კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26–28(498)


ვახომ ლუდით ორი ჭიქა შეავსო და მაგიდასთან მიიტანა. ლაშა ჩუმად იჯდა და უსიტყვოდ ადევნებდა თვალს მასპინძელს.

– თუ გინდა, კარტოფილს შევწვავ.

– არა. არ მშია. გიკვირს ხომ, შენთან რომ მოვედი?

ვახომ მხრები აიჩეჩა:

– პრინციპში, რატომ უნდა მიკვირდეს, ასეთ რაღაცეებს შეჩვეული ვარ.

– მოიცა, ვერ გავიგე, რას ხარ შეჩვეული?

– აი, ასე რომ შემომივლიან ხოლმე სტუმრები. თანამშრომლები ვართ. რამდენი ხანია, ერთად ვმუშაობთ? ჰო, მესამე წელია. შენ ახლა იმაზე ფიქრობ, ჩემთან უნდა მოსულიყავი თუ არა?

– ჰო, – ლაშამ ლუდი მოსვა, – ჰო, მართლა მაგაზე ვფიქრობდი, მაგრამ, იმ დღეს რომ ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ...

– რომ ერთმანეთს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობთ. ასეა, როცა გინდა, ვიღაცას მაინც ესმოდეს შენი, ეძებ და პოულობ ასეთ ადამიანს.

– ალბათ. როგორ თქვი იმ დღეს, მდიდრებს ღარიბებზე მეტი პრობლემები აქვთო?

ვახომ ლუდის ქაფი მოწრუპა და ლაშას გაუცინა:

– ე, ტო, გულში ჩაგრჩა? გამდიდრებას ხომ არ აპირებ? მიდი, ძმაო, მიაწექი, მე რას მიყურებ! ასე ამბობენ და, ისევ მდიდრები ამბობენ, თორემ მე მაგაში ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები. არასდროს მქონია ბევრი ფული. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ვისთვის რა არის ბევრი.

– ჩემთვის ბევრი არის ბევრი, – ჩაილაპარაკა ლაშამ, მხოლოდ იმიტომ რომ მასპინძლისთვის პასუხი გაეცა. ფიქრობდა შეიძლება, გუნებაში ითვლიდა კიდეც, რა თანხა იქნებოდა მისთვის ჭეშმარიტად ბევრი, – ჰო, ბევრი არის ბევრი. მაგრამ, რამდენი? მგონი, მართალი ხარ, იცი?! ახლა ჩემთვის ბევრი ის თანხაა, რაც ბანკს უნდა გადავუხადო. შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, მაგრამ... ეჰ, ხომ იცი, ვისაც რა უჭირს...

– მოიცა, რა, ტო! მთავარია, სხვაგან არ გიჭირდეს და მაგას ეშველება, – დარწმუნებით თქვა ვახომ, – ჰო, რა გაოცებული მიყურებ. ფულის შოვნა შეიძლება. როგორც ამბობენ, პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეიძლება, პრობლემა აღარ არის. წარმოიდგინე, შვილი რომ გყავდეს ავად, ან შენ იყო ავად, ან ინვალიდის ეტლში იჯდე...

– ე, მოიცა, ინვალიდის ეტლში რა მინდა! ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, – არ მოეწონა ლაშას ვახოს დახატული პერსპექტივა.

– ეგრეა, ტო, ყოველთვის უარესი უნდა წარმოიდგინო და მაშინვე გულზე მოგეშვება. მე ყოველთვის ასე ვიქცევი და მაგრად შველის.

– ახლა, არ მითხრა, რომ შენც ვალები გაქვს.

– არა, ტო, მე ბანკის და ასეთი რაღაცეების არ მწამს და ვცდილობ, ფული მარტო ადამიანებისგან ვისესხო. ოღონდ ვალს ყოველთვის ვაგროვებ – ასეთი ჩვევა მაქვს. მაგრამ, სხვა პრობლემები მაქვს. თუმცა, მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, შენ ხომ აქ ამისთვის არ მოსულხარ.

– ჰო. გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ უკანასკნელი ეგოისტივით ვიქცევი და ამ ბოლო დროს, მარტო საკუთარი პრობლემები მაინტერესებს.

– ეგ არც ისე ცუდია. მართლა, გინდა, დაგეხმარო?

– შეგიძლია? – გაეღიმა ლაშას.

– რა ვიცი, ვცდი. ოღონდ, ახლავე გაფრთხილებ – ფული არ მაქვს.

– მაგისთვის არ მოვსულვარ, ისედაც ვიცოდი. ვხედავ, ჩემ გარშემო ყველაფერი როგორ ინგრევა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ასეთი უსუსური არასოდეს ვყოფილვარ.

– გეუბნები, შენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ფული არ გაქვს, არამედ ის, რომ მას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. დაიკიდე, რა...

– რანაირად, როცა არ მაქვს?

– აი, ისე. დაიკიდე და ნახავ, თავისით როგორ მოვა.

– ვინ მოვა?

