როგორ შეაჭამა თბილისის ზოოპარკის მტაცებელ ცხოველებს მოკლული მეზობლების დანაწევრებული სხეული სოლოლაკელმა ბიჭმა
თემურმა ჭონქაძის ქუჩაზე შეუხვია და ნაცნობ აღმართს აუყვა. კუთხეში მას ახალგაზრდა ქალმა დაუქნია ხელი და თეთრი „მოსკვიჩი” გაჩერდა.
– ვერაზე მოვდივარ და რამდენად წამიყვან? – ჰკითხა მგზავრმა.
– დაბრძანდით, მიუგო თემურმა და მანქანის წინა კარი გაუღო.
როგორც კი ქალი სკამზე მოთავსდა და კარი მიხურა, თემურმა ადგილიდან დაძრა მანქანა.
– აი, აქ ჩავალ, გამიჩერეთ, – ქალმა ერთ-ერთი ჩიხისკენ გაიშვირა ხელი და ჯიბიდან სამმანეთიანი ამოაცურა, – გამომართვით.
– ჩაბრძანდით გოგონა, მე მოხალისე ვარ, – მხიარულად უთხრა ქალს თემურმა და ჯერ მის გადასვლას დაელოდა, შემდეგ კი მანქანა დაძრა და კინოს სახლთან ჩაუხვია.
ზედ რუსთაველის ძეგლთან თემურს თეთრი ფერის „ჟიგულმა” ჩაუჭრა გზა და დროზე რომ არ დაემუხრუჭებინა, „ჟიგულს” შეასკდებოდა.
– გაგიჟდი? – ამის დაყვირება მოასწრო თემურმა და „ჟიგულიდან” სწრაფად გადმოსულმა სამმა ახალგაზრდამ მანქანის კარი გამოაღო, თემური გარეთ გადმოათრიეს და კაპოტს ხელებგადაგრეხილი დააკრეს.
– იარაღი, წამალი ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი თუ გაქვს, ნებაყოფლობით გადმოგვეცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანქანას გავჩხრეკთ, მკაცრად მიმართა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თემურს.
– რის წამალი, რა იარაღი? ვინ ხართ, რა გინდათ? ვიღაცაში გეშლებით, – თემურმა თავის აწევა სცადა.
– ქალაქის სამმართველოს ოპერები ვართ და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ვატარებთ, – მშვიდად მიუგო თემურს ახალგაზრდამ.
– კი ბატონო, მეც გამჩხრიკეთ და მანქანაც, – თავდაჯერებულად უპასუხა თემურმა ოპერს და წელში გასწორდა, რადგან დანარჩენმა ორმა მას ხელი გაუშვა.
ამასობაში თემურსა და ოპერებს ოცამდე ცნობისმოყვარე მოქალაქე შემოეხვია.
– ამხანაგებო! – მიმართა შეკრებილებს ერთ-ერთმა ოპერმა, გთხოვთ, დაესწროთ ამ მოქალაქისა და ავტომობილის ჩხრეკის პროცესს და თუკი რამე კანონსაწინააღმდეგო აღმოჩნდა, კეთილი ინებეთ და ოქმს ხელი მოაწერეთ.
ამ სიტყვების შემდეგ ხუთიოდე მოქალაქე იქაურობას მოშორდა, მაგრამ დანარჩენებს ფეხი არ მოუცვლიათ.
თემურის ჩხრეკამ ვერაფერი მისცა მილიციელებს, მაგრამ ერთ-ერთმა ოპერმა წინა სავარძლის ქვეშ შეჰყო ხელი და იქიდან პატარა ზომის ჩანთა გამოაძვრინა.
– ეს რა არის? – იკითხა ოპერმუშაკმა და თემურს შეხედა, რომელსაც მიტკლის ფერი დაედო სახეზე.
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა თემურმა და უფრო მეტად გაფითრდა.
ჩანთა გახსნეს და იქიდან ერთი ცალი ნაგანის სისტემის პისტოლეტი და 30 ამპულა მორფინი ამოიღეს.
– შენ კი ამბობდი, სუფთა ვარო, – სარკასტულად თქვა ერთ-ერთმა ოპერმა და სამი მოქალაქე ხელმოწერილ ჩხრეკის ოქმთან ერთად თემურის მანქანაში ჩასვა. თავად თემური კი მილიციელებმა „ჟიგულში” ჩატენეს და მილიციის სამმართველოსკენ აიღეს გეზი.
„ნამდვილად იმ გოგონამ შეაცურა ეს პატარა ჩანთა სკამის ქვეშ, მაგრამ როგორ ვერ მოვასწარი დანახვა?” – ფიქრობდა გამწარებული თემური და ტუჩებს იკვნეტდა.
