კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემდა სტივენ სიგალი ხალხს ჭაბუკა ამირანაშვილის მუსიკის ფონზე და როდის არის შესაძლებელი ლამაზი მუსიკის შექმნა


ცნობილი მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ჭაბუკა ამირანაშვილისთვის მუსიკა ჰაერი და წყალია, ალბათ ამიტომაცაა, რომ იგი ყველა სფეროში მუსიკალური განცდების მოძიებას ცდილობს, ჯაზი იქნება ეს, კლასიკა თუ ეთნომუსიკა, რომელიც უკვე ჰოლივუდის ფილმებშიც ჟღერს. თავისი სულშიჩამწვდომი მელოდიებისა და შემოქმედებითი წინსვლის შესახებ იგი თავად გვიამბობს.


ჭაბუკა ამირანაშვილი: ჩემთვის მუსიკა ჰაერი და წყალია. რაც თავი მახსოვს, მუსიკით ვცხოვრობ. ზოგადად კი, როცა ბავშვები იზრდებიან მშობლებისა და მათი ნაცნობების გარემოცვაში, ისინიც სწავლობენ მათგან ბევრ რამეს, ზოგჯერ ჰბაძავენ კიდეც. მეც სულ მუსიკოსების გარემოცვაში ვტრიალებდი – მამა პროფესიონალი მუსიკოსი იყო კონსერვატორიაში, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლიდა და ამიტომაც ამოვირჩიე საქსოფონი...

ჩემი ოცნება იყო, დირიჟორი გავმხდარიყავი, მომწონდა, ხელებს რომ შლიდა. მამას გავანდე ჩემი სურვილი და მითხრა, თუ მართლა დირიჟორობა გინდა, ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა უნდა იცოდეო. ამიტომაც, ფაქტობრივად, ალფისა და გიტარის გარდა, ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავ.

– ისე საფუძვლიანად შეგისწავლიათ მუსიკა, ბუნებრივია, სხვა სპეციალობის დაუფლებაზე ფიქრს აღარც დაიწყებდით...

– სხვათა შორის, მინდოდა კინორეჟისორობაც, მაგრამ, ჩემს დროს, სკოლას რომ დაამთავრებდი, ოთხი წელი არ გვქონდა უფლება, სარეჟისოროზე ჩაგვებარებინა და ასე გულხელდაკრეფილი ვერ გავჩერდებოდი. ამასობაში გამიწვიეს ჯარში, სადაც აღმოვჩნდი საჩვენებელ ორკესტრში ინსტრუქტორ-მუსიკოსად. პარალელურად იქ შევქმენი ჩემი ანსამბლიც. პირველი არანჟირება და სოლოკარიერის დასაწყისი იმ პერიოდს უკავშირდება. მახსოვს, ადრე მამაჩემის მეგობრებმა საქსოფონზე მომასმენინეს სტენ გეტსის მიერ დაკრული „სამბა“, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იმ პერიოდში ვუკრავდი კლარნეტზე, საყვირზე, ვალტორნაზე და, როცა ორკესტრში ყოფნისას დავინახე ბრჭყვიალა, ოქროსფერი საქსოფონი, ვიზუალურად ძალიან მომეწონა და საოცრად მიმიზიდა, ამიტომაც ვთქვი ცალსახად, არაფერი აღარ მინდა საქსოფონის გარდა-მეთქი.

– საქსოფონის ხსენებაზე ბილ ქლინთონი გამახსენდა. ჩემი დაკვირვებით, მის მსგავსად საქსოფონზე მხოლოდ ინტელექტუალური ადამიანები უკრავენ. რატომ?