– ვინ კი არა, რა. ფული მოვა, ფული, შეგიძლია, სიტყვაზე მენდო.

ლაშამ ამოიოხრა:

– ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ – დაასწრო ვახომ, – ჰო, ვიცი, რომ აქ არ უნდა მოსულიყავი. რომ დრო ტყუილუბრალოდ დაკარგე, მაგრამ მე არ ვხუმრობ. ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, შვილო, არაფერზე არ უნდა იდარდო დიდხანს. რაზეც ყველაზე ნაკლებად იდარდებ და იფიქრებ, ის საქმე გამოვა ყველაზე კარგადო. უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ბებიაჩემი ასპროცენტიანი იყო.

– ჰო, ბებიაჩემმაც იცოდა ხოლმე წინაპართა სიბრძნის გაზიარება, მაგრამ მოკლედ, ახლა ორი არჩევანი მაქვს: ან – შენ და ბებიაშენს დაგიჯეროთ და არ ვინერვიულო, ან, ვინერვიულო, ვინერვიულო და კიდევ ერთხელ ვინერვიულო.

– გეუბნები, მოგვარდება-მეთქი.

– წარმოდგენა არ მაქვს, რატომ, მაგრამ, მგონი, შენი მჯერა. ეტყობა, სიმშვიდე გადამდებია.

– მაშინ, გადავიდეთ მეორე ეტაპზე, – ხელები სიცილით მოიფშვნიტა ვახომ.

– მოდი, – ნება დართო ლაშამ.

– ახლა საუბრის თემა უნდა შევცვალოთ, აუცილებლად. ჰო, თუ გვინდა, რომ იმ მთავარზე აღარ ვიფიქროთ. მოდი, ნარკოტიკების შესახებ ვილაპარაკოთ.

– რა? გაგიჟდი?! მოიცა, პირდაპირ გკითხავ – ნარკომანი ხარ?

ვახომ ჯერ გაოცებით შეხედა დამფრთხალ ლაშას, მერე სიცილი აუტყდა და კარგა ხანს, პასუხის გაცემა ვერ შეძლო.

– მე – ნარკომანი? საიდან მოიტანე! შემამჩნიე, თუ გამოხედვა მაქვს „იმქვეყნიური”?

– შენ თვითონ თქვი, ნარკოტიკების შესახებ ვილაპარაკოთო.

– მერე რა! ბოზებზეც შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, მაგრამ, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ბოზები ვართ. აუ, შენ რა მაგარი ტიპი ხარ, ტო, რა ყველაფერი გულთან მიგაქვს. მოეშვი და ზოგჯერ გაატარე, თორემ გულმა დასტუკებაც იცის.

– ამას მარტო შენ მეუბნები, ჩემი ცოლი კი....

ვახომ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი:

– აი, მთავარსაც მივადექით. ცოლთან გაქვს შენ პრობლემები და მთავარ საზრუნავსაც ეს გიჩენს, ხომ მართალია? იცი, რას გეტყვი? ქალებს საერთოდ არ უნდა მიაქციო ყურადღება. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები. მაგათი ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი, ბევრი რამე არ ესმით. დამიჯერე, ამ საქმეში რაღაც გამეგება. ცოლი არასდროს მყოლია, მაგრამ, მთავარი ხომ ეს არ არის. ნაშოჩკებში უკეთეს გამოცდილებას იძენს კაცი. ისე, მაინც რა უნდა შენს ცოლს, ხომ მუშაობ?

– ისიც მუშაობს...

– მერე რა...

– მერე ის, რომ ჩემზე დიდი ხელფასი აქვს, ბანკშიც მას შეაქვს თანხა, ჩემი შემოსავალი კი გადასახადებზე ძლივს გვყოფნის. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ლიკა ფიქრობს, მე საერთოდ არ ვნერვიულობ ამას.

– ჰო, ახლა ყველაფერი გასაგებია. სხვა გზა არ გაქვს, უნდა დაუმტკიცო, რომ ნერვიულობ.

– რანაირად?

– რანაირად? ო, ეგ ცოტა რთული საკითხია. ქალის მოტყუება ასეთი ადვილი ნამდვილად არ არის. შენც, ადექი და, ინერვიულე სულ შუბლშეკრულმა იარე, ვითომ ვიღაცეებს უკავშირდები, პრობლემა რომ მოაგვარო.

– შენ კაზინოში გითამაშია?

ვახო ამ კითხვას არ ელოდა და ცოტა დაიბნა:

– მოიცა, ეგ რა შუაშია? კაზინოში აპირებ თამაშს და ფულის შოვნას? არ გირჩევ. მე ვყოფილვარ რამდენჯერმე და მითამაშია კიდეც, მაგრამ იქ მყოფები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე თამაში. მინდა გითხრა, რომ მანდედან მოგებული ვერავინ რჩება. ფაქტობრივად, გამორიცხულია.

– რატომ? მისი უდიდებულესობა იღბალი მარტო კაზინოს მეპატრონეებს სწყალობს? – ღიმილით ჰკითხა ლაშამ.

