დაუმორჩილებელნი 2
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-28(498)
სოფი და ბავშვი ორი დღის შემდეგ დაბრუნდნენ თბილისში და მათ რამაზიც ახლდა.
რამაზი სოფის ძმის საქმეების გადაბარებაში უნდა დახმარებოდა და ყოველმხრივ გვერდით დასდგომოდა, მანამდე, სანამ ის სრულად არ დაძლევდა იმ სტრესს, რომელიც მან ბოლო დროს მომხდარი საშინელი ამბების გამო მიიღო.
სოფი არც ქმრის სახლში დაბრუნებულა და არც თავის ფეშენებელურ ვილაზე, რადგან ორივე წარსულს ახსენებდა და ეს საშინელ დეპრესიაში აგდებდა. ამიტომ მან ერთ-ერთ ახალაშენებულ სახლში ხუთოთახიანი ბინა შეიძინა და შვილთან ერთად იქ დასახლდა, თუმცა, ვერც ამ სიახლემ მოუხსნა სტრესი – დახუჭავდა თუ არა თვალებს, მაშინვე საშინელი კოშმარი იწყებოდა. სოფის ჯერ პეტიკოს სისხლში ამოსვრილი, დანაწევრებული გვამი ესიზმრებოდა, მერე კი გულგახვრეტილი ჰამო და ეს საშინელება მანამდე გრძელდებოდა, სანამ თვალს არ გაახელდა და ოფლში გაწუწული არ წამოხტებოდა საწოლიდან.
ამ საშინელი, დაუსრულებელი კოშმარის მეოთხე დღეს სოფის იგივე დაემართა და გატანჯული გოგონა შლეგიანივით წამოხტა ლოგინიდან. ამ დროს საათმა ოთხჯერ დარეკა. სოფიმ მძინარე შვილს დახედა, მისკენ დაიხარა და თავზე აკოცა, შემდეგ მოეფერა, კვლავ აკოცა და ჯერ საწერი კალამი და ფურცელი აიღო, შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა და ფურცელზე დაწერა: „მაპატიეთ, რომ ასე მოვიქეცი, მაგრამ ამ ყველაფერს ვეღარ ვუძლებ. უპატრონეთ ჩემს შვილს. მშვიდობით. სოფი“. შემდეგ სოფიმ რამაზს მესიჯი გაუგზავნა – უთენია მოდიო, მერე თავისი მობილურიც გამორთო, სახლის ტელეფონიც, ბოლოს ორმოცდახუთკალიბრიანი კოლტი ამოიღო საწერი მაგიდის უჯრიდან და სააბაზანოში შევიდა.
სოფიმ რევოლვერი შეაყენა, ლულა გულზე მიიდო, სასხლეტს თითი დაადო რომ გამოეკრა და კოშმარად ქცეული სიცოცხლე დაესრულებინა, მაგრამ უცებ შვილის ტირილი მოესმა.
– დედა, დედიკო, დედიკო! – ღრიალებდა ბავშვი.
სოფიმ რევოლვერი პირსაბანზე დადო და საძინებელში გაიქცა. შემდეგ საწოლზე წამომჯდარ, აღრიალებულ ბავშვს მოეხვია და მასთან ერთად აქვითინდა. ატირებული დედის დანახვაზე პატარა გაჩუმდა, სოფის მოეფერა და უთხრა:
– რატომ ტირი, დედიკო?
– შენ რატომ ტირი, პატარავ? – კითხვა შეუბრუნა დედამ შვილს.
– მე მამიკო და პეტიკო ბიძია დამესიზმრა და მითხრეს, დედიკო გაგეპარა და მოძებნეო. გეძებე, გეძებე და რომ ვერ გიპოვე, ავტირდი.
– ნუ გეშინია, დედი, არსად გაგეპარები. ყოველთვის შენთან ვიქნები და მშვიდად, ტკბილად დაიძინე, – სოფი თავზე მოეფერა შვილს, დააძინა და ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან, რომ სამზარეულოში გასულიყო სიგარეტის მოსაწევად, მაგრამ დერეფანში რამაზი შეეფეთა.