„გონჯი ნორა”
თემურ ნემსაძე წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს და დილამდე არავის შეუწუხებია. გამთენიისას საკნის კარი გაიღო და ზღურბლზე ნაცნობი სახე გამოჩნდა.
– ჟურნალში შენი სახელი და გვარი რომ ამოვიკითხე, კინაღამ გავგიჟდი, – მოესმა თემურს ნაცნობი ხმა და მან თავისი მეზობელი ანზორ ყენია იცნო.
ანზორიც სოლოლაკში, თემურის ეზოში ცხოვრობდა და მილიციაში მუშაობდა. ის ჩინით უმცროსი სერჟანტი იყო და ქალაქის სამმართველოში უწევდა მორიგეობა სამ დღეში ერთხელ.
– გადაირევა, ბიჭო, ბებიაშენი, – მლიქვნელურად ჩაილაპარაკა ანზორმა, – ისეთი რა დააშვე, რომ გამოგამწყვდიეს?
– არაფერი, მოკლედ მოუჭრა თემურმა ანზორს და ნარზე წამოწვა.
ანზორი უხმოდ გავიდა საკნიდან და მხოლოდ ორი საათის შემდეგ დაბრუნდა უკან.
– ბიჭო, მორფი და რევოლვერი რად გინდოდა? – ჰკითხა ანზორმა.
– ჩემი არაა არც ერთი, ჩამიდეს. ვიღაცამ „გამიჩალიჩა”, მიუგო ანზორს თემურმა.
– ვინ რა „გაგიჩალიჩა” არ ვიცი, მაგრამ ჩემს უფროსობას ვუთხარი შენზე, კარგი ბიჭია, იქნებ რამე ვუშველოთ-მეთქი და ათი ათას მანეთად თანახმა არიან, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ.
– მერე ეს ფული საიდან მოვიტანო?
– მე გასესხებ, მაგრამ ორ თვეში თუ არ დამიბრუნებ, მაშინ შენი ბინა უნდა დამითმო, – შესთავაზა ანზორმა.
ანზორი და მისი ცოლი, „გონჯი ნორა”, რომელსაც ეს მეტსახელი ტანმორჩილებისა და სიმსუქნის გამო შეარქვეს მეზობლებმა, დიდი ხნის განმავლობაში ეჩიჩინებოდნენ თემურს, რომ თავისი ბინა მათთვის მიეყიდა და ბებიასთან ერთად სხვაგან გადასულიყო. მაგრამ, თემური სოლოლაკში იყო დაბადებული, სხვა უბანში ცხოვრება ვერ წარმოედგინა და მეზობლების წინადადებას არ თანხმდებოდა. ნორა სოფლიდან იყო ჩამოსული და სანამ „რქიან ანზორას” გაჰყვებოდა ცოლად – ასე ეძახდნენ ანზორს მეზობლები, მას შემდეგ, რაც ის ნორაზე დაქორწინდა, ქურთი ამალას ცოცხებთან ერთად ათენებდა ღამეს ამალას საწყობში. შემდეგ, ნორამ სუნიანი სარდაფიდან კარაპეტას საკუჭნაოში დაიდო ბინა და დღისით ქუჩაში მეძავობდა, ღამღამობით კი კარაპეტას ეხუტებოდა. იმ საკუჭნაოდან ნორა კარაპეტას ნათესავებმა გამოაგდეს და ის ჯერ ანზორს შეეკედლა, ხოლო შემდეგ კი ცოლადაც გაჰყვა და ორი ბედოვლათი ბიჭიც გაუჩინა. დროთა განმავლობაში, ნორას მადა გაეზარდა და ჯერ მარცხენა მეზობლის სამი ოთახი შეიერთა, შემდეგ კიდევ ორი ოთახი ჩაიგდო ხელში, ბოლოს თემურს და ბებიამისს შეუჩნდა.
თემურის გამო თინა ბებიამ ათი ათასად დააგირავა ასიათასიანი ბინა და, იმის გამო, რომ ვალი ვერ დააბრუნა, იძულებული გახდა, მუქთად დაეთმო „გონჯი ნორასთვის”. თემური ზუსტად ერთი თვის შემდეგ გამოუშვეს და როდესაც სოლოლაკში, საკუთარ ეზოში შევიდა, თინა ბებია მეზობლებთან შეკედლებული დახვდა.
ორი კვირის შემდეგ თინა ბებია ინფარქტით გარდაიცვალა. თემურმა ის მიწას მიაბარა და საკუთარი ეზოდან გაუჩინარდა.
