რის გახმაურებას ერიდებოდა „ადამიანი-ობობა“ ტობი მაგუაერი და ვინ იყო სინამდვილეში ჯეკ ნიკოლსონის დედა
მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ მათ შესახებ ყველაფერი იციან. პაპარაცები და თაყვანისმცემლები გამუდმებით დასდევენ და მოსვენებას არ აძლევენ. მათი პირადი ცხოვრება თითქმის ყოველდღიურად მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე პირდაპირ ეთერში შუქდება და ჩვენ ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ვარსკვლავებს არ გააჩნიათ საიდუმლო. თუმცა, ვარსკვლავებშიცაა გამონაკლისი, რომელთა წარსულს იდუმალება მოსავს. ამ რუბრიკაში სწორედ ამ იდუმალებებს ავხდით ფარდას.
სილვესტერ სტალონეს
კინოკარიერა პორნოთი დაიწყო
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ლეგენდარული მსახიობის კარიერა დაიწყო იაფფასიანი პორნოთი, სახელწოდებით „წვეულება კიტისთან და ტედთან“. 1970 წელს გამოსული ფილმი „დიდებისთვის“ დახუნძლული იყო ჯგუფური ორგიებითა და შიშველი სხეულებით. თუმცა, ამ ფაქტს არ შეუშლია ხელი სტალონესთვის, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო. პორნოთი დაინტერესება კი სტალონემ ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგნაირად ახსნა: „მე ვკვდებოდი სექსუალური შიმშილისგან და არ გამაჩნდა სტაბილური სამსახური, რის გამოც დავთანხმდი ფილმში თამაშზე“. ეკრანებზე „როკის“ გამოსვლის შემდეგ პორნოფილმის პროდიუსერებმა ხელმეორედ გამოსცეს ფილმი და ახალი სახელწოდება „იტალიელი ულაყი“ შეურჩიეს.
ჯეკ ნიკოლსონის და სინამდვილეში მისი დედა აღმოჩნდა
ჰოლივუდის უდიდესი ვარსკვლავი ჯეკ ნიკოლსონი 1936 წელს დაიბადა. მისი დაბადების ისტორია ლათინურ-ამერიკული ტელესერიალის სიუჟეტს წააგავს. მამამ, რომლის შესახებ ჯეკმა დღემდე არაფერი იცის, თავისი ფეხმძიმე მეგობარი გოგონა, მშობიარობამდე ერთი თვით ადრე მიატოვა. გოგოს დედამ, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში შოუ-„გერლად“ მუშაობდა გადაწყვიტა დახმარებოდა შვილს და პატარა ჯეკის აღზრდა თავად ითავა. 30 წლის ასაკამდე ჯეკს საკუთარი დედა – და ეგონა, ხოლო ბებია – დედა. ეს სკანდალური ინფორმაცია ჯეკ ნიკოლსონმა 1974 წელს ჟურნალ „თაიმის“ ჟურნალისტისგან შეიტყო. იმ დროისთვის ორივე ქალბატონი გარდაცვლილი იყო.
„დონ“ კინგს ორი ადამიანი ჰყავს მოკლული
დონალდ „დონ“ კინგი კრივის განთქმული პრომოუტერი და საკუთარი ექსტრავაგანტური ვარცხნილობით ცნობილი ადამიანია. იგი ითვლება ამერიკული კრივის „ნათლიმამად“. მას მიაწერენ მაიკ ტაისონის კარიერის აღზევებას და დაცემას. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ პოპულარობამდე „დონ“ კინგს 2 ადამიანი ჰყავდა მოკლული. კინგის პირველი მსხვერპლი ქუჩის მძარცველი იყო, რომელიც მან 1954 წელს თავდაცვის მიზნით მოკლა და სასამართლომ ის გაამართლა, ხოლო მეორედ კინგმა ქუჩის „სუტინიორი“ მოკლა, რომელსაც მისი 600 დოლარი მართებდა. მკვლელობისთვის კინგმა 4 წელი გაატარა ციხეში – 1966-1970 წლები.
