ვინ არის აჩიკო მეფარიძის 24 წლის მეუღლე და როგორ შექმნა მასთან ერთად მშვიდი, ლამაზი და ჰარმონიული ოჯახი
მომღერალი აჩიკო მეფარიძე ბოლო პერიოდი რუსულ შოუ-ბიზნესში განაგრძობს მოღვაწეობას. ქართველი მომღერლის სტილი და იმიჯი რუსი ხალხისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და მის მიმართ ინტერესი არ ნელდება. აჩიკოს ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ ახალი ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც მან გული დაუკავშირა და, აგერ უკვე 6 თვეა მასთან ერთად ცხოვრობს. მის 24 წლის რჩეულს ტანია ჰქვია, უკრაინელი გოგონაა და მოსკოვში ცხოვრობს. აჩიკო მასთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს და დიდი სურვილი აქვს, ეს შესანიშნავი დუეტი მალე, „ტრიო“ გახდეს. აჩიკო თბილისს ორი კვირით ესტუმრა და მაქსიმალურად ცდილობს დრო ყველასთვის და ყველაფრისთვის გამოიყენოს.
აჩიკო მეფარიძე: თბილისში სამ-ოთხ თვეში ერთხელ ყოველთვის ჩამოვდივარ, ჩემს მშობლებს სამედიცინო გამოკვლევები რომ ჩავუტარო. ვინაიდან პროფესიით ექიმი ვარ, ჩვენს ოჯახში ეს ტვირთი მე მაქვს აღებული.
– რუსულ შოუ-ბიზნესსა და თქვენს საქმიანობას რაც შეეხება, რა სიახლეებია?
– რუსეთის დიდ შოუ-ბიზნესში არ ვარ შესული, ასე რომ იყოს, გამოჩნდებოდა. მაგრამ, ბევრი ადამიანი მიცნობს და იცის ჩემი შემოქმედება. ძალიან კარგი კონცერტი მქონდა მოსკოვში, რომელშიც ქართველი მომღერლები ვიღებდით მონაწილეობას. ვმღეროდით მე, სოსო პავლიაშვილი, დიანა ღურწკაია, დათო ხუჯაძე, ირაკლი ფირცხალავა, გიგა კვენეტაძე. ქართველი მაყურებლისთვის იყო ეს კონცერტი მოწყობილი, რომლებმაც ძალიან კარგად მიგვიღეს.
– რის აღსანიშნავად ჩატარდა კონცერტი?
– ქართული ცეკვის ანსამბლის – „ოქროს საწმისის“ საიუბილეო კონცერტი იყო. ძალიან თბილი მიღება მოგვიწყო მაყურებელმა და აპლოდისმენტები არ დაიშურა ჩვენთვის. ეს კი ყველა შემსრულებლისთვის ძალიან სასიამოვნოა. მოსკოვში, ასევე, ხშირად მაქვს კორპორატიული და კერძო საღამოები, რომლებსაც სხვადასხვა მილიონერები ან ძალიან ძლიერი კომპანიები აწყობენ. ჩემი პროგრამა მათში ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს.
– დოლინასთან მართლა ჩაწერეთ დუეტი?
– დიახ, დოლინასთან ჯაზ-დუეტი გასულ წელს ჩავწერე. ეს ნად კინკოლის ნაწარმოებია, რომლის ფონოგრამა საქართველოში გაკეთდა, ხოლო ვოკალი – მოსკოვში. ჩვენი დუეტი მუსიკოსებს ძალიან მოეწონათ, კლიპის გადაღებაც კი გვინდოდა, მაგრამ, რადგან ჯაზი არ არის კომერციული, თავი შევიკავეთ. რომც გასულიყო „მუზტევეზე“ ან „ემტივიზე“, მაინც ღამის 3-4 საათებზე გავიდოდა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ კლიპის გადაღება არ ღირდა.
– რამდენიმე დღეში მოსკოვში ბრუნდებით. რა გეგმები გაქვთ?
