ჯარისკაცი ვენახში
მტევნების შემგროვებლები
გასულ კვირას სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ (რომელსაც საქართველო ვერასდიდებით ვერ ჩამორჩებოდა) 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავი აღნიშნა. თუმცა ისიცაა, რომ მაშინ, როდესაც სრულიად ცივილიზებული სამყარო ტერაქტით დაღუპულებს გლოვობდა, საქართველოს პრეზიდენტმა თერჯოლაში ისეთი ფოიერვერკი მოაწყო, შუშხუნებს სულ ბოლი ასდიოდა.
მანამდე კი, ქართველი ახალგაზრდების ნაწილმა კრწანისის ბრძოლაში დაღუპული არაგველები გაიხსენეს და მათი მემორიალიც შეამკეს; პატივიც მიაგეს და მეფე ერეკლეს ვაჟკაცობისაც ახსენეს (ან კი როგორ არ ახსენებდნენ, როდესაც ორასი წლის შემდეგაც მეფე ერეკლეს ვაჟკაცობით თუ მოვიწონებთ თავს). ამის პარალელურად (შესაძლოა, ეს ნოვაცია ახალი მინისტრის დანიშვნასაც უკავშირდება), ქართული ჯარი (სახელდობრ, გვარდია) ვენახებს შეესია (ასაჩეხად კი არა, მტევნების შესაგროვებლად). ჩვენ არ ვიცით, რა გავლენას მოახდენს კახურ ვენახებში გატარებული წუთები ქართველი გვარდიელების სამხედრო წრთობაზე ან ვის თავში მომწიფდა ეს, მართლაც, ეგზოტიკური გადაწყვეტილება, სამაგიეროდ, ვიცით, რომ ქართველ გლეხებს მძიმე რთველს ქართული სამხედრო მანქანა შეუმსუბუქებს. რაც გვაფიქრებინებს, რომ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ვაჟკაცი განა კრწანისის ველზე, ვენახში იცნობა!