– ცოცხალი ხარ, სოფი? – თქვა დაფეთებულმა რამაზმა და მკლავებზე ისე მოკიდა ხელი, თითქოს მოსინჯა ჩემს წინ მოჩვენება ხომ არ დგასო.
– მკვდარი რატომ უნდა ვიყო? – გაიკვირვა სოფიმ.
– აბა, ეს მესიჯი რას ნიშნავს, თანაც ასეთ დროს? თან, მობილურიც გამორთული გქონდა და სახლის ტელეფონიც. რატომ მომწერე, უთენია მოდიო?
– იმიტომ, რომ ბევრი სერიოზული საქმე გვაქვს და საქმის კეთება კი ალიონზე უნდა დაიწყო.
– რატომ არ გძინავს?
– ტუალეტი მომინდა და იქ მივდიოდი.
– სიგარეტით ხელში?
– რა მოხდა, მერე, არ შეიძლება? მე სულ ასე ვაკეთებ.
– საეჭვოდ ლაპარაკობ.
– გეჩვენება, რამაზ. წამოდი, ყავას დაგალევინებ, – თქვა სოფიმ და რამაზი სამზარეულოში წაიყვანა, სკამზე დასვა და ყავის მომზადებას შეუდგა, თან სიგარეტი გააბოლა.
რამაზი ყურადღებით ათვალიერებდა სამზარეულოს, ფურცელზე დაწერილ წერილს მიაგნო და ჩუმად ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ წამოდგა.
– საით, რამაზ?
– ტუალეტში.
– ტუალეტში? – შეცბა სოფი, მაგრამ რამაზმა ეს ვითომ ვერ შენიშნა და უთხრა:
– გამისკდა შარდის ბუშტი. ახლავე მოვალ და ყავას დავლევ.
რამაზი მალევე დაბრუნდა უკან, სოფის რევოლვერი დაუდო წინ და უთხრა:
– ეს რა არის?
– რა არის? – გაიმეორა სოფიმ.
– რევოლვერს სააბაზანოში რა უნდოდა?
– ალბათ, დამრჩა.
– შეყენებული?
– ჰო, რა მოხდა მერე! კარგი რა, რამაზ, ნუ ხარ ეჭვიანი! მოდი ყავა დალიე, – უთხრა სოფიმ რამაზს და ყავა დაუდგა.
– ესეც არაფერია? – უთხრა რამაზმა სოფის და წერილი დაუდო წინ.
– მორჩა, რამაზ, სისულელეებზე აღარ ვფიქრობ. ჩათვალე, რომ ის სოფი აღარ ვარ, როგორიც ბოლო ხანებში ვიყავი, იმაზე ბევრად მაგარი და გულქვა სტერვა ვარ, ვიდრე უწინ ვიყავი. მოკლედ, მზად ვარ იმ როლისთვის, რომელიც დამეკისრა და, შეგიძლია, მშვიდად იყო.
– როგორ დამიმტკიცებ, რომ არ მატყუებ? უფრო სწორად, შენ, შეიძლება, ფიქრობ, რომ მზად ხარ, მაგრამ, ისევ რომ დაგეწყოს რაღაცეები?
– არ გადავალ, გარწმუნებ, რომ არ გადავალ, რადგან ჰამომ ყველაფერი მაპატია. ახლა ის და პეტიკო ერთად არიან სულეთში და ეს მე ჩემმა შვილმა მითხრა, – უთხრა სოფიმ რამაზს და ბავშვის სიზმარი უამბო.
– ნამდვილად მზად ხარ ყველაფრისთვის?
– ერთი რამის გარდა, ყველაფრისთვის მზად ვარ.
– ალბათ ბავშვის უსაფრთხოებას გულისხმობ.
– სწორედ მაგას.
– მაგაზე ნუ იდარდებ, შენ და ბავშვს ისეთი დაცვა გეყოლებათ, რომ პრეზიდენტებსაც კი შეშურდებათ.