– მოსკოვში, სექტემბერში „ფრეშ-არტი“ და მე, ღამის კლუბს ვხსნით. უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, ეს რესტორან-კლუბ-ბარის ნაზავი იქნება. 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორია იქნება. ჩვენი კლუბი 3-სართულიანია, თავისი „ვიპით“ და ვერანდით და მდებარეობს მოსკვა-სიტიზე. ეს არის ცათამბჯენების უბანი, რომელიც მოსკოვის ცენტრშია, ძალიან პრესტიჟულია და შესაბამისად, საკმაოდ ძვირად ღირებულად ითვლება. იქ არის ბაგრატიონის დახურული ხიდი, რომელიც ზუსტად ჩვენს კლუბში შედის. მე მიმიწვიეს არტ-დირექტორად და ჩემს ფუნქციაში ამ კლუბის მუშაობა შედის. ერთადერთი, არ მეხება სამზარეულო, დაცვის საკითხი და ამდაგვარი რაღაცეები. ამერიკიდან კლუბში ორ კვირაში ერთხელ მოწვეული გვეყოლება დიდი და საშუალო მნიშვნელობის ვარსკვლავები. ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ, ანაზღაურებაც კარგი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ კლუბში ძალიან საინტერესო ინტერიერია. არის ასეთი სტილი – გრაფიტი, ანუ ქუჩის ფერწერა. ჩემი ხელით კლუბის უზარმაზარ კედელზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ოქროს ასოებით დავწერე ფრაგმენტი. არ ვიცი, როგორ, მაგრამ, კარგად გამომივიდა და ძალიან მეამაყება, არის საიათნოვას ერთ-ერთი ლექსი სომხურ ენაზე, შექსპირი – ინგლისურად. საიათნოვას ლექსის კედელზე დასაწერად სომეხი მოვიწვიეთ.
– „ფრეშ-არტის“ შესახებაც გვითხარით, ვინ არიან?
– „ფრეშ-არტი“ არის ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის ორი ადამიანი, რომლებიც საქართველოდან წასული სომხები არიან – ალიკა და დათო. ორივე „ვერნისაჟში“ ცეკვავდა. ისინი არიან აგრეთვე დიზაინერები და ძალიან პოპულარული პიროვნებები. მათ მიჰყავდათ გადაცემა – „მოდის პოლიცია“, დადიოდნენ კონცერტებზე და „ტუსოვკებზე“, მივიდოდნენ ვინმესთან და ეკითხებოდნენ, რა საათი გიკეთია? აბა, გაიხადე ფეხსაცმელი, პედიკიური გაქვს გაკეთებული თუ არა? – გამოჭერაზე იყვნენ. ძალიან ძლიერი და სკანდალური გადაცემა იყო და საშინლად აბანძებდნენ ყველას, თუკი ვინმეს უგემოვნო რამ ეცვა. ისინი, ასევე, კლიპებისა და კონცერტის დიზაინერები არიან, რეჟისორები, აწყობენ ფოტოსესიებს და ასე შემდეგ. ყოველ წელს მონაწილეობენ „რაშენ ფეშენ-ვიქში.“
– ალბათ ზაფხულის პერიოდში დასვენებას ვერ ახერხებთ.
– მართალია, ეს ორი კვირა, რომელიც თბილისში გავატარე, არ დამისვენია, მაგრამ, მაინც განვიმუხტე. შეიძლება მოვახერხო და ესპანეთში წავიდე. გასული წლის აგვისტოში ვიყავი იქ. ძალიან მომეწონა.
– გავრცელდა ხმა, აჩიკო მეფარიძე დაოჯახდაო. მართალია?
– ეს ახალი ამბავი არ არის, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ცოლი მოვიყვანე.
– ვინ არის თქვენი მეუღლე?
– ჩემი მეუღლე 24 წლის უკრაინელი გოგონაა, რომელსაც ტანია ჰქვია. ჩვეულებრივი გოგოა, ვერ ვიტყვი, რომ გამხდარია – მე საერთოდ მიყვარს „ფორმებიანი“ ქალები.
– პროფესიით ვინ არის?