– მოიცა, შენ როდისმე, ლატარიაში მაინც თუ მოგიგია რამე? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ვახომ.

– არა!

– ჰოდა, მაგაშია საქმე. არც მე. იმიტომ რომ, ზუსტად ვიცი – ვერაფერს მოვიგებ.

– ჰო, მაგრამ, ვიღაცეები ხომ იგებენ.

– იგებენ, მაგრამ, არავინ იცის, როგორ იცვლება მათი ცხოვრება მოგების შემდეგ. ყველას მარტო ის მომენტი აინტერესებს, როცა ტიპი იგებს და სასწაული ხდება – ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ? ერთი წუთის დღესასწაულის მაყურებლები არიან. მერე კი მას ივიწყებენ. ჰო, ასე, უბრალოდ, ივიწყებენ და ახალ სასწაულებს ელოდებიან. ამიტომაც, არავინ იცის, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ისინი დღესასწაულის შემდეგ.

ლაშა ოდნავ დაბნეული და გაკვირვებული უსმენდა. ვახო, თავისი ორიგინალური აზროვნებით, მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და ემოცია ვეღარ დამალა.

– ეს ყველაფერი შენ მოიფიქრე. შენ თვითონ? თუმცა, რა სისულელეს გეკითხები.

– სისულელე სულაც არ არის. მე თვითონ ნამდვილად არ მომიფიქრებია, სადღაც წავიკითხე, მაგრამ, სად მართლა არ მახსოვს. იმდენი წიგნი გადის ყოველდღე ჩემს ხელში, გინდა თუ არ გინდა, რაღაცას ისწავლი.

– მაგარია... თუ მოინდომებ, პროზაში მოსინჯო ძალები, კარგად გაქაჩავ.

ადამიანი ძირითადად საკუთარ ინტუიციას ენდობა. ყველაზე მეტად საკუთარი თავის სჯერა, მაშინაც კი, როცა თვალნათლივ ხედავს, რომ შეცდომას უშვებს. რა არის ეს, თვითგანადგურებისკენ ლტოლვა, თუ თანდაყოლილი სიჯიუტე ჯერ ზუსტად არავის უთქვამს, თუმცა, ამ ფაქტს, გულის სიღრმეში ყველა აღიარებს.

მართალია, არ ვიცი, რატომ დავდექი გულახდილობის გუნებაზე. ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, ეს საკმაოდ უცნაური და შეუფერებელიც კია. რა დროს ფილოსოფიაა, როცა ბედი გიღიმის და ყველა ამქვეყნიურ სიამეს გპირდება. თუმცა, ალბათ, ყველაზე ძალიან სწორედ იმ დროს გიჩნდება ფილოსოფოსობის სურვილი, იქნებ ჟინიც, როცა სხვა საზრუნავი არაფერი გაქვს. გამოვიდა თუ არა, კარგი ფილოსოფოსი ჩემგან, ეს არ ვიცი, მაგრამ პატარ-პატარა „აღმოჩენები“ ნამდვილად გავაკეთე...

ცოლში მომხდარი ცვლილება ლაშასთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ლიკა აღარ ჩხუბობდა, აღარ წუწუნებდა და აღარც ტიროდა, მაგრამ, ეს სულაც არ იყო მისთვის სიხარულის მომგვრელი, უფრო პირიქით. გაურკვევლობა ძაბავდა და აღიზიანებდა. მარტო ცოლთან ურთიერთობაში კი არა, საერთოდ, ყველაფერში. ამიტომ იმ ნადირს დაემსგავსა, რომელიც საფრთხის მოახლოებას ტანით გრძნობს, მაგრამ ჯერ ყნოსვით ვერ აღიქვამს. ამიტომ, არ იცის, როგორ მოიქცეს – თავდასხმისთვის მოემზადოს თუ, უბრალოდ, გაიქცეს. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ლიკამ საძინებლის კარი მგონი სამუდამოდ ჩაუკეტა. მერე კიდევ, ეს ღამის სტუმარი... ლაშამ იგრძნო, რომ, თუ სასწრაფოდ რაღაცას არ შეცვლიდა, გააფრენდა. ერთმანეთს სამზარეულოში, საუზმეზე შეხვდნენ. ლიკა უკანასკნელ ყლუპ ყავას სვამდა. ლაშამ ჩაი დაისხა.

– პური აღარ გვაქვს. ბოლო ნაჭერზე ვატოს წავუსვი კარაქი. სამი ნაჭერი ორცხობილა უნდა იყოს დარჩენილი. თუ გშია, უნდა ჩახვიდე და პური ამოიტანო, მე მეჩქარება.

– არ მშია.

ლიკას გაეღიმა:

– რა თქმა უნდა, არ გშია. თუ მე ჩავალ და ამოვიტან, მაშინ ალბათ, მოგშივდება.

– ეგ არაფერ შუაშია. პურის ამოტანა პრობლემა არ არის, უბრალოდ, ის ვთქვი, რაც ვიგრძენი.