– ბილ ქლინთონს და სტივენ სიგალს სიდიც აქვთ გამოშვებული, ორივე შესანიშნავად უკრავს საქსოფონზე, მთავარია მონდომება და სისხლშიც უნდა გქონდეს მუსიკალური სისუფთავე. სხვათა შორის, საქსოფონს „სექსუალურ ინსტრუმენტს“ ეძახიან. მართალია, მას საწოლთან და სექსთან არ აქვს კავშირი, უბრალოდ, ის ისეთივე სასიამოვნოა, როგორც სექსი საყვარელ ადამიანთან. ყველა ლამაზი თემა ერთად იკვრება საქსოფონში და კეთდება ლამაზი იმპროვიზაცია. რატომღაც, თბილისში დღეს ყველა დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავს, ქართველებს ამის ნიჭი გვაქვს, ამასთან, ოთხამდე თვლაც ვიცით, მაგრამ, ძალიან ბევრი უნდა იმეცადინო, რომ საქსოფონზე დაუკრა. თუ ინტელექტი გაქვს, აუცილებლად შეძლებ მასზე დაკვრას. მე სამ თვეში ვასწავლე სოფო ხალვაშს დაკვრა, ახლა უკვე მთლიან პროგრამას ვუმზადებ.

– ძირითადად რომელი სტილის მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

– ჩემი სტილი ყოველთვის იყო და იქნება კლასიკური მუსიკა, მე ამას „სიმფო-ჯაზს“ ვეძახი. ესაა უდიდესი მუსიკა, რომლის იქით სხვა მუსიკას ვეღარ ვხედავ. ესაა ფილკიც, ჯაზიც როკიც. რასაც უკრავდა ბახი, ბეთჰოვენი და მოცარტი, იმას უკრავენ დღეს როკმენები. ვინც იცის მუსიკა, მიხვდება, რომ ახალი არაფერია ამაში, გარდა ჟღერადობისა, რომელიც ძალიან მომწონს.

– ძალიან ბევრ მუსიკოსს შემოთავაზებები აქვს უცხოეთის ქვეყნებიდან და გულდაწყვეტით აღნიშნავენ კიდეც, რომ უცხოეთში მათ მეტი დაფასება აქვთ, ვიდრე სამშობლოში. თქვენც ასე ფიქრობთ?

– საერთოდ, ცუდი მუსიკა არ არსებობს, ჩემი მუსიკაც ყველას ესმის. ძალიან ბევრი პროფესიონალი მინახავს, რომლებიც მაფასებენ, მაგრამ ზოგმა ისიც თქვა, რომ თურმე „ხანჟურ” მუსიკას ვწერ. გააჩნია ადამიანს და მის გემოვნებას, როგორი სტილის მუსიკა მიაჩნია შედევრად. რაც შეეხება უცხოეთში წასვლას, იქ მუსიკოსები ფინანსური დაინტერესების მიზნით მიდიან, თანაც, იქ აკმაყოფილებენ მის მოთხოვნებს და თავს ადამიანებად გრძნობენ. ისე კი, საქართველო მუსიკის ქვეყანაა. აქ ბახი და ბეთჰოვენი არ დაბადებულან, მაგრამ ქართველებს უდავოდ აქვთ მუსიკის ნიჭი. ერთადერთი, რითაც ხელი გვეშლება, ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღარიბი, პოლიტიკურ სიტუაციაში ვართ გადავარდნილები და, შიგნით თუ გარეთ, არ გვაცლიან ქვეყნის განვითარებას. სიტუაცია რომ დაწყნარდება, მერე მუსიკოსებსაც ეშველებათ, მხატვრებსაც და ინჟინრებსაც. მუსიკას უნდა სიჩუმე და სულიერი სიმშვიდე, რადგან გაღიზიანებული და პრობლემებით დამძიმებული ადამიანი ლამაზ მუსიკას ვერ დაწერ.

– როგორც ვიცი, თქვენ დაგიკავშირდნენ სტივენ სიგალის დავალებით და მისი ფილმისთვის მუსიკის დაწერა გთხოვეს. როგორ მოხდა ეს შემოთავაზება?