***
სოფი მალევე ჩადგა ფორმაში, პეტიკოს საქმეები სრულად გადაიბარა და დაუყოვნებლივ შეუდგა აქტიურ საქმიანობას. მის მიერ კონტროლდებოდა ყველა იმ კრიმინალური საქმიანობის მესამედზე მეტი, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა და რასაც, რუსეთის გარდა, ევროპის ქვეყნებში ახორციელებდნენ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები. ამიტომ სოფი უშიშროების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და მასზე მსჯელობა ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა, რომელსაც ახალდანიშნული მინისტრი უძღვებოდა. მის გარდა, ამ პატარა თათბირს კიდევ სამი კაცი ესწრებოდა: მინისტრის მოადგილე ორგანიზებული დანაშაულის დარგში, იმავე განყოფილების უფროსი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი. ოთხთა თათბირი მინისტრმა გახსნა და თქვა:
– როგორც მე ვიცი, სოფი მაგარი ვინმეა. ჩვენი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავის ძმასა და ქმარზე უკეთ უძღვება საქმეს.
– კი, ასეა, – დაეთანხმა მინისტრს მისი მოადგილე, – ჭკვიანი და ლამაზი ქალია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს მიღებული და, რომ იტყვიან ქიციც იცის და ქიცმაცურიც, თანაც ძალიან ნებისყოფიანი და განათლებული.
– თქვენ ეს მითხარით, ახალი რა ისმის მისი ძმისა და ქმრის შესახებ, სად და რატომ გაუჩინარდნენ ასე მოულოდნელად? თქვა მინისტრმა.
– ალბათ, დახოცილები არიან, – თქვა კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა, – წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფის ასე არავინ დააწინაურებდა.
– აფერასთან ხომ არ გვაქვს საქმე? – ივარაუდა მინისტრმა, – არ გახსოვთ მათე ორჯერ მკვდრად გამოაცხადეს, თუმცა ახლა მიყუჩებული გვყავს.
– არ მგონია. მაშინ სხვა სიტუაცია იყო, აქ კი, მგონი, სხვა რაღაცაში უნდა იყოს საქმე.
– მაინც, რაში?
– კლანურ-ოჯახურ გარჩევას ხომ არ ჰქონდა ადგილი და ერთმანეთი ხომ არ დახოცეს?
– შენ ასე ფიქრობ?
– მხოლოდ ვვარაუდობ, მაგრამ, ჯერჯერობით ამ ვარაუდს ვერაფრით ვადასტურებ. ჩვენი აგენტების ჩანერგვა მათ სათავეში არ ხერხდება. თუმცა, საამისოდ ძალებს არ ვზოგავთ.
– მე მაქვს ერთი იდეა, – თქვა კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა, – ამ ვერსიაზე მეც ბევრი მაქვს ნაფიქრი და ერთი აზრი მომივიდა. თუ გაჭრის, ხომ კარგი და სოფის გადმობირებასა და გაკონტროლებას შევძლებთ, თუ არა და, სხვა გზა უნდა ვეძიოთ.
– თქვი, გისმენ, – დაინტერესდა მინისტრი.
– ჩემი იდეაა, რომ სოფის წერილი მივწეროთ, რომელშიც ვეტყვით, თითქოს მათი ოჯახის სისხლიანი გარჩევის ამბები ვიცით და შეხვედრაზე მარტო დავიბაროთ. სინამდვილეში კი, მის ბინას მოვუსმინოთ და, ვფიქრობ, თუ მართლა მსგავსი რამეა მომხდარი, მაშინ აუცილებლად შევიტყობთ.
– ჭკვიანური სვლაა, მაგრამ, იმდენად ბანალური, რომ, „ჭამს“ კი ამას სოფი? – თქვა მინისტრმა.
– ჩვენ მაინც ვცადოთ, ჩვენგან რა მიდის? თუ გამოვიდა, ხომ კარგი, თუ არა, სხვა რამეს მოვიფიქრებთ.
– სცადეთ, – მინისტრმა არაოფიციალური სანქცია გასცა და სპეცაპარატურის გამოყენებით უშიშროებამ სოფის სახლის მოსმენა დაიწყო. თუმცა, სოფის ანტიმოსასმენი მოწყობილობა ეყენა ბინაში და უშიშროებამ რომ მოქმედება დაიწყო, მხოლოდ ჩაეცინა და რამაზს ქაღალდზე დაუწერა: რაღაც პონტს გვიგდებენ და უახლოეს ხანებში სიახლეს უნდა ველოდოთო.