– კარგი, ჩხუბს არ ვაპირებ. პრინციპში, არც მაინტერესებს, აღარ მაინტერესებს...

– რამე მოხდა? – ლაშამ ცოლს სახეში შეხედა.

– არაფერი, – ქალმა მხრები აიჩეჩა.

– ხომ არაფერს მიმალავ?

– ოჰო! რა ბანალური და გაცვეთილი ფრაზაა! მეგონა, უფრო ორიგინალური იყავი. ისე, ნუ ნერვიულობ, თუ ვინმეს გავიჩენ, პირველად შენ გაიგებ ამას.

– რა ბედნიერებაა! – ყალბი აღფრთოვანებით წამოიძახა ლაშამ, – რატომ ასეთი პატივი. რისთვის მერგო?

– ნუ მასხრობ. ნამდვილად არ მაქვს საამისოდ საქმე.

– იმიტომ, რომ მართლა მიმალავ რაღაცას. იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ გგონია და ვხედავ, როგორ შეიცვალე.

– მართლა? არ მეგონა, ასეთი დაკვირვებული თუ იყავი, – დასცინა ლიკამ – ისე, ჯობდა, ცოტა ადრე გამოგევლინა ეგ ნიჭი, არ გეჩვენება, რომ ცოტათი დააგვიანე? ახლა უკვე ვეღარ ითამაშებ მზრუნველი და ყურადღებიანი ქმრის როლს.

– რატომ, არ გამომივა?

– არა, მე აღარ დაგიჯერებ. ლაშა, მე არ ვხუმრობ. ჩვენი ურთიერთობა ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ძველებურად ვეღარ გაგრძელდება. რაღაც უნდა მოვიფიქროთ.

– მე უკვე ვფიქრობ, პრინციპში, მოვიფიქრე კიდეც, მაგრამ უშენოდ არაფერი გამოვა.

– ვერ გავიგე. – ირონიულად თქვა ლიკამ.

ლაშა ადგა, ცოლთან ახლოს მივიდა და თმაზე გადაუსვა ხელი:

– ლი, მომისმინე! მე შენ მჭირდები, ძალიან მჭირდები. თუ ძველებურად კარგად ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა, მართლა, დამიჯერე, ძალიან გთხოვ.

– რომ დაგიჯერო, ამით მარტო ის შეიცვლება, რომ შენ საძინებელში დაბრუნდები და მე კიდევ ერთხელ მოვტყუვდები. აბა, მითხარი, შენ რას ფიქრობ, რა შეიცვლება. დავუშვათ, შეგირიგდი.

– არ მენდობი? – ლაშას სახე დაუსევდიანდა.

– როგორ უნდა ვენდო კაცს, რომელმაც საკუთარი ოჯახის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადო სასწორზე. არც შვილზე იფიქრა და არც ცოლზე. მოკლედ, მე დავიღალე ერთსა და იმავეზე ამდენი ლაპარაკით, დრო ცოტა გაქვს და შენს ადგილას მე მას ფუჭად არ გამოვიყენებდი. – ლიკამ უხეშად მოიშორა ქმრის ხელი და დაამატა. – შენ იმითი სარგებლობ, რომ მიყვარდი. მაგრამ, მორჩა, ასე აღარ იქნება, უკვე დავჭკვიანდი.

ლიკა სამზარეულოდან უკანმოუხედავად გავარდა, ლაშამ ამოიოხრა. სიტუაციას ოდნავაც არ ეშველა. პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა და გართულდა. ლიკას ვეღარ ეტყოდა იმას, რაც უკვე მთელი კვირის განმავლობაში აწუხებდა. არადა, სწორედ მასთან ერთად უნდოდა ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა, ისევ ვახოსთან საუბარი გაახსენდა.

ვახო გულიანად იცინოდა და მისი მხიარულება გადამდები აღმოჩნდა – ლაშასაც სიცილი აუტყდა.

– ყავა კი არა, მე და შენ რამე მაგარი უნდა დავლიოთ. კონიაკი მაქვს. ძალიან ძვირფასი არ არის, მაგრამ...

– ახლა არ მითხრა, რომ შენს გაპროზაიკოსებას აღვნიშნავთ.

– ასეც რომ იყოს, საწინააღმდეგო გაქვს რამე?

– არაფერი, მოიტანე, ისე, მართლა სცადე, შეიძლება, კარგად გამოგივიდეს, ძალიან კარგადაც კი.

– ნუ დამცინი, სხვადასხვა წიგნიდან ამოკრეფილი ფრაზებით, თუნდაც ძალიან ჭკვიანურით, მწერალი ვერ გახდები.

– მოიცა ერთი, შენ ძალიან დიდი წარმოდგენის ყოფილხარ თანამედროვე მწერლებზე. უმრავლესობა მაგ ჭკვიანური ფრაზების მოძებნასაც ვერ ახერხებს. ამ მხრივ უპირატესობა ნამდვილად გაქვს.

