაფად, არც თხილამურებით ვსრიალებ სწრაფად, სულ ვცდილობ, საკუთარ თავს საფრთხე არ შევუქმნა. მაგრამ, თუ ჟურნალისტიკაში საინტერესო „სთენდაფია“ ჩასაწერი, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ტვინი მეკეტება და ოღონდ კარგი კადრი მქონდეს, კარგი გამოვიდეს, ყველაფერს ვაკეთებ და საერთოდ არაფერზე ვფიქრობ. რომ ვნახულობ, მერე მეშინია ხოლმე. სიამოვნებისა და საკუთარი თავის გამო, ამას ნამდვილად არ გავაკეთებ. როდესაც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ჩართვები მქონდა, ყველაფერს ვაკეთებდი: კარატეს ილეთებიც შემისრულებია, ბეისბოლიც მითამაშია, მეხანძრის მილზეც ჩამოვსრიალებულვარ პირდაპირ ეთერში.
– კარატისტობა ხომ არ მოგეწონა?
– ძალიან საინტერესო იყო ეს ჩართვა. იმიტომ, რომ მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონი წავაქციე. თუმცა, არ ვიცოდი, ვინ იყო. რა თქმა უნდა, ის ბიჭი თვითონ წაიქცა, მაგრამ 15 წუთში დავდგით ჰაერში ამოტრიალება. მეც ძალიან ეფექტურად ვიქნევდი ხელ-ფეხს. მწვრთნელმა მითხრა იმ ბიჭზე, ეს დაგეხმარება ყველაფერშიო, საცდელი კურდღელივით იყო. მიდი, დაარტყიო და მეც ვარტყამდი და ის ეცემოდა. თურმე, შემთხვევით, ჩემპიონი მიცემია, რომელსაც ძალიან ბევრი ტიტული და ქამარი ჰქონდა.
– სხვა დროსაც ხომ არ გაგილახავს ვინმე?
– ახტაჯანა გოგო არ ვყოფილვარ, თუმცა, გავიზარდე ეზოში, სადაც ბევრი ბიჭი და ორი გოგონა ვიყავით. ერთხელ, მახსოვს, ჩემს მეზობელ ბიჭზე გამოვცადე რაღაც ილეთი, რომელიც ტელევიზორში ვნახე. მე არ მახსოვს, მაგრამ, მამა მიყვებოდა, რომ შემოვედი სახლში, სარკეს მიაჯახე და ისე წაიქცა, გული მისკდებოდა – ეს ვინ გვეზრდებაო.
– თუ გახსოვს პირველი წარმატება?
– სამწუხაროდ, ადრე ვერ ვაცნობიერებდი ამ წარმატებას. კრემლში ისე ვიმღერე, ისე გამოვდიოდი დიდ ღონისძიებებზე, ვერაფერს ვხვდებოდი და ვერც ვაცნობიერებდი. ახლა რომ ვუყურებ, საკმაოდ წარმატებული გზა და, შეიძლება ითქვას, ყველა საფეხური გავიარე: 4 წლისამ ფილარმონიის სცენაზე ვიმღერე, „ბასტი-ბუბუში“ დავდიოდი, „მზიურში“, კონკურსებზე, ფესტივალებზე გამოვდიოდი. კარგად მახსოვს 8 წლის ვიყავი, როდესაც კონკურს „ოქროს მართვეში” 50 ლარი მომცეს პრიზად, 13 წლიდან უკვე საკუთარი შემოსავალი მაქვს და ვერ წარმომიდგენია, ვინმეს ვთხოვო ფული. რა თქმა უნდა, მშობლები მაფინანსებენ, მაგრამ ჩემი შემოსავალი რომ არ მქონდეს, ვერ წარმომიდგენია. როგორც მომღერალს, უფრო დიდი ჰონორარი მაქვს და ყოველთვის ძალიან გემრიელად ვხარჯავ.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, წარმატება შენთან ადვილად მოდიოდა, თუ დიდი შრომის შედეგად?
– ძალიან ვამაყობ, რომ ყველაფერს საფეხურებრივად, ეტაპობრივად მივაღწიე და მოულოდნელად არ გამიღვიძია წარმატებულს, რადგან ასეთი პოპულარულობა ორ დღეში იკარგება. ალბათ, ვარ იღბლიანი, იმიტომ რომ, პირველ ყოვლისა, ოჯახის წევრებში გამიმართლა; მერე იმაში, რომ ნიჭი მომცა ღმერთმა. შრომაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ძალიან ზარმაცი არ ვარ, თუმცა, დედა ფიქრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი შვილი ჰყავს. თავადაც ვიცი, რომ ჯერჯერობით ჩემი შესაძლებლობების 50-60 პროცენტს ვიყენებ, დანარჩენი შენახული მაქვს და ნელ-ნელა გამოვამზეურებ.