უაინონა
რაიდერი – ნატურალური ქერა
ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რომელიც არაერთხელ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ არც ერთხელ არ გამოჩენილა საზოგადოებაში თავისი ნატურალური ფერის თმით. იგი დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ „ბრიუნეტკად“ ჰოლივუდში და ბევრმა არც იცის, რომ მისი თმის ნატურალური ფერი ქერაა. ის მხოლოდ ერთ ფილმში მონაწილეობდა თმის შეუღებავად, ეს არის დრამა „მაკრატლისხელება ედვარდი“.
ნიკოლ რიჩის მშობელი მამა ლაიონელ რიჩის ჯგუფის წევრია
პერის ჰილტონის დაქალი და ამერიკელი „სელებრითი“ ნიკოლ რიჩი ცნობილია, როგორც რეალითი-შოუს ვარსკვლავი და პოპვარსკვლავ ლაიონელ რიჩის შვილი. თუმცა, სინამდვილეში ნიკოლი ნაშვილები ყოფილა. ნიკოლის მამა ლაიონელის ჯგუფში უკრავდა და როდესაც გოგონა 2 წლის იყო, ის გარდაიცვალა. ნიკოლის დედაც, ასევე, ლაიონელის კოლექტივის წევრი იყო და მან ლაიონელს და მის მეუღლეს შესთავაზა ეშვილათ პატარა ნიკოლი. ლაიონელი დათანხმდა, გოგონა საკუთარი შვილივით გაზარდა და გვარიც მისცა.
შარლიზ ტერონმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ მოკლა დედამ მამა
სამხრეთ აფრიკელმა ვარსკვლავმა შარლიზ ტერონმა საკუთარი თვალით ნახა როგორ გარდაიცვალა მამამისი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტერონი აცხადებდა, რომ მამამისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, თუმცა, შემდგომში მაინც განაცხადა, რომ მამა დედამ მოკლა. იმ დროს შარლიზი 15 წლის იყო. ალკოჰოლიკი მამა სახლში დებოშებს აწყობდა და სცემდა ცოლს. ერთ-ერთი ჩხუბის დროს შარლიზის დედამ თავდაცვის მიზნით ქმარი მოკლა.
ტობი მაგუაერის მამა
ბანკების მძარცველი იყო
„ადამიანი-ობობას“ ვარსკვლავი ტობი მაგუაერი ბავშვობიდან ოცნებობდა სუპერმენობაზე, რომ მამა ბოროტი ზრახვებისგან დაეცვა. გაპოპულარების შემდეგ ტობი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მალავდა იმ ფაქტს, რომ მამამისმა – ვინსენტმა, 1993 წელს ბანკი გაძარცვა და 2 წელი ციხეში გაატარა. ამ საიდუმლოს ფარდა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ახადა, რომელიც ტობის წარსულ ცხოვრებას სწავლობდა. მსახიობს დღემდე არ უყვარს ამ თემაზე საუბარი.
ოპრა უინფრიმ 14 წლის
ასაკში იმშობიარა
ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავი, მილიარდერი ოპრა უინფრი პრობლემური ახალგაზრდა იყო. 13 წლის ასაკში მან საკუთარი დედა გაძარცვა და სახლიდან გაიპარა, ხოლო 14 წლისამ დაფეხმძიმება მოახერხა. სამწუხაროდ, ბავშვი მკვდარი დაიბადა. ოპრას დღემდე არ ახსოვს, მისი გარდაცვლილი შვილის მამის სახელი. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ ოპრას აღარ უცდია დაფეხმძიმება.
ვუდი ჰარელსონის მამა
პროფესიონალი ქილერი იყო
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა – ვუდი ჰარელსონმა შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მამამისი პროფესიონალი მკვლელი იყო. მამამისი მკვლელობისთვის მაშინ ჩასვეს ციხეში, როცა ვუდი შვიდი წლის გახლდათ. ათი წლის შემდეგ ის გამოვიდა ციხიდან და მოსამართლე, რომელმაც მას სასჯელი მიუსაჯა მოკლა, რაზეც სამუდამო პატიმრობა მიიღო. იგი კოლორადოს მკაცრი რეჟიმის ციხეში გარდაიცვალა გულის შეტევით, შვილს კი მემუარების წიგნი დაუტოვა, სადაც დეტალურად ჰქონდა აღწერილი ასამდე შეკვეთილი მკვლელობის შესრულების ამბავი.