ვახომ პატარა ჭიქები კონიაკით შეავსო:

– მე ისეთი ბედი მაქვს, კრიტიკის ქარცეცხლში გამატარებენ და, შეიძლება, ჩემი ნაცოდვილარი კოცონზეც კი დაწვან.

– დაიკიდე. ასე არ ხდება, სხვანაირად კოცონებს გვერდს ვერ ავუვლიდით. ხალხს სისულელეები მოსწონს, მოსწონს რომელია, პირდაპირ გიჟდებიან სისულელეებზე. მომისმინე, როდის მოიცლი, რომ კაზონიში წამომყვე? – ლაშამ კონიაკი მოწრუპა.

ვახომ წაუსტვინა:

– გეყოფა. მაგაზე ნუ ფიქრობ, ხომ გითხარი, შარია-მეთქი. არ მინდა, შენი უსიამოვნებების ხელშემწყობი ვიყო. სხვა გამოსავალი უნდა მოძებნო. ძალიან საშიშია კაზინოს იმედად ყოფნა და იმაზე ფიქრი, რომ იქ დიდ ფულს მოიგებ და ყველა პრობლემას მოაგვარებ. კაზინო მდიდრებისა და ქარაფშუტების საქმეა. შენ სერიოზული ადამიანი ხარ და, მოდი, ეგ ამბავი საერთოდ დაივიწყე.

– თუ დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებ?

– კარგი, რა, ტო, რას მოიგებ! ეგ ყველაფერი ილუზიაა. მე შენს ადგილას ასე არ გავრისკავდი. ჯერ არავინ გამდიდრებულა კაზინოში მოგებული ფულით, მხოლოდ პრობლემებს მოიმატებ.

– ესე იგი, არ წამომყვები.

ვახომ კეფა მოიქექა:

– აუ, ლაშა, არ გინდა, რა...

– ერთხელ მინდა, ვცადო, მხოლოდ ერთხელ.

– იქ „ფეისკონტროლია” – თავის დაძვრენის „საშუალება” მოძებნა ვახომ. იფიქრა, ამით მაინც გავალ იოლასო.

ლაშამ თვალი ჩაუკრა:

– შენ ფიქრობ, რომ მე ეს არ ვიცი, ან ტანსაცმელი არ მაქვს? ისე გამოვიპრანჭები...

– ლაშა, არ გინდა, რა, დამიჯერე, – ხვეწნაზე გადავიდა ვახო, – შენ მაგივრად მე ვნერვიულობ. ეცადე, ეგ იდეა თავიდან ამოიგდო.

– კარგი, ვეცდები. ამოვიგდებ, მაგრამ, შენც უნდა მომეხმარო.

– როგორ, ტო...

– ერთხელ წამომყევი.

ვახომ ამოიოხრა:

– ვა, რა შარი ავიკიდე. საერთოდ რატომ ვთქვი, რომ ნამყოფი ვარ მაგ ოხერ კაზინოში. მაშინ ხომ ვერ მთხოვდი.

– ასე ნუ განიცდი, ძალიან გთხოვ. კაზინომანი და იგროკი არ გავხდები, ამის პირობას გაძლევ. უბრალოდ, მარტო არ მინდა იქ მისვლა და შენზე კარგსაც ვერავის გავიყოლებ. მეგობრები მყავს, მაგრამ შენთან ერთად წასვლა მირჩევნია. ბევრს არ წავაგებ, ნუ გეშინია.

– რა ვიცი, – ვახომ ისევ შეავსო ჭიქები, – რა ვიცი...

– ნუ გეშინია-მეთქი, შარში არ გაეხვევი. მე არ ვარ ის ტიპი, ვიღაცას პრობლემები შევუქმნა. თუ როდისმე ვინმე დამიზარალებია, მხოლოდ საკუთარი თავი.

– მეც სწორედ ეგ არ მინდა. გულწრფელად გეუბნები. არ მინდა, შენს უბედურებაში რამე მონაწილეობა მივიღო. ისიც გეყოფა, რაც გჭირს.

– ბიჭო, იქნება ვიგებ? რას ჩაიხვიე შენი უბედურება, შენი უბედურებაო, – გაიცინა ლაშამ, – არ შეიძლება, გამიმართლოს?

– ო, შენ რა ჯიუტი ვინმე ხარ! ხომ გკითხე, როდისმე რამე თუ მოგიგია-მეთქი და ხომ მიპასუხე, არაო?

– მე არც ლატარიის ბილეთი მიყიდია, როდისმე, – ნიშნის მოგებით ჩაიცინა ლაშამ, – გაიგე?

– გავიგე, გავიგე და იმასაც მივხვდი, რომ ვეღარ გადაგათქმევინებ. მითხარი, როდის გინდა, რომ წავიდეთ?

– გეტყვი. ორ-სამ დღეში ეს არ იქნება. მინდა, ცოტა ჩამოვყალიბდე და რაღაც-რაღაცეები გადავხარშო.