– 13 წლიდან მუშაობ. როდესმე გქონია პაუზა?
– არა. მე ორი აქტიური პროფესია მაქვს. როდესაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მინდოდა, ყველაფერი მესწავლა, ამიტომ, ჩემი მომღერლობა ცოტათი დაიჩაგრა. მერე ისევ წინა პლანზე მომღერლობა წამოვიდა და ახლა შემიძლია კარგად გავაწონასწორო. ჟურნალისტიკა ისეთი პროფესიაა, ღამეები თუ არ გაათენე, არაფერი გამოვა. სამი წელი ღამეებსაც ვათენებდი, დილის 6 საათზე ვდგებოდი და, მოკლედ, საშინელი გრაფიკი მქონდა. ახლა აღარ მგონია, ამაზე დავთანხმდე.
– წესით, დეპრესიული და უხასიათო არ უნდა იყო.
– არ ვარ დეპრესიული, თუმცა, გადაღლილობისას უჟმურობა და უხასიათობა მახასიათებს. მთელი დღე გადაღებაზე რომ ვარ, მერე, როდესაც სახლში ვბრუნდები და ვინმე რამეს მეუბნება, ვეჯუჯღუნები. ორი წლის წინ ძილი ჩემი პრობლემა იყო, მთელი დღე ვბუზღუნებდი.
– რა არის შენთვის განტვირთვა?
– აზარტული თამაშებია ჩემი სუსტი წერტილი, თუმცა, არაფერზე არ ვთამაშობ, საღეჭ რეზინაზეც კი. ზაფხულში მიყვარს აუზზე სიარული, ოღონდ მეგობრებთან ერთად. მათთან შეხვედრა, ინფორმაციის გაცვლა, ცეკვა და სიმღერა ძალიან მსიამოვნებს.
– დღემდე თუ გინანია, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთე, როგორც საჭირო იყო?
– სულ ვამბობ, უფრო მეტი შემეძლო და ვერ გავაკეთე-მეთქი, მერე კი არის ვაიმე, „დედას ძახილი“, მაგრამ, რაღა ეშველება საქმეს? მერე ჩემს შეცდომებზე ვიწყებ სწავლას. ვიღაც რომ მეტყვის, ასე არ გააკეთო, ისეთი ჯიუტი ვარ, მაინც სწორხაზოვნად მივდივარ. სანამ ცხვირს არ წავიმტვრევ, მანამდე ვერაფერს ვხვდები. სამაგიეროდ, მეორედ აღარ ვიმეორებ შეცდომას.
– ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცების მიმართ თუ გეცვლება მოთხოვნები?
– თინეიჯერობის ასაკში სულ ვფიქრობდი, რომ ბიჭი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ლამაზი, სიმპათიური; ახლა გარეგნობამ მეორე პლანზე გადაინაცვლა და ასაკის მატებასთან ერთად სხვა მოთხოვნები გამიჩნდა. რა თქმა უნდა, სიმპათიური უნდა იყოს, მაგრამ, უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რასაც მე ვაფასებ, ანუ უნდა შემეძლოს მასზე დაყრდნობა, ძალიან გამიხარდება, თუ იუმორის გრძნობა ექნება, მამაკაცური იქნება და, რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი. თუ არ იქნება იდეალური გარეგნობა და, როგორც ადრე ვფიქრობდი – ცისფერი თვალები, არა უშავს, გავუძლებ ამას.
– მამაკაცებს ხშირად ეშინიათ წარმატებული, საქმიანი ქალების.
– დიახ, ასეა და, ამიტომ შიში რომ არ ჰქონდეს, ჩემზე წარმატებული უნდა იყოს – მერე ამის კომპლექსი აღარ ექნება და თავს არ იგრძნობს უხერხულად.
– შეყვარებული ყოფილხარ?
– გატაცებები მქონია, მაგრამ სერიოზულად შეყვარებული არ ვყოფილვარ. მართალია, როდესაც ვიღაც მოგწონს, ეს დიდი სტიმულია – სულ ცდილობ, კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ ეს გატაცებები ცოტა ხანს გრძელდება. მერე უკვე სხვა მომწონს, თუმცა, არასდროს ვუღრმავდები, რატომ აღარ მომწონს.
– ქალები ზოგჯერ ვერ უთავსებენ ერთმანეთს კარიერასა და ოჯახს. შენ თუ გიფიქრია ამაზე?
– შეიძლება, ხვალ შევხვდე ადამიანს, რომელზეც გავგიჟდები, გადავირევი და ეს ყველაფერი, ანუ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი დავთმო, მაგრამ რადგან ჯერ ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. ამიტომ ვსაუბრობ მსუბუქად და ადვილად. მერე ვნახოთ, თუმცა, ძალიან დამთმობი ხასიათი მაქვს.