– მოხდა ისე, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ ვნახეთ თქვენი მუსიკა „ხორუმი“ და ლაზი ქალის ცეკვა, რომელიც მოგვეწონა ფილმ „რუსლანისთვისო,” ამ ფილმის რეჟისორი გახლავთ ჯეფრი კინგი, ხოლო პროდიუსერი – სტივენ სიგალი. მათ იყიდეს ჩემი „ხორუმი“. ფილმს 12 წუთის განმავლობაში ადევს ჩემი მუსიკა, იქ სულ მძაფრი სცენებია – ჩემი ხორუმის ფონზე სტივენ სიგალი ვიღაცეებს უმტვრევს ძვლებს, იარაღით ემუქრება მტრებს, საკუთარი შვილის გამო შურს იძიებს რუსულ მაფიაზე. საერთოდ, როცა იცი, სიუჟეტურად როგორ ვითარდება ფილმი, მაშინ უფრო კარგია მასზე მუშაობა, ამ შემთხვევაში მე არ ვიცოდი ფილმის სცენარი და როცა ჩემი „ხორუმი“ დაადეს, ცოტა მიუღებელიც კი იყო ჩემთვის, რადგან ჩვენ ვხედავთ „ხორუმს“ ცეკვაში, იმათ კი ჩხუბის დროს გამოიყენეს, რაც ერთგვარად ეგზოტიკაც კი იყო მათთვის. ამას გარდა, მუსიკა დავწერე ფილმებისთვის – „სვანი” და „მაიტა ნასოსი”. ამჟამადაც ვმუშაობ რამდენიმე ფილმზე, მაქვს უცხოეთიდან შემოთავაზებები საკმაოდ სერიოზული და ცნობილი ადამიანებისგან.

– ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ, თბილისში სოლო კონცერტის გამართვას არ აპირებთ?

– სოლო კონცერტი ადრე რამდენჯერმე ჩავატარე, რომელიც კარგ მოგონებებს უკავშირდება, რადგან ანშლაგით მიდიოდა ჩემი კონცერტები. ახლა თუ გადავწყვეტ, ამას სხვაგვარად გავაკეთებ, რადგან, „მე ის თამრო აღარა ვარ“ (იცინის). ჩემს კონცერტზე გამოვიყენებ საქსოფონს, კინო და საცეკვაო მუსიკას. არ მაღიარებენ, თორემ, მე ვარ რევოლუციური კომპოზიტორი, რომელმაც ახალი მუსიკა შექმნა ცეკვისთვის, დაწყებული „ზეკარის ჯუთა სამანიდან“, დამთავრებული „გადი-გამოდით“, რომლებსაც ანსამბლი „სუხიშვილები“ დგამდა. გამოვიყენებ ჩემს სიმღერებს, რომლებიც ჰიტ-აღლუმებში მუდამ პირველ ადგილზე იყო და ხალხმა არც იცის, რომ ჩემი შექმნილია. თუ გავაკეთებ სოლო კონცერტს, უნდა მყავდეს სპონსორი, რომ პროფესიონალი ხალხი დავასაქმო, მათ შრომის საფასური მივცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოლო კონცერტზე ფიქრს აზრი არ აქვს.

– საინტერესოა, როდის ეწვევა ხოლმე ჭაბუკა ამირანაშვილს მუზა და ვინაა ეს მუზა?

– მშვიდად უნდა იყო, მუზა რომ გეწვიოს, ეიფორიაში მყოფს არაფერი გამოგივა. მუზა, ძირითადად, ღამით მოდის, როცა წყლის დასალევად ან საპირფარეშოში მივდივარ და მაგ დროს არაერთხელ დამიფიქსირებია ნაწარმოები, მერე დავწოლილვარ, დამიძინია და მეორე დღეს დამისრულებია. თქვენ წარმოიდგინეთ, ღამით მუსიკის რიტმსაც კი გავუღვიძებივარ. თემა რომ მოდის, სასწრაფოდ თუ არ დააფიქსირებ, მერე აღარ გეხსომება. რაც შეეხება თავად მუზას, ესაა ჩემი ქვეყანა და ხალხი – მე ყველაფერს მათთვის გავაკეთებ. მე ჩემი მუსიკით გადმოვცემ საკუთარ განცდებს, რბილი ნოტებიდან და სულშიჩამწვდომი მელოდიიდან დიდი ენერგია მოდის და ეს სწორედ ის ენერგიაა, რომელსაც ჩემი ხალხის სიყვარული მაძლევს.


скачать dle 11.3