– ჰო, მშვენიერია, მშვენიერი. გადახარშავ და გადაიფიქრებ. ეგ მომწონს.

– ტყუილად გაქვს მაგის იმედი, – გადაუწურა ლაშამ, – უბრალოდ, მინდა, რაღაც გადავამოწმო. აღარ დამისხა, თორემ დავთვრები და ვერ ვიტან, როცა გარშემო ყველაფერი ტრიალებს. მოკლედ, ახლა წავალ და შეგეხმიანები.

– ეჰ, ახია ჩემზე! – საწყლად გაიცინა ვახომ.

– როცა გავმდიდრდები და ძალიან, ძალიან ბევრ ფულს ვიშოვი, შენი სიკეთე არ დამავიწყდება.

– ამას ახლა ამბობ, თორემ, მდიდრებს ცუდი მეხსიერება აქვთ, რაც არ უნდათ, ის აღარ ახსოვთ.

– მე ამნეზია არ დამემართება. თუ გინდა, ხელწერილს დაგიწერ, – ლაშამ მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი, – გული მიგრძნობს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება.

– შენ ახლა კონიაკმა გაგიფერადა აზროვნება. გაგივლის და ისევ ჩამუქდება რეალობა. თუ შენს ვალებს კაზინოში წაგებული ფულიც დაემატება – მით უმეტეს.

ლაშას აღარაფერი უთქვამს. ვახოს თანხმობა „ჯიბეში ედო”.

***

მდიდრებს მართლა ხანმოკლე მეხსიერება აქვთ, თუ, უბრალოდ, თავს ასე აჩვენებენ? რატომ არ დავფიქრებულვარ აქამდე. ჯერ ვერ მოვიცალე, თუ აქამდე საინტერესოდ არ მეჩვენებოდა? იქნებ ჯერ არ მივსულვარ მაგ ეტაპამდე და იგივე მეც აუცილებლად იგივე დამემართება? პრინციპში, გამორიცხული არაფერია. არასოდეს თქვა „არასოდესო“ – ამ რეალობის ყოველთვის მჯეროდა, მაშინაც კი, როცა სხვა განზომილებაში ვიყავი. აქედან მართლა სხვანაირად ჩანს ყველაფერი. სხვანაირია და მინდა, თუ არ მინდა, უნდა დავეთანხმო იმას, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას. მარქსიზმ-ლენინიზმისგან შორს ვარ და ღმერთმა დამიფაროს ამისგან, მაგრამ, ხომ დამეთანხმებით, რომ, როცა გშია, მაღალ მატერიებზე საუბარს პური და ყველი გირჩევნია, თუნდაც ის პური ობიანი იყოს, ყველი კი გამომშრალი. ერთი სიტყვით, არ არსებობს ადამიანისთვის იდეალური მდგომარეობა, რადგან ღმერთმა მას ამისი შანსი ერთხელ უკვე მისცა. ადამმა რომ ის ხელიდან გაუშვა, ისევ თავად არის დამნაშავე. მოდი, ნუ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, კონკრეტულად ვისი ბრალია, სამოთხე რომ დავკარგეთ. რა აზრი აქვს ახლა მტყუან-მართლის გარჩევას, დაგვიბრუნებს ვინმე სამოთხეს თუ, ქალების დასჯით იგრძნობენ შვებას კაცები?! ეჰ, რაც დაიკარგა, დაიკარგა. თანაც ადამიანების ბუნება ხომ იცი – იმ სამოთხეშიც მოძებნიდნენ სანერვიულოს და „სამაკვარანცხოს”. იქაც შეაღწევდა, მისი „ყოვლისშემძლეობა” ფული და, რა მნიშვნელობა აქვს, ვაშლის გამო გამოგვაძევებდნენ თუ ქაღალდის კუპიურების. ვაშლი კიდევ უფრო კეთილშობილურად მეჩვენება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პირის გემოსთან, ანუ გემოვნებასთან არის კავშირში. რა ჯობია, დიდ გაპრიალებულ წითლად აღაჟღაჟებულ ვაშლს! გაუძელი ცდუნებას, თუ ბიჭი ხარ. ეჰ, ადამს რომ ცდუნების დაძლევა შესძლებოდა!.. მაგრამ, რომელი კაცი გინახავთ, ცდუნებას არ აჰყოლოდეს, როცა მაცდუნებლის როლში ქალბატონია? ერთნაირად გაბრიყვდება ხოლმე მდიდარიც და ღარიბიც. მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, მასშტაბებია მხოლოდ განსხვავებული. მერე, თუკი დაგაინტერესებთ, ამაზეც გესაუბრებით. ახლა კი მარტო იმას ვიტყვი, რომ ფულიანი მამაკაცის მოთხოვნილებები, მისდა უნებლიეთ, ავტომატურ რეჟიმში იზრდება. თუ ღარიბს ხინკალი ენატრება და ელანდება, მდიდარს საკუთარ სიამოვნებაში გადახდილი მილიონები გროშებად ეჩვენება და ბოლოს, ისიც აღარ იცის, რითი მიიღოს სიამოვნება, რადგან, თურმე, სიამოვნების ცენტრიც ჩლუნგდება და ყველაზე საშინელ, ყველაზე დამანგრეველ ნარკოტიკს ტვინი ისე ეჩვევა, რომ ლეტალურ შედეგამდეც შეიძლება, მივიდეს. გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ – არა, მაგრამ, თუკი ოდესმე გამდიდრდებით, ეს სიტყვები გაიხსენეთ და ფრთხილად იყავით.