სიახლემ არ დააგვიანა და, როდესაც სოფიმ დამშანტაჟებელი წერილი მიიღო, რომელმაც მას თავისი ოჯახის სისხლიანი ტრაგედია გაახსენა და გული მოუკლა, კოპები შეკრა და მსმენელთა გასაგონად თქვა:
– რა სისულელეა, ვიღაც კრეტინი თავისი ნაბოდვარით ცდილობს, რომ ფული ამახიოს!..
მიუხედავად იმისა, რომ უშიშროებას სოფის დაშანტაჟების მცდელობა ჩაეშალა, ძალოვნები ინტენსიურად განაგრძობდნენ მაფიის გამოაშკარავების პროცესს და მათესა და პითონის გატეხვას ცდილობდნენ. თუმცა, უშედეგოდ, რადგან ორივე ავტორიტეტი დუმილის უფლებას იყენებდა და მათზე არც მორალურ-ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ჭრიდა. მათ დაკითხვას ხშირად კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ესწრებოდა და ავტორიტეტული ქურდების გატეხვას პირადად ცდილობდა.
– მათეშვილი! – უთხრა ერთ-ერთ დაკითხვაზე კონტრტერორისტების შეფმა მათეს, – პითონმა უკვე აღიარა ყველაფერი და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მის გადაცემასაც ითხოვს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ.
მათეს, რა თქმა უნდა, უშიშროების პოლკოვნიკის არც ერთი სიტყვა არ სჯეროდა და გადაწყვიტა, რომ თავისი მძიმე ყოფა იუმორით შეემსუბუქებინა და მიუგო:
– ვა, პითონი გაბოზდა?
– გაბოზდა და, თანაც როგორ – ყველაფერი დაფქვა. ისეთი რამეებიც კი თქვა, ჩვენ რომ არ გვიკითხავს. პასტა ვერ გავაგდებინეთ ხელიდან.
– მართლა ყველაფერი თქვა?
– აბსოლუტურად.
– მაშინ, იმასაც გეტყოდა, ტურებს რომ ვჟიმავდით გალიაში, როდესაც შემოგვიგდებდნენ ხოლმე.
– რა ტურებს? – უცებ ვერ მიხვდა პოლკოვნიკი.
– რა ტურებს და, შენნაირ შაკლებს, გაიგე?
პოლკოვნიკი გამწარდა და წამოწითლდა. ხელიც კი ასწია, რომ მათესთვის დაერტყა, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც თავი შეიკავა და უთხრა:
– გასაჟიმად ახლა შენ ხარ გამზადებული და საკუთარ გავას გაუფრთხილდი. იმედი ნუ გექნება, რომ მშველელი გამოგიჩნდება, გაგგუდავ და სირცხვილს გადარჩები.
– როგორც მე გადავარჩინე ხომ? ამის თქმა არ გინდა?
– სწორედ მაგის. ადინოჩკიდან ვერ გამოხვალ, კედლები კი ვერ დაგეხმარებიან.
– მერე, რას უცდი, მიდი, აქ არ ვარ? შენ რომ მე გამჟიმო და გააბაზრო, მერე მთელ შენს ჯიშსა და ჯილაგს გაჟიმავენ და გაწყვეტენ. იმათაც კი, ვინც ჯერ არ დაბადებულა. როგორ ფიქრობ, შთამბეჭდავი მაგალითი მოგიყვანე თუ ვერაფერს მიხვდი? უთხრა მათემ პოლკოვნიკს, რომელსაც გაფითრებული სახიდან წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი და გახშირებული სუნთქვის გამო ხმას ვერ იღებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათეს სიტყვებმა მიზანს მიაღწია. ამის დანახვაზე, მათემ გადაიხარხარა და განაგრძო: – მიხვდი, მიხვდი და წარმოიდგინე კიდეც ყველაფერი, სახეზე გეტყობა და ეს შენთვისაა კარგი. ასე რომ, მათე ყელში გაგეჩხირება და, რაც შენს ძალებს აღემატება ნუ დაიბრალებ.
