სავალუტო ფონდი ოპტიმისტურად არის განწყობილი
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2010 წლისთვის 4-დან 4,5 პროცენტამდე გაზარდა. ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში უფრო დინამიკურად ვითარდებოდა, ვიდრე მოელოდნენ და ეს აზიური ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების სწრაფი ზრდის ხარჯზე ხდებოდა. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა იმავე პერიოდში შედარებით მოკრძალებულად, მაგრამ სტაბილურად იზრდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები აცხადებენ, რომ ფინანსური სტაბილურობა უფრო გვიან აღდგება, ვიდრე ექსპერტები 2010 წლის დასაწყისისთვის მოელოდნენ. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისთვის ძირითადი რისკი განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაა. ეს განსაკუთრებით საბერძნეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს ეხება. სავალუტო ფონდის ექსპერტები ამ ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებენ, მთელი ძალისხმევა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებისკენ მიმართონ. ამასთან, ისინი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზედმეტად რადიკალური შემცირების წინააღმდეგნი არიან.