ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვარ 52 წლის. მშობლების მიერ (როდესაც ვიყავი 9 წლის) აღებულ ჩემი დაბადების მოწმობის ასლში დაშვებულ იქნა შეცდომა ერთი წლის სხვაობით. მთელი ცხოვრება ვსარგებლობ ამ დაბადების მოწმობით. გთხოვთ, გამარკვიოთ, რატომ უნდა გადავიხადო 150 ლარი ჯარიმა, თუ საბუთების გასწორებაზე გამოცხადებულია ამნისტია იანვრამდე და დაშვებული შეცდომა ჩემი ბრალი არ არის?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრს და მოითხოვოთ თქვენს დაბადების მოწმობაში დაშვებული შეცდომის გასწორება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეუძლებელია, უნდა მიმართოთ სასამართლოს. სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით არ ვრცელდება ამნისტია და, შესაბამისად, ჯარიმის დაკისრებაც არ ხდება.
კითხვა: მეორადი ტანსაცმლის რამდენიმე საწყობიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საწყობის გამგე ფაქტურისა და ქვითრის გარეშე გვატანდა საქონელს რეალიზაციის მიზნით („პოსლეზე“) რეალიზაციის შემდგომ, ფულს ვიხდიდით ნაწილ-ნაწილ, ჩამივარდა ვაჭრობა და ფულს ვერ ვიხდი, მაქვს საწყობის ვალი. რის საფუძველზე შეუძლია შეიტანოს სარჩელი სასამართლოში საწყობის მეპატრონემ და რა განაჩენის გამოტანა შეუძლია სასამართლოს ჩემ მიმართ (ანუ, იმ პირის მიმართ, ვინც ვერ იხდის ვალს)?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ პირს და შესაბამისად, საწყობის მესაკუთრესაც აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თანხის დაკისრება.
კითხვა: რამდენიმე მოქალაქისგან აღებული მქონდა ფული პროცენტით, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. სესხების არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. გარკვეული დროის განმავლობაში, ვუხდიდი პროცენტს, ვვაჭრობდი (მეორად ტანსაცმელში), შემდეგ კი ვაჭრობა ჩავარდა და ვეღარ ვიხდი პროცენტს. აქვს თუ არა უფლება გამსესხებელს, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და რის საფუძველზე (საბუთი არ არსებობს), ან რა განაჩენი შეიძლება დამაკისროს სასამართლომ?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირს, რომელმაც გასესხათ თანხა, უფლება აქვს, მოითხოვოს თანხა სასამართლოს მეშვეობით, სესხის ხელშეკრულების არარსებობა არ ნიშნავს ფულადი ვალდებულებებისგან გათავისუფლებას.
კითხვა: აქვს თუ არა კერძო პირს უფლება, საკუთრებაში დაიკანონოს მიწა კურორტზე? იგი იქ ცხოვრობს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან. მისი საცხოვრებელი ფართია 130 კვადრატული მეტრი, მისი სახლის პარალელურად 13-15 მეტრის მოშორებით აქვს 100 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, უკვე 20 წელია. ნაკვეთში აქვს მსხმოიარე ხეები, ჰყავს მეზობლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნაკვეთი მას ნოტარიუსის წესით ეკუთვნის. აქვს საკადასტრო ნახაზი, არანაირი პრეტენზია არ აქვთ არც მეზობელს და არც სახელმწიფოს.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარება ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგ მიწის ნაკვეთებს:
ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს;
ბ) სარგებლობაში არსებულს;
გ) თვითნებურად დაკავებულს.
საკუთრების უფლებას არ ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:
ა) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრების და შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიებისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა.
კითხვა: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ბანკიდან ბიზნესისთვის სოლიდური თანხა ჰქონდა გამოტანილი. საცხოვრებელი სახლი დატვირთა იპოთეკით. გარდაცვალებამდე სესხს ფარავდა კეთილსინდისიერად. ექვსი თვის შემდეგ, ბანკი მთხოვს მემკვიდრეობის მიღებას და კრედიტის გაფორმებას, რომლის თანახმადაც ყოველთვე უნდა ვიხადო 500 დოლარი, რასაც მე ვერ შევძლებ და დავკარგავ სახლს. ვარ უმუშევარი, მყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ინვალიდი დედამთილი. სესხის გაცემის დროს დოკუმენტზე ხელის მოწერა არ არის დაფიქსირებული. გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ მოვიქცე, რომ შვილები არ დამრჩნენ ქუჩაში?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი აწ გარდაცვლილი მეუღლე იყო უძრავი ქონების მესაკუთრე, მას ჰქონდა ნივთის იპოთეკით დატვირთვის უფლება, სამკვიდროს მიღების შემდეგ კი ბანკს აქვს უფლება, მოითხოვოს თანხა იმ მემკვიდრისგან, ვის საკუთრებაშიც გადავიდა იპოთეკის საგანი, თქვენი მეუღლის გარდაცვალება არ გათავისუფლებთ ვალდებულების შესრულებისგან.
კითხვა: აქვს თუ არა ძალა ნასყიდობის ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული და რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი სახის გარიგებას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია სავალდებულოა საჯარო რეესტრში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მოახდენთ ბინის რეგისტრაციას, თქვენს სახელზე, შესაძლებელია, უძრავი ნივთის ყოფილი მესაკუთრის მიერ მოხდეს ნივთის სხვადასხვა ფორმით განკარგვა, რის შემდგომაც მესამე პირიდან ნივთის დაბრუნება იქნება შეუძლებელი.
კითხვა: 2009 წელს ვიყიდე უძრავი ქონება. შესაბამისად, ჩემს სახელზე დავარეგისტრირე. საჯარო რეესტრში, ამის შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისე, რომ არ ვიყავი მიწვეული სასამართლო სხდომაზე, ჩემი კუთვნილი ფართი გადასცეს სხვა პირს, ხოლო საჯარო რეესტრმა საკუთრება გამიუქმა. არის თუ არა ეს კანონიერი და ვის მივმართო?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს უფლება, განიხილოს და გადასცეს თქვენს საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთი, სასამართლო სხდომაზე თქვენი მოწვევის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს, მოითხოვოთ გადაწყვეტილების ბათილობა და, ასევე, სარჩელი შეიტანოთ საჯარო რეესტრის მიმართ.
კითხვა: როგორი სახით უნდა მოხდეს საქართველოში გაცემული დოკუმენტების წარდგენა უცხო ქვეყნებში?
პასუხი: საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს უცხო ქვეყანაში წარსადგენად ესაჭიროება ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება, ან, შესაძლოა, მათი გამოყენება არ იყოს დაკავშირებული არც ერთ მოხსენიებულ დამოწმების პროცედურასთან. ყოველივე ეს დამოკიდებულია იმ უცხო სახელმწიფოზე, სადაც უნდა იქნეს წარდგენილი დოკუმენტი.