პოლკოვნიკი მიხვდა, რომ მათესთან პაექრობა ამჯერადაც წააგო – სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მათეს გატეხვას ცდილობდა, თავადვე მოექცა მისი ზეგავლენის ქვეშ და გრძნობდა, რომ, ცოტაც და, მის ნებისმიერ ბრძანებას დაუყოვნებლივ შეასრულებდა. ამიტომ, სასწრაფოდ გადაწყვიტა საკნის დატოვება და მათეს უთხრა:
– დღეისთვის კმარა.
მათემ მშვენივრად იგრძნო პოლკოვნიკის განწყობა და გადაწყვიტა ბოლომდე გაეტეხა. ამიტომ თვალი-თვალში გაუყარა და უთხრა:
– არ წახვიდე, შენთან საქმე მაქვს.
– რა საქმე? – რაც შეიძლება მშვიდად იკითხა პოლკოვნიკმა.
– აქედან უნდა გამიყვანო, – პირდაპირ მიახალა მათემ, თან პოლკოვნიკს თვალებში შეჰყურებდა, რომლებშიც შიშის მეტს ვერაფერს ხედავდა.
– კი მაგრამ, როგორ, ეს ხომ შეუძლებელია! ეს რომ ჩავიდინო, ოჯახს დამიწიოკებენ და, რა მნიშვნელობა აქვს, პოლიცია გაწყვეტს ჩემს ჯილაგს თუ ქურდები?
– არავინ შენ ჯილაგს არ გაწყვეტს, თუკი ისე მოიქცევი, როგორც მე გეტყვი, გასამრჯელოდ კი 200 ათას დოლარს მიიღებ.
– 200 ათასი დოლარი? პატარა თანხაა, მაგრამ...
– არავითარი „მაგრამ“, – მათემ სიტყვა გააწყვეტინა პოლკოვნიკს და იგრძნო, რომ ცოტაც და, ის მთლიანად მის მარწუხებში აღმოჩნდებოდა. ამიტომ, მშვიდად უთხრა: – ვერც ვერავინ მიიტანს ეჭვს, რომ გაქცევა შენ მომიწყვე. უბრალოდ, ისე უნდა ქნა, რომ აქედან ბადრაგმა გამიყვანოს და გზაში ჩემები იჩალიჩებენ.
– ერთადერთი საშუალებაა, რომ სხვა საპყრობილეში გადაგიყვანო, მაგრამ, მინისტრის უმკაცრესი დირექტივაა, რომ სწორედ აქ იყო გამომწყვდეული და არსად გაგიშვათ.
– არსებობს სხვა გზაც.
– კონკრეტულად?
– სამედიცინო გამოკვლევა.
– რა სახის?
– რა და, კოვზს გადავყლაპავ და, ექიმი რომ გამსინჯავს, რენტგენზე გამგზავნის. გზაში კი დამიხსნიან.
– არაფერი გამოვა. რენტგენი ჩვენც გვაქვს. უფრო სწორად, მინი-რენტგენი და, აქვე, საკანში გაგაშუქებენ, კოვზს კი ისე ამოგაღებინებენ, შენი მოწონებული.
– მასე არაა პოლკოვნიკო, – გაეცინა მათეს, – კოვზს მე შავ ქაღალდში გავახვევ და ისე გადავყლაპავ, მინი-რენტგენი კი ვერ გაარკვევს, რა არის და ამიტომ სტაციონარულ რენტგენზე გამიშვებენ. გზაში კი ჩემიანები დამიხსნიან და იმავე საღამოს მიიღებ დაპირებულ თანხას. შენ, პოლკოვნიკო, მხოლოდ კოვზი და შავი ქაღალდი უნდა მომიტანო, მერე ერთ მისამართზე მიხვიდე და ჩემი წერილი გადასცე. ოღონდ, გაფრთხილებ: მუხთლობას არ ჰქონდეს ადგილი და, შენც კმაყოფილი დარჩები და მეც.
