როგორ მონაწილეობდა ქართველი კაპიტანი ქალი ამერიკაში გაქცეული პოლკოვნიკის ლიკვიდაციაში
შადრინის საქმე
გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლკოვნიკი ვსევოლოდ შადრინი გაიქცა, რომელიც საბჭოთა საგარეო დაზვერვის მაღალჩინოსანი იყო და მრავალ საიდუმლოს ფლობდა. მისმა გაქცევამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას. შადრინმა მტერს მთელი სამხრეთამერიკული რეზიდენტურა ჩაუგდო ხელში. ამის გამო მოღალატე პოლკოვნიკზე სასტიკი ნადირობა გამოცხადდა და საბჭოთა მზვერავებმა ის ნიუ-იორკის ცენტრში, მანქანაში ააფეთქეს. ამ აქციას რვა კაცის სიცოცხლე შეეწირა და პრესაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მას პომპეზური დასაფლავება მოუწყვეს და მისი საფლავის ქვას დააწერეს: „ის თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად დაეცა”.
მეოცე საუკუნის სამოციანი წლების შუაში საბჭოთა დაზვერვამ ვიცე-პოლკოვნიკი როჯერ დანი გადმოიბირა, რომელიც „ცეერუს” ანალიტიკოსი იყო და ლუბიანკის მესვეურებს განუცხადა, რომ ვსევოლოდ შადრინი ცოცხალი იყო. მისი თქმით, აფეთქებულ „ლინკოლნში” ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი იჯდა შადრინის ნაცვლად. ამ განცხადებამ გენერალი ვოდოლაზოვი ლამის შოკში ჩააგდო და ხელქვეითებს, რომლებსაც შადრინის ლიკვიდაცია დაავალა, უთხრა:
– ამჟამად უკვე მოღალატის სიკვდილის დამადასტურებელი ნიშანი უნდა მოიტანოთ, – შემდეგ გააბოლა და დაამატა, – ის ნაძირალა სასტიკად დასასჯელია და აბა, თქვენ იცით.
დანის საფუძვლიანი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, შადრინის მიახლოებითი ადგილსამყოფელი.
– პოლკოვნიკს, რა თქმა უნდა, საცხოვრებელს შეუცვლიდნენ, – თქვა დანმა, – მაგრამ მე ჩემი აგენტი მყავს იქ და ოსკარ კენიონს მიმართეთ საჭიროების შემთხვევაში. ოსკარი სერჟანტია და ის მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული.
დანმა, ასევე სახენაოპერაციები პოლკოვნიკის სურათი დაუხატა საბჭოთა მზვერავებს და როდესაც ყველაფერი მზად იყო, კაპიტნები – ვიქტორ კაიუმოვი და ანასტასია კოტრიკაძე ჯერ კუბაში, შემდეგ კი მაიამიში გაამგზავრეს.
კაიუმოვი და კოტრიკაძე გამოცდილი აგენტები იყვნენ და არაერთი მოღალატე ჰყავდათ ლიკვიდირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ გარდა, ამ ოპერაციაში ეგრეთ წოდებული „სლედოპიტები” – კვალის მაძიებლები იყვნენ ჩართული. მათი მოვალეობა მოღალატე პოლკოვნიკის მოძებნა იყო. „სლედოპიტები” ჯერ კენიონს უნდა დაკავშირებოდნენ და მისი დახმარებით ეპოვათ შადრინი, მერე კი მისი ადგილსამყოფელი ლიკვიდატორებისთვის შეეტყობინებინათ.
კავშირზე გამოსულმა კენიონმა, რომელსაც კონტრდაზვერვა უთვალთვალებდა „სლედოპიტის” ეჭვი აღძრა. ამის შედეგად, ჩიკაგოს ცენტრალურ ქუჩაზე შეიარაღებული შეტაკება მოხდა საბჭოთა აგენტებსა და ამერიკელ კონტრმზვერავებს შორის. სროლის შედეგად ხუთივე საბჭოთა აგენტი და ორი ამერიკელი კონტრმზვერავი დაიღუპა. ამრიგად, კაიუმოვი და კოტრიკაძე მარტონი დარჩნენ და დამოუკიდებლად დაიწყეს ძებნა.
საბჭოთა სპეცაგენტების განადგურების გამო, ამერიკელებმა ვერ დაადგინეს თუ რის გამო შეხვდნენ ისინი კენიონს და შადრინზე მაინცდამაინც არ გაუმახვილებიათ ყურადღება. თუმცა, მას მაინც შეუცვალეს ადგილსამყოფელი და ბოსტონიდან ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში გადაიყვანეს.
კაიუმოვს და კოტრიკაძეს მხოლოდ სამი კვირა დასჭირდათ შადრინის ახალი ადგილსამყოფლის დასადგენად და ამ საქმეში მათ „დაკონსერვებული” საბჭოთა აგენტი „ბრუცუსი” დაეხმარა. მან დაადგინა, რომ ვინმე უოლტერ კეისი სინამდვილეში ვსევოლოდ შადრინი იყო, რომელიც დალასის ცენტრში ველოსიპედით დასეირნობდა. კოტრიკაძემ და კაიუმოვმა კარგად შეისწავლეს მოღალატის მარშრუტი და თავდასხმის დეტალური გეგმა შეიმუშავეს.
ბედის ირონიით, მათ სწორედ იმ წერტილიდან გადაწყვიტეს შადრინის მოკვლა, საიდანაც რამდენიმე წლის წინათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესროლა ოსვალდმა. ვიქტორ კაიუმოვი მაყუჩიანი, ოპტიკურსამიზნიანი შაშხანით ჩასაფრდა წიგნების საწყობში და იარაღი მოამზადა. ანასტასია კოტრიკაძე კი სკვერში იჯდა და საპუდრეში იყურებოდა, რომელშიც კინოკამერა იყო ჩამონტაჟებული და გამზირს იღებდა. ზუსტად დილის 10 საათზე შადრინი და მისი მცველები ველოსიპედებით გამოჩნდნენ. როდესაც ისინი შუქნიშანს მიუახლოვდნენ, კაიუმოვმა სასხლეტს გამოჰკრა თითი და უზარმაზარმა ფეთქებადმა ტყვიამ შადრინს ნახევარი თავი წააცალა. კოტრიკაძემ ეს სცენა მკაფიოდ დააფიქსირა და იმავე საღამოს ეს ფირი უკვე ლუბიანკაზე გაამჟღავნეს. მეორე დღეს კი, შადრინის მკვლელობის სამი ფოტო უკვე მსოფლიოს ყველა მოწინავე ბეჭდვითმა ორგანომ პირველ გვერდზე გამოაქვეყნა. „კაგებემ” ამით მიანიშნა „ცეერუს”, რომ საბჭოთა დაზვერვას ვერავინ გაექცეოდა.