რატომ დაკარგეს ერთმანეთი მეგობრებმა და ვის ეძებენ რუსეთიდან საქართველოში
62 წლის ნადეჟდა ალექსანდრეს ასული კომაროვა ეძებს 66 წლის ვლადიმერ ბორისის ძე ხუციშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ახალგაზრდობის მეგობარს – ვლადიმერ ბორისის ძე ხუციშვილს (1944), რომელიც ბოლოს 1967 წელს ვნახე. ჩემი აზრით, ვლადიმერი ამჟამად ან თბილისში, ან ქუთაისში უნდა იმყოფებოდეს. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში, ვინაიდან დამოუკიდებლად მას უკვე 7 წელია ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ.
– სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და ვლადიმერმა და რა მიზეზით დაკარგეთ მასთან კონტაქტი?
– 1963 წლის სექტემბერში დასასვენებლად ვიყავი ჩასული გაგრაში. დღემდე მახსოვს იმ მხარის სილამაზე. სწორედ გაგრაში ცხოვრობდა იმ დროს მშობლებთან ერთად ვლადიმერიც. ჩვენ დავმეგობრდით და მისი წყალობით, ჩემი ერთთვიანი დასვენება გაგრაში მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. ის ძალიან კარგი მეგობარი იყო. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მე და ვლადიმერს დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა. სულ ვიცოდით ერთმანეთის ამბავი. ვიცი, რომ გაგრიდან ვლადიმერი საცხოვრებლად თბილისში, ბებიასთან ჩავიდა. წლებია, უკვე გასული, მაგრამ, ხომ იცით, რაც უფრო დიდი დრო გადის, ცხოვრებას უფრო აფასებ, ასევე ნამდვილ მეგობარსაც. ძალიან მინდა, ვიპოვო ვლადიმერი, გავიგო, როგორ არის, რა მოხდა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, მასაც თუ ჰყავს ოჯახი და შვილები. შეიძლება, ნამდვილი მეგობრობისთვის ზოგჯერ წლებია საჭირო, მაგრამ, იმ ერთი თვის განმავლობაში ისე დავუმეგობრდი ვლადიმერს, დღემდე მახსოვს. სამწუხაროა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა. ამის გამო ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ერთმანეთთან კონტაქტი. უბრალო ხალხი არ უნდა ეწირებოდეს პოლიტიკოსების უსამართლო გადაწყვეტილებებს. მე დიდ პატივს ვცემ ქართველებსა და საქართველოს და, ამიტომაც, ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.
– კიდევ რა იცით მის შესახებ, თქვენი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთი აღარ გინახავთ?
– ვიცი, რომ 1963 წლის ნოემბერში ვლადიმერი გამოიძახეს ჯარში. დნეპროპეტროვსკის მხარის ქალაქ ტერნში მსახურობდა. ორჯერ ვინახულე იქ. 1966 წელს ის დაბრუნდა გაგრაში მშობლებთან, ბოლოს ჩვენ შევხვდით 1967 წლის აპრილში. ვიცი, რომ ვლადიმერი სწავლობდა ქალაქ სარატოვში იურიდიულ ფაკულტეტზე. ბოლო წერილები მისგან მივიღე 1968 წლის აპრილში, ქალაქ სარატოვიდან. მას შემდეგ კი ჩვენი მიმოწერა შეწყდა.
– როგორ ფიქრობთ, ამდენი წელია გასული და, კიდევ ეხსომებით ვლადიმერს? მაინც, რა არის მისი მოძებნის მიზანი?
– 2003 წლიდან აქტიურად ვეძებ ვლადიმერს. როგორც უკვე გითხარით, წლების განმავლობაში უფრო ხვდები, თუ რა არის შენს ცხოვრებაში ფასდაუდებელი, მეგობრობა კი მართლაც შეუდარებელი რამ არის. ძალიან მინდა მისი პოვნა და ამბის გაგება მისი ცხოვრების შესახებ. დიდი იმედი მაქვს, რომ მასაც ვეხსომები და გაუხარდება, რომ ახალგაზრდობაში შეძენილმა მეგობარმა გაიხსენა და მისი პოვნა გადაწყვიტა. ხოლო, თუკი მას ჩემთან დაკავშირების სურვილი არ ექნება, იმას ხომ მაინც გავიგებ, რომ კარგადაა.
– მაინც, სად გგონიათ, რომ იყოს ვლადიმერი? ხომ შეიძლება, რომ ის საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო?
– მისი მშობლები გაგრაში ცხოვრობდნენ, ბებია – თბილისში. მაგრამ, როგორც ვიცი, ის საცხოვრებლად ქუთაისში უნდა გადასულიყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვი ჩემს მეგობარს და ჩვენ მიმოწერას მაინც აღვადგენთ. თქვენი რუბრიკის და თქვენი დიდი მადლობელი ვარ, რომ ასე ეხმარებით ადამიანებს ერთმანეთის პოვნასა და დაკავშირებაში.