– თანახმა ვარ, – თქვა პოლკოვნიკმა და საკანი ცოცხალ-მკვდარმა დატოვა.
ერთი კვირის მერე მათემ საშინელი წრიალი ატეხა საკანში და ბადრაგს სასწრაფოდ ექიმის მოყვანა მოსთხოვა. ის საკნის იატაკზე გორავდა, იკრუნჩხებოდა და ღრიალებდა.
ექიმმა მათე ყურადღებით გასინჯა და მინი-რენტგენიც გადაუღო. ნახევარი საათის შემდეგ კი თქვა:
– პატიმარს კუჭში უზარმაზარი მოგრძო შავი ლაქა აქვს. ეს რენტგენი ვერ არკვევს, რა არის და მისი სასწრაფოდ გასინჯვაა საჭირო სტაციონარულ დანადგარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეტალური შედეგიც კი არის მოსალოდნელი.
ექიმის სიტყვები სასწრაფოდ მინისტრს მოახსენეს და მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან არ უნდოდა მათეს ტრანსპორტირება, იძულებული გახდა, ეს მაინც გაეკეთებინა, რადგან, მათე რომ საკანში მომკვდარიყო, ერთი მხრივ ამერიკელები და რუსები მოსთხოვდნენ მას პასუხს, მეორე მხრივ კი – ქურდები, მას კი, სამმაგ ცეცხლს შუა მოხვედრა ნამდვილად არ სურდა და მათეს საავადმყოფოში გადაყვანაზე სანქცია გასცა. თუმცა, საამისოდ საუკეთესო ჯავშნოსანი შეარჩია, გამცილებლად კი სპეცდანიშნულების რჩეული ოცეული მიუჩინა.
საბადრაგო ჯავშნოსანი უშიშროების ციხიდან ზუსტად დღის პირველ საათზე გავიდა. მას კბილებამდე შეიარაღებულ რაზმელთა ოცეული ექვსი მანქანით აცილებდა. მიუხედავად ამისა, ზუსტად საათსა და 13 წუთზე ჯავშნოსანზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც საათსა და 15 წუთზე, ანუ სულ რაღაც 2 წუთის შემდეგ, მათე გაიქცა, რჩეული სპეცრაზმელები კი, გათიშულები ეყარნენ ასფალტზე.
მათეს გაქცევამ, რომელიც მათესვე დავალებით სოფის ბიჭების მიერ იყო ორგანიზებული, პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და მაფიის უძლეველობაზე კვლავ ყველა ერთხმად ალაპარაკდა.
მინისტრი უკიდურესად იყო გამწარებული, ცოფებს ყრიდა და თავისსავე უწყებაში ეძებდა დამნაშავეს. თუმცა, კონტრტერორისტების შეფზე არავის მიუტანია ეჭვი და ყველაფერი ექიმზე გადატეხეს. პოლკოვნიკმა კი მათესგან შეპირებული 200 ათასი დოლარი მიიღო და ვინც მას ფული გადასცა, უთხრა:
– ალბათ, იმის სწავლება არ გჭირდებათ, რომ ენას კბილი უნდა დააჭიროთ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს ფული და, როცა დაგვჭირდებით, დაგიკავშირდებით.
გაქცეული მათე, სოფის ბრძანებით, კონსპირაციულ ბინაში მოათავსეს, რომელიც წყნეთში მდებარეობდა და ყურადღებას არ იქცევდა. გაქცევიდან სამი დღის მერე, როდესაც მათეს ძებნა ოდნავ შენელდა და სოფიმ მოთვალთვალეებს თავი დააღწია, უბრალო მანქანით ავიდა წყნეთში და მათეს ზუსტად შუაღამეს შეხვდა.
– ძალიან შეცვლილხარ, ჩემო გოგონა, – უთხრა მათემ სოფის და გადაეხვია, – ყველაფერი ვიცი და, ერთი მხრივ, ახალ სტატუსს გილოცავ, მეორე მხრივ კი შენს ღრმა მწუხარებას ვიზიარებ.