ლიკამ მანქანის კარი ჩაკეტა და შემობრუნდა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა საჭესთან თავად ჯდებოდა. მანქანა მის სახელზე იყო გაფორმებული, მაგრამ ლიკას უმეტეს შემთხვევაში ერჩივნა, ქმრის გვერდით მჯდარიყო. იმიტომ არა, რომ საჭეს ვერ დაეუფლა, უბრალოდ, თავისი ემოციური და, ფეთქებადი ხასიათის გამო, ისე იღლებოდა, სახლში ქანცგამოლეული და გაღიზიანებული ბრუნდებოდა. იმ დილით კი ლაშას ისე ააცალა გასაღები, არც გაუღვიძებია. უნდოდა, ეჩვენებინა, რომ არაფრად აღარ აგდებდა და ამიერიდან მხოლოდ საკუთარი სურვილების კარნახით მოიქცეოდა. ლაშას დივანზე მოკუნტულს ეძინა, მაგრამ, მისი გაბრწყინებული სახის მიხედვით თუ იმსჯელებდი, დისკომფორტს აშკარად არ გრძნობდა. ლიკაც კიდევ ერთხელ გაბრაზდა ქმრის უდარდელობაზე.

– ნახევარი საათია, გელოდებით. სამსახურში რატომ აგვიანებთ? – გასაღების ჩხაკუნით და მომნუსხავი ღიმილით მიუახლოვდა ანდრო მისი დანახვით, ოდნავ შეცბუნებულ ლიკას.

– არ დამიგვიანია. მე ყოველთვის ამ დროს მოვდივარ, – უნებლიეთ წამოსცდა ლიკას და საკუთარ თავზე გამწარდა, ნეტავი ამას რაღას ვებოდიშებიო.

– ეს თქვენი მანქანაა? – თავის გაქნევით მიუთითა ანდრომ „ოპელზე“. ლიკა გაწითლდა:

– დიახ.

– ჰო, მაშინ არ მიკვირს, ყოველთვის „ამ დროს” რომ მოდიხართ, – გამოაჯავრა კაცმა.

– იცით, მე თქვენთან სალაპარაკოდ არ მცალია. მით უმეტეს, ასეთ უაზრობებზე. ძალიან ბევრი საქმე მაქვს.

– ვიცი, საკრედიტო განყოფილებაში მუშაობთ და ახლა პრობლემური სესხების განყოფილებაში გინდათ გადასვლა იმ ერთი მარტივი მიზეზით, რომ იქ ხელფასი, ცოტათი უფრო მეტი გექნებათ, – აი, ხედავთ, როგორი ინფორმირებული ვარ?!

– და, გინდათ, რომ შეგაქოთ? მე ვიცი, ვინც არის თქვენი ინფორმატორი და სოფოს მადლობას ნამდვილად არ ვეტყვი, – წარბი შეიკრა ლიკამ, – თქვენ კი, სულ ტყუილად გაისარჯეთ.

ანდრომ ხმამაღლა გაიცინა და, რატომღაც, საუბრის თემა შეცვალა..

– რა საყვარელი ხარ, როცა ბრაზობ, სისულელე ვთქვი, ხომ? მე კი ისე მინდა, ორიგინალური ვიყო. რაც შეეხება სოფოს, ნამდვილად არაფერ შუაშია. მე აქ ბევრი მეგობარი მყავს.

– ვერ ვიტან ჭორიკნებს – ჩაილაპარაკა ლიკამ და უმწეოდ მიმოიხედა იმ იმედით, რომ ვინმე გამოჩნდებოდა ისეთი, ვინც ამ აბეზარი მოსაუბრისგან დაიხსნიდა.

ანდროც არ იყო გულუბრყვილო, მიამიტი ბიჭი და მიუხვდა:

– ნატრობ, როგორმე თავიდან მომიშორო, ხომ მართალია? ლიკამ თავი დაუქნია:

– არაჩვეულებრივად ზუსტად აფასებთ სიტუაციას. ვაფასებ თქვენს მიხვედრილობას.

– მართლა? ესე იგი, რაღაც პოზიტივი მაინც არსებობს. ანუ, რაღაც თვისება მაინც მქონია თქვენი მოსაწონი.

– იცით, რას გეტყვით? საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, მომწონხართ თუ არ მომწონხართ. ოღონდ, მართლა. ნამდვილად არ გეკეკლუცებით. არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, ყველა მამაკაცთან რომ კეკლუცობენ, მეცინება კიდეც ამაზე.