მგზავრი გოგონა
უსახლკაროდ დარჩენილი თემური მეგობრებსაც ერიდებოდა და ზამთარში რომ არ გაყინულიყო, ზოოპარკში მოეწყო დარაჯად. 27 წლის კაცი იქვე, ხის ფიცრულში ცხოვრობდა და გასათბობად შეშის ღუმელს ანთებდა. ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „გეპეის” სტუდენტებს ხშირად მოჰყავდათ იაფფასიანი მეძავები და წყვილები თემურის ფიცრული ქოხის შორიახლო ეძლეოდნენ ნეტარებას. ზოგჯერ „მუშაობით” დაღლილი მეძავები თემურს მიუკაკუნებდნენ ხოლმე გასათბობად და თემურიც არასოდეს ეუბნებოდა მათ უარს.
ერთხელ, ჩაძინებულ თემურს კაკუნის ხმა მოესმა და როდესაც ის ნახევრად მძინარე წამოდგა და კარი გააღო, გაშეშდა. მის წინ ის მგზავრი გოგონა იდგა, რომელმაც მას მანქანაში ჩანთა ჩაუდო და მერე ამისთვის დააპატიმრეს. თემური გოგონამაც იცნო და გაქცევა დააპირა, მაგრამ ბიჭმა ხელი სტაცა და ქოხში შეათრია.
– სიმართლე მითხარი, ვინ დაგავალა ჩემთვის ჩანთის „შემოტენვა”, თორემ ყელს გამოგჭრი და ვერეში ჩაგაგდებ, – დაუყვირა თემურმა გოგონას და ყელზე ალესილი დანა მიადო.
მეძავი გოგონასგან თემურმა შეიტყო, რომ მისი დაჭერა სამმართველოს ერთ-ერთმა ოპერმა, მეტსახელად „ლოტოსკოჭამ” დაავალა.
– ლოტოსკოჭა არ გაგიგია? – გაოცდა მეძავი და დააზუსტა, – დაბალი, მსუქანი და გონჯი რომაა.
– გონჯი? – შეცბა თემური.
– ჰო, გონჯი, – მიუგო მეძავმა, – იმ ოთახში ლოტოსკოჭასნაირი ქალი და წითურა კაცი იყო. მე მგონი ანზორი ერქვა.
– ქალს ნორა, არა? – გაეცინა თემურს.
– ჰო, – დაადასტურა მეძავმა.
თემურს ხმა არ ამოუღია. მან მეძავი გაათბო, გამოკვება და გაუშვა. შემდეგ წამოწვა და ყველაფერი თვალნათლივ წარმოიდგინა: ლოტოსკოჭა ალბათ, ის მილიციელია, რომელიც ნორასთან დაეთრევა და ანზორას თვალწინ ჟიმავს იმ მახინჯს. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ყველაფერი იმისთვის მოაწყეს, ჩემთვის ბინა წაერთმიათ და ბებიაჩემიც არ დაინდეს” – ჩურჩულებდა თემური და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა.
ჯუნგლების კანონი
მეძავთან საუბრიდან ორი კვირის შემდეგ, იანვრის ერთ სუსხიან საღამოს, თემური თავისი ფიცრული ქოხიდან გამოვიდა. ერთი საათის შემდეგ ის უკვე გერგეთის ქუჩაზე იყო და ეგრეთ წოდებული „მუსორტრესტის” გარაჟიდან ნაგვის მანქანა გაიტაცა.
– ნორა, შენი ბედოვლათი ქმარი ხომ არ დაგვადგა? – თქვა ლოტოსკოჭამ და გონჯ ნორას უბიძგა.
– დაგვადგა და ძირში არ მოგვჭამოს, – კაცურად შეიგინა ლოტოსკოჭას „გულის ვარდმა” და საწოლიდან წამოდგა, რათა შემოსასვლელი კარი შეემოწმებინა.
უცბად, ყრუ ბრახუნის ხმა გაისმა და სანამ ლოტოსკოჭა საწოლიდან გადმობობღდებოდა, თემურს უკვე მისი პისტოლეტი ეჭირა ხელში და პატრონს უმიზნებდა.
– შენი გონჯი ნორა პირგამოტენილი და ხელებშეკრული „ვეშოლკასთან” გდია. თუ გინდა არ მოგკლა, სიმართლე მითხარი, თქვენ „გამიჩალიჩეთ” ყველაფერი? – ჰკითხა ლოტოსკოჭას თემურმა.
– აი, იმ ძუკნამ შემაცდინა, თემურ, თორემ მე შენი რა ინტერესი მქონდა, – ლოტოსკოჭამ ხელი გონჯი ნორასკენ გაიშვირა და თემურს დაუჩოქა.
– მიდი, პირი გაუთავისუფლე ამ ღორს, უბრძანა თემურმა ლოტოსკოჭას.
ლოტოსკოჭა ნორასთან მიიჭრა და პირიდან ბინძური ჩვრები ამოაძრო.