სოფის პასუხი არ გაუცია მათესთვის და არც თანაგრძნობისთვის გადაუხდია მადლობა, მხოლოდ გაიღიმა და უთხრა:
– როგორ ხარ მათე, როგორ გრძნობ თავს?
– შენი დიდი მადლობელი ვარ და ვალში ვარ შენთან, ვალს კი გადახდა უნდა და აუცილებლად გადაგიხდი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, ჩემო გოგონა.
– გადავიდეთ. გისმენ, მათე, – თქვა სოფიმ, მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და გააბოლა, თან შოტლანდიურ ვისკის წრუპავდა, რომელსაც ჰამოს და პეტიკოს სიკვდილის შემდეგ შეეჩვია.
– შენი ძმა და ქმარი ჩვენს საქმეს შეეწირნენ, რომელთა ღირსეული გამგრძელებელიც, იმედია, შენ იქნები და ამაში წამითაც არ მეპარება ეჭვი, – დაიწყო მათემ, მაგრამ სოფიმ მას სიტყვა გააწყვეტინა:
– ბოდიში, რომ გაწყვეტინებ, მაგრამ ჰამოს და პეტიკოს ნუღარ მიხსენებ. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. მით უმეტეს, რომ არ გეთანხმები.
– რაში არ მეთანხმები, ჩემო გოგონა? – ღიმილით ჰკითხა მათემ, რომელსაც საშინლად არ ესიამოვნა სოფის სიტყვები და საქციელი და გაიფიქრა, ამ ძუკნას დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება ჩვენთან და, როგორც კი მომენტი დადგება, აუცილებლად მოვაშორებო.
– იმაში, რომ პეტიკო სულ ტყუილუბრალოდ მოკლა ჰამომ, მე კი მას ჩემი ძმის მკვლელობა არ ვაპატიე. გესმის, მათე? არ ვაპატიე; მიუხედავად იმისა, რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა, მაინც არ ვაპატიე და ასე დავკარგე ორი უახლოესი, უსაყვარლესი ადამიანი, რომლებსაც ვეღარასოდეს დავიბრუნებ. შენ კი ამბობ, ჩვენს საქმეს შეეწირნენო.
– მოდი, ასე მოვიქცეთ, ჩემო კარგო, – თქვა მათემ ღიმილით და სოფის მხარზე დაადო ხელი, – ეს საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, ცოტა არ იყოს, აღელვებული ხარ. მეც რაღაც შეუძლოდ ვიგრძენი თავი და საქმიანი საუბარი აღარ გამოგვივა. ამიტომ, სხვა დროს დავილაპარაკოთ.
მათეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ სოფისთან ლაპარაკი მას აღარ უნდოდა და, მოინდომებდა თუ არა ოდესმე, გაურკვეველი იყო. სოფიმ ეს მშვენივრად გაიგო, მაგრამ, არ შეიმჩნია და წამოდგა, მათეს გამოემშვიდობა და დინჯად, ნელი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
– ძუკნა! – თქვა მათემ და რამაზს დაუძახა, რომელიც გვერდით ოთახში იმყოფებოდა და საუბარი სრულად მოისმინა.
– გისმენ, მათე, – უთხრა რამაზმა.
– გაიგონე, როგორ მელაპარაკებოდა?
– გავიგონე.
– მერე, რას აპირებ?
– რასაც მიბრძანებ.
მათე სავარძლიდან წამოდგა, რამაზს გაუღიმა, მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– ბრძანებები მილიციაში გასცენ. ჩვენ კი მეგობრები ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით. რაც მთავარია, კაცები ვართ და ესაა მთავარი, ყველაზე მთავარ და დიდ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ ეს ძუკნა ასე მაღლა აფრინდა. მე მაგ დროს დაჭერილი ვიყავი, თორემ ასეთ რამეს არ დავუშვებდი და პეტიკოს საქმეებს შენ გადმოგაბარებდი. მოკლედ, ასე, ჩემო ძამიკო, ეგ ძუკნა მხოლოდ პოდიუმზე თუ გამოდგებოდა შიშვლად სატასაოდ, მაგრამ მისთვის ახლა ეგეც დაგვიანებულია. ის უნდა მოკვდეს და ეს მისია შენ უნდა აიღო საკუთარ თავზე. მერე კი საქმეს შენ გადაიბარებ, ჩემი მარჯვენა ხელი გახდები და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– რუსეთის მაყურებლის სიტყვა ჩემთვის კანონია, – თქვა რამაზმა და მათეს მორჩილად შეხედა – მართალია, ის ჩემი უახლოესი ძმაკაცის დაა, მაგრამ, საქმეს ასე სჭირდება და საქმისთვის არც სხვას დავინდობ და არც საკუთარ თავს.