– სწორედ მაგიტომაც მომეწონეთ და, იმედია, გულახდილობისთვის არ შემიძულებთ.

ლიკამ მხრები აიჩეჩა:

– ადამიანი რომ შეიძულო, ის შენთვის რაღაცას უნდა წარმოადგენდეს. ხვდებით, ხომ რასაც ვგულისხმობ?

– დიახ, ვხვდები, მაგრამ მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ და ფეხს არ მოვიცვლი, სანამ შეხვედრაზე არ დამთანხმდებით.

კაცის წარმოუდგენელმა სითამამემ, რომელიც თავხედობას უფრო ჰგავდა, წამით ლიკას ლაპარაკის სურვილი დაუკარგა. ანდრომ მაშინვე ისარგებლა ამ პატარა გამარჯვებით:

– მე არაფერს ვითხოვ. უბრალოდ, ვიმეგობროთ, ძალიან გთხოვთ.

– თქვენნაირი მეგობარი არ მჭირდება.

– ჰმ, გამოდის, ვიღაცას ცუდი დახასიათება მოუცია. ოღონდ, ვის ან რატომ – არ მესმის. იქნებ, სოფომ თქვა ისეთი რამ, რითაც ჩემზე არასწორი წარმოდგენა შეგექმნათ? მე ძალით არასდროს არაფერს ვიღებ, ჩემო ძვირფასო, ეს ჩემი სტილი არ არის. აი, მეგობრობა კი, მართლაც კარგი ვიცი, ძალიან კარგი.

– თუკი მე თქვენთან მეგობრობა არ მინდა?! რას იზამთ, თუკი უარს გეტყვით? ეტყვით თქვენს ყოვლისშემძლე მეგობრებს და სამსახურიდან გამაგდებენ?

ანდრომ ხელები გაასავსავა:

– ღმერთო, რა ურჩხულად დამხატეთ. ახლა მართლა მეწყინება! იცით, რომ ამით შეურაცხყოფას მაყენებთ? – ლიკას მხედველობიდან არ გამოჰპარვია კაცის ასეთი „გაზრდილობიანება.”

– ბოდიში. შეიძლება, ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ, საკუთარ თავს დააბრალეთ. რატომ გამომეცხადეთ აქ...

– თან, მოგაცდინეთ კიდეც საქმეებს... ისე, მე შემიძლია, ვიღაცას ვთხოვო და გადაგიყვანოთ პრობლემური სესხების განყოფილებაში, მაგრამ რა არის, იცით? ძალიან მეცოდება თქვენისთანა ლამაზი, ნაზი და ჭკვიანი არსება, ამ და ჭუჭყიანი საქმისთვის. წარმოგიდგენიათ მაინც, ვისთან გექნებათ საქმე?

– მე ბანკში ვმუშაობ, – მოკლედ მიუგო ლიკამ.

– რა თქმა უნდა, მაგრამ, ეტყობა არ იცით, რა ძნელია უპასუხისმგებლო ადამიანებთან ურთიერთობა. ვალს რომ კაცი არ გადაიხდის, ის, მინიმუმ, უპასუხისმგებლოა, კიდევ – მატყუარა, კიდევ – გადამგდები და...

– შეგიძლიათ, აღარ გააგრძელოთ. არ მინდა თქვენი დახმარება. როგორმე თავად მივხედავ საკუთარ პრობლემებს.

– რომლებიც გეომეტრიული პროგრესიით დაიწყებს გამრავლებას, თუ ამ თქვენს მანქანას დროზე არ გამოცვლით... – გაიცინა ანდრომ, – არ გეწყინოთ, რა! მართლა ძალიან მინდა, რომ დაგეხმაროთ.

– რა, მანქანასაც ხომ არ მიყიდით?

– თქვენ მარტო მიბრძანეთ და... – ხელები გაშალა ანდრომ. ეს ისე გულწრფელად გამოუვიდა, რომ ლიკასაც გაეცინა.

– აი, აღარ მიბრაზდებით... ანუ, შევხვდებით?

– არა, არა, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.

– მე არ მეჩქარება, დავიცდი. არც ვიწუწუნებ იმის გამო, რომ მალოდინეთ... პირიქით, ჩემზე მორჩილი და ერთგული მეგობარი არ გეყოლებათ. შემიძლია, ვთქვა, რომ მეგობრობის დადასტურების მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფები და ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ნათურა წითლად აინთება.

– ეს არ არის სოციალური ქსელი, – მოიღუშა ლიკა, – ეს რეალური ურთიერთობაა.

– იცით რა, მოდი, ასე სერიოზულად ნუ იფიქრებთ და ნურც თავს დაივალდებულებთ... მე უსასრულოდ დიდხანს შემიძლია ლოდინი, როცა შედეგი ამად მიღირს...

ლიკა მიხვდა მისი სიტყვების ორაზროვნებას, მაგრამ, დუმილი ამჯობინა. პასუხად მხოლოდ გაუღიმა და შენობაში შევიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3