– რას იტყვი, შე მართლა გონჯო, სიმართლეა, რასაც შენი კურო ამბობს? – კბილებში გამოსცრა თემურმა და ნორას პისტოლეტი მიუშვირა.
– მაპატიე თემურ! ჩემი შვილებისთვის მინდოდა ბინა და ეშმაკმა შემაცდინა, – თქვა ნორამ – ხომ იცი, რომ ეს ცხოვრება ჯუნგლებია და თუ მის კანონებს არ მიჰყვები, დაიღუპები. თუ შენ არ შეჭამ, მაშინ შენ შეგჭამენ, – აუხსნა ნორამ.
– სად არიან ახლა შენი ნაბიჭვრები? – ზიზღით ჰკითხა თემურმა.
– ანზორმა სოფელში გაიყოლა. კაკლის მასალა უნდა ჩამოიტანონ კედლების მოსაპირკეთებლად.
– ჩემს სახლს აწყობდით, არა თქვე... – აღარ დააბოლოვა თემურმა, მოულოდნელად პისტოლეტის ტარი ლოტოსკოჭას კეფაში ჩაარტყა და იატაკზე დააგდო – ჯუნგლების კანონებით ცხოვრობ არა, შე აყროლებულო! თემურმა პისტოლეტი დაუმიზნა ნორას, – თუ ასეა, მაშინ ეს ღორი ნაწილ-ნაწილ აკუწე, თუ არა და შენ დაგანაწევრებ.
ქალს მეორედ თქმა აღარ დასჭირვებია. მას შემდეგ, რაც თემურმა ხელები გაუხსნა, ნორამ უზარმაზარი პურის საჭრელი დანა აიღო და გონებადაკარგული, მაგრამ ცოცხალი ლოტოსკოჭა ჯერ გასაყიდად გამზადებული, დაკლული ძროხასავით დაანაწევრა, ხოლო შემდეგ ფქვილის ორ ტომარაში ჩააწყო და თემურის ბრძანებით, ჯერ ერთი ტომარა ჩააგდო ნაგვის მანქანაში, შემდეგ მეორე. ბოლოს თვითონაც სანაგვეში მოთავსდა. თემურმა „მუსორტრესტიდან” გატაცებული მანქანა ქვაფენილზე ჩააგორა და უსაფრთხო ადგილზე რომ გავიდა, სანაგვე პრესი ჩართო. გონჯი ნორა პრესმა თანდათან შეავიწროვა და მისი სხეული ჯერ ქონისა და სისხლის მასად აქცია, ხოლო შემდეგ კი აფეთქებისმაგვარი ხმაც გაისმა.
– თავი გაუსკდა და ჩაძაღლდა, – ჩაილაპარაკა თემურმა და სანაგვე მანქანა ადგილიდან დაძრა.
ჯერ კიდევ გათენებული არ იყო, რომ მტაცებელი ცხოველები, სისხლის სუნმა ააფორიაქა. მალე ისინი გალიაში ჩაყრილი ხორცის ნაწილების ჭამას შეუდგნენ. სამსახურში მისულ თანამშრომლებს, რომლებიც მტაცებელ ცხოველებს უვლიდნენ, საზარელი სურათი დახვდათ. ვეფხვების გალიაში ადამიანის თავის ქალების ნარჩენები ეყარა და ირგვლივ სისხლიანი სამოსის ნაფლეთები იყო მიმოფანტული. ერთ-ერთი გალიის წინ კი სისხლსა და ქონში აზელილი უფორმო მასა ეგდო და უზარმაზარი, ფაფარაშლილი ლომი თათებით ცდილობდა გალიაში მის შეთრევას.
იმავე ღამეს, გონჯი ნორას სახლს ხანძარი გაუჩნდა და ყველაფერი სულ ერთიანად ამოიბუგა.
თემურზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ მას ვერსად მიაგნეს და ხმა დაირხა, გონჯი ნორას სახლიდან წამოღებული ძვირფასეულობა ფულად აქცია და უცხოეთში გაიქცაო...
1999 წელს, როდესაც ამ ამბიდან სამ ათეულ წელზე მეტი იყო გასული, კუკიის სასაფლაოს ერთ-ერთ მიტოვებულ საფლავს, სადაც თემურის ბებია იყო დაკრძალული, ყვავილებით ხელში რესპექტაბელური უცხოელი მამაკაცი ეწვია და ნახევარი საათი დაჰყო იქ. შემდეგ იქაურობას გაეცალა და ორ კვირაში სასაფლაო განაახლეს. მას დღესაც ერთი მოხუცი ქალი უვლის, რომელსაც თემურმა წინასწარ გადაუხადა ფული.