– სხვა პასუხს არც ველოდი შენგან, – უთხრა მათემ რამაზს, – როდის შეასრულებ?
– ახლავე, – მიუგო რამაზმა, – სახლში დავადგები და მოვკლავ. აი, გასაღები – რამაზმა მათეს სოფის ახალი სახლის გასაღები უჩვენა და კვლავ ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა ქამრიდან, მათეს მიუშვირა და ორჯერ ესროლა გულში.
რუსეთის მაყურებელი ნელ-ნელა დაეშვა ხალიჩიან იატაკზე და, სანამ სული ამოუვიდოდა, უკიდურესი გაოცება აღებეჭდა სახეზე. ის შეძრწუნებული უმზერდა რამაზს, უცებ მწარედ გაეცინა და თვალღია წავიდა ამქვეყნიდან.
რამაზმა პისტოლეტი ქამარში ჩაიდო, მერე დაიხარა და მათეს თვალები დაუხუჭა. შემდეგ კი მისი ცხედარი აგარაკის ეზოში გაიტანა, „ჯიპის“ საბარგულში ჩადო და თბილისისკენ დაეშვა.
ზვიად მათეშვილის ცხედარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ, უთენია აღმოაჩინეს და ჯერ პროზექტურაში გადაიტანეს, შემდეგ კი მშობლიურ სახლში გადაასვენეს ვერაზე.
მათეს მკვლელობის შესახებ თბილისსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა, ზოგჯერ დაუჯერებელი ვერსიები ვრცელდებოდა და მთელი ერთი კვირის განმავლობაში ეს ამბავი მთელი მასმედიის მოწინავე თემა იყო.
მათეს დასაფლავება ქურდული ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა – მას უამრავი ადამიანი დაესწრო. თითქმის სამკილომეტრიან სამგლოვიარო პროცესს ათასობით ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის მრავალი ჩამოსული კრიმინალური ქურდი იყო, დევნის მიუხედავად, ისინი მაინც ჩამოვიდნენ საქართველოს დედაქალაქებში, რომ უკანასკნელი პატივი მიეგოთ თავიანთი სახელოვანი კოლეგისთვის.
ზვიად მათეშვილის ცხედარს თეა და ბავშვები მიაცილებდნენ, რომლებსაც გვერდით სოფი და რამაზი მიჰყვებოდნენ, რადგან სოფი თეას ბავშვობის მეგობარი იყო, რამაზი კი მათეს უახლოესი მეგობრის სტატუსით იმყოფებოდა იქ.
ყველაფერი რომ დასრულდა, მათე მიწას მიაბარეს და ნაქელეხარი სტუმრებიც წავიდ-წამოვიდნენ, სოფიმ თეა სახლში მიიყვანა, კეთილი სურვილებით დაემშვიდობა და სახლში დაბრუნდა.
– მოხვედი, სოფი? – ჰკითხა რამაზმა, რომელიც სავარძელში იყო მოკალათებული და სიგარას აბოლებდა.
– ძალიან დავიღალე და უნდა დავისვენო.
რამაზი წამოდგა, სოფის გაუღიმა და უთხრა:
– რა დროს დასვენებაა ძვირფასო! ქსივა მოვიდა. ნიუ-იორკში დიდი მაფიოზური სხდომა იმართება ერთი კვირის შემდეგ და მიწვეული ხარ.
– მოამზადე ყველაფერი, მივფრინავთ, – თქვა სოფიმ და მუხლმოყრილ რამაზს შუბლზე დაადო ხელი, რომელმაც მას, როგორც თავის ბოსს, ხელზე აკოცა.