– ტანიას მენეჯმენტი აქვს დამთავრებული და მენეჯერია. მუშაობს „ერტეერზე,“ ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად და თავისი საქმის კარგი მცოდნეა. სარეკლამო დეპარტამენტშია.
– თბილისში არ ყოფილა?
– ტანია თბილისში ბოლო წლები არ ყოფილა, მაგრამ, თბილისელია, ბავშვობაში აქ ცხოვრობდა. მერე მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და ტანია დედასთან ერთად მოსკოვში წავიდა, სადაც უკვე დიდი ხანია, ცხოვრობენ.
– როგორია თქვენი ოჯახური გარემო?
– რა ვიცი, როგორ გითხრა – ჩვეულებრივი, მშვიდი და ნორმალური. ტანიას ბინა ამჟამად გაქირავებულია და ჩემს ბინაში ვცხოვრობთ, რომელიც ძალიან კარგ ადგილზე მდებარეობს და კომფორტულია. ბინის ინტერიერი განვაახლეთ და ძალიან მოგვწონს. გვაქვს შავი ლაკის იატაკი, მოკრემისფრო კედლები იასამნისფერი ფრაგმენტებით, ხავერდის ფარდები და ნორმალური ავეჯი. მოკლედ, მოსკოვის ცენტრალურ უბანში კარგ ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ.
– თქვენი შემოქმედება თუ მოსწონს?
– ძალიან. ჩემი კონცერტები მას ადრეც ჰქონდა მოსმენილი.
– თავად თუ მღერის?
– სიმღერა ძალიან უყვარს, მაგრამ არ მღერის.
– ხშირად მამაკაცები იმასაც აღმოაჩენენ ხოლმე, რომ დაოჯახების შემდეგ ეჭვიანებიც ხდებიან, მით უმეტეს, როცა ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდია. თავად თუ ხართ ეჭვიანი?
– ეჭვიანი არ ვარ. ალბათ, ეჭვიანობის საბაბს თვითონ ადამიანი გაძლევს. ხანდახან, შეიძლება, ეს სპეციალურად იყოს, ხანაც – გაუაზრებლად.
– ხასიათით ან რაიმე თვისებით თუ ჰგავხართ ერთმანეთს?
– არაფრით არ ვგავართ. ის უფრო დინჯი და მშვიდია, ჩემგან განსხვავებით. უყვარს სიცილი, ძალიან მხიარულია. მიყვარს ადამიანები, რომლებთან ურთიერთობით არ „იგრუზები“ და კარგად ხარ. ტანია მსუბუქი ადამიანია, რომელთანაც იოლია ცხოვრება.
– ხელი თუ გაქთ მოწერილი?
– დიახ, ჩვენი ქორწინება დაკანონებულია.
– მასთან ერთად თბილისში როდის ჩამოხვალთ?
– ახლაც გვინდოდა ერთად ჩამოსვლა, მაგრამ სამსახურის გამო ვერ მოახერხა. პრინციპში, გარკვეულწილად ჩემი მიზეზითაც მოხდა; უფრო სხვანაირად ვგეგმავთ ჩამოსვლას – მინდა, თბილისში სამნი ჩამოვიდეთ.
– ბავშვს ხომ არ ელოდებით?
– ჯერ არა, მაგრამ, ძალიან მინდა, ჩემი მთავარი მიზანი ეს არის.
– დამეთანხმებით, რომ ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო.
– დიახ, ჩემს ცხოვრებაში მართლაც ძალიან კარგი და საინტერესო ეტაპი იწყება.
– დაოჯახების გადაწყვეტილება ადვილად მიიღეთ თუ წლების მატებასთან ერთად, უფრო პრეტენზიული გახდით?
– დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ მიფიქრია, შეიძლება, ეს იქაური გარემოს ბრალიც არის. როცა ადამიანი შენთვის მისაღებია, იღებ ისეთს როგორიც არის, მისი უარყოფითი არ გაწუხებს და მას როგორც ნაკლს არ უყურებ. მე და ტანიას ძალიან მშვიდი და წყნარი ოჯახი გვაქვს, ერთად ჰარმონიულად ვცხოვრობთ.
– წარმატებას გისურვებთ!
